სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მედალოსან მოჭადრაკეებს შეხვედრა მოუწყვეს, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ
ბედის ირონია: 2009 წლის მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი დაამარცხა, საბოლოოდ მეტოქეებს ერთნაირი ქულები მოუგროვდათ, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრთა ინდივიდუალური შედეგები უკეთესი აღმოჩნდა და მათ ჩემპიონობაც შეინარჩუნეს. ჩვენებს მე-2 ადგილი ხვდათ წილად.

წლეულს საბერძნეთში ანალოგიური შეჯიბრების მესამე ტურში ქართველმა დიდოსტატებმა პოლონელებს 2,5:1,5 სძლიეს, საბოლოოდ აქაც მოწინააღმდეგეებმა 14-14 ქულას მოუყარეს თავი, მაგრამ ინდივიდუალურში პოლონელებს ნახევარი ქულით მეტი აღმოაჩნდათ და ვერცხლი ერგოთ, ჩვენები მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ (შეგახსენებთ, რომ დაფების მიხედვით ხურციძემ მეორე, ძაგნიძემ და მელიამ მესამე ადგილები დაიკავეს).

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მედალოსნებს: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, სალომე მელიას (ნაზი პაიკიძე მოსკოვშია და პრესკონფერენციას არ ესწრებოდა), კაპიტანმა- ნინო გურიელმა, მწვრთნელებმა - ზურაბ სტურუა და თამაზ გელაშვილმა შეხვედრა მოუწყვეს, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორებს მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მიესალმა:

"სასიამოვნოა, რომ ჩვენმა მანდილოსნებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და ჩემპიონატიდან მედლებით დაგვიბრუნდნენ. თითოეული მათგანს ვულოცავ წარმატებას. ბერძნული ბატალიები უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ერთ თვეში ნაკრებს უფრო პასუხსაგები შეჯიბრება ელის - გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც პლანეტის 10 უძლიერესი ნაკრები იასპარეზებს. იმედია, იქაც საპრიზო სამეულისთვის და უკეთესი სინჯის ჯილდოებისთვის იბრძოლებენ. სამინისტროსგან მხარდაჭერა აუცილებლად ექნებათ".

პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ მის რამდენიმე მონაწილეს ევროპის ჩემპიონატზე შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

გია გიორგაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: "იმის მიუხედავად, რომ ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ვერ გაემგზავრა საბერძნეთში, შედეგი მაინც დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც ევროპის პირად პირველობაში კარგად ითამაშა, დედა გახდა და ელადაში ვერ წამოვიდა. მისი არყოფნა კი ნამდვილად დაგვეტყო.

პორტო კარასში განსაკუთრებით მწვრთნელების ნაყოფიერი მუშაობა მინდა აღვნიშნო: ზურაბ სტურუა - თამაზ გელაშვილის ტანდემმა გაამართლა. თითქმის 24-საათიან რეჟიმში უწევდათ საქმიანობა, რომ მოჭადრაკეებისთვის კონკრეტულ მეტოქეებთან სათამაშოდ სასურველი ვარიანტი მოემზადებინათ. სასიამოვნოა, რომ გარჯამ შედეგი გამოიღო. ნაზი პაიკიძემ, რომელსაც საბერძნეთში შეუსრულდა 18 წელი, შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოამჟღავნა.

დებიუტანტმა, ეტყობა, ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო. სამაგიეროდ, კარგი გამოცდილება მიიღო და მომავალში გუნდისთვის უფრო სასარგებლოდ ითამაშებს. ყოველივეს მიუხედავად, რასაც მივაღწიეთ, ურიგო არ არის, მაგრამ, როგორც ბატონმა დავითმა თქვა, უკეთესი შედეგები გვინდა. მით უმეტეს, რომ 17-28 დეკემბერს თურქეთში ქალთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება 10 ნაკრების მონაწილეობით.

ჩვენებს მეტოქეობას გაუწევენ ჩინელები, რუსები, უკრაინელები, კუბელები, ვიეტნამელები, ალჟირელები, პერუელები და თურქები. ამერიკელებიც უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ უარი თქვეს და ფიდე გადაწყვეტს, მათ ნაცვლად ვინ დაუშვას. მსოფლიოზეც მედლებისთვის ვიბრძოლებთ".

ნინო გურიელი: "როგორც კაპიტანი, შედეგით არც მე ვარ უკმაყოფილო, თუმცა ჩემპიონობაც შეიძლებოდა. მე-5 ტურში რუსებთან შეხვედრისას, სადაც, ფაქტობრივად, ოქროს მედლების ბედი წყდებოდა, პირველ-მეორე დაფებზე 1,5 ქულა ავიღეთ, მესამე-მეოთხეზე კი ორივე პარტია წავაგეთ. შავებით ნატალია პოგონინასთან თითქმის მოგებულ პარტიაში სალომე მელიას მარცხმა დაგვწყვიტა გული. არადა, ამ ორთაბრძოლაში წარმატების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მედლები სხვაგვარად განაწილდებოდა.

თქვენ მკითხეთ, ასეთ პასუხსაგებ მატჩში დებიუტანტი ნაზი პაიკიძე რატომ დავაყენეთ გუნდში, თანაც მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის წინააღმდეგ. ჯერ ერთი, რომ ჩინებულად მოთამაშე ნინო ხურციძემ ზედიზედ ოთხი პარტია მოიგო, რასაც დიდი ენერგია შეალია და დასვენება სჭირდებოდა. მეორეც, პაიკიძე მოსკოვში ცხოვრობს, იქაურ მოჭადრაკეთა სამზარეულოს კარგად იცნობს. თანაც შარშან რუსეთის სუპერლიგაში შესანიშნავად ითამაშა. ამიტომაც ვენდეთ. მე მესმის მისი - ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ვერ გაუძლო, თორემ კოსტენიუკისთვის მას არაერთხელ გაუწევია მედგარი წინააღმდეგობა.

ახლა ევროპა უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია. გუნდში აუცილებლად მოხდება ცვლილებები. უკვე ვესაუბრე და ნაკრებში მოვიწვიე ბელა ხოტენაშვილი. ამ დღეებში ფედერაციის მესვეურებთან ერთად მაია ჩიბურდანიძის დაყოლიებასაც ვეცდებით. ჩვენს ნაკრებს ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის ძალა და გამოცდილება ძალიან სჭირდება. თუ ეს მოვახერხეთ, თურქეთში უძლიერესი შემადგენლოით გავემგზავრებით".

ნანა ალექსანდრია: "რაც დრო გადის, ევროპის ჩემპიონატებზე სულ უფრო ძნელდება საპრიზო ადგილებზე გასვლა, ამიტომ შეჯიბრების წინ ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, თუნდაც ბრინჯაოს მედლებს მოიპოვებთო, ძალიან გამიხარდებოდა, რადგან საბერძნეთში გადახალისებული გუნდით გავემგზავრეთ. ერთსულოვნება არ გვაკლდა, მაგრამ ჩვენს მხარეს ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო, უკეთეს შედეგს მივაღწევდით. რეალიზაციებში დეფექტები რომ არა, ორ-სამ მატჩში ანგარიშები სხვაგვარი იქნებოდა. მჯერა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეს ხარვეზები, გამოსწორდება, გუნდი გაძლიერდება და პლანეტის უძლიერეს დიდოსტატებს ჩვენს ნამდვილ ძალას ვაჩვენებთ".

ნინო ხურციძე: "ვაის გავეყარე, უის შევეყარეო, - ისე დამემართა. ბოლო ტურში რუმინელ ბულმაგასთან შეხვედრისას ჩემთვის უჩვეულო სკანდინავიური დაცვა ავირჩიე. იმ დღეს ასპარეზობა ცოტა ადრე იწყებოდა და მომზადებას ვერ ვასწრებდი. ჩემს რეპერტუარში უფრო სიცილიური დაცვა ჭარბობს. ამიტომ ვიფიქრე, მეტოქისთვის სკანდინავიური, მოულოდნელობის ეფექტით, სიურპრიზი იქნებოდა. მოხდა კი პირიქით - რუმინელმა იოლად აუღო ალღო ამ ვარიანტს, დებიუტშივე უარესი პოზიცია მივიღე შავებით და დავმარცხდი. ამ წაგებით გუნდმა ვერცხლი დაკარგა, მე კი მე-4 დაფაზე - ოქროს მედალი. რას იზამ, სპორტი სპორტია და ყველაფერი ხდება. ვეცდები მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთ ვითამაშო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია