თორნიკეს ამერიკელი სპეციალისტები NBA-ს 2012 წლის დრაფტის მეორე წრეში მეხუთე ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ
თორნიკე შენგელიასა და დემონდ მალეტის დახმარებით როგორ დაამარცხა "შარლერუამ" ბელგრადის "პარტიზანი", უკვე იცით - 84:79. პირველ ტაიმში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ბელგიელებს თუნდაც 5-ქულიანი უპირატესობის მოპოვება უჭირდათ.

მეორე ტაიმი 32 წამის დაწყებული იყო, როცა მწვრთნელმა მოედანზე ქართველი ფორვარდი დააბრუნა, რის შემდეგაც ინიციატივა "შარლერუას" ხელში გადავიდა - თორნიკემ მესამე ათწუთეულში 10 ქულა ჩააგდო.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდიც შენგელიაზე მოდის: ბურთს საკუთარ საჯარიმოში დაეუფლა და რამდენიმე ნაბიჯში მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, გზად

თითქმის ყველა პარტიზანელი მოატყუა და ორქულიანი ეფექტურ ნახტომში ჩააგდო, რასაც ერთი საჯარიმო მიაყოლა.

მესამე პერიოდში მოპოვებული 8-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება "შარლერუას" დარ სტაბილურ გუნდს არ უნდა გასჭირვებოდა. ასეც მოხდა. მეოთხე პერიოდში ბელგიელები უფრო თავისუფლად ათამაშდნენ და გადამწყვეტ მომენტში არც სამქულიანების ტყორცნისას აჰკანკალებიათ ხელი.

ბოლო პერიოდის დასაწყისში თორნიკემ თანაგუნდელებს ერთი სამქულიანი შეაშველა, საბოლოოდ 17 ქულას გამორჩა, რაც მისი საევროლიგო რეკორდია.

კიდევ ერთი-ორი მოგება? რატომაც არა!

ნამატჩევს "შარლერუას" მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ბოძიმ პრესკონფერენციაზე შენგელია იახლა. ჯერ მწვრთნელის კომენტარს გავეცნოთ:

- კმაყოფილი ვარ კალათბურთელთა გარჯით. განსაკუთრებით ეფექტურად მეორე ტაიმი ჩავატარეთ - ფარქვეშიდანაც შედეგიანად ვუტევდით და პერიმეტრიდანაც. კრისტოფ ბეგინს არ უთამაშია, თუმცა ჩვენმა მაღლებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის: შენგელიამ შეტევაში, გრინმა დაცვაში. ჯერ მხოლოდ ორი მოგება გვაქვს, რატომ არ უნდა დავასრულოთ სეზონი სამი ან ოთხი გამარჯვებით?

აი, რა თქვა თორნიკემ პრესკონფერენციაზე:

- ევროლიგაზე გამარჯვებას რამდენიმე კვირა ველოდით და მოხარული ვარ, რომ დღეს ამას მივაღწიეთ. ისიც ვიცი, რომ მეორე მოგება ტოპ-16-ში გასვლისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გვაქვს შანსი მომდევნო ორ მატჩში ჩვენი თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. "პარტიზანთან" პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლით, შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს სასიხარულოა მით უფრო, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა.

"შარლერუას" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რომ შეენარჩუნებინა, სერბები 11 და მეტი ქულის სხვაობით უნდა დაემარცხებინა... 2 მოგებით ბელგიელები ჯგუფში მეექვსე ადგილზე არიან და სწორედ 2 გამარჯვებით ჩამორჩებიან მეოთხეადგილოსან "პარტიზანს". ტოპ-16-ში ცხრილის ზედა ოთხეულის წარმომადგენლები გადიან.

დრაფტი, მეორე წრე

გუშინ, შენგელიაზე სიახლეების ძიებისას ესპანურ საიტ "ტუბასკეტზე" საინტერესო ინფორმაციას წავაწყდით. ავტორი სიამაყით წერს, რომ NBA-ს 2012 წლის დრაფტის კანდიდატად სევილიის "კახასოლის" კალათბურთელი ტომას სატორანსკია დასახელებული. მას ამერიკული გამოცემა "დრაფტექსპრესი" 23 ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებს.

სიაში კიდევ რამდენიმე ევროპელია: ალდემირ ფურკანი ("გალათასარაიდან", ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი), აუგუსტო სესარ ლიმა ("უნიკახა", ესპანეთი), ტომისლავ ზუბჩიჩი ("ციბონა", ხორვატია), ნემანია ნედოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), დევიდ ჟელინეკი ("ხუვენტუდი", ესპანეთი), ნიჰად დედოვიჩი ("რომა", იტალია), თორნიკე შენგელია ("შარლერუა", ბელგია).

"დრაფტექსპრესმა" შენგელიაზე წინ მხოლოდ სამი ევროპელი დააყენა - სატორანსკი, ლიმა და ფურკანი. თორნიკეს ამერიკელი სპეციალისტები დრაფტზე მეორე წრეში მეხუთე ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა დადგება თუ არა, იგი 2012 წლის დრაფტზე, ჯერ საკითხავია, რადგან ერთი-ორი წელი ევროპაში უმაღლეს დონეზე სჭირდება თამაში, რათა NBA-ში გამოცდილი და ყოველმხრივ მომზადებული წავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა