გორის "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი "დინამოსთან" წარმატებას გია ცეცაძის დამსახურებად მიიჩნევს
გორის "დილაში" ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა - კლუბს ახალი ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. რამაზ სოღოლაშვილი გუნდის მთავარ მწვრთნელად ამ ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით "დილამ" ერთ ხმაურიან წარმატებას უკვე მიაღწია - ოთხშაბათს საქართველოს თასის გათამაშებას თბილისის "დინამო" გამოთიშა.

სოღოლაშვილთან ინტერვიუც სწორედ ამ მატჩის გახსენებით დავიწყეთ და შემდეგ სხვა საჭირბოროტო საკითხებსაც შევეხეთ. თუმცა "დილას" 34 წლის თავკაცმა უპირველესად წინამორბედი მოიხსენია ქების სიტყვებით.

- დღეს "დილაში" გია ცეცაძე აღარ მუშაობს, მაგრამ გუნდის არც ერთ წევრს არ დაგვავიწყდება, თუ რა გააკეთეს "დილასთვის" მან და მისმა თანაშემწე თემურ ლორთქიფანიძემ. ამ ხალხმა გუნდს ლამაზი ფეხბურთის თამაში ასწავლა და შედეგებსაც მიაღწია. სწორედ მათი დამსახურებით ამოვედით უმაღლეს ლიგაში და არც აქ ვართ ხელწამოსაკრავნი.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მწვრთნელს, განსაკუთრებით კი ნიჭიერსა და მცოდნეს, საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად თუ ხარვეზების აღმოსაფხვრელად უფრო მეტი დრო უნდა ეძლეოდეს, რასაც საქართველოში იშვიათად ნახავთ.

- "დინამოსთან" განმეორებითი შეხვედრა ცეცაძის მიერ დანერგილი სტილით არ გითამაშიათ.

- პირადად ჩემთვის გიას საფეხბურთო გემოვნება აბსოლუტურად მისაღებია და მის იდეებს მეც ვიზიარებ, მაგრამ ამ კონკრეტული მატჩის წინ საჭიროდ მივიჩნიეთ, უფრო პრაგმატულად გვეთამაშა. წინა შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, გამარჯვება "დინამოს" სჭირდებოდა და შევეცადეთ, მეტოქისთვის სათამაშო სივრცეები შეგვეზღუდა და აქცენტი კონტრშეტევებზე გაგვეკეთებინა.

ბიჭებმა ჩემი დავალებები მაღალ დონეზე შეასრულეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოვიპოვეთ. ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის ჩამოიცილებ გზიდან - "დინამოს" დამარცხება ნებისმიერი ქართული გუნდისთვის გამორჩეული ამბავია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ამ წარმატებაში ჩემი წვლილი მცირეა, გორელი ქომაგებისგან მადლობა ისევ და ისევ გია ცეცაძეს ეკუთვნის.

- "დილას" შეტევა რომ ეხერხება, ამ სეზონში არაერთხელ დამტკიცდა. მაგრამ არანაკლებ თვალშისაცემი იყო დაცვის ხაზის სისუსტე.

- გეთანხმებით. დაცვაში თამაში აშკარად გასაუმჯობესებელი გვაქვს და საამისოდ ბევრს ვმუშაობთ. "დინამოსთან" მატჩმა დაგვანახვა, რომ "დილას" უკანა ხაზს პროგრესი აქვს, თუმცა ჩვენი მცველების მიმართ ძველებურად მომთხოვნი ვიქნები. რაგინდ ლამაზად და კომბინაციურად უტევდე, თუ რომელიმე რგოლი არ გივარგა, დაუბალანსებელი გუნდით შორს ვერ წახვალ. სწორედ ამ პრობლემის გამო წავაგეთ არაერთი ისეთი მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო.

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის "დილას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა?

- გულწრფელად გეტყვით, რომ ამას საერთოდ არ ველოდი. როგორც იცით, "დილას" სამწვრთნელო შტაბში ვიყავი და მეკარეებთან ვმუშაობდი. ძალიან გამიკვირდა, მთავარი მწვრთნელობა რომ შემომთავაზეს, თუმცა ბევრი არ მიფიქრია, რადგან გორელი ვარ და მშობლიური გუნდის გაძღოლა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ დროებითი მწვრთნელი ვიქნებოდი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ბოლომდე მენდობიან და ხანგრძლივ თანამშრომლობას მთავაზობენ, რამაც, ბუნებრივია, ძალიან გამახარა.

- რომელ სამწვრთნელო ლიცენზიას ფლობთ?

- საქართველოში არსებული ყველა სამწვრთნელო საფეხური გავიარე და დღეისთვის A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი ვარ, რაც იმის საშუალებას მაძლევს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი ფაქტობრივადაც ვიყო და იურიდიულადაც.

- ბოლო დროს ცვლილებები მოხდა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაშიც და კლუბშიც. როგორ აისახება ეს სიახლეები "დილას" მომავალზე?

- სიტუაციას ნათელი სულ მალე, უახლოესი სანაკრებო პაუზისას მოეფინება. მოგეხსენებათ, "დილა" ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამიტომაც მთლიანად გუბერნიის პოზიციაზე ვართ დამოკიდებულნი. გვაიმედებენ, რომ დაფინანსება ჩვეულებრივად გაგვიგრძელდება და ჩვენც არ გვინდა, რომ ცუდზე ვიფიქროთ.

- "ქართლზე" თამაში, ალბათ, მაინცდამაინც არ გსიამოვნებთ.

- ბუნებრივია, კეთილმოწყობილ სტადიონზე თამაში გვირჩევნია. "ქართლზე" მოსაწონი ბევრი არაფერია, მაგრამ მთლად საგანგაშო სიტუაციაც არ არის - მოედნის საფარი საქართველოს ბევრ სტადიონს ამაზე უარესი აქვს. თუმცა, ცხადია, "ბურჯანაძე" გვირჩევნია, სადაც მოედნის საფარი მალე გამოიცვლება და ახალი წლიდან იქ ვითამაშებთ.

- "დილა" უკვე კარგად გავიცანით. საინტერესოა, როგორი დონისაა გუნდის დუბლშემადგენლობა, როგორი თაობა ეზრდება გორს?

- კარგი თაობები ყოველთვის გვყავს, მთავარია, ამ ბიჭების განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ჩემი კურატორობის სფეროში ჭაბუკთა და ბავშვთა ფეხბურთიც შედის და ახალი თაობის ზრდის პროცესს ვაკონტროლებ. ჩვენ არ ვცხოვრობთ მხოლოდ დღევანდელი დღით და ვცდილობთ, სახლი საძირკვლიდან ვაშენოთ.

ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში "დილა" 90 პროცენტით ადგილობრივი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული და ამავდროულად, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გვყავდეს. შეიძლება ითქვას, ეს პროგრამა-მინიმუმია, თორემ გვყავს რამდენიმე ისეთი ნიჭიერი ბავშვი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ, გორს და საქართველოს ფარგლებს გასცდნენ და საერთაშორისო დონის ფეხბურთი ითამაშონ.

- რაც შეეეხება "დილას" უახლოეს მიზანს?

- აუცილებლად უნდა მოვხვდეთ რვა საუკეთესო გუნდში, რაც დიდწილად ისევ და ისევ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, თასის გათამაშებაში კი მხოლოდ მეოთხედფინალით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და გვჯერა, რომ გორის ფეხბურთს მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
”დილა”-ს გაუმარჯოს!!! გამარჯვებას გისურვებთ, ბიჭებო!!!
giorgi kalandadze
mec gorshi vcxovrob da meamayeba am gundis ukve martla girseulad gavida dila naxevarfinaldshi,kargi bichebi yavs magram ar shemizlia ar avgnishno dublebshic ramodenime kargi bichia me uyure baiastan da wit georgiastan ratqmaunda orive moiges da kargi bichi yavdad dacvashi 4 nomeri memgoni da meores tavdasxmashi gamovarchevdi simartle gitxrat ar maxsovs zustad 17 tu 77 iyo,warmatebas usurveb chvens bichebs
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა