პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებგვერდზე 2011 წლის შეჯამება გამოქვეყნდა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2011 წლის შეჯამება. ტრადიციულად, ATP-ის მიმომხილველებმა და სტატისტიკოსებმა ეს ციფრების მეშვეობით გააკეთეს.

1 - ვიქტორ ტროიცკიმ 2011 წელს ტოპ-ათეულის ვერც ერთ ჩოგბურთელი ვერ დაამარცხა - ათიდან ათი მატჩი წააგო. სულ კარიერაში სერბს 34 მატჩიდან მხოლოდ სამჯერ ჰყავს დამარცხებული საუკეთესო ათეულის წევრი.

1 - 2011 წელს ვერც ერთმა რუსმა ჩოგბურთელმა ვერ მოიგო მასტერსის ტურნირზე ერთზე მეტი მატჩი.

2 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მიურეიმ წელს "დიდი სლემის" ყველა ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწიეს. აქამდე ასეთი შედეგი ჰქონდათ - როდ ლეივერს (1969), ტონი როჩს (1969), ივან ლენდლს (1987), რაფაელ ნადალსა (2008) და როჯერ ფედერერს (2005-09).

3 - პირველად 2002 წლის შემდეგ ფედერერმა სეზონი ვერ დაასრულა რეიტინგის პირველ ორეულში - ის მესამე იყო წლის შედეგების მიხედვით.

3 - ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც თავისი პირველივე ტიტული ბალახის კორტებზე უიმბლდონზე მოიპოვა. მანამდე ასეთი რამ მიხაელ შტიხმა (1991) და ანდრე აგასიმ (1992) გააკეთეს.

4 - რობინ სიოდერლინგმა სეზონის პირველ ნაწილში ოთხი ტიტული მოიგო, მაგრამ, ამასთან, "დიდი სლემისა" და "მასტერსების" ტურნირებზე მეოთხედფინალზე შორს არ გასულა. ივლისის შემდეგ ის ტრავმისა და ავადმყოფობის გამო საერთოდ გასულა კორტზე.

5 - ზუსტად ხუთი საათი გრძელდებოდა დევისის თასზე რუსი მიხაილ იუჟნისა და ბრაზილიელი ტომას ბელუჩის შეხვედრა. ბოლო სეტში იუჟნიმ 14:12 მოიგო. ეს იყო 2011 წელს ყველაზე ხანგრძლივი მატჩი.

5 - პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ტურნირის ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალში პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გავიდა. თანაც ეს ორჯერ მოხდა - როლან გაროსსა და აშშ-ის ღია ტურნირზე.

6 - სეზონში ზედიზედ ექვსჯერ მოუგო ჯოკოვიჩმა ნადალს. მათი ყველა მატჩი ფინალებში შედგა.

6 - როლან გაროსის ექვსი ტიტულია რაფა ნადალის ანგარიშზე. ესპანელი ამ მაჩვენებლით დაეწია ბიორნ ბორგს.

6 - მეექვსედ მოიგო ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა. მან გაუსწრო პიტ სამპრასსა და ლენდლს.

7 - ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ნადალმა მონტე კარლოს მასტერსი, რითაც გილერმო ვილასის რეკორდი გააუმჯობესა. 1973-77 წლებში არგენტინელი ზედიზედ ექვსჯერ იმარჯვებდა ბუენოს აირესში.

8 - ამდენჯერ ითამაშეს ერთმანეთში 2011 წელს ფედერერმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ. ექვსი შეხვედრა მოიგო შვეიცარიელმა, ორი - ფრანგმა. წინა რეკორდი სეზონში შვიდ მატჩს უდრიდა - 1984 წელს ამდენჯერ გაარკვიეს ურთიერთობა ჯონ მაკინროიმ და ლენდლმა, 1995 წელს - მაიკლ ჩანგმა და ჯიმ კურიემ, 2007 და 2009 წლებში - ნადალმა და ჯოკოვიჩმა.

10 - ამდენმა ჩოგბურთელმა მოიგო 2011 წელს პირველი ტიტული კარიერაში: კევინ ანდერსონმა (იოჰანესბურგი), ივან დოდიგმა (ზაგრები), მილოშ რაონიჩმა (სან ხოსე), რაიან სვიტინგმა (ჰიუსტონი), პაბლო ანდუხარმა (კასაბლანკა), ანდრეას სეპიმ (ისტბურნი), ალექსანდრ დოლგოპოლოვმა (უმაგი), რობინ ჰაასემ (კიტცბუელი), ფლორიან მაიერმა (ბუქარესტი) და იანკო ტიპსარევიჩმა (კუალა-ლუმპური).

10 - სეზონში ათი ტურნირი მოიგო ჯოკოვიჩმა. მათ შორის "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი (ავსტრალია, უიმბლდონი, აშშ), ხუთი მასტერსი (ინდიან უელსი, მაიასი, მადრიდი, რომი, მონრეალი), ტურნირი დუბაიში და საშინაო შეჯიბრი ბელგრადში. რეკორდი ეკუთვნის ვილასს, რომელმაც 1977 წელს 16 ტიტული მოიხვეჭა.

11 - "დიდი სლემის" 11 ტიტული დაუგროვდა ამ სეზონის შემდეგ ბობ და მაიკ ბრაიანების წყვილს. ამ მაჩვენებლით ისინი გაუთანაბრდნენ ლეგენდარულ ავსტრალიურ დუეტს მარკ ვუდფორდისა და ტოდ ვუდბრიჯის შემადგენლობით.

18 - პარიზში გამარჯვების შემდეგ ფედერერი მეორე ადგილზეა "მასტერსებზე" ტიტულების რაოდენობით. ლიდერია ნადალი 19 ტიტულით.

25 - ამდენი ტიტული მოიპოვეს ამერიკელმა ჩოგბურთელებმა 2011 წელს (წყვილთა თანრიგისა და მიქსტის ჩათვლით). თუ მხოლოდ ერთეულთა თანრიგს ავიღებთ, აქ ესპანეთს 13 გამარჯვება აქვს, სერბეთს - 12.

25 - ნოვაკ ჯოკოვიჩი რიგით 25-ე პირველი ჩოგანი გახდა.

26 - ასაკში ასეთი სხვაობა იყო ტომას მუსტერსა (44 წლის) და დომინიკ ტიმს (18 წლის) შორის, როცა მათ ვენის ტურნირის პირველ წრეში ითამაშეს. იმ მატჩის წაგების შემდეგ მუსტერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

26.7 - ტოპ-ათეულის ჩოგბურთელთა საშუალო ასაკი - ასეთი მაღალი მაჩვენებელი 32 წელია არ დაფიქსირებულა.

31 - "დიდი სლემის" ამდენ ტურნირზე თამაში დასჭირდა იანკო ტიპსარევიჩს იმისთვის, რომ პირველად გასულიყო მეოთხედფინალში (აშშ-ის ღია პირველობა). ფრანგმა ფაბრის სანტორომ ამ ეტაპზე მხოლოდ 54-ე ცდაზე გააღწია.

34 - ჯონ ისნერი ზედიზედ მეორედ გახდა ერთადერთი ჩოგბურთელი, ვინც სეზონში 30 ტაი-ბრეიკზე მეტი მოიგო. მან ჯამში 58 "შემოკლებული გეიმი" ითამაშა.

43 - როლან გაროსის ნახევარფინალში წაგებამდე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 43 მატჩი მოიგო. ეს სერია ხანგრძლივობის მიხედვით მესამეა ისტორიაში. ვილასის რეკორდის გასაუმჯობესებლად სერბს ოთხი მოგება არ ეყო.

56 - ზედიზედ 56 კვირა გაძლო ნადალმა ATP-ის კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე. უიმბლდონის შემდეგ ის ჯოკოვიჩმა ჩამოაქვეითა. ნადალის შედეგი - მეათეა ისტორიაში. საერთო ჯამში, ესპანელმა რეიტინგის სათავეში 102 კვირა გაატარა და ერთი კვირით გაუსწრო ანდრე აგასის. რაფა შესაბამის სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს.

61 - ამდენი დარტყმა შეასრულეს გაელ მონფილსმა და ჟილ სიმონმა ერთი ქულის გათამაშების დროს ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში.

64 - ფედერერმა ზედიზედ მეცხრედ გადალახა სეზონში 60-მოგებიანი ზღვარი (დევისის თასის ჩათვლით).

144 - ამდენი ორმაგი შეცდომა დაუშვა ჯოკოვიჩმა 77 მატჩში (საშუალოდ - 1.9 მატჩში). შარშან სერბს საშუალოდ მატჩში 3.9 ორმაგი ჰქონდა.

807 - გამარჯვებების ასეთი მონაგარი აქვს 2011 წლის სეზონის შემდეგ ფედერერს. მან სტეფან ედბერგს გაასწრო და ამ მაჩვენებლით მეექვსე ადგილზე გადავიდა. მეხუთე ადგილზეა აგასი 870 მოგებით.

825 - გასულ სეზონში ცონგამ ყველაზე მეტი ეისი ჩააწოდა, თუმცა 22-ით მეტი მატჩი ჩაატარა, ვიდრე მისმა კონკურენტმა ჯონ ისნერმა, რომელსაც 811 ეისი დაუგროვდა.

12 619 803 - ჯოკოვიჩის მიერ მოპოვებული ჰონორარის საერთო ოდენობა. ეს ახალი რეკორდია. გარდა ამისა, ნოვაკი კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხით (32.8 მილიონი) მეოთხე ადგილზე გადავიდა - მან აგასის გაასწრო.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა მარია შარაპოვამ თანამშრომლობა დაიწყო ფიზმომზადებაში ცნობილ იაპონელ მწვრთნელთან იუტაკა ნაკამურასთან, რომელიც გასულ სეზონში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩკთან მუშაობდა.

გარდა ამისა, ნაკამურა წლების განმავლობაში იყო ენდი მიურეის, საბინ ლისიცკის, მარი პირსისა და ჯენიფერ კაპრიატის მწვრთნელი.

შვეიცარიაში 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს. მამაკაცებს შორის ლაურეატი გახდა სამთომოთხილამურე დიდიე კუში და მოციგურავე სარა მაიერი.

37 წლის კუშმა ვერცხლი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფდაშვებაში, მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში, ასევე მცირე "ბროლის გლობუსები" მოიგო სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტში. სარა მაიერმა კი ეს აღიარება ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე მოულოდნელი ტრიუმფის გამო დაიმსახურა.

კუშმა გამოკითხვაში გაუსწრო თხილამურებით სირბილში მსოფლიოს თასის მფლობელს დარიო კოლონიას და ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო