რუსთავში "ფოლადის" სტადიონზე "მეტალურგმა" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა
27. 08. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

მეტალურგი-სპარტაკი 0:0

მეტალურგი (4-2-3-1) სპარტაკი (4-3-3)

ბედიაშვილი ძაგანია

მახვილაძე ციმაკურიძე

ა. კვახაძე დ. ლომაია

გ. კვარაცხელია ბოიომო

ჯაფარიძე ხუბუა

რაზმაძე თ. შონია

ი. მაისურაძე ვ. კილასონია

გეწაძე ნ. მაისურაძე

გ. მიქაბერიძე შალამბერიძე

ჭედია ჯიქია

ტატანაშვილი მეტრეველი

მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: ბ. კვარაცხელია

მეტალურგი

59. ტატანაშვილი-დობროვოლსკი

69. მიქაბერიძე-ქავთარაძე

69. ი. მაისურაძე-გავაშელიშვილი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი, პავლიაშვილი

სპარტაკი

78. ნ. მაისურაძე-სამხარაძე

90. შალამბერიძე-გ. სეფიაშვილი

სათადარიგოები: დაუშვილი, კაკაშვილი, ქანთარია, ბურძენაძე, დ. გელაშვილი

გაფრთხილება: კვარაცხელია (9), ნ. მაისურაძე (22), გეწაძე (76), გავაშელიშვილი (82).

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

არა გვგონია, ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებული ერთადერთი ქულით "მეტალურგის" ახალი ხელმძღვანელები კმაყოფილნი იყვნენ: წინა ტურში "გაგრასთან" მარცხის მერე რუსთაველები ამჯერად ფრეს დასჯერდნენ, თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს შედეგი, ალბათ, ლოგიკურიც იყო - ყოველ შემთხვევაში, "სპარტაკი" წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა; ეგ კი არა, ბადრი კვარაცხელიას გუნდს რომც მოეგო, არც ეს იქნებოდა უსამართლობა: სტუმრებმა, მასპინძლებთან შედარებით, ნაკლები სახიფათო მომენტი კი შექმნეს, მაგრამ "სპარტაკის" კონტრშტევები უფრო სახიფათო იყო.

წინა მატჩთან შედარებით, "მეტალურგის" ძირითადი შემადგენლობაც შეცვლილი იყო და გუნდის ტაქტიკური განლაგებაც: კარში გრიგოლ ბედიაშვილი იდგა, ძირითადში დაიწყო თამაში დიმიტრი ტატანაშვილმა, ხოლო გივი კვარაცხელიამ (სეზონის დასაწყისში "სპარტაკის" ღირსებას რომ იცავდა) დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. თუმცა მასპინძელთა რიგებში მთავარი სიახლე მაინც ახალწვეულის, 22 წლის გარემარბ გიორგი ჭედიას გამოჩენა იყო, რომელიც რუსთავის გუნდს ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მეტალურგს" სოლიდურზე სოლიდური დანაკლისიც ჰქონდა: არ უთამაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი მოდებაძეს. ჰოდა, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევის გარეშე მასპინძელთა იერიშებს სიმწვავეც აკლდა და ერთფეროვანიც იყო. "სპარტაკმა" კი მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა და, აკი ვთქვით, დამსახურებული ქულაც მოიპოვა ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან დაპირისპირებაში.

მატჩის დასაწყისი "ხალისიანი" გამოდგა: რევაზ გეწაძემ და გიორგი მიქაბერიძემ მოხდენილი კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ სიტუაცია "სპარტაკის" მეკარე ლაშა ძაგანიამ განმუხტა. ამას სტუმართა საპასუხო იერიში მოჰყვა: ნიკოლოზ მაისურაძის პასით კობა შალამბერიძე აღმოჩნდა კარგ პოზიციაში, მაგრამ მასპინძლები ბედიაშვილმა გადაარჩინა. სამიოდე წუთში ნიკოლოზ მაისურაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა - ცოტაც და, კურიოზულ გოლს ვიხილავდით! მასპინძლებს პირველი ტაიმის ბოლომდე შეტევაში ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ, თუ არ ჩავთვლით გეწაძის შორეულ "გასროლას" (ძაგანიამ გაჭირვებით რომ მოიგერია) და კიდევ ერთ ეპიზოდს, როცა სტუმრები კაპიტნის, ბოიომო ფრიდოლინის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მოვლენათა ეპიცენტრში კვლავაც გეწაძე და ძაგანია იყვნენ: მასპინძელთა გარემარბმა მარცხენა ფლანგიდან ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძაგანიამ ორივეჯერ უშეცდომოდ ითამაშა. თუმცა სტუმრების პირველივე შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა: შალამბერიძის ჩინებული პასის მერე ზვიად მეტრეველი ერთი შეხებით ცდილობდა მშობლიური ქალაქის გუნდის კარის აღებას, მაგრამ ბედიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეტრეველი ვახსენეთ და, სტუმართა გუნდის კიდევ ერთ რუსთაველ ფეხბურთელზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა: 18 წლის ვალერი კილასონია მოედნის ცენტრში ასაკისთვის უჩვეულო სიდინჯითა და, ფაქტობრივად, უშეცდომო თამაშით გამოირჩეოდა.

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი შეცვლებით შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, რამდენიმე მოთამაშეს პოზიციაც შეუცვალა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ერთ ეპიზოდში ალექსანდრე კვახაძემ დაარტყა ნახევარბრუნით, მაგრამ ბურთი ხარიხას გადაევლო, შემდეგ კი აქტიურად შემოსულმა გიორგი ქავთარაძემ იყოჩაღა და მახვილი კუთხიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ სტუმრები ისევ ძაგანიამ გადაარჩინა. ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურია, წლევანდელი ევროტურნირებიდან მოყოლებული, ქავთარაძე... ძირითად შემადგენლობაში რომ ვერ ხვდება. თუმცა ეს მწვრთნელ(ებ)ის პრეროგატივაა და ნებისმიერ ჟურნალისტზე უკეთ მოეხსნებათ, ვის უნდა ანდონ ადგილი ძირითადში.

მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, "სპარტაკმა" სწრაფი კონტრშეტევა რომ წამოიწყო; ბოიომო-ჯიქია-მეტრეველის კომბინაცია ყველასაგნ "მიტოვებულმა" გიორგი სეფიაშვილმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში დარტყმით დაამთავრა, მაგრამ სტუმართა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: ლაინსმენმა ალამი ასწია და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა