ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე ერთმანეთს ორი სახელმწიფო კლუბი შეხვდა, რომელთაც სეზონი სერიოზული საფიქრალით დაიწყეს...

ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე ერთმანეთს ორი სახელმწიფო კლუბი შეხვდა, რომელთაც სეზონი სერიოზული საფიქრალით დაიწყეს - ეყოლებათ თუ არა კერძო სპონსორები. ამის გარეშე მალე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არავის დაუშვებენ...

თამაში საკმაოდ სახალისო გამოდგა. აღსანიშნავია "ლოკომოტივის" მოედნის მშვენიერი მდგომარეობა, არადა, აპრილში მასზე თამაში სწორედ საფარის უვარგისობის გამო აკრძალეს. სტადიონის დირექტორმა გივი ჭანტურიძემ ეს ყველაფერი უფულობაში მოახერხა. ცოტა მეტი ფინანსები და "ლოკომოტივის" გაზონი საქართველოში საუკეთესო ექნება...

...მე-3 წუთზე შოთა კაშიამ და დეკანოიძემ მარჯვენა ფლანგზე ულამაზესი (თან სწრაფი) კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დაგვირგვინებაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით შონიამ სცადა - მეკარე ძაგანიამ ბურთი კარის ხაზზე გააჩერა.

მე-4 წუთზე ბაკურაძემ გამჭოლი გადაცემით მცველებს შუა გახსნილი პავლიაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მცველი ფეხებში ჩაუწვა და ვითარება განმუხტა. ზუსტად ერთ წუთში სტუმრებმა მორიგი მწვავე კომბინაცია წამოიწყეს. სახიფათოდ უტევდა ტყემალაძე, რომლის დარტყმულზე სომხეთიდან დაბრუნებულმა მეკარე სოსო გრიშიკაშვილმა დროული რეაქცია გამოავლინა და "სპარტაკი" გადაარჩინა.

მე-15 წუთზე ტრიბუნებზე შეკრებილი მცირერიცხოვანი სამტრედიელი გულშემატკივარი აღშფოთდა - საჯარიმოში მყოფი ტყემალაძე ბოიომოსთან ბრძოლაში წაიქცა და სტუმრებმა პენალტი მოითხოვეს. ერთი შეხედვით, მოთხოვნა სამართლიანი იყო. არბიტრმა კი სხვაგვარად განსაჯა - შემტევს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მე-16 წუთზე ჩომახიძემ ტყემალაძე კვლავ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა - გრიშიკაშვილმა ამჯერადაც ივაჟკაცა. აი, ამ ეპიზოდის შემდეგ უპირატესობას ცხინვალელელები დაეუფლნენ, სამტრედიელები მოეშვნენ და გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მათ მოედნის ცენტრი დათმეს და შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ...

24-ე წუთზე თორნიკე შალიკაშვილმა სერიოზული შეცდომა დაუშვა (მერე გავარკვიეთ, რომ მაღალი ტემპერატურით უთამაშია) და მეკარესთან პირისპირ გავიდა დეკანოიძე, რომელმაც ეს დუელი ვერ მოიგო, სამაგიეროდ, დამატებაზე ტიერი კლოვისმა იმარჯვა - 1:0.

"სამტრედია" საერთოდ მოეშვა, მოთამაშეები ბურთს ელემენტარულ სიტუაციებში კარგავდნენ და ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება მეორე გოლი იყო: 17 წლის დეკანოიძემ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავდამსხმელია, საჯარიმოს ხაზიდან უცნაური ტრაექტორიით დაარტყა - ბურთმა მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარში აღმოჩნდა - 2:0.

ეტყობა, სპარტაკელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და დაისაჯნენ კიდეც, თუმცა ამაში სტუმართა მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას დამსახურებაც უნდა დავინახოთ. მან სწორი შეცვლები გააკეთა, იქვე სამტრედიელი ქომაგიც გამოცოცხლდა და სტუმრებმა აგრესიულად შეუტიეს.

ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში 17 წლის დავით კირკიტაძე, რომელმაც მონდომებული თამაშით თავისიანები აიყოლია. სასარგებლოდ ითამაშეს ეცადეიშვილმა და ფურთხიამაც - მოედნის ცენტრში თამაში დაალაგეს და მეტოქეს გასაქანი არ მისცეს. თუმცა სტუმართა შორის მაინც ჩომახიძე გამოირჩეოდა. ის მწვავე შეტევებსაც იწყებდა და ზოგადად, თამაშსაც წარმართავდა...

64-ე წუთზე კირკიტაძემ 25 მეტრიდან ძლიერი დაარტყა და გრიშიკაშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა. გავიდა ერთი წუთი და "სპარტაკი" უკვე მარჯვენა მცველმა ჭაფოძემ გადაარჩინა, როცა სოსელიას დარტყმულს გადაეღობა. აი, 66-ე წუთზე "სპარტაკი" ვეღარ გადარჩა: ჩომახიძის კუთხური ბაკურაძემ თავურით დააგვირგვინა - 1:2.

სტუმრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ერთხელაც გამოჩნდა, რომ "სამტრედიას" საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვს. 73-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ტყემალაძეს შეეძლო, მაგრამ ეს მისი დღე არ იყო - ვერც ამჯერად აჯობა გრიშიკაშვილს. შემდეგ "სპარტაკს" ზედიზედ ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კლოვისმა დააყოვნა და მომენტი გააფუჭა - ძაგანიამ მგელაძეს რთული დარტყმა აუღო.

ანგარიში 83-ე წუთზე გათანაბრდა - მარჯვენა ფლანგზე ჯარიმა კვლავ ჩომახიძემ შეასრულა, ყველას ეცადეიშვილმა დაასწრო და მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა - 2:2.

მადა ჭამაში მოდისო და, სამტრედიელებს მოგება მოუნდათ. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ჩომახიძის ჯარიმის შემდეგ, ტყემალაძეს შეეძლო კიდეც 3 ქულის მომტანი გოლის გატანა, მაგრამ... კარს მცირე მანძილით ააცილა.

შეიძლება ითქვას, საკმაოდ სახალისო, სანახაობრივი და მხიარული სტარტი ვიხილეთ, მაგრამ სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ არის - ცხინვალელებს მეორე ტაიმში ძალა აღარ შერჩათ და გადაღლილები თამაშობდნენ, რაც უცნაური იყო. ფიზიკური მომზადებით დიდად არც სტუმრები ბრწყინავდნენ, ოღონდ სპარტაკელები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ესეც უსიამოვნო ტრადიციად მკვიდრდება - ქართული გუნდების ფიზიკური მომზადების დონე ისედაც არ იყო სასურველი და ახლა ხომ კატასტროფულ ზღვრამდე დაეცა.

ამიტომაც ვფიქრობთ, რომ XXII ჩემპიონატს მოიგებს გუნდი, რომლის მწვრთნელიც მოწინააღმდეგეს ტაქტიკური ჩანაფიქრით, სატურნირო სტრატეგიითა თუ სხვა ამგვარი კომპონენტებით კი არა, არამედ, კარგად მორბენალი და ფიზიკურად სხვაზე უკეთ მომზადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კრებული. ჩემპიონატის სტარტსა და ევროთასებზე ნანახი სხვა დასკვნის საშუალებას არ გვაძლევს.

14.08.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 300 მაყურებელი

სპარტაკი-სამტრედია 2:2

1:0 კლოვისი (24. დეკანოიძის პასით), 2:0 დეკანოიძე (33), 2:1 ბაკურაძე (66. ჩომახიძის პასით), 2:2 ეცადეიშვილი (83. ჩომახიძის პასით)

სპარტაკი: გრიშიკაშვილი - ჭაფოძე, ბოიომო, თავბერიძე, კორსანტია - შ. კაშია, შონია, მგელაძე, სარალიძე (65. ჩალაძე), კლოვისი - დეკანოიძე (76. მაისურაძე).

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ხაჭვანი, აქუბარდია, მ. ჯიშკარიანი, ფურცელაძე.

სამტრედია: ძაგანია - სოსელია, დვალიშვილი, კირთაძე, თ. შალიკაშვილი - ბაკურაძე (80. ფურთუხია), გუჩუა (62. ეცადეიშვილი), ჩომახიძე, ტყემალაძე, - პავლიაშვილი (46. დ. კირკიტაძე), ბაკარანძე.

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ხუმარაშვილი, კუპრეიშვილი, ი. შალიკაშვილი.

გაფრთხილებები: ჩომახიძე (67), მაისურაძე (87).

არბიტრი: ლ. სილაგავა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა