საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უკრაინულ კოლომიეში ჩატარებულ ალექსეი დოვბუშის სახელობის 46-ე საერთაშორისო ტურნირში - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ჩემპიონები ბექა ბუჯიაშვილი (50) და მძიმეწონიანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ხოლო სანდრო ამინაშვილმა (84) და ომარ გუსოშვილმა (96) ფინალური შეხვედრები დათმეს. 96 კილოგრამი წონითი კატეგორია ჩვენთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან აქ მეორე მედალიც მოვიპოვეთ - გიორგი მეშვილდიშვილი მესამეზე გავიდა.

ტურნირი საკმაოდ ძლიერი და წარმომადგენლობითი გამოდგა. მასპინძლები ხომ გაფართოებული შემადგენლობით და რამდენიმე გუნდით გამოდიოდნენ, რუსეთიდანაც ოთხი ნაკრები ჩავიდა - მთავარ გუნდს ავტონომიური რესპუბლიკებიც დაემატნენ, აგრეთვე მონაწილენი საქართველოდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან და მოლდოვიდან. ფალავანთა შორის ბევრი იყო ახალგაზრდებსა თუ ჭაბუკებში სხვადასხვა ტიტულის მფლობელი.

ჩვენი ნაკრები უკრაინაში გადახალისებული შემადგენლობით წავიდა - ბოლო ორი წელიწადია, გუნდში თობათა ცვლა მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ შარშან მათ ორი ლიდერი დააკლდათ - დავით ხუციშვილი (74) და მძიმეწონიანი გიორგი საკანდელიძე, წელს კიდევ ორი მიჰყვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84). ეს ის ხალხია, რომლებიც ახალგაზრდებში სეზონს დუბლით ასრულებდნენ, უფროსებში]პ. უკვე მოასწრეს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მედლების მოპოვება.

ნაკრების თავკაცმა ნუგზარ სხირელმაც აქცენტი ახალ თაობაზე აიღო და გამოცდილების მისაღებად ისინი წაიყვანა. ბევრ მათგანს აქამდე მხოლოდ ჭაბუკებში თუ უჭიდავია, ახალგაზრდებში კი ახლა ცდის ძალებს.

კოლომიეში ჩვენი მოჭიდავეებიდან თუ ვინმესგან ველოდით წარმატებას, უპირველესად - პეტრიაშვილისგან. ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია, თუმცა წლეულს ახალგაზრდებში ევროპის პირველობაზეც აჭიდავეს და ბრინჯაო მოიპოვა, მერე კი ჭაბუკთა ნაკრებს დაუბრუნდა და იქაც ისახელა თავი - ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს პირველობის ფინალში კი სასწაულებრივად წააგო ამერიკელ ადამ კუნთან.

პეტრიაშვილს ამჯერად ისეთი მიუტევებელი შეცდომები აღარ დაუშვია, ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ფავორიტის იმიჯი სრულად გაამართლა. მან წილისყრით ერთი წრე დაისვენა, მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დაჯაბნა რუსი თეიმურაზ კოცოევი, სომეხი ჰამლეტ აბრამიანი და ფინალში რუსი არსენ ცორაევი.

კიდევ უფრო დამაჯერებლად იჭიდავა ბუჯიაშვილმა, რომელმაც შეხვედრათა უმეტესობა მშრალი ანგარიშით მოიგო. ბულგარელ ვლადიმირ ტუმპაროვსა და მომავალ მესამე პრიზიორს, რუს საიდმაგომედ მურადინგაჯიევს ერთნაირი ანგარიშით - 12:0 მოუგო, უკრაინელ მაქსიმ ბლიაზეს კი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით - 14:0 აჯობა. მას ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ ფინალში გაუწია მასპინძელმა ოლეგ ლიტვინჩუკმა, რომელიც სხვებზე გამოცდილია - წლეულს ევროპის პირველობაზეც იჭიდავა.

პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა - 2:2, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მაინც ჩვენებურმა მოიგო, რომელმაც მეორეში გაიმარჯვა - 2:0 და ოქროსაც დაეუფლა.

ამინაშვილმა წინასწარ შეხვედრებში უკრაინელ არტემ გორდაშს, რუსებს - ვლადისლავ გაბარაევს, თეიმურაზ კომბოლაევს და სომეხ ვაგე ტამრაზიანს მოუგო, გადამწყვეტი შეხვედრა კი რუს ვლადისლავ ვალიევთან დათმო. ამავე წონაში ერთი შეხვედრა მოიგო ლევან გოგრიჭიანმა, მაგრამ მერე წააგო და გავარდა.

96-ში ორივე ქართველი რუს გიორგი ჯუკაევთან დამარცხდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გუსოშვილი მას ფინალში შეხვდა, მეშვილდიშვილი - ნახევარფინალში. ფინალამდე გუსოშვილმა ბულგარელი ევტიმ ევტიმოვი და რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველი თორნიკე კვიტატიანი დაჯაბნა. ჯუკაევთან წაგებამდე ორი შეხვედრა მოიგო მეშვიდლიშვილმაც - უკრაინელ გლიბ კუცეისთან და რუს საედ ომარისთან, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი უკრაინელ ივან ფილობოკს მოუგო.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებისგან მედლისთვის მხოლოდ კონსტანტინე ხაბალაშვილმა (66) იჭიდავა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო და მეხუთეზე დარჩა. მან პირველი წრე წარმატებით გაიარა - უკრაინელ რომან კავას აჯობა, მაგრამ მეორეში მომავალ ვერცხლის მედალოსანთან, რუს ხეტაგ ხუბეჟტისთან დამარცხდა. სანუგეშოში მოლდოველ იონ პლოტედიალეს კი მოუგო, მაგრამ უკრაინელ იგორ ვასილიშინთან ვერაფერს გახდა.

სამწუხაროდ, წარუმატებლად გამოვიდა ლაშა ტალახაძე (55), რომელმაც წლეულს წონითი კატეგორია შეიცვალა. შარშან ის 50-ში გამოდიოდა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მაგრამ წლეულს წონის დაკლება იმდენად გაუჭირდა, ევროპის პირველობაზე ცუდად გახდა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საჭიდაოდ გასვლა ვეღარ შეძლო.

ის ახალ წონაში ჯერჯერობით ადაპტაციას გადის და, ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ მისი მარცხი პირველივე წრეში უკრაინელ გორ ოგანესიანთან, რომელსაც ჩვენებურმა მხოლოდ ერთი ქულა აართვა.

ამ შეჯიბრებაზე ახალ წონაში იასპარეზა ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელმა მესამე პრიზიორმა დავით გალეგაშვილმაც, რომელმაც ამჯერად 66-ში იჭიდავა. ორი შეხვედრაც მოიგო და საკმაოდ კარგი შედეგებითაც - უკრაინელ ვოლოდიმირ იურკევიჩს 14:0, მის თანაგუნდელ ოლეგ დანილენკოს კი 18:4 აჯობა, მაგრამ მესამე უკრაინელთან, ხაბალაშვილის მძლეველ მომავალ მესამე პრიზიორ ვასილიშინთან ვერაფერს გახდა.

ჭაბუკებში ევროპის მესამე პრიზიორი დავით ბუზიაშვილი (60) პირველივე წრეში მომავალ ჩემპიონთან, უკრაინელ ვასილ შუპტართან დამარცხდა და სანეგეშოში გადაინაცვლა, სადაც მოგებას წაგება მიაყოლა და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა, როგორც ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბექა პეტრიაშვილი (74) - პირველივე წრეში წააგო სომეხ ვალტერ მარგარიანთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა