საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის II ტურის მიმოხილვა
ახალი სეზონი მართლაც უკომპრომისოდ დაიწყო - ორ ტურში მხოლოდ ორი საყაიმო ანგირიში დაფიქსირდა!

კოლხური მოტივები

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გუნდი ფოთის "კოლხეთია", თავისი ორივე მატჩი ფრედ რომ ითამაშა; თანაც, ფოთელები ზედიზედ ორი ტურია სიურპრიზს გვთავაზობენ და ჯერ რუსთავიდან წამოიღეს დამსახურებული ქულა, ახლა კი - ზესტაფონიდან!

ჰოდა, რა გასაკვირი იქნებოდა, ამჯერად "ტურის მწვრთნელად" "კოლხეთის" გამოცდილ დამრიგებელს სოსო ფილიას თუ დავასახელებდით - ფოთელებმა მოქმედ ჩემპიონთან მატჩშიც ღირსეულად ითამაშეს და, აქედან გამომდინარე, უკვე გვიჭირს კიდეც ამ გუნდის ნაჩვენებ შედეგს სენსაციური ვუწოდოთ. რაც მთავარია, "კოლხეთმა" ორივე ქულა "ზღაპარში" კი არ მოიპოვა (ანუ, მთელი გუნდით დაცვაში არ იყო "ჩამჯდარი"), არამედ ძლიერ მეტოქეებს არ შეუშინდა და მწვავე კონტრშეტევებით აქეთ უქმნიდა პრობლემებს.

ჩინებული მატჩი ჩაატარა ფოთელთა გუნდის ახალწვეულმა, 27 წლის ლადო ნადირაშვილმა: "კოლხეთის" მეკარემ საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა; რაც შეეხება მეორე ახალწვეულს, 27 წლის ლაშა ქებაძეს, ამ ნახევარმცველმა შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა. სტუმართა გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი გვინდა აღვნიშნოთ: 20 წლის ლაშა გვალიამ, წინა ტურის მსგავსად, ახლაც ჩინებულად ითამაშა და "ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც" ზედიზედ მეორედ მოხვდა.

რა თქმა უნდა, "კოლხეთის" წარმატების დაკნინებას არ ვაპირებთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ზესტაფონი" აშკარად ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა; იმის გარდა, რომ "ზესტაფონს" დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელები (თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი) აკლდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დასვენების საშუალება მისცა - წინ ხომ ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩია ბელგიურ "ბრიუგეთან".

მარტვილი ისტორიაში

მეორე ტურში რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტი მოხდა და შევეცდებით, არც ერთი გამოგვრჩეს; "პირველობა" კი ამ შემთხვევაში მარტვილის "მერანის" გამარჯვებას მივაკუთვნეთ: უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა ხომ პირველ წარმატებას მიაღწია! ცნობისათვის: ამ სეზონის დაწყებამდე (ანუ, 1990 წლიდან დღემდე) უმაღლეს ლიგაში 48 გუნდს უასპარეზია და აი, 49-ე გუნდის დებიუტიც ვნახეთ!

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი განწყობა იქნებოდა მარტვილის სტადიონის ტრიბუნებზე: ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა გუნდმა ამბიციური მიზნების მქონე "სპარტაკის" კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და უმაღლეს ლიგაში პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

მასპინძელთა შორის თავი გამოიჩინეს 29 წლის გიორგი მანწკავამ (უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე რომ დაუბრუნდა) და გუნდის კოტდივუარელმა ლეგიონერმა, 20 წლის ტაპემ.

აქვე, "მერანის" ცნობილი ახალწვეულიც უნდა ვახსენოთ: 35 წლის გივი დიდავა საქართველოს ჩემპიონატში მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ტიტულიანია; ამ უნივერსალ ფეხბურთელს "ტორპედოს", "დინამოსა" თუ "ამერის" შემადგენლობაში მართლაც არაერთი ტიტული მოუგია, გარკვეული პერიოდი "სპარტაკსა" და "სიონშიც" უასპარეზია. ახლა კი, როგორც უკვე გითხარით, კარიერას მარტვილის "მერანში" აგრძელებს.

დაბრუნებები...

სამი წელიწადი და სამი თვე, - აი, ამდენი ხნის შემდეგ ჩაატარა გორის "დილამ" უმაღლეს ლიგაში საშინაო შეხვედრა; იმ სამი წლისწინანდელი შემადგენლობიდან "დილას" მხოლოდ სამი ფეხბურთელიღა შემორჩა: 24 წლის ნოდარ ნოზაძე, 22 წლის ნიკოლოზ სადაღაშვილი და 21 წლის ილია ლომიძე; თუმცა, ამათ გარდა გიორგი ცეცაძის გუნდში მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელებიც, უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში არაერთი მატჩი რომ ჩაუტარებიათ.

"დილამ", ისე როგორც პირველი ტურის შეხვედრაში, ახლაც არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, მაგრამ კვლავაც დამარცხდა! თუმცა, მეტოქის ფაქტორიც ხომ უნდა ვახსენოთ - ქუთაისის "ტორპედოს" ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს და გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში შეძლო 3 ქულის მოპოვება. სტუმრები, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდნენ (შეხვედრის დასაწყისში ცენტრალური მცველი მიხეილ ჩხარტიშვილი გააძევეს მოედნიდან), თუმცა ხან მასპინძლები სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ხან კი "ტორპედოს" 27 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი თამაშობდა უშეცდომოდ. მატჩის ბედი კი ქუთაისელთა გამოცდილი ახალწვეულის, 31 წლის დავით ბოლქვაძის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა და ახლა ქუთაისელები მომავალი ტურის მოლოდინში არიან: კვირას, 21 აგვისტოს "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირება გველოდება!

დაბოლოს, კიდევ ერთ დაბრუნებაზეც: კობა ჟორჟიკაშვილს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთან არაერთი წარმატებისათვის მიუღწევია, თუმცა ამ სპეციალისტს სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის გუნდებიც გაუწვრთნია; და აი, სამწლიანი პაუზის შემდეგ ჟორჟიკაშვილი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და პირველსავე მატჩში გაიმარჯვა: "მეტალურგმა" უპრობლემოდ შეძლო "ბაიას" დამარცხება.

გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ "მეტალურგის" წარმატება დიდად განაპიორბა გუნდის ლიდერების, 26 წლის ირაკლი მოდებაძისა და მისი თანატოლის რევაზ გეწაძის აქტიურმა და, რაც მთავარია, შედეგიანმა თამაშმა. თუმცა, ნურც ის ფაქტი დაგვავიწყდება, რომ ორი ტურის შემდეგ ერთადერთი "მეტალურგია", საკუთარ კარს მშრალად რომ ინახავს: ეს კი, რაღა თქმა უნდა, გუნდის გამოცდილი მეკარის, 31 წლის ზურაბ ბათიაშვილის დამსახურებაა.

ორი ლიდერი

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ორი გუნდი ასპარეზობს და "დინამოსგან" ასეთი წარმატებული სტარტი თუ ჩვეულებრივ მოვლენად უნდა შეფასდეს, აი, "გაგრამ" სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანატოლი პისკოვეცის გუნდის სუპერშედეგიანი თამაში: "გაგრამ" ორივე შეხვედრაში მეტოქეთა კარში 3-3 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 20 წლის შალვა კვანტალიანი 3 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

წინა ტურში ორი "ესპანური" გოლი ვიხილეთ: 30 წლის ჩისკომ და 23 წლის კოტომ საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი შედეგიანი დარტყმებით აღნიშნეს; ასევე წარმატებული და შედეგიანი დებიუტი ჰქონდა "დინამოს" კიდევ ერთ ესპანელ ახალწვეულს, 28 წლის მიკელე ალვაროს, "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრის მიწურულს ეფექტური გოლი რომ გაიტანა! II ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად, რაღა თქმა უნდა, ეს მატჩი მიიჩნეოდა და ალექს გარსიამ თავის პირველ "თბილისურ დერბიში" დამსახურებულად გაიმარჯვა.

სხვათა შორის, "დინამოს" ესპანელი თავკაცი ამ ბოლო დროს თამამად მიმართავს როტაციას: ჯაბა ჯიღაური, ნიკა კვეკვესკირი და რობერტინიო განაცხადშიც არ იყვნენ, გიორგი კახელიშვილი კი შეცვლაზე შემოვიდა. გარსიას მიერ შემადგენლობის ვარირება კი აბსოლუტურად გასაგებია: ათი დღის განმავლობაში "დინამომ" ევროპის ლიგასა და საქართველოს ჩემპიონატში 4 მატჩი უნდა ჩაატაროს (ბერძნულ აეკ-თან სტუმრად და შინ, პლუს ქუთაისის "ტორპედთან" და "ზესტაფონთან").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა