"ბაიერნი" მოქმედ ჩემპიონსა და უმთავრეს კონკურენტს, დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს და ეს შეხვედრა მთელი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირებაა
მართალია, შაბათამდე კიდევ სამი დღეა დარჩენილი, მაგრამ გერმანიაში უკვე დაიწყო ვნებათაღელვა, რომელიც ბუნდესლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის დამსახურებაა:

"ბაიერნი" მოქმედ ჩემპიონსა და უმთავრეს კონკურენტს, დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს და ეს შეხვედრა არა მარტო ტურის, არამედ მთელი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირებაა. სწორედ ამიტომ, ამ შეხვედრაზე საუბარს დღეიდან ვიწყებთ.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეკორდმაისტერი შესანიშნავ ფორმაშია, დორტმუნდელები კი შარშანდელზხე ბევრად ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებიან, რაც "ალიანს არენაზე" საუკეთესო საფეხბურთო სანახაობის გარანტიაა.

ბაიერნი: ყველაზე მაგარი - თუ არა?

ყველაზე მეტი გატანილი გოლი (32), ყველაზე ნაკლები გაშვებული (4), ყველაზე მეტი მატჩი გაშვებული გოლის გარეშე (9), ზუსტი პასების საუკეთესო მაჩვენებელი (88 პროცენტი), მოგებული ორთაბრძოლების საუკეთესო მაჩვენებელი (54.2 პროცენტი), ყველაზე მეტი ზუსტი ჩაწოდება (28.2 პროცენტი), ყველაზე ნაკლები ზუსტი დარტყმა საკუთარ კარში (2.0 საშუალოდ ერთ მატჩში) - მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის სტატისტიკის კატეგორიების აბსოლუტურ უმრავლესობაში ლიდერობს.

ერთადერთი რამ, რითაც ბავარიული გიგანტი დიდად ვერ დაიკვეხნის, 12 ტურის შემდეგ მოიპოვებული 28 ქულაა - მართალია, ეს სულაც არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ 2005/2006 წლებში რეკორდმაისტერს 12 ტურის შემდეგ 31 ქულა ჰქონდა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია და სხვათა შორის, ეს მიღწევა წინა სეზონში დორტმუნდის "ბორუსიამ" გაიმეორა. გარდა ამისა, "ბაიერნს" ეკუთვნის პირველი წრის რეკორდიც: 44 ქულა 17 ტურის შემდეგ, რაც მიუნხენელებმა ასევე 2005/2006 წლების სეზონში დაამყარეს და ამ მიღწევას წელს ნაღდად ვერ გაიმეორებენ. ასე რომ, მიუნხენური გრანდის ქომაგებს შეუძლიათ, ბევრი რამით იამაყონ, მაგრამ არა ყველაფრით...

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" კონკურენტებსაც არ სძინავთ. მაგალითად, საკმარისია, ბავარიელებმა დორტმუნდელებთან წააგონ, რომ მოქმედი ჩემპიონი რეკორდმაისტერს ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდება და სხვათა შორის, ასევე მიუახლოვდება "გლადბახისა" და "ვერდერის" დაპირისპირებაში გამარჯვებულიც. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბაიერნმა" ზედიზედ ხუთი საშინაო მატჩი მოიგო და ამ ხუთ შეხვედრაში ბურთების იდეალური შეფარდება (24:0) დააფიქსირა, ფაქტია, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდებს არაფრის უნდა ეშინოდეთ.

"ბაიერნის" უმთავრესი პლუსი ამ სეზონში პირველ ტაიმში ეფექტურობაა. სტატისტიკის მიხედვით, რეკორდმაისტერი პირველი სამი საგოლე მომენტიდან უმეტესად ორს იყენებს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ: პირველ 30 წუთში მიუნხენელებს 14 გოლი აქვთ გატანილი და აქედან, 8 გოლი სულაც პირველ 15 წუთში გაიტანეს.

ეს ორივე მაჩვენებელი კი საუკეთესოა ბუნდესლიგაში. თანაც, როცა "ბაიერნი" ანგარიშს ხსნის, შეხვედრა არა მარტო გამარჯვებამდე მიჰყავს ხოლმე, არამედ მეტოქეებს უმეტესად ანადგურებს. ფაქტია, რომ რეკორდმაისტერმა ანგარიში ცხრა შეხვედრაში გახსნა და ცხრავე მოიგო. სამაგიეროდ, მიუნხენელებმა პირველი გოლი საკუთარ კარში ორჯერ მიიღეს და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ ("გლადბახთან" და "ჰანოვერთან"). დაკვირვებული თვალი დაითვლიდა და იტყვის, ერთი მატჩი გამოგრჩათო - ის ერთი შეხვედრა "ჰოფენჰაიმთან" 0:0 დასრულდა.

დორტმუნდის "ბორუსიას" შაბათს არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სანაკრებო პაუზა "ბაიერნს" რამეს ავნებს: ამ სეზონში, სანაკრებო პაუზების შემდეგ რეკორდმაისტერმა სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მშრალი ანგარიშით მოიგო - "ვოლფსბურგთან" 1:0, "ფრაიბურგთან" 7:0 და "ჰერტასთან" 4:0. ამასთან, "დორტმუნდისთვის" ყველაზე დიდ საფრთხეს უდავოდ მარიო გომესი წარმოადგენს, რომელსაც ამ სეზონში 18 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი...

თუმცა გერმანიის მოქმედი ჩემპიონი "ფრაიბურგივით" ან "ჰერტასავით" სუსტი არ არის და ჩვენც თამამად უნდა ვთქვათ, რომ შაბათის სუპერმატჩში უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ მოიგებს მოედნის ცენტრს. გასულ სეზონში "ბორუსიამ" მიუნხენში 3:1 რომ მოიგო, იმ მატჩში სწორედ "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველებმა "ჩაისვარეს".

აი, ამით კი რეკორდმაისტერის უმთავრეს პრობლემას მივადექით: ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულია და "დორტმუნდთან" ნაღდად ვერ ითამაშებს, უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი კი დისკვალიფიცირებული გახლავთ. ამრიგად, ჰაინკესი იძულებული იქნება, საყრდენებად ლუის გუსტავო და ახალგაზრდა დავიდ ალაბა გაამწესოს. ეს კი "ბორუსიასთვის" უდავოდ შანსია!

თუ მიუნხენელებს გაუმართლათ და არიენ რობენმა გამოჯანმრთელება მოასწრო, ჰოლანდიელი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და თომას მიულერი გამთამაშებლის პოზიციაზე გადაინაცვლებს, რაც ჰაინკესს ტონი კროოსის საყრდენად დახევის უფლებას მისცემს და შესაბამისად, "ბაიერნის" ნახევარდაცვის ცენტრში გამოუცდელ ალაბას აღარ ვიხილავთ.

დორტმუნდი: ბაიერნის მოსამართლე

ექსპერტებსა და მიმომხილველებს ხშირად რაღაც-რაღაცები გვავიწყდება ხოლმე... ახლავე აგიხსნით, რისი თქმაც გვინდა: გასული სეზონის წინ გერმანიაში აბსოლუტურად არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. აქედან გამომდინარე, იურგენ კლოპის გუნდის გაჩემპიონებმა საკმაოდ დიდი სენსაცია იყო.

მიუხედავად ამისა, ამ სეზონის დასაწყისში ბევრი მიიჩნევდა, რომ დორტმუნდელთა არასახარბიელო სტარტი მოულოდნელი იყო. ნუთუ "ბორუსიას" სენსაციურმა ჩემპიონობამ რეალობის შეგრძნება ყველას დააკარგვინა? ნუთუ "ვერცხლის სინის" დორტმუნდში დასახლებამ ყველას დაავიწყა, რომ კლოპს ბუნდესლიგაში ჯერაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს? რომ გასულ სეზონში BVB-ს ნური შაჰინის სახით მთელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა, რომელიც ზაფხულში "რეალში" გადავიდა? რომ სეზონის დასაწყისში გუნდის ტოპ-თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი ტრავმირებული იყო? და რომ საკმაოდ გამოუცდელ გუნდს ბუნდესლიგის ყოველდღიურობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის სახით მეორე ფრონტიც დაემატა? როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მართლაც ყველას დაავიწყდა.

ბარიოსის ტრავმის, შაჰინის წასვლისა და სამმაგი დატვირთვის გათვალისწინებით, დორტმუნდელთა შედეგები ამ სეზონში ძალიან კარგია. რაც არ უნდა იყოს, 12 ტურის შემდეგ დორტმუნდელები "ბაიერნს" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან და ესეც რომ არ იყოს, "ბორუსია" გაცილებით სტაბილურია, ვიდრე რეკორდმაისტერის სხვა მდევრები - "ვერდერი", "გლადბახი" და "შალკე".

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შინჯი კაგავა, კევინ გროსკროიტცი და მარსელ შმელცერი სეზონის პირველ მესამედში ცუდ ფორმაში იყვნენ, ბარიოსმა და ნევენ სუბოტიჩმა კი ლაზარეთში ამოყვეს თავი, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგაში ცუდად გამოიყურებიან და 4 ტურის შემდეგ, მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ.

სამაგიეროდ, "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონატში გამოსწორდა და მიუხედავად იმისა, რომ "ნიურნბერგიდან" ნაყიდმა ილქაი გიუნდოგანმა შაჰინის წასვლით შექმნილი სიცარიელე ვერ ამოავსო, გუნდი 12 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ისევ თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს. კარგია ისიც, რომ ტრავმირებული ბარიოსი პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ სრულფასოვნად შეცვალა, ახალწვეული ივან პერიშიჩი კლოპის მთავარი ჯოკერია და დორტმუნდში მორიტც ლაიტნერის სახით გამოჩნდა კიდევ ერთი ახალგაზრდა სახე, რომელიც, თუ ასე გააგრძელა, ნახევარდაცვაში შეუცვლელი ფიგურა გახდება.

მოკლედ, კლოპის გუნდი გარკვეულწილად მომწიფდა და არც ყველაზე მთავარი უნდა დაგვავიწყდეს: ერთადერთი გუნდი ბუნდესლიგაში, რომელსაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ბაიერნის" არ ეშინია, სწორედ დორტმუნდის "ბორუსიაა"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება