სამირ ნასრიმ ჟურნალისტებს უამბო, როგორ აქეზებდა „მეთოფეთა“ ლეგენდა, მისი თანამემამულე პატრიკ ვიეირა ისტლენდზე გაქცევისაკენ
„არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ ამ დღეებში გადასულმა 24 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა სამირ ნასრიმ ჟურნალისტებს უამბო, როგორ აქეზებდა „მეთოფეთა“ ლეგენდა, მისი თანამემამულე პატრიკ ვიეირა ისტლენდზე გაქცევისაკენ.

თურმე სწორედ ვიეირა ეუბნებოდა ნახევარმცველს, გუნდი, რომელიც ახლა აღმავლობას იწყებს „მანჩესტერ სიტია“, „არსენალი“ კი კრიზისში შედის და ჯობს გაერიდო, კარიერა გადაირჩინოო. ნასრიმაც დაუჯერა და არსენ ვენგერის სამყაროდან რობერტო მანჩინის ამბიციურ და მდიდარ ფეხბურთელთა ჯგუფში მოჰყო თავი. ნასრიმ თქვა:

„უდიდესი როლი პატრიკ ვიეირამ ითამაშა. ის ლეგენდაა და საფრანგეთში ყველა განსაკუთრებულ პატივს სცემს. როდესაც მისი კალიბრის ფეხბურთელი, რომელსაც „არსენალში“, „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, გეუბნება, რომ დღეს მომავლის გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება უნდა, „მანჩესტერ სიტია“, უნდა დაუჯერო“.

ნასრიზე ჩრდილოლონდონელთა კიდევ ორი ფეხბურთელის, კოლო ტურესა და გაელ კლიშის გადაწყვეტილებამაც იმოქმედა - მოგეხსენებათ, ორივე „მეთოფე“ იყო, მაგრამ მანჩესტერის ლურჯ ნახევარში გადაბარგდა. ზემოხსენებულმა ვიეირამაც კარიერა გასულ სეზონში სწორედ „მანჩესტერ სიტიში“ დაასრულა, თუმცა ისევ ისტლენდზეა და გუნდში რაღაც თანამდებობაზე მუშაობს.

ნასრიმ დასძინა: „ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რას გირჩევენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დააჭაშნიკეს გუნდი, რომელშიც შენ აპირებ გადასვლას. კლიშიმ და ტურემ ორივე კლუბი კარგად იციან და „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის განსხვავების თქმაც შეუძლიათ. ჩემზე მათმა მონაყოლმაც ძალიან იმოქმედა“.

ვენგერი ვიეირას მადლობას ნამდვილად არ ეტყვის. მან ნასრი „სიტიში“ მაშინ გადაიტყუა, როდესაც ფრანგ პედაგოგს გუნდი საშინელი დაღმავლობისა და უიღბლობის გზაზე ჰყავდა და თან სესკ ფაბრეგასი გაექცა „ბარსელონაში“. მაგრამ, თუკი „მეთოფეებისგან“ საუკეთესონი გარბიან, „სიტიში“ პირიქით, მჯობნის მჯობნი იკრიბებიან: ნასრის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე „ეტიჰედ სთედიუმზე“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ სერხიო აგუერო გადავიდა.

„როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მიდის, საუკეთესოების მხარდამხარ უნდა თამაში. „მანჩესტერ სიტიში“ სწორედ, დიდი ფეხბურთელები თამაშობენ. აგუერომ სადებიუტო შეხვედრაში გოლები გაიტანა და საგოლე პასი გადააწოდა. ასეთ ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემ. მეც ასე მიყვარს თამაში: სწრაფად და ტექნიკურად.

ასეთ თანაგუნდელებთან ერთად, რასაკვირველია, ნებისმიერ სიმაღლეს შეეჭიდები. იაია, ჯეკო, კარლოს ტევესი... ოღონდ თუ დარჩება გუნდში. ძალიან მიხარია მათი გუნდის წევრი რომ გავხდი და ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ მათთან ერთად“ - თქვა ნასრიმ.

კიდევ, ნასრი ამბობს, რომ მის სამშობლოში, საფრანგეთში, „სიტის“ ათი წლის წინანდელ „რეალს“ ადარებენ:

„ჩვენთან „სიტის“ გალაქტიკოს უძახიან. ამ გუნდის შემყურე ხალხს ის „რეალი“ ახსენდება, რომელშიც ზინედინ ზიდანი თამაშობდა“.

გამთამაშებელს გული წყდება, რომ ისტლენდელებს ზაფხულშივე ვერ შეუერთდა. არადა, მან მაშინვე ზუსტად იცოდა, რომ „არსენალიდან“ წასვლა უნდოდა და ამის შესახებ არსენ ვენგერს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უთხრა.

„გული მწყდება, რადგან მწვრთნელს მაშინვე ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. მინდოდა სეზონისწინა პერიოდი ახალ თანაგუნდელებთან ერთად გამეტარებინა და შევგუებოდი მათ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე დამთავრდა, როგორც მე მინდოდა და დღეს ჩემთვის დიდი დღეა. კარიერას თითქოსდა ახლიდან ვიწყებ“.

ნასრისთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან კმაყოფილი გახლდათ რობერტო მანჩინიც. იტალიელმა თქვა:

„ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ტექნიკური და მებრძოლის მენტალიტეტით დაჯილდოვებული. მე მის თამაშს კარგა ხანია ვიცნობ. ნასრი პირველად „არსენალში“ როდი ვნახე, „ინტერის“ მწვრთნელი რომ ვიყავი და ის „მარსელში“ გამოდიოდა, მაშინ მინდოდა მისი „სან სიროზე“ გადაყვანა. რასაკვირველია, პრემიერლიგამ ნასრი სულ სხვა დონეზე აიყვანა და დღეს ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია“.

სამირ ნასრიმ „მანჩესტერ სიტისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ისტლენდზე მას კვირაში 175 ათას ფუნტს გადაუხდიან ანუ სამჯერ მეტს ვიდრე „მეთოფეები“ უხდიდნენ. ფრანგს მანჩესტერელი ქომაგი „ეტიჰედ სთედიუმის“ გარეთ დახვდა, დიდი ოვაციით შეეგება და მასთან სურათებიც გადაიღო. „სიტის“ პატრონებს ამ ზაფხულში მისი, აგუეროს, კლიშისა და სტეფან სავიჩის ყოდვა ჯამში 75 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ფრთაზე გადასვლა და ჰავბეკობაც შეუძლია, მანჩინის გუნდის შემოქმედებით ნაწილს სრულად კრავს - ახალ სეზონში „სიტი“ იბრძვის პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის, პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაში და შეეცდება შარშან მოპოვებულ ფეხბურთის ასოციაციის თასს რომელიმე შინაური თასი კიდევ დაამატოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯილდოს მოგებამდე „მანჩესტერ სიტის“ 35 წლის განმავლობაში არაფერი მოეპოვებინა. აღსანიშნავია, რომ ინგლისში არც სამირ ნასრის მოუგია რაიმე ჯილდო. ის „მეთოფეებს“ 2008 წელს შეუერთდა, როდესაც ისინი უკვე ვეღარაფერს იგებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა