ცინცინატიში ქალების ტურნირზე მთავარ პრიზს მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - რუსი მარია შარაპოვა და სერბი ელენა იანკოვიჩი გაითამაშებენ
ცინცინატიში ქალების ტურნირზე მთავარ პრიზს მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - რუსი მარია შარაპოვა და სერბი ელენა იანკოვიჩი გაითამაშებენ.

ფინალში შარაპოვას გასვლა მოულოდნელობა არ ყოფილა - რუსი ყოველთვის ისე გეგმავს მზადების პროცესს, რომ "დიდი სლემის" ტურნირის წინ შედის ოპტიმალურ ფორმაში. რაც შეეხება იანკოვიჩს, ის დიდი ხანი "დაკარგული" იყო და კრიზისული პერიოდიდან პირდაპირ უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში მოხვედრას ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

იმის თქმაც შეიძლება, რომ ელენას მეტწილად გაუმართლა, რადგან მეოთხედფინალში მისმა მეტოქემ შუაი პენგმა ტრავმის გამო თამაშზე უარი განაცხადა, რითაც იანკოვიჩმა ნახევარფინალისთვის ძალები დაზოგა.

ამ ეტაპზე მისი მეტოქე გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი გახდა, რომელმაც რუსი ნადია პეტროვას შეჩერება მოახერხა. ტურნირის მეცხრე ნომერს მხოლოდ პირველი სეტის დასაწყისში გაუჭირდა, როცა რუსმა ინიციატივა მოიპოვა, მაგრამ პარტიის შუაში თამაში გათანაბრდა, ბოლოს კი ანდრეამ იმძლავრა - 7:5. მეორე პარტიაში კი პეტროვას უკვე აღარაფერი გამოსდიოდა და მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო.

საერთოდ, ცინცინატის ტურნირმა ნაწილობრივ რუსი ჩოგბურთელების დომინირებით ჩაიარა და მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ ქვეყანას ფინალში ერთი წარმომადგენელი აუცილებლად ეყოლებოდა, რადგან ნახევარფინალის მეორე წყვილი მარია შარაპოვამ და ვერა ზვონარევამ შეადგინეს.

მარიას ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრალიელი სამანტა სტოსურის დამარცხება სჭირდებოდა, რაც მისთვის რთული საქმე არ უნდა ყოფილიყო. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში რუსს რვიდან რვა მატჩი ჰქონდა მოგებული ისე, რომ მხოლოდ ორი სეტი დაუთმო ავსტრალიელს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მიუხედავად იმისა, რომ სტოსურმა ბოლო დროს კარგი ფორმა აკრიფა (გასულ კვირას ტორონტოს სუპერტურნირის ფინალში ითამაშა), შარაპოვასთან ისევ უშანსოდ იყო.

სამანტამ პირველივე საკუთარი გეიმი ორი ორმაგი შეცდომით წააგო. ავსტრალიელი ძალიან ბევრს სცოდავდა და მარიამ თავისი ქულების დიდი ნაწილი მეტოქის უნებლიე შეცდომების ხარჯზე დააგროვა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შარაპოვა სტაბილური იყო მოწოდებების დროს - პირველი ორმაგი შეცდომა მხოლოდ მეორე სეტში ბოლოს დაუშვა. სწორედ მაშინ მან ოდნავ აანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი, რადგან 5:0-ზე ზედიზედ ორი გეიმი წააგო, თუმცა მალე შეძლო სიტუაციის გამოსწორება - 6:3, 6:2.

რაც შეეხება ვერა ზვონარევას, მეოთხედფინალში მან დანიელა ჰანტუხოვას ბარიერი გაიარა. მათი შეხვედრები ყოველთვის დაძაბული ბრძოლით გამოირჩეოდა, მაგრამ ამჯერად, რუსების პირველმა ნომერმა შედარებით იოლად გაიმარჯვა. წინა დღეს სლოვაკმა სამსეტიანი თრილერი გადაიტანა მარიონ ბარტოლის წინააღმდეგ და ეს მის ფიზიკურ მდგომარეობას დაეტყო. პირველ სეტში რუსს სრული უპირატესობა ჰქონდა, მეორეში კი თამაში გათანაბრდა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ჰანტუხოვას ერთი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ზვონარევამ საფრთხე მოიგერია და შემოკლებული გეიმი 8:6 მოიგო.

შარაპოვა ამ ტურნირზე მეორედ ხვდებოდა თანამემამულეს. მერვედფინალში ის კარიერაში მეათედ დაუპირისპირდა სვეტლანა კუზნეცოვას, ახლა კი ასევე მეათე შეხვედრას ატარებდა ზვონარევას წინააღმდეგ.

პირველი სეტი შარაპოვამ მთლიანად ჩააგდო. მარიას ამდენი შეცდომა ერთად აღებული წინა სამი მატჩში არ ჰქონია. შედეგად, ზვონარევამ ძალიან იოლად აიღო საწყისი პარტია - 6:2.

მეორე სეტში შარაპოვამ ნაადრევი ბრეიკის წყალობით 3:1 დაწინაურება შეძლო, მაგრამ მეტოქეი საპასუხო ბრეიკით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა სეტის ბოლო ნაწილი მაინც შარაპოვას დარჩა, რომელმაც ზედიზედ სამი გეიმის აღებით პარტიებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ზვონარევასთვის მესამე სეტი კარგად დაიწყო - მეტოქის მოწოდება აიღო და ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ იქვე შარაპოვამ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და 4:1 დაწინაურდა. იქვე მსოფლიოს მეორე ჩოგანმაც გაიბრძოლა და მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა - 3:4, ოღონდ ეს ზვონარევას ბოლო წარმატება აღმოჩნდა. შარაპოვამ ისევ უკეთ წარმართა სეტის დასკვნითი ნაწილი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:3.

ისევე, როგორც სტოსურთან მატჩში, აქაც მარიას მეტოქე დაეხმარა - ზვონარევას განსაკუთარებით მოწოდება არ მისდიოდა - რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, რითაც შვიდი ბრეიკი გააკეთებინა მოწინააღმდეგეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მარიას ერთით მეტი ორმაგი ჰქონდა.

გადამწყვეტ მატჩში შარაპოვა ელენა იანკოვიჩს შეხვდება და თუ გაიმარჯვებს, დღეიდან WTA-ის საჩემპიონო რბოლას ჩაუდგება სათავეში.

იანკოვიჩს აქამდე ორჯერ ჰქონდა ნათამაშები ანდრეა პეტკოვიჩის წინააღმდეგ და ორივეჯერ წააგო, თუმცა ყოველთვის პირველ სეტს თავად იგებდა. ახლა ეს ტრადიცია სანახევროდ დაირღვა - პირველი პარტია ისევ სერბმა აიღო და თან მატჩის მოგებაც მოახერხა - 7:5, 6:1.

პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანეს, სადაც ელენამ მოიპოვა უპირატესობა - 7:4. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ბრძოლა არ ყოფილა, რადგან იანკოვიჩმა სამი ბრეიკი გაიფორმა და თავად არც ერთი საკუთარი მოწოდება არ წაუგია.

შარაპოვასა და იანკოვიჩის ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში მარიას სასარგებლოდაა - 5:1, თუმცა უკვე სამწელიწადნახევარია ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს არ შეხვედრიან და გამარჯვებულის პროგნოზირებაც, შესაბამისად, რთული გახლავთ.

1/4 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 4)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 10) 6:3, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:3, 7:6(6); ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-ნადია პეტროვა (რუს) 7:5, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-შუაი პენგი (ჩინ, 16) პენგის უარი.

1/2 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 4)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 2:6, 6:3, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9) 7:6(4), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს