ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ამ სეზონში თითქმის ყველაფერი მოიგო, ამერიკის ღია პირველობის ფინალს ფავორიტის სტატუსით შეხვდა
ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ამ სეზონში თითქმის ყველაფერი მოიგო, ამერიკის ღია პირველობის ფინალს ფავორიტის სტატუსით შეხვდა.

თანაც მას ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა რაფაელ ნადალზე, რადგან წელს ესპანელს ხუთიდან ხუთი ფინალი მოუგო, მათ შორის ორჯერ ამერიკულ ჰარდზე.

ორივეს ამერიკის ღიაზე საშუალო სირთულის ბადე ჰქონდა. რაფაელმა მეტი დრო გაატარა კორტზე, ნოვაკმა კი მეტი პარტია ჩაატარა.

უნდა ითქვას, რომ თუ ნოვაკი საწყის სტადიებზე ანადგურებდა მეტოქეებს, ნადალი თავიდან ვერ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, მეორე კვირის შუაში მოუმატა და სასტიკი დღე აყარა ენდი როდიკს, რის შემდეგაც, მისივე თქმით, ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა ენდი მიურეის წინააღმდეგ. სერბმა ბევრი იწვალა ტიპსარევიჩის წინააღმდეგ და რომ არა იანკოს ცუდი ფიზიკური ფორმა, მატჩი შეიძლება თრილერად გადაქცეულიყო. თუმცა ნოვაკს ჰქონდა ერთი ასეთი მატჩი, როცა როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ორი მატჩბოლი გადაარჩინა.

ფინალზე ჯოკოვიჩი FDNY-ის (სახანძრო დაცვის დეპარტამენტი) ლოგოტიპიანი კეპით გავიდა, რითაც 11 სექტემბერის ტერაქტისას დაღუპული მეხანძრეები დაიხსენა. გადამწყვეტ მატჩში თავიდანვე დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ნადალი პირველივე წუთებიდან უფრო ზუსტი და აქტიური იყო შეტევაში და 2:0 დაწინაურდა.

ნოვაკზე ნაადრევმა ბრეიკმა ცივი შხაპივით იმოქმედა და ის მაშინვე შევიდა თამაშში. ჩოგბურთელები ხანგრძლივად ათამაშებდნენ ბურთს უკანა ხაზზე.

ორი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნოვაკი ასეთ ჩოგბურთში სტაბილურად მოუგებდა ესპანელს, მაგრამ ახლა, სერბი თითქმის ყველა ბურთს იგერიებს და თითქმის მთელ კორტს მოიცავს. 11-წუთიანი გეიმი მხოლოდ მოთელვა იყო - ასეთი დაძაბული გათამაშებები მატჩში საკმარისად იყო. შარშანდელი ფინალის ანალოგიურად, რაფაელმა 2:0 წაიყვანა ანგარიში და იქვე დათმო უპირატესობა.

პირველი სეტის ანგარიში - 6:2 არ ასახავს კორტზე განვითარებულ მოვლენებს. ჯოკოვიჩს, რა თქმა უნდა, ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ნებისმიერი გეიმი (ბოლოს გარდა) შეიძლებოდა საპირისპირო შედეგით დასრულებულიყო.

სწორედ "მეტი-ნაკლების" თამაშისას გამოჩნდა ჯოკოვიჩის ფსიქოლოგიური დამაჯერებლობა, რადგან ის არაფერს ჩუქნიდა მეტოქეს, ნადალი კი ყოველთვის ზუსტი არ იყო გადამწყვეტ მომენტებში. რვაგეიმიანი სეტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ესპანელს არ მისდიოდა მოწოდება - მან 26-დან მხოლოდ 11 ქულა აიღო თავის გეიმებში.

ესპანელმა 2:0-დან ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო და შეეცადა სწრაფად დაევიწყებინა ეს საშინელი სერია. ის კვლავ 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ძალიან დაძაბულ და ლამაზ 18-წუთიან გეიმში ყველაზე უხეში შეცდომა დაუშვა მატჩში. რაფამ ბრეიკ-პოინტზე "სმეში" ბადეს გაარტყა და გეიმი ნოვაკს აჩუქა.

მეორე სეტი პირველი ასლი შეიძლებოდა გამხდარიყო - 0:2-ის შემდეგ ტაბლოზე 4:2 ეწერა. მაგრამ ნადალმა ხელები არ ჩამოუშვა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ აქ გამოჩნდა "ახალი ჯოკოვიჩის" კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება - წაგებული საკუთარი გეიმის გამო ის დიდად არ განაწყენებულა და თავისი საქმის კეთება გააგრძელა. ნადალმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და სერბმა მას ეს არ აპატია - 6:4.

ნოვაკი თითქმის მუდმივად ცდილობდა ესპანელს ბექჰენდით ეთამაშა, რითაც რაფას შეტევის საშუალებას არ აძლევდა. პირველი ორი სეტისა და ორი საათის განმავლობაში ნადალმა ამ პრობლემას ვერაფერი მოუხერხა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ჯოკოვიჩი დამაჯერებლად მოიგებდა - ნადალმა ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და ნოვაკს ამერიკის ღიაზე პირველი ტიტულისკენ გაუხსნა გზა, მაგრამ გარდატეხა მაინც მოხდა.

ესპანელი მიხვდა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და უფრო მეტად შეუტია, მოკლე დარტყმებსა და სხვადასხვა კომბინაციას მიმართა. სეტის მონაკვეთი 3:3-დან ტაი-ბრეიკამდე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა - ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა, ჩოგბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ და ყოველ გეიმში ისეთ გათამაშებებს ჩუქნიდნენ მაყურებელს, რომლებიც მთელი ტურნირის ტოპ-მომენტებში მოხვედრის ღირსი იყო.

პუბლიკა აღფთოვანებული იყო და ნადალს გულშემატკივრობდა, რათა ეს ლამაზი სპექტაკლი, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. მოთამაშეები უკვე 3.5 საათი იყვნენ კორტზე და ჯოკოვიჩს სულაც არ სურდა სარეკორდო ფინალის თამაში.

5:5-ზე მან ბრწყინვალე გეიმი წარმართა და მორიგი ბრეიკის შემდეგ მატჩზე ჩასაწოდებლად გავიდა. მაგრამ სერბმა მე-12 გეიმში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ნადალს კარგი დარტყმები გამოუვიდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მათ ურთიერთშეხვედრებში "შემოკლებულ გეიმებს" უკეთ ნადალი თამაშობს და ამჯერადაც ესპანელი იყო უფრო ძლიერი - 7:3.

სერბმა ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. მეოთხე სეტის დასაწყისში ნადალი უფრო მხნედ გამოიყურებოდა, მას უკეთ გამოსდიოდა დარტყმები, ბექჰენდებიც სულ უფრო ხშირად ჯდებოდა ხაზზე - მოკლედ, ესპანელმა პირველ ნომრად თამაში დაიწყო.

ჯოკოვიჩის მოწოდება მთლად დასუსტდა და სერბი სულ უფრო ხშირად იკიდებდა ხელს ზურგზე. გასაკვირია, მაგრამ ნადალმა ვერ შეძლო ამ მომენტის გამოყენება. შესაძლოა, ესპანელმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რადგან ძველ ტაქტიკას დაუბრუნდა - ეგონა, რომ ნოვაკი ვეღარ გაუძლებდა ხანგრძლივ გათამაშებებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ნადალს არ უნდა შეეცვალა ტაქტიკა.

ჯოკოვიჩმა სიამოვნებით გადაიბარა ინიციატივა, რისკსა და წინ გასვლებს უმატა, თავად ნადალს კი მეოთხე საათის გასვლის შემდეგ დაღლილობა დაეტყო. ესპანელი ვეღარ ეწეოდა ყველა ბურთს და თუ ეწეოდა, მკვეთრად არ პასუხობდა და უბრალოდ აგდებდა ბურთს მეორე მხარეს. ესპანელმა ბოლომდე ვერ დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე - მან 11 ბრეიკის საშუალება მისცა ჯოკოვიჩს. საპასუხო კროსი მარჯვნიდან ამ ბრწყინვალე ფინალის ლამაზი დასასრული იყო - 6:2, 6:4, 6:7(3), 6:1.

ჯოკოვიჩი აგრძელებს ბრწყინვალე სეზონს - ეს მისი მესამე "სლემი" და ჯამში მეათე ტიტულია. როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონის დასკვნითი ნაწილი, ნოვაკმა უკვე ჩაატარა ფანტატისკური წელი - მისი დომინირება ნებისმიერ საფარსა და ნებისმიერი დონის ტურნირზე აშკარა იყო.

სხვათა შორის ჯოკოვიჩი მეექვსე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში სამი "მეიჯორის"მოგება შეძლო. პირველი ასეთი მოთამაშე იყო როდ ლეივერი, რომელმაც 1969 წელს ოთხივე დიდი ტურნირი მოიგო. ამის შემდეგ სამ-სამ ტურნირზე იმარჯვეს ჯიმი კონორსმა (1974), მატს ვილანდერმა (1988), როჯერ ფედერერმა (2004, 2006, 2007) და რაფაელ ნადალმა (2010).

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:2, 6:4, 6:7(3), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა