გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის გამოხმაურება: გელზენკირხენმა ფანებმა საძულველ მსაჯზე შური 10 წლის შემდეგ იძიეს
"ბაიერნმა" შთამბეჭდავი სერია არ შეწყვიტა - რეკორდმაისტერმა ექს-მიუნხენელი მარკუს ბაბელის გუნდს ზედმეტად იოლად გადაურბინა.

ამასობაში, "ბაიერნის" შესაძლო კონკურენტების სიაში დორტმუნდის "ბორუსია" დააწინაურა - მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენური გრანდის ექს-მდევარ "ვერდერს" მოუგო. მართალია, "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის მიონხენგლადბახის "ბორუსიაა", რომელსაც დიდი სიამოვნებით მივიჩნევდით რეკორდმაისტერის რეალურ კონკურენტად, მაგრამ "გლადბახი" სათვალავში ჩასაგდები ალბათ მაინც არ არის.

"გლადბახთან" ერთად მოწინავეებში დაბრუნების შანსი "ჰანოვერსაც" ჰქონდა და "წითლებმა" ეს რომ ვერ შეძლეს, მსაჯისა და კიოლნელი ლუკას პოდოლსკის დამსახურებაა, რომელიც გასულ უქმეებზე ბრწყინვალე გოლით გამოირჩა. შაბათს საღამოს გაგვახსენდა, რომ ერთ დროს "ბაიერნის" მთავარი კონკურენტი "შალკე" იყო: გელზენკირხენულმა პუბლიკამ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ მარკუს მერკს პირველიდან ბოლო წუთამდე აგინა, რაც "შალკეს" სიმპატიებს ნამდვილად არ მოუტანს.

მაშ ასე: გერმანიის ჩემპიონატის მე-9 ტურის გამოხმაურება.

ტურის სკანდალი: მერკი გელზენკირხენში

ემოციები ფეხბურთის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილია, რის გარეშეც სპორტის ნომერ პირველი სახეობა წარმოუდგენელია. "შალკეს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფანები ჰყავს - ზედმეტად ემოციურიც კი, რაც შაბათს გამოჩნდა.

ცნობილი გერმანელი მსაჯი მარკუს მერკი, რომელსაც სამსაჯო კარიერა დამთავრებული აქვს და დღეს ტელეექსპერტია, გელზენკირხენში პირველად ჩავიდა მას მერე, რაც 2001 წელს სწორედ მისი გადაწყვეტილების გამო დაკარგა "შალკემ" გერმანიის ჩემპიონობა ბოლო ტურის ბოლო წუთებზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ათი წელია გასული, "შალკეს" ქომაგებმა 49 წლის მერკი არ დაინდეს და პირველიდან ბოლო წუთამდე უკიდურესად უხამსი სიტყვებით ლანძღავდნენ.

აღარაფერს ვამბობთ მისი მისამართით ნასროლ სხვადასხვა საგნებზე. შესვენებაზე მერკი მატჩს პირდაპირ ეთერში აანალიზებდა, როცა "აუფ შალკეს" ტრიბუნები განსაკუთრებით მწარე სიტყვებს სკანდირებდნენ.

პრინციპში, "შალკეს" ქომაგების გაგება შეიძლება: ნახევარ საუკუნეზე მეტია, გელზენკირხენულ კლუბს გერმანიის ჩემპიონობა არ უზეიმია და ამ ხნის მანძილზე "შალკე" "ვერცხლის სინთან" ყველაზე ახლოს სწორედ 2001 წელს იყო და მაშინაც მერკის გამო ვერ გახდა ჩემპიონი...

როგორც დასაკლავად განწირული ღორები...

პარასკევის შემდეგ გერმანიაში დორტმუნდის "ბორუსიას" კრიზისზე აღარავინ საუბრობს, რადგან გერმანიის ჩემპიონმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 9 ტურის შემდეგ ისევ "ბაიერნის" ნომერ პირველი კანდიდატია (თუ "გლადბახს" არ ჩავთვლით).

დორტმუნდელებმა ბრემენში მედგრად იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 45 წუთის მანძილზე კაცნაკლულები იყვნენ, "ვერდერის" იერიშებსაც გაუძლეს და "მუსიკოსებს" მეორე გოლიც გაუტანეს.

ნევენ სუბოტიჩმა სწორად აღნიშნა, ამ გამარჯვებას წლების მერეც გავიხსენებთ, რადგან ათი კაცით ვიყავით და მაინც ისე ვიბრძოლეთ, როგორც დასაკლავად განწირული ღორები იბრძვიან ხოლმეო.

ეს გამარჯვება "ბორუსიასთვის" მნიშვნელოვანი იყო თავდაჯერებისთვისაც: ხვალ იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ხომ გადამწყვეტი ბრძოლა ელის - ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან". სუბოტიჩი ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ საბერძნეთიდან ხელცარიელები არ დავბრუნდებითო.

მარკო როისის უსიამო ვნებანი

ტურის საცოდაობა ნამდვილად ის იყო, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ამ ტურში ვერ მოიგო. ამ სეზონში "გლადბახი" რომ არ გესიმპატიურებოდეს, მაინცდამაინც "კიოლნის" ფანი უნდა იყო... თუკი შარშან გადარჩენისთვის იბრძოდნენ და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ, წელს, ლუსიენ ფავრის ხელში "გლადბახი" მართლა დაფრინავს. ფავრის ბიჭებმა "ლევერკუზენთანაც" (2:2) იფრინეს და გუნდის ლიდერ მარკო როისს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი რომ არ გაეფუჭებინა, შეხვედრას აუცილებლად მოიგებდნენ და თანაც, დიდი ანგარიშით. თუმცა ეგ არაფერი: როისი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა...

განადგურებული ბაბელი

"იმედი მაქვს, რომ ბიჭები უკანასკნელ ძალებს მოიკრებენ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. "ბაიერნთან" წარმატების მიღწების მცირე შანსი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვიჩნდება," - ამბობდა ტურის წინ მარკუს ბაბელი, მაგრამ მის გუნდს მაინც არაფერი ეშველა: "ჰერტა" მიუნხენში უბრძოლველად და ძალიან სწრაფად ჩაიძირა - სამი წუთის შემდეგ "ბაიერნი" უკვე 3:0-ს იგებდა.

მეორე ტაიმში ბავარიელებს ძალები რომ არ დაეზოგათ, ლევან კობიაშვილი და კომპანია უფრო მეტად შერცხვებოდნენ, ასე კი "მხოლოდ" 4:0 დაფიქსირდა.

შესაძლოა, ბავარიელებმა "ჰერტა" სწორედ ბაბელის გამოც დაინდეს: მარკუსი "ბაიერნში" ხომ 17 წლის მანძილზე თამაშობდა.

ასიანი არნესენი

კვირას დღეს ორი გმირი ჰყავდა: ერთის მხრივ "ჰამბურგის" სპორტული დირექტორი და დროებითი მწვრთნელი ფრანკ არნესენი და მეორე მხრივ "კიოლნის" ლიდერი ლუკას პოდოლსკი. ამ შემთხვევაში არნესენზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რადგან ამ უკანასკნელს სამწვრთნელო კარიერაში ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

ფრანკი ადრე "ეინდჰოვენსაც" წვრთნიდა დროებით. მის ხელში პსვ-მ ექვსი თამაში ჩაატარა და ექვსივე მოიგო! ახლა კი, "ჰამბურგის" დროებითი მწვრთნელის რანგში "ფრაიბურგი" დაამარცხა (2:1). დროა, წარმატებულმა მენეჯერმა მწვრთნელობაზეც იფიქროს...

პრინცის ლამაზი გოლები

რაც შეეხება პოდოლსკის: მის "კიოლნს" გაუმართლა, რადგან მსაჯმა იოხენ დრეესმა "ჰანოვერს" წესებიც დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ "კიოლნმა" გამარჯვება არ დაიმსახურა, რაც თავის მხრივ სწორედ პოდოლსკის დამსახურებაა. პოლდის ორივე გოლი ულამაზესი გამოუვიდა: ჯერ ჯარიმა შეაგდო 25 მეტრიდან, მერე კი კიდევ უფრო თვალსასეირო გოლი გაიტანა.

მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3)

ბერნდ ლენო ("ლევერკუზენი", 2) - ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი", 2), მატს ჰუმელსი ("ბორუსია" დ, 2), ამარ ჯემალი ("კიოლნი", 1) - მარკო როისი ("ბორუსია" მ, 3), სვენ ბენდერი ("ბორუსია" დ, 1), ბასტიან შვაინშტაიგერი ("ბაიერნი", 1), ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", 5) - მარიო მანჯუკიჩი ("ვოლფსბურგი", 2), მარიო გომესი ("ბაიერნი", 3), ლუკას პოდოლსკი ("კიოლნი", 3)

თუ ასე გააგრძელა, ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ულაპარაკოდ ფრანკ რიბერი გახდება. თავად განსაჯეთ: მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი გარემარბი 9 ტურიდან 5-ჯერ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც, დაგვეთანხმებით, ფენომენალური შედეგია. ცოტათი გასაკვირია ის, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ბაიერნიდან" სიმბოლურში მხოლოდ და მხოლოდ პირველად ვხედავთ ბასტიან შვაინშტაიგერს.

ტურის გმირი

ფრანკ რიბერი ("ბაიერნი")

პრინციპში, იოლი მისახვედრი იყო, რომ ამ ტურის გმირიც რიბერი გახდებოდა, რადგან ისედაც იდეალურ ფორმაში მყოფს, "ჰერტასთან" გართობა ლოგიკურად უნდა გაადვილებოდა და ასეც მოხდა. ფაქტებით ვილაპარაკოთ: მატჩის 90-ე წამზე უკვე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მე-5 წუთზე მარიო გომესს გოლი გაატანინა, მე-7 წუთზე თავად გაიტანა, ხოლო მე-13 წუთზე კი ნიმაიერს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა, რის შემდეგაც უკვე შვაინშტაიგერს მისცა საგოლე პასი. მეტსაც გეტყვით: "ბაიერნის" მეოთხე გოლიც რიბერის დამსახურება გახლდათ - პენალტი სწორედ მან მოიპოვა...

საუკეთესო ფეხბურთელები

9 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.28

2. დანიელ ვან ბუიტენი ბაიერნი 2.30

3. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.36

4. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.36

5. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.39

6. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.44

7. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.50

8. ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.61

9. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.67

10. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.67

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

ფრანკ რიბერი ბაიერნი 9 4 8 12

მარიო გომესი ბაიერნი 8 10 1 11

პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 9 7 3 10

ლუკას პოდოლსკი კიოლნი 8 6 4 10

კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 9 8 1 9

რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 9 5 4 9

კლაუდიო პისარო ვერდერი 8 6 3 9

მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 9 5 3 8

მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 6 6 1 7

რაული შალკე 9 4 3 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს