როგორ გახდა ქართველი თარჯიმანი მოსკოვის სპარტაკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი...

2009 წელს მოსკოვის "სპარტაკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ რუსული საფეხბურთო საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნება - რომან ასხაბაძე დაინიშნა. ცნობილი ფუნქციონერის ალექსანდრ ხაჯის ნაცვლად ის პოსტზე "სახალხო გუნდის" გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა წარადგინა.

დავინტერესდით, ვინ არის ეს 27 წლის ახალგაზრდა, რომლის ოფიციალური პოსტი ასე იწოდება - გენერალური დირექტორის თანაშემწე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, რაც კლუბში საკმაოდ წონადი და გავლენიანი თანამდებობაა.

რომან გურამის ძე ასხაბაძე 1983 წლის 26 იანვარს დაიბადა. ფლობს ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ და იტალიურ ენებს. 2003 წლიდან რამენსკოეს "სატურნში" თარჯიმნად მუშაობდა. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი გახლდათ. მოსკოვის "სპარტაკში" 2006 წელს, ბრაზილიელი ლეგიონერის - ჟედერის "სატურნიდან" გადასვლის შემდეგ აღმოჩნდა.

რომანი ჟედერთან ახლობლობდა და 2006 წლის აგვისტოში "სახალხო გუნდთან" მოლაპარაკებაში ეხმარებოდა. სწორედ ამ დროს გაიცნეს "სპარტაკის" ტექნიკურმა დირექტორმა ევგენი სმოლენცევმა და მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი შავლომ. ბედი არ გინდა? იმ დროს მოსკოველებს უცხო ენების მცოდნე ადამიანი დასჭირდათ, რომელიც რუსულ საფეხბურთო სამზარეულოში კარგად იყო გარკვეული. თავის მხრივ, ჟედერმაც მოითხოვა ქართველი თარჯიმანი, რომელიც მშობლიურ ენაზე დაელაპარაკებოდა და ოჯახურ საქმიანობაში შეეშველებოდა - ასხაბაძე "სპარტაკში" მიიწვიეს და სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ შტატში დაამტკიცეს...

მთავარ მწვრთნელად მიკაელ ლაუდრუპის (რომელიც ფეხბურთელებთან ინგლისურად და ესპანურად ლაპარაკობდა) დანიშვნის შემდეგ, რომანი დანიელის თარჯიმანი გახლდათ. თუმცა "სპარტაკის" სპორტული განყოფილების მენეჯერად იყო გაფორმებული.

ამ დროს, კლუბის გენერალურ დირექტორდ უკვე ვალერი კარპინის მუშაობდა. მან ასხაბაძე მთავარ ადმინისტრატორად დააწინაურა, რადგან "სპარტაკში" ლეგიონერებთან ყველაზე ახლო (თან კარგი) ურთიერთობა ჰქონდა, იცოდა მათი პრობლემები და ასე შემდეგ. რომანი უამრავ ფუნქციას ითავსებდა - მონაწილეობდა ლეგიონერებთან კონტრაქტების გაფორმებაში, მოსკოვში ბინებისა და შვილებისთვის საბავშვო ბაღების შერჩევაში ეხმარებოდა...

ამას გარდა, ასხაბაძეს ევალებოდა ეკიპირების საკითხების მოგვარებაც, სასტუმროებში გუნდის დაბინავება, შეკრებებისა და თამაშებისთვის საჭირო დეტალებისა და, სხვათა შორის, ფეხბურთელთა დაბადების დღეების ორგანიზებაც...

ერთი სიტყვით, რომანმა "სპარტაკში" პატივისცემა დაიმსახურა და კარპინმაც თავის მოადგილედ დანიშნა. რუსეთის ყველაზე პოპულარული კლუბის ქართველი ხელმძღვანელთაგანი - ვფიქრობთ, ეს ჩვენთვის უინტერესო არ უნდა იყოს. რომანს მოსკოვში დავუკავშირდით...

- გამარჯობათ, რომანი ბრძანდებით?

- დიახ, ვინ ბრძანდებით?

- საქართველოდან გაწუხებთ, გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი...

- სამშობლოდან? ძალიან კარგი, გამიხარდა... რით შემიძლია, დაგეხმაროთ?

- ინტერვიუ მსურდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით...

- სიამოვნებით, მაგრამ მე ხომ სპორტულ საკითხებზე კომენტარის უფლება არ მაქვს? ისე, რა პრობლემაა...

- ქართულად არ ვილაპარაკოთ?

- ეს ჩემი სირცხვილია, კარგად კი არ ვიცი... დედა რუსი მყავს, რუსულად გავიზარდე... ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ, სიტყვები მავიწყდება, არადა, ენებს კარგად ვფლობ.

- მოსკოვში დაიბადეთ?

- საქართველოში, მაგრამ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ოჯახი მოსკოვში გადმოსახლდა.

- "სპარტაკში" თქვენი დაწინაურება ვისი ინიციატივა იყო?

- ვალერი გეორგევიჩის (კარპინის - ავტ), რომელიც მენდო და მეც ვცდილობ, იმედები არ გავუცრუო. მანამდე, სპორტული განყოფილების მენეჯერი ვიყავი და ბევრ სხვადასხვა საქმეს ვითავსებდი.

- "სპარტაკი" პოსტსაბჭოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია და რთული სამუშაო გექნებათ...

- თავისთავად ცხადია... თუმცა სირთულეების მიუხედავად, ასეთ კლუბში მუშაობა სასიამოვნოა.

- თავად თუ თამაშობდით?

- არასდროს, მხოლოდ აქტიური გულშემატკივარი გახლდით და ფეხბურთში ყოფნა ყოველთვის მსურდა. მოსკოვში გაზრდილი ბიჭებისთვის "სპარტაკი" ყველაზე საყვარელი კლუბია და მიხარია, სწორედ აქ რომ მოვხვდი.

- ბუნებრივია, "სპარტაკში" ჩვენთვის საინტერესო ჯანო ანანიძეა...

- აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია - ჯანო უნიჭიერესი ბიჭია. მის თამაშებს ხომ უყურებთ? მატჩიდან მატჩამდე იზრდება. გვიხარია, რუსეთის პრემიერლიგის გარდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც წარმატებით რომ თამაშობს. მას მცირე დრო სჭირდება, ნიჭს ნელ-ნელა სრულად გამოავლენს და მალე "სპარტაკის" ძირითადის ფეხბურთელი გახდება. გამორჩეული ტალანტი რომ არ იყოს, აქ არავინ გააჩერებდა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯანოს ტრანსფერის გამოსყიდვა ლონდონის "არსენალს" სურდა...

- ჯერჯერობით, ჯანოს გაშვებაზე ლაპარაკი ნაადრევია, "სპარტაკშია" და სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, დიდი იმედები რომ გაამართლოს. თუმცა, ხომ გითხარით, ტრანსფერების თემა ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

- თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშის ათლეტურობა ძალიან ბევრს ნიშნავს და უცნაურია, სუსტი აღნაგობის მქონე ჯანო როგორ თამაშობს რუსეთის პრემიერლიგაში?

- როგორ და, მხოლოდ ათლეტურობა არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ხარ. ჯანო იმდენად ჭკვიანია, ამ ნაკლის დაფარვას სწორი და გასაოცარი მოძრაობებით ახერხებს. ეს არის სწორედ ნიჭი. ჯერ კიდევ მოზარდია, გაიზრდება და დაიკუნთება. მთავარია, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ამიტომაცაა ძირითად გუნდში და არა - დუბლებში. ასეთი პროგრესით ძირითად შემადგენლობაში უახლოეს პერიოდში დამკვიდრდება.

- როგორც ცნობილია, "სპარტაკის" გენერალური დირექტორი ვალერი კარპინი ანანიძეზე შვილივით ზრუნავს...

- ჯანო არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, ძალიან კარგი ახალგაზრდაა და "სპარტაკში" ყველას უყვარს. კარპინი ანანიძეს თავიდანვე ენდო, რადგან იცის, რომ ტალანტებს განსაკუთრებული მიდგომა და სითბო სჭირდებათ. "გეორგევიჩს" ეს არ ეშლება.

- ანანიძის გარდა, "სპარტაკში" ირაკლი ჭეჟიაცაა. შეგიძლიათ, მის შესახებაც გვიამბოთ?

- ირაკლი 18 წლისაა, ტანმაღალი და ძალიან ნიჭიერი მცველია. მას ყველა ის თვისება აქვს, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს და ყურადღებითაც აკვირდებიან. ახლა ყველაფერი მის მონდომებაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, მალე ძირითადშიც გადაიყვანონ.

- უხერხული თემა კია, მაგრამ... ვერ გაგვირკვევია, ჭეჟია ქართველია თუ აფხაზი?

- ნამდვილად ვიცი, რომ ქართული ძირები აქვს, მაგრამ რუსეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს