კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე 11 აგვისტოს ოთხმა ქართველმა იჭიდავა, თუმცა წარმატებას ვერცერთმა მიაღწია

ჩვენმა ფალავნებმა მარცხით დაიწყეს გამოსვლა კიევში, ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე - გუშინ, 11 აგვისტოს ოთხმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ სანუგეშო წრემდეც ვერ მივიდა ვერც ერთი. არადა, ამ კვარტეტიდან ერთი - ივანე მამისაშვილი (55) ევროპის წლევანდელი ჩემპიონია და მწვრთნელები მისგან ახლაც წარმატებას ელოდნენ.

სამწუხაროდ, მათი მოლოდინი არ გამართლდა - მამისაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ყაზახ იერლან სერიკზანოვთან. მართალია, ბრძოლა დაძაბული კი იყო და ჩვენებურმა მხოლოდ ერთი გაფრთხილებით წააგო (მსაჯებმა ორჯერ გააფრთხილეს, მეტოქე - ერთხელ), მაგრამ ეს ახლა სტატისტიკაა, მთავარი კი შედეგია. არადა, მედალი ყაზახს დარჩა, რომელიც მესამეზე გავიდა.

ამავე წონაში მერვედფინალამდე მოახერხა გასვლა გივი აფაქიძემ, თუმცა პირველ შეხვედრაში ტაჯიკ კომრონ მამადნაზაროვთან ბეწვზე გადაურჩა მარცხს. აქაც ყველაფერი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერად მოვლენები მამისაშვილის შემთხვევისგან დიამეტრულად საპირისპიროდ განვითარდა ჩვენებურის სასარგებლოდ - მსაჯებმა ორჯერ უკვე აზიელი გააფრთხილეს, აფაქიძე - ერთხელ და იუკოთი გაიმარჯვა. მომდევნო წრეში ქართველის მეტოქე ძიუდოსთვის ეგზოტიკური ქვეყნის - ტაივანის წარმომადგენელი მინ იენ ტსაი იყო, რომელიც ჩემპიონატის აღმოჩენად იქცა.

შეჯიბრების დაწყებამდე მის ასეთ გაელვებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, ის კი საკმაოდ იოლად გავიდა ფინალში და მხოლოდ იქ დამარცხდა. საინტერესოა, რომ ტაივანელმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა წმინდად მოიგო. მათ შორის - აფაქიძესთანაც.

11 აგვისტოს აზიელებთან კიდევ ერთი შეხვედრა დავთმეთ - ზვიად ხუბულური (50) პირველივე წრეში უზბეკ ჰოჯიაკბარ ოლიმოვთან დამარცხდა. უცნაური ბედისწერაა, მაგრამ ამანაც გაფრთხილებებით დათმო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თვითონ მეტოქე ერთხელაც ვერ დაასჯევინა.

ამ წონაში ორი შეხვედრა მოიგო დებიუტანტმა გიორგი კაციაშვილმა - სომეხ ევროპის ბრინჯაოს მედალოსან ვაჰან ჰოვსეპიანს ვაზარით აჯობა, რუმინელი დუმიტრუ მიტროფანი კი დააიპონა. მესამე წრეში ჩვენებურმა მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, ყაზახ სადიკ მაჰარამოვთან მინიმალური ანგარიშით - იუკოთი წააგო.

თვითონ ჩემპიონატი ფრიად წარმომადგენლობითია და საკმაოდ საინტერესოდაც მიმდინარეობს. ძიუდოს ევროპული ფედერაციის მონაცემებით, მასში 55 ქვეყნის ნაკრები გამოდის, აი, მონაწილეთა რიცხვის დადგენა კი თავად ამ ორგანიზაციასაც გასჭირვებია - ერთგან 570 ათლეტს ასახელებს, მეორეგან - 611-ს. თუმცა რომელი ციფრიც უნდა იყოს მართებული, ჩვენთვის საამაყო ისაა, რომ ამდენ მონაწილეს შორის მხოლოდ სამია ისეთი, ვინაც წლეულს გამართული 17-წლამდელთა ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებიდან - ევროპის ჩემპიონატიდან და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან ორივე მოიგო.

ჩვენდა სასიხარულოდ, იმ ტრიოდან ერთი ქართველია - ბექა ღვინიაშვილი (ეს ბიჭებში სულაც ერთადერთია), დანარჩენები კი რუსი ირინა დოლგოვა (44) და რუმინელი ალექსანდრა ლარისა ფლორიანი (52) არიან. რუმინელი დღეს ჭიდაობს, დოლგოვამ კი გუშინ მესამე ტიტულიც მოიგო და სეზონი 100%-იანი შედეგით^ დაასრულა.

ბიჭებში 50 კილოგრამში ევროპა-ოლიმპიურ ფესტივალზე ცხარე პაექრობა გამართეს იტალიელმა ელიოს მანზიმ და ფრანგმა ვალიდ ხიარიმ - ორივე ტურნირში ფინალი მათ იჭიდავეს. აქედან იტალიელმა ევროპის პირველობა მოიგო, ფრანგმა კი რევანში ფესტივალზე აუღო. იტალიელმა ამჯერადაც იყოჩაღა, თუმცა ახლა დუეტის დავაში იაპონელი რუიუ ნაგაიამა ჩაერია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. 55-ში ტაივანელ სეზონის აღმოჩენაზე ზემოთ უკვე გითხარით, ჩემპიონი კი უკრაინელი პავლო სკოპნენკო გახდა. მან ევროპის ჩემპიონატზეც იჭიდავა და მეხუთეზე გავიდა, ახლა კი დანაკლისი ორმაგად აინაზღაურა.

დღეს, 12 აგვისტოს ჩემპიონატში ოთხი წონა გვექნება საქომაგო - ორი ბიჭებში და ორიც გოგოებში. ბიჭებიდან 60-66-ის ფალავნები იასპარეზებენ. 60-ში გიორგი გუგულაშვილი ამერიკელ უესლი დანცლერს ხვდება, ამათ შორის მოგებულს კი მეორე წრეში უკრაინელი მაგომედ საგალოვი ელოდება. ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსან თამაზ კირაკოზაშვილის მეტოქე მონგოლი მუნგუნშაგაი ბაატარია, მასთან წარმატების შემთხვევაში კი პალესტინელი აჰმედ ამირენი ელოდება.

66-ში ფესტივალის მესამე პრიზიორი გიორგი მუზაშვილი ჩეხ ფრანტიშეკ სმელიკს ხვდება, აპოლონ ზურაბიანი - ყაზახ სალამატ ზურკაბაიევს. ცნობილია ამ წყვილებში გამარჯვებულთა მომდევნო მეტოქეებიც - პირველ წყვილში მოგებულს უზბეკი სარვარ შომუროდოვი ელოდება, მეორეებს - აზერბაიჯანელი ევროპისა და ფესტივალის მესამე პრიზიორი ჰუსეინ რაჰიმლი.

დღეს პირველი მონაწილეები გვეყოლებიან გოგოებში. გურანდა შოთაძე (48) მეორე წრეშია დაშვებული, მანამდე კი თურქი ნაზლი კარაკაიას და მონგოლი კულან ცერენბაატარის შეხვედრას მიადევნებს თვალს, რადგან აქ გაირკვევა მისი მეტოქე. მარიამ ციხელაშვილი (52) შეჯიბრებაში პირველივე წრიდან ჩაებმება და ფრანგ ევროპის პრიზიორ მეგან მატეის შეხვდება.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

50 კგ. 1. რუიუ ნაგაიამა (იაპონია); 2. ელიოს მანზი (იტალია); 3. ფელიპე ალმეიდა (ბრაზილია), სადიკ მაჰარამოვი (აზერბაიჯანი).

55 კგ. 1. პავლო სკოპნენკო (უკრაინა); 2. მინ იენ ტსაი (ტაივანი); 3. იერლან სერიკზანოვი (ყაზახეთი), შაპი სურაკატოვი (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა