ხვალ მოსკოვში "ევროპის თასი-მოსკოვის ვარსკვლავები" იწყება, სადაც ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ
თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - "ევროპის თასი-მოსკოვის ვარსკვლავები" იწყება, თუმცა იქ ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ.

შეჯიბრების მონაწილეთა შერჩევა ევროპული რეიტინგის მიხედვით ხდება - 6-6 საუკეთესოს იწვევენ, ბერძენ-რომაელები კი ამ სიაში ვერ მოხვდნენ.

ჩვენი ნაკრები მოსკოვში ერთი იძულებითი ცვლილებით გაფრინდა - მსოფლიოს მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს მედალოსანმა დავით მოძმანაშვილმა მუხლი იტკინა და გუნდში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე, ხოლო ევროპის ჩემპიონმა გიორგი საკანდელიძემ შეცვალა. მოძმანაშვილის ტრავმა არაა იმდენად სერიოზული, საოლიმპიადოდ მისი მზადება შეაფერხოს, მაგრამ ამ ეტაპზე მოსკოვში წაყვანა მართლაც გაუმართლებელი რისკი იქნებოდა.

დანარჩენ წონებში ნაკრების მწვრთნელმა დავით ხურციამ გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), გელა საღირაშვილი (74), დავით ხუციშვილი (84) და დავით მარსაგიშვილი (96) წაიყვანა.

როგორც ვხედავთ, შემადგენლობა ექსპერიმენტულია, რადგან ლიდერთა და ლიცენზირებულთა უმეტესობა - ხინჩეგაშვილი, ზარქუა, ხუციშვილი, მარსაგიშვილი ზედა წონაში ჭიდაობენ, თუმცა ეს მხოლოდ ამ შეჯიბრებაზე, ისე კი თავიანთ "მშობლიურ" წონებში იასპარეზებენ. მათთვის ახლა მთავარი ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგად მომზადებაა და სწორედ ამიტომ არ აკლებინებენ წონას. ეგ კი არა, ამავე მიზნით 26-27 ნოემბერს თბილისში გასამართ საქართველოს ჩემპიონატსაც გამოტოვებენ, რაც ცოტა საკამათო გადაწყვეტილება გვგონია.

მწვრთნელთა საბჭომ ამ ოთხეულის გათავისუფლებისას ძირითადად იმ მოტივით იხელმძღვანელა, რომ, შესაძლოა, მათ ტრავმა მიეღოთ, რაც ოლიმპიადისთვის მზადებაში სერიოზულად შეუშლიდათ ხელს. იყო წონის დაკლების ფაქტორიც თითქმის ყველა მათგანის შემთხვევაში, რაც სერიოზული პრობლემა იქნებოდა მათთვის. ამ არგუმენტები ფედერაციამაც გაიზიარა და სპორტსმენთა გათავისუფლებას დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ბერძნულ-რომაულში არც დამდგარა და არც ფედერაცია მისცემდა ვინმეს გათავისუფლების ნებას, რადგან იქ ჯერ მხოლოდ ერთი ლიცენზია გვაქვს, თუმცა ფედერაცია მის მფლობელსაც აჭიდავებს - მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიას (66). მას წონას არ აკლებინებენ და 74-ში იასპარეზებს.

უშუალო კონკურენტებთან ჭიდაობაში ტრავმის მიღების საშიშროება მართლაც მეტია, მაგრამ ეს საფრთხე ნებისმიერ ტურნირზეა, თუმცა ამის გამო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს ვერ ვიტყვით. გვესმის ისიც, რომ მთავარი ტურნირი ოლიმპიადაა, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატისადმი ასეთი მიდგომა მთლად გამართლებული არ გვგონია. ვფიქრობთ, ქვეყნის პირველობა ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს და მასში მონაწილეობა ყველას უნდა ევალებოდეს, ლიდერებსა და ტიტულოვანებს კი - განსაკუთრებით, რადგან ეს აამაღლებდა ტურნირის პრესტიჟს, მიიზიდავდა მაყურებელს, გაზრდიდა კონკურენციას, მოზარდთა დაინტერესებას ჭიდაობისადმი... ასეა წამყვან საჭიდაო ქვეყნებში.

საქართველოში ძიუდოს ფედერაცია უახლოეს ხანებში შიდა სარეიტინგო ტურნირების ჩატარებასაც აპირებს, რაც სპორტის ამ სახეობისთვის საუკეთესო რეკლამა-პროპაგანდა იქნება.

თუმცა მთავარ შედეგად მაინც შიდა რეიტინგი მიგვაჩნია - ამით უფრო კარგად გამოიკვეთება რეალური სურათი, ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირში იქნება ამა თუ იმ სპორტსმენის ანაზღაურებასთან. ცხადია, ვისაც მეტი ქულა ექნება, ხელფასსაც მეტს მიიღებს, ხოლო თუ არ იჭიდავებს, ანაზღაურებაც შეუმცირდება, ამაზე კი არა გვგონია, ვინმე შეგნებულად წავიდეს. კარგი იქნება, ჭიდაობის ფედერაციაც ამ გზით თუ წავა.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი - როცა ლიდერებს ვასვენებთ, ამით მათ კონკურენტებსაც ვუკლავთ სტიმულს, დაამარცხონ პირველი ნომერი და მოიპოვონ ადგილი ნაკრებში, ან სულაც ოლიმპიადაზე წასვლის უფლება. ამ შემთხვევაში მათ არა მხოლოდ სტიმულს, არამედ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ იმ რამდენიმეთვიან მონაკვეთსაც ვუკარგავთ - ამ დასვენებით ლიდერს ხომ, პრაქტიკულად, ნაკრებშიც ვუჯავშნავთ ადგილს. ამიტომ სათადარიგო ფალავანი მხოლოდ სპარინგ-პარტნიორობით ანუ ლიდერისთვის სათანადო მომზადებაში ხელის შეწყობით შემოიფარგლება, ნაკრებში მოხვედრის შანსი კი არ აქვს.

არა გვგონია, ასეთი სტატუსი მისაღები იყოს რომელიმე თავმოყვარე სპორტსმენისთვის, ან მათ სათანადო განწყობით ივარჯიშონ. ვიმეორებთ - უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში ტრავმის მიღების საშიშროება მართლაც იზრდება, რადგან ისინი გაათმაგებული შემართებით დაეჭიდებიან, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. არა გვგონია, ნაკრების წევრები (არა მხოლოდ ამ გუნდში) ერთმანეთს აგრერიგად მტრობდნენ, მაგრამ თუ ასეცაა, ვფიქრობთ, საქმეს დიდად წაადგება მკაცრი გაფრთხილება ყველას მისამართით, რომ მოწინააღმდეგის შეგნებულად დაშავების შემთხვევაში მასაც დისკვალიფიკაცია მიეცემა. ვგონებთ, ეს ბევრს ააღებინებს შაბნელ განზრახვაზე ხელს, მაგრამ ვიმეორებთ - არა გვგონია, საქმე ასე მტრულად იყოს.

ვეთანხმებით იმ მოსაზრებასაც, რომ ამ წუთისთვის ქვეყნის პირველობიდან გათავისუფლებული ხუთეულიდან ოთხი - ხინჩეგაშვილი, ხუციშვილი, მარსაგიშვილი და მოძმანაშვილი - კონკურენტზე ძლიერია და დღეს მათი დამარცხება მართლაც ძნელი წარმოსადგენია. ნურავინ გვიწყენს, მაგრამ გათავისუფლებულთაგან მხოლოდ 60 კილოგრამშია მეტ-ნაკლებად თანაბარი კონკურენცია, სადაც ზარქუას ღირსეულ წინააღმდეგობას მალხაზ ქურდიანი უწევს. ის ოთხეული რომ სხვებს აღემატება, ეს ფაქტია, ხოლო რასაც ჩვენ ვამბობთ ყველას თანაბარ სასტარტო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ, ეს პრინციპია, რამაც შეიძლება 2-3 წელიწადში ლიდერებად და სპარინგ პარტნიორებად დაყოფა აღმოფხვრას და კონკურენცია იმ დონემდე გაზარდოს, როგორიც რუსეთის, აზერბაიჯანის და რიგ სხვა გუნდებშია - იქ სწორედ ამ გზით მიდიან.

ჩვენც თუ ასე ვივლით, მაშინ "თავკომბალა-წონების" ნაცვლად, სადაც თითო ლიდერის ამარა ვართ დარჩენილი, რამდენიმე თანაბარი დონის ათლეტით დაკომპლექტებულ წონებს მივიღებთ, ასეთი კონკურენცია კი შედეგებსაც გაზრდის. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძეც ამავეში გვაიმედებს, საოლიმპიადოდ ადგილი დაჯავშნული არავის აქვს და შანსი ყველას მიეცემაო. ჭიდაობაში საგზურს ფედერაცია იღებს და არა სპორტსმენი. ამიტომ თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში ვინმე თუ ლიდერზე მეტად გამოიჩენს თავს, ოლიმპიადაზეც ის წავაო, გვითხრა ჯორბენაძემ.

ძალზე მტკივნეული საკითხია წონის შენარჩუნების პრობლემაც. საერთაშორისო ტურნირებზე ზედა წონებში უცხოელებიც ჭიდაობენ, მაგრამ ძალზე იშვიათად, ჩვენები კი - ლამის სისტემატურად. გვესმის, რომ წონის კლება ნებისმიერი სპორტსმენისთვის ურთულესი რამეა და მწვრთნელებიც მათ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უწევენ შეღავათს, მაგრამ, ვფიქრობთ, აჯობებს, მოჭიდავემ მთელი წელიწადი აკონტროლოს საკუთარი წონა ანუ გამოიმუშაოს პროფესიონალიზმი და მუდმივად ფორმაში იყოს (ცხადია, პიკს არ ვგულისხმობთ), თორემ ძალზე ხშირად ისე ხდება, ზედ ტურნირის წინ 6-8 კილოგრამის, ზოგჯერ 10-ს დაკლებაც კი უწევთ, რაც ანგრევს, შლის, ფიტავს, არღვევს ორგანიზმს, ხოლო შედეგად ის შეჯიბრება ჩაგდებულია.

ამასთან დაკავშირებით მორიგი კურიოზი - მძიმე წონაში მსოფლიოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე თურმე წონას ვერ იკლებს. ამიტომ ვერც მოსკოვში წავიდა და ვერც საქართველოს პირველობაზე გამოვა. არადა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წონის დაკლება კი უფრო დიდი პრობლემა მჩატეწონოსნებშია.

სპორტის ყველა სახეობაში დღევანდელი მწვრთნელების დიდი ნაწილი ყოფილი საბჭოთა სპორტიდან მოდის და ვგონებთ, დაგვეთანხმებიან, რომ იქ არავინ გაპატიებდა წონის შეუნარჩუნებლობას. ყველა დამეთანხმება, იქ წარმოუდგენელი იყო ასეთი გარიგება, მე ახლა წონას არ დავიკლებ და ზედაში გამოვალ, მაგრამ ევროპაზე და მსოფლიოზე ჩემს წონაში დამაყენეო! ასე იმიტომ არ ხდებოდა, რომ კონკურენცია იყო ძალიან დიდი და ნაკრებში ადგილი ბრძოლით უნდა მოგეპოვებინა, შედეგად კი, ვინც ამას შეძლებდა, ევროპა-მსოფლიოზე ლამის გარანტირებული ჰქონდა წარმატება. ჩვენთანაც რომ გაიზარდოს კონკურენცია და ყოველ წონაში 2-3 მაინც იყოს რეალური კონკურენტი, ეს პრობლემა თავისთავად მოიხსნება.

ერთი სიტყვით, კარგი იქნება, ფედერაცია-მწვრთნელთა საბჭო კალენდარს ისე თუ დაგეგმავს, რომ საქართველოს ჩემპიონატს მნიშვნელოვანი როლი დაეკისროს - ამით ისინი საკუთარი ქომაგისადმი პატივისცემასაც გამოხატავენ. იმ ქომაგისას, ვისი ფულითაც ფინანსდება ფედერაცია და ვისი ფულითაც სპორტსმენები ხელფასს იღებენ. ვიმეორებთ - არც ერთ ნორმალურ საჭიდაო ქვეყანაში ნაკრების წევრები გვერდს არ უვლიან ქვეყნის პირველობას, რადგან ამ ტიტულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ამას წინათ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ადლან ვარაევმა განაცხადა, ივლისში რუსეთის ჩემპიონატში დენის ცარგუშის (74) და ბილიალ მახოვის (120) დასვენება შეცდომა იყოო და ეს ფაქტი პირდაპირ დაუკავშირა მსოფლიოს ბოლო პირველობაზე მათ წაგებას. ვისურვებდი, საქართველოს პირველობაც სულ მალე გამხდარიყოს ასეთი დატვირთვის შეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!