ზედიზედ ორი დღეა წვიმის გამო ამერიკის ღია პირველობაზე ერთი მატჩიც არ ჩატარებულა
ზედიზედ ორი დღეა ამერიკის ღია პირველობაზე ერთი მატჩიც არ ჩატარებულა. ორგანიზატორების ყველანაირი გრაფიკი და გეგმა წვიმამ დაამსხვრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტურნირზე ცხოვრება მოკვდა.

პირიქით, იმ ჩოგბურთელებმა, რომლებიც ორი დღეა ელოდებიან კორტზე გასვლას, პატარა ბუნტი მოაწყვეს, პარალელურად, ბოლო არ უჩანს მოთამაშეების, მაყურებლისა და ჟურნალისტების

შეკითხვებს, რომელიც უამინდობით არის გამოწვეული.

USTA - ამერიკის საჩოგბურთო ასოციაცია, რომლის მფლობელობაშია აშშ-ის ღია ჩემპიონატი, პირველად მრავალი წლის განმავლობაში ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მაყურებლების, ტელეკომპანიებისა და სპონსორების წინაშე, რომლებიც ტურნირის ფინანსურ საფუძველს წარმოადგენენ.

თავის მხრივ, თავად აშშ-ის ღია იმ თანხის მოზიდვის საშუალებაა, რომელიც ამერიკული ჩოგბურთის განვითარებას ხმარდება. ორი კვირის განმავლობაში ტურნირზე მილიარდ ნახევარი დოლარი "ტრიალებს"!

სავარაუდოდ, სწორედ ნერვულმა დაძაბულობამ აიძულა ჩემპიონატის ორგანიზატორები რისკიანი ნაბიჯი გადაედგათ: მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზი ისევ არასახარბიელო იყო, სამშაბათს დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, მათ წვიმიან ამინდში გამოჩენილი პატარა "ფანჯრის" გამოყენება სცადეს და ჩოგბურთელები კორტზე გაუშვეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ჩოგბურთელებმა სახიფათოდ სველ კორტებზე მხოლოდ 15-20 წუთი ითამაშეს და მოედნები ისევ დაიხურა.

სულ სამი თამაში დაიწყო - მამაკაცების სამი მერვედფინალი: ნადალი-მიულერი, მიურეი-იანგი და ფერერი-როდიკი. შეხვედრები მაშინ შეაჩერეს, როცა მიულერი 3:0-ს იგებდა, როდიკი 3:1-ს ამარცხებდა ფერერს, ხოლო მიურეი 2:1-ს იანგს.

ნადალმა, როდიკმა და მიურეიმ პირდაპირ მიმართეს ორგანიზატორებს მოთხოვნით - გაეთვალისწინებინათ ამინდის პროგნოზები და არ დაეშვათ ჩოგბურთელთა ჯანმრთელობის რისკი. მათ ნოვაკ ჯოკოვიჩმაც დაუჭირა მხარი.

"ჩვენ არ გვინდა კორტზე გასვლა წვიმის დროს. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია. ჩოგბურთელები აბსოლუტურად დაუცველები არიან.

"დიდი სლემის" ჩემპიონატებზე დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ ამ შოუს ნაწილი ჩვენ - ჩოგბურთელებიც ვართ. ორგანიზატორები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და მოთამაშეები არ აინტერესებთ.

როცა კორტზე დაგვიძახეს, მცირე წვიმა მოდიოდა. ყველა კორტი სველი იყო. მესმის, რომ გულშემატკივრები ჩოგბურთის სანახავად მოვიდნენ, მაგრამ მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უნდა ჰქონდეს რაღაც მნიშვნელობა", - განაცხადა ნადალმა.

"კარგად მესმის, რომ ყველას უნდა ტელევიზორში პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს სპორტია და არა ბიზნესი. აქ ყველა საკუთარ ინტერესს იცავს, ამიტომაც ორგანიზატორებს უბრალოდ სურთ მიიღონ მზა პროდუქტი ჩვენს ხარჯზე", - ეს როდიკის სიტყვებია.

"ეს არის "დიდი სლემის" ტურნირი, რომელსაც უდიდესი მოგება მოაქვს. იქნებ ორგანიზატორებმა მომავლისთვის გაითვალისწინონ მოძრავი სახურავის აშენება?!

მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და სრულად ვეთანხმები კოლეგების განცხადებებს. პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდნენ სპორტსმენის ჯანმრთელობას. კარგად ვიცით ჩოგბურთის საქმიანი მხარის შესახებ. თავადაც გვინდა თამაში, მაგრამ მოთამაშეთა ჯანმრთელობა მთავარი უნდა იყოს", - ნადალისა და სხვების მხარე დაიჭირა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

საბოლოოდ, ჩოგბურთელთა პრეტენზიები შეისმინეს და 17 საათისთვის მამაკაცთა მატჩები გააუქმეს, თუმცა ამით პრობლემას არ ეშველა.

ამის შემდეგ გამწარებულმა და ანერვიულებულმა ორგანიზატორებმა ქალთა მეოთხედფინალების გადარჩენა სცადეს. ეს მატჩები საღამოს სესიაში გადაიტანეს და როგორც კი წვიმა შეწყდა, კორტის მომსახურე პერსონალმა სუპერთანამედროვე ტექნიკით მოედნების გაშრობა დაიწყო. სულ რაღაც ნახევარ საათში კორტები მზად იყო.

და, როგორც კი არტურ ეშის სახელობის კორტზე გამოჩდნენ ანასტასია პავლიუჩენკოვა და სერენა უილიამსი და მაყურებლებმა ტრიბუნების შევსება დაიწყეს, მაშინვე განახლდა წვიმა. საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ იმ დღეს არც ერთი მატჩი აღარ ჩატარდებოდა. ათი წუთის შემდეგ სათამაშო დღე დასრულებულად გამოცხადდა.

ორი დღის განმავლობაში დაზარალდა მაყურებელი, რომელმაც ბილეთებში გადახდილი საფასურის სანაცვლოდ სანახაობა ვერ იხილა, არადა, ბევრი ნიუ იორკში შორიდან ჩავიდა და ბილი ჯინ კინგის სახელობის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრის სველ ტერიტორიაზე სეირნობა მოუწია. თუმცა პირველი საათების შემდეგ, როცა საბოლოო პროგნოზი გახდა ცნობილი, მაყურებელთა უმრავლესობა შინ გაემგზავრა.

ჟურნალისტებსაც გაუჭირდათ: ჩემპიონატის ინტრიგა "გაიყინა", მოთამაშეებმა სატურნირო რითმის დაკარგვის შიშით დარბაზში ვარჯიში დაიწყეს, ასე რომ, საწერი და საკომენტარო არც არაფერი იყო.

როგორია პერსპექტივები? ენდი მიურეიმ განაცხადა, რომ გრაფიკი შეიძლება დალაგდეს იმ შემთხვევაში, თუ ფინალს ორშაბათისთვის გადაიტანენ, როგორც ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა.

შესაძლოა, ბრიტანელი მართალია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროგნოზი შემდეგი დღისთვისაც არადამაიმედებელია: ამერიკელი მეტეოროლოგები 60-პროცენტიანი ალბათობით ვარაუდობენ წვიმას. მხოლოდ პარასკევისთვის ელოდებიან მშრალ, თუმცა მოღრუბლულ ამინდს.

ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ მატჩების ნაწილის ჩატარება დარბაზში გახდეს საჭირო. ამას შეეწირება მაყურებელთა რაოდენობა და შესაბამისად, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, აგრეთვე ტელეტრანსლიაციების ხარისხი.

რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა ამერიკის ღია პირველობის დირექტორი ჯიმ ქიორლი. მან წამყვანი მოთამაშეების კრიტიკასაც უპასუხა.

"ჯერჯერობით, ჩვენ კვლავინდებურად დაგეგმილი გვაქვს ტურნირის კვირას დასრულება. ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩოგბურთელები - ნამდვილი ათლეტები არიან და ფიზიკური მომზადება არ აკლიათ.

დღის 12 საათისთვის შემდეგი ინფორმაცია გვქონდა: შეხვედრების ჩატარების ერთადერთი შანსი იყო ორსაათიანი ფანჯარა, რომლის დროსაც წვიმა არ უნდა წამოსულიყო. სამწუხაროდ, მცირე წვიმა და ნისლი მეტეომონიტორებზე არ ფიქსირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან გამოცდილი მსაჯები, რომლებიც გადაწყვეტენ - არის თუ არა მოედანი მზად ჩოგბურთელების მისაღებად. პირობები იდეალური არ იყო, მაგრამ სავსებით უხიფათო გახლდათ.

მიუხედავად ამისა, თუ მოთამაშეებს საკუთარი უსაფრთხოების შესახებ განსხვავებული აზრი აქვთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ მოვუსმინოთ. რეფერი ჩოგბურთელთა აზრსაც ითვალისწინებს, როცა მატჩის გაგრძელების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

ეჭვგარეშეა, მეც დიდი სურვილი მაქვს ცენტრალურ კორტს მოძრავი სახურავი ჰქონდეს. როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში არტურ ეშის სახელობის სტადიონის პროექტს ამტკიცებდნენ, სახურავი მისი დიდი ღირებულების გამო გათვალისწინებული არ იყო. მოძრავი სახურავის ასაშენებლად 200 მილიონი დოლარი იქნება საჭირო", - იმ დღის ყველა კითხვას უპასუხა ქიორლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა