ევროპის გუნდურ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ქართველი დიდოსტატები ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას ელადაში გაივლიან
უკვე გაუწყეთ, რომ ბერძნული სამოთხე - საკურორტო ქალაქი პორტო კარასი 2-დან 12 ნოემბრამდე მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის მე-18 გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად ქართველი დიდოსტატები ხვალ დილით ელადაში გაემგზავრებიან და იქ გაივლიან ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრები ქვეყნის სპორტულ ღირსებას ასეთი შემადგენლობით დაიცავს: 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები - ნანა ძაგნიძე (2525) და ლელა ჯავახიშვილი (2464), ასევე, ნინო ხურციძე (2440), ნაზი პაიკიძე (2412) და სალომე მელია (2396), კაპიტანია ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და თამაზ გელაშვილი. ვაჟთა ნაკრები კი ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ: ბაადურ ჯობავა (2712), მიხეილ მჭედლიშვილი (2623), ლევან ფანცულაია (2614), მერაბ გაგუნაშვილი (2577) და დავით ზარქუა (2443), გუნდს უკაპიტნებს გია გიორგაძე, მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი.

საქართველოს ნაკრები გუნდები მსგავს შეჯიბრებებში კარგა ხანია მონაწილეობენ და არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ქალებმა 1997 წელს პულაში (ხორვატია) ოქროს მედლები მოიპოვეს.

მაშინ ჩვენს ნაკრებში გამოდიოდნენ მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ქეთევან არახამია. ხუთი წლით ადრე ჩვენებურებმა (ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთევან კახიანი) დებრეცენში (უნგრეთი) მეორე ადგილი დაიკავეს; ასევე, ვერცხლის მედლები მოიხვეჭეს 2005 წელს შვედურ გიოტებორგსა (მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია) და 2009 წელს სერბულ ნოვი სადში (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი). საგულისხმოა, რომ ორი წლის წინათ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირად შეხვედრაში რუსებს სძლია, მაგრამ ჩრდილოელ მეზობლებთან გუნდური თანაბარი ქულები დააგროვა და მხოლოდ დამატებით მაჩვენებლებით ჩამორჩა მათ.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს საუკეთესო შედეგი ჰქონდა 2003 წელს - ბულგარულ პლოვდივში ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა, გიორგი ყაჭეიშვილმა და მერაბ გაგუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, შარშანწინ კი ჩვენს ვაჟებს აშკარა ჩავარდნა ჰქონდათ - ოცდამეათე ადგილით დაკმაყოფილდნენ.

დღეისთვის ევროპის 2011 წლის გუნდურ ჩემპიონატში საასპარეზოდ ქალთა 28 ნაკრებია დარეგისტრირებული. საშუალო რეიტინგით ჩვენებს (2460) მესამე ადგილი უკავიათ. ტურნირის რეიტინგფავორიტია რუსეთის გუნდი (2516), რომლის ღირსებასაც დაიცავენ 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები: ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2536) და მისი და, კონტინენტის პირველობების მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2560), მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2469), ვალენტინა გუნინა (2499) და ნატალია პოგონინა (2446). ამგვარი შემადგენლობით რუსები, ცხადია, პორტო კარასში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

რეიტინგით მეორე ადგილზეა უკრაინა (2479). გუნდის ლიდერად ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო (25564) მიიჩნევა. მას მხარს აუბამენ პირად პირველობებში ევროპის პირველი ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (2416), ინა გაპონენკო (2445), მარია მუზიჩუკი (2456) და ანა უშენინა (2462). წარსულის ფურცლებს თუ გადავხედავთ, ქართველმა და უკრაინელმა ქალებმა 2008 წელს დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე ერთნაირი ქულები მოაგროვეს და ჩვენმა დიდოსტატებმა მეტოქეს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს.

საბერძნეთში მედლების მოპოვების შანსი აქვთ, ასევე, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და საფრანგეთის ქალთა გუნდებს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი საშუალო რეიტინგი აქვთ და შემადგენლობებში ძლიერი მოჭადრაკეებიც ჰყავთ.

ვაჟებში ჯერჯერობით 38 გუნდმა განაცხადა ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი. ქართველებს საშუალო რეიტინგით (2632) მხოლოდ მე-15 ადგილი უკავიათ. მეწინავეობს რუსეთის გუნდი - 2752, რომლის შემადგენლობაშიც ითამაშებენ სერგეი კარიაკინი (2772), ალექსანდრ გრიშჩუკი (2757), პიოტრ სვიდლერი (2740), ალექსანდრ მოროზევიჩი (2737) და იან ნეპომნიაშჩი (2718).

საშუალო რეიტინგი, ასევე, 2700-ზე მაღალი აქვთ და მეორე ადგილზე არიან უკრაინელები (2738): ვასილი ივანჩუკი (2765), რუსლან პონომარიოვი (2758), პაველ ელიანოვი (2683), ზახარ ეფიმენკო (2703) და ალექსანდრ მოისეენკო (2726). მესამე საფეხური უკავიათ აზერბაიჯანელებს (2720): თეიმურ რაჯაბოვი (2752), ვუგარ გაშიმოვი (2756), შაჰრიარ მამედიაროვი (2746), გადირ ჰუსეინოვი (2626) და ელთაჯ საფარლი (2627). ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: სომხეთი (2715), უნგრეთი (2702), საფრანგეთი (2692), ჰოლანდია (2677), ბულგარეთი (2676), ინგლისი (26782) და ისრაელი (2669).

ასე რომ, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატში გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით იასპარეზებენ და საინტერესო ორთაბრძოლების მოწმენი ვიქნებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა