ვასილ მაისურაძის გუნდი მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუშინ, 19 სექტემბერს გამთენიისას მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. გამგზავრებამდე კი ვასილ მაისურაძის გუნდი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან დალოცვა მიიღო.

შეგახსენებთ, მასპინძელი მოლდოვის გარდა, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთისა და შვედეთის ნაკრები იქნებიან.

პირველ შესარჩევ რაუნდში 9 ჯგუფია, ყოველი ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა, მათ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება.

ელიტრაუნდში კი შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რომლის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდში მასპინძელ სლოვენიასთან ერთად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მოსახვედრად ბრძოლას ხვალ, 21 სექტემბერს დაიწყებს. თბილისის დროით 13 საათზე ქართველი 17-წლამდელები ტირასპოლის "დინამოზე" ბულგარელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. 23 სექტემბერს ვადულ ლუი ვოდაში ჩვენების მეტოქე მოლდოვა იქნება, 26 სექტემბერს კი ორჰეიში ქართველები შვედებს შეხვდებიან.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მოლდოვაში ოპტიმალური შემადგენლობით ვერ წავიდა - რამდენიმე დღის წინ დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელი ალეკო მზევაშვილი, რაც ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს უთუოდ შეასუსტებს.

ჩვენმა 17-წლამდელებმა დასკვნითი შეკრება ურეკში გაიარეს და ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს. მაისურაძის გუნდი ორივეჯერ "ბათუმის" დუბლშემადგენლობას შეხვდა და ჯერ 2:0 გაიმარჯვა, შემდეგ კი 2:3 დამარცხდა. ურეკში გუნდი 21-კაციანი შემადგენლობით იყო წასული, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბმა მოლდოვაში წასაყვანი 18 ფეხბურთელი შეარჩია.

ქართული დელეგაცია მოლდოვაში 25 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა. ფეხბურთელთა გარდა, გუნდს სამედიცინო შტაბი და ადმინისტრატორი ახლავს. ვასილ მაისურაძის თანაშემწე მერაბ კაციტაძეა, მეკარეების მწვრთნელი კი - თემურ ჩარკვიანი.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს კი მცირე დახასიათებებთან ერთად წარმოგიდგენთ.

მეკარეები

ალექსანდრე ადამია (მეტალურგი, რუსთავი)

ნაკრების ძირითადი მეკარეა. კარის ხაზზე დამაჯერებელია, მაგრამ დასახვეწი აქვს გამოსვლებზე თამაში. მწვრთნელები გამუდმებით ავალებენ, რომ დაცვას უფრო აქტიურად უხელმძღვანელოს და კონცენტრაცია არ დაკარგოს.

ნიკა შერმადინი (მეტალურგი, რუსთავი)

სამწვრთნელო შტაბს მის მიმართაც იგივე შენიშვნები აქვს. ხაზზე ისიც მაღალ დონეზე თამაშობს.

მცველები

გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მარჯვენა მცველი. დაცვით ფუნქციებს მაღალ დონეზე ასრულებს, შეტევებში ჩართვა კი უჭირს. მეტი შეუძლია, ზრდის პოტენციალი აშკარად აქვს.

ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი, თბილისი)

ცენტრალური მცველი. ასაკის მიუხედავად, აზრიანი და დაკვირვებული თამაშით გამოირჩევა. ამასთანავე, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში შესვლას ერიდება.

ალეკო ჩაკვეტაძე (მეტალურგი, რუსთავი)

ცენტრალური მცველი. ფიზიკური კონდიციებით აშკარად გამოირჩევა, ძლიერია თავით თამაშისას. თუ ფეხით თამაშსაც დახვეწს, მისგან მაღალი დონის მცველი დადგება.

ლაშა დვალი (მეტალურგი, რუსთავი)

ცენტრალური მცველი. მასაც კარგი მონაცემები აქვს. ფიზიკურად და "მეორე სართულზე" ძლიერია, გასაუმჯობესებელი აქვს ტექნიკა.

გიორგი გოროზია (ლოკომოტივი, თბილისი)

მარცხენა მცველი. მისთვის ახალი ამპლუაა. რაკი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ ასაკში მაღალი დონის მარცხენა მცველი ვერ მოიძია, ამ პოზიციაზე საყრდენი ნახევარმცველი გოროზია გაამწესა. ამ სიახლეს იგი იოლად შეეგუა და დაკისრებულ მოვალეობებს თავს ნორმალურად ართმევს.

ცოტნე ქებურია (მეტალურგი, რუსთავი)

მარჯვენა მცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხნივაც ითამაშებს. ტანმორჩილია, თუმცა ეს პრობლემებს არ უქმნის. კარგად ერთვება შეტევებში.

ნახევარმცველები

გიორგი აბურჯანია (მეტალურგი, რუსთავი)

ცენტრალური ნახევარმცველი. გუნდის ლიდერი და კაპიტანია. თანაგუნდელებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვს. რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული "მეტალურგის" მთავარ გუნდში და ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზეც ითამაშა.

ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (დინამო, თბილისი)

ცენტრალური ნახევარმცველი. შეუძლია თამაშის რიტმის წარმართვა, "ბურთის დაჭერა" და შორეული დარტყმებიც კარგად გამოსდის.

მათე ცინცაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ცენტრალური ნახევარმცველი. აბურჯანიასა და ჭეჭელაშვილთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში მძლავრ ტრიოს ქმნის და იგივე ღირსებები აქვს, რაც ზემოთ ნახსენებ ორ ფეხბურთელს.

გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი)

შემტევი ნახევარმცველი. ტექნიკურია, შეუძლია თამაშის გამწვავება და მოედნის ხედვა და დარტყმაც კარგი აქვს. უკეთეს პოზიციაში მდგომ თანაგუნდელს პასს არ უგვიანებს.

ნიკა ახვლედიანი (ბაია, ზუგდიდი)

შემტევი ნახევარმცველი. ხშირად ახერხებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, აქვს კარგი ტექნიკა და სისწრაფე. კარგად გამოსდის ნებისმიერი დისტანციიდან დარტყმა.

ოთარ კაკაბაძე (დინამო, თბილისი)

მარჯვენა ნახევარმცველი. სტაბილური ფეხბურთელია, სწრაფია და ძლიერია ერთი-ერთზე ბრძოლისას. ბევრს მოძრაობს და პასიც ეხერხება.

თორნიკე მაჭავარიანი (დინამო, თბილისი)

მარცხენა ნახევარმცველი. გუნდისთვის ისიც სასარგებლო ფეხბურთელია. სწრაფად მოძრაობს და ასეთივე ტემპით აზროვნებს.

თავდამსხმელები

ილია კერძევაძე (მეტალურგი, რუსთავი)

რომან ჭანტურია (ლოკომოტივი, თბილისი)

დავით დარციმელია (ლოკომოტივი, თბილისი)

ვასილ მაისურაძემ თავდამსხმაზე საერთო შეფასება გააკეთა: სამივე ფორვარდი საკმაოდ პერსპექტიულია და აშკარად აქვთ ისეთი თვისებები, ძლიერ ფეხბურთელებად რომ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებს წინა ხაზზე საქმე მაინც არ აქვს იდეალურად. თავდამსხმელების პრობლემა ხომ ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც აწუხებს და რა გასაკვირია, ეს საკითხი ჭაბუკებშიც რომ მოსაგვარებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს