გამოტოვებული, XV ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა დღეს ჩატარდება და ცხრილ(ებ)იც მეტ-ნაკლებად სრულ სახეს მიიღებს
გუშინ, წინა ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს კი უკვე მომდევნოს წინათქმაა; რას ვიზამთ, უამინდობამ საქართველოს ჩემპიონატში სერიოზული კორექტივები შეიტანა და ამიტომაც არის, დეკემბერი "საფეხბურთო თვედ" რომ ვაქციეთ - ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩებია.

საბედნიეროდ, მართლაც უტყუარი პროგნოზით გამორჩეული ქართველი სინოპტიკოსებისგან დღეს დიდთოვლობას არ უნდა ველოდოთ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოტოვებული, XV ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა დღეს ჩატარდება და ცხრილ(ებ)იც მეტ-ნაკლებად სრულ სახეს მიიღებს. თუმცა, ერთი რამის თქმა წინდაწინვე შეიძლება: ბევრად უფრო აქტუალური და ჩვენ მიერ ვირტუალურად "მონათლული" ცხრილი "თავდაყირა აღარ დადგება"; ანუ, დღევანდელი ხუთი მატჩიდან სამი შეხვედრის შედეგმა, შესაძლოა, ამ ვირტუალურ ცხრილში გარკვეული გადაადგილებები მოახდინოს, მაგრამ საუკეთესო რვა გუნდს "მყუდროებას" არავინ დაურღვევს.

მიზეზი კი მარტივია: "დილა" - "კოლხეთის" მატჩში რომელმა გუნდმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მერვე ადგილზე მყოფ "სპარტაკს" მაინც ვერ გადაუსწრებენ; რაც შეეხება "ჩვეულებრივ ცხრილში" მეცხრე ადგილზე მყოფ "გაგრას", შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს დანიშნულ იმ მართლაც "სუსხიან და თოვლიან" XV ტურში ერთადერთი შეხვედრა ჩატარდა: "გაგრა" მინიმალური ანგარიშით (0:1) "ბაიასთან" დამარცხდა.

მოკლედ, საუკეთესო რვა გუნდში ახლახან (თანაც, პირველად) აღზევებულ "სპარტაკს", სულ მცირე, ამ კვირის ბოლომდე "ვირტუალურ ცხრილში" ყოფნა გარანტირებული აქვს.

დღევანდელი ხუთი მატჩიდან ორი ისეთი შეხვედრაა, რომლის შედეგიც ჩვენს მიერ უკვე არაერთგზის ნახსენებ "ვირტუალურ ცხრილში" არანაირ ცვლილებას არ მოახდენს: "ვიტ ჯორჯია" - "სიონისა" და "დილა" - "კოლხეთის" დაპირისპირებას ვგულისხმობთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორივე შეხვედრაში რომელიმე გუნდმა გარკვეული სტრატეგიული გათვლები გააკეთოს: ჩვეულებრივ ცხრილში მეშვიდე ადგილის გასამყარებლად "ვიტ ჯორჯიას" აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება;

რაც შეეხება "დილასა" და "კოლხეთს", მართალია ეს ორივე გუნდი იმ "გადამრჩენელ" მერვე ადგილზე მყოფ "სპარტაკს" ხუთ-ხუთი ქულით ჩამორჩება, მაინც ნაადრევად გვეჩვენება იმაზე ლაპარაკი, რომ გორელებსაც თუ ფოთელებსაც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი გადაწურული ჰქონდეთ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი მეტოქეების ბოლოდროინდელ წარმატებულ ასპარეზობას: უკანასკნელ ორ მატჩში (თასზე და ჩემპიონატში) "დილამ" მეტოქეთა კარში 8 (!) გოლი გაიტანა, "კოლხეთმა" კი სულ ახლახანს სტუმრად თბილისის "დინამოსთან" ფრედ ითამაშა.

მოკლედ, ეს ორი მატჩიც დიდ ინტერესს იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ სამ შეხვედრაზე, რომელთა შედეგებიც ორივე ცხრილში (ჩვეულებრივშიც და ვირტუალურშიც) სერიოზულ გადადგილებებს მოახდენს.

ორმაგი მოტივაცია

ზედიზედ სამი გამარჯვებით "სპარტაკმა" სრულიად დამსახურებულად "შეაბიჯა" საუკეთესო რვა გუნდიან ცხრილში; გამოცდილი სპეციალისტის ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილი გუნდის პროგრესი აშკარაა და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ სამიდან "სპარტაკმა" ორი ისეთი შეხვედრა მოიგო, პირველი ტაიმის მერე რომ აგებდა. ანუ, გუნდს თამაშ(ებ)ის "შემობრუნებაც" შეუძლია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ "სპარტაკს" დღეს მეტად სერიოზული მეტოქე ეყოლება.

აღარ დავიწყებთ ამ სეზონის "ნოვატორული" ფორმატის საკმარისზე მეტ უცნაურობებზე საუბარს; გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ "ჩვეულებრივ ცხრილში" რუსთავის "მეტალურგი" მეხუთე ადგილზეა, მაშინ როცა "ვირტუალურში" პირველობას კვლავაც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ინარჩუნებს. თუმცა, "სპარტაკის" მერვე ადგილზე დამკვიდრებით დღეს "მეტალურგი" "სტრატეგიულ გათვლებზე" ვეღარ იფიქრებს და მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად ბრძოლა მართებს.

იმის გარდა, რომ, დიდი ალბათობით, "სპარტაკიც" საუკეთესო რვა გუნდში შეიძლება მოხვდეს (ანუ, ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებს გაზაფხულისათვის მნიშვნელობა ექნება), ნურც მომავალი ტური დაგვავიწყდება ("მეტალურგმა" ქვეყნის ჩემპიონსა და ამ გათამაშების ერთ-ერთ რეალურ ფავორიტს "ზესტაფონს" უნდა უმასპინძლოს).

საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მსგავსად ასევე მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება ქუთაისშიც, სადაც ორმაგად მოტივირებული "ტორპედო" ამ სეზონის უდავო აღმოჩენას "მერანს" უმასპინძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ "ტორპედოსაც" (თითქმის ასი პროცენტით) და "მერანსაც" (დიდი ალბათობით) საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა გარანტირებული აქვთ, დღევანდელი მატჩის შედეგს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თანაც, გია გეგუჩაძის გუნდი "ვირტუალურ ცხრილში" არცთუ დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც ჩამორჩება ჩემპიონატის დანარჩენ ფავორიტებს ("ზესტაფონს", "დინამოს", "მეტალურგს").

არანაკლებ მნიშვნელოვანია რევანშის ფაქტორიც: ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" ელგუჯა გრიგალაშვილის ერთადერთი გოლით თავისზე ბევრად გამოცდილი მეტოქე დაამარცხა. თუმცა, ამის შემდეგ ქუთაისელთა გუნდში ბევრი რამე თუ ვინმე შეიცვალა და "ტორპედოც" დღესდღეობით სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად.

დიდი მატჩის მოლოდინი

ტურის კი არა, ლამის პირველი ეტაპის ცენტრალური მატჩი ზესტაფონში ჩატარდება, სადაც ბოლო წლების ორი გამორჩეული ქართული გუნდი, "ზესტაფონი" და "დინამო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დღევანდელი მეტოქეების პაექრობათა ისტორია 2004-05 წლების სეზონიდან იწყება და ამ ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა "დინამოს" მხარეს არის (22 მატჩი: 11 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება). ჰოდა, ამის გამოც იყო, რომ ამ 7 წლის განმავლობაში სატურნირო ცხრილში "დინამო" უფრო მაღალ ადგილს იკავებდა, ვიდრე მისი დღევანდელი მეტოქე. ერთადერთი გამონაკლისი წინა სეზონი იყო, "ზესტაფონის" სრულიად დამსახურებული საჩემპიონო ტრიუმფით რომ დამთავრდა.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "ზესტაფონის" გაჩემპიონებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სწორედ "დინამოსთან" გამარჯვებამ (IV წრის შეხვედრას ვგულისხმობთ): პრინციპული მეტოქეების მატჩის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გადაწყდა, როცა 20 წლის საბა ლომიას პასით 19 წლის გიორგი ჭანკოტაძემ მართლაც "ოქროს გოლი" გაიტანა (აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი "ზესტაფონის" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეცვლაზე შეიყვანა). 2011 წლის 10 აპრილს ჩატარებული ამ შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობაში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდა (ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონსა" და "დინამოს" ახალი მწვრთნელები ჰყავთ);

აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილისა ("ზესტაფონი") და ალექს გარსიას ("დინამო") პირველი დაპირისპირება უხვგოლიანი ფრით (2:2) დასრულდა. თუმცა, ამა წლის 28 აგვისტოს ჩატარებულ იმ მატჩში პრინციპულმა მეტოქეებმა არაოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზეს, - მიზეზი კი იმ დროისათვის ევროტურნირებზე გამოსვლა იყო.

დღეს კი, ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია: "ზესტაფონის" მოგების შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს 5 ქულით ჩამოიტოვებს, თანაც ისე, რომ ორი თამაშით ნაკლები ექნება ჩატარებული (ვირტუალურ ცხრილს ვგულისხმობთ); "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში კი ორივე ცხრილში სიტუაცია დაიძაბებაო, აშკარად რბილად ნათქვამი იქნება.

საქართველოს ჩემპიონატი. XV ტუირის გამოტოვებული მატჩები

14.12. გორი. ქართლი. 14:00

დილა-კოლხეთი

14.12. თბილისი. ტექნიკური ცენტრი ბასა. 14:00

სპარტაკი-მეტალურგი

14.12. მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:00

ვიტ ჯორჯია-სიონი

14.12. ქუთაისი. ცენტრალური 15:00

ტორპედო-მერანი

14.12. ზესტაფონი.დ.აბაშიძე 17:00

ზესტაფონი-დინამო

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზესტაფონი 15 11 2 2 30 14 35

2. ტორპედო 16 11 1 4 23 11 34

3. დინამო 16 10 3 3 32 15 33

4. მერანი 15 8 2 5 19 16 26

5. მეტალურგი 16 7 5 4 20 18 26

6. ბაია 17 7 2 8 18 19 23

7. ვიტ ჯორჯია 16 5 5 6 17 20 20

8. სპარტაკი 16 5 4 7 16 23 19

9. გაგრა 17 5 3 9 17 23 18

10. დილა 16 4 2 10 20 25 14

11. კოლხეთი 16 3 5 8 14 24 14

12. სიონი 16 1 4 11 10 28 7

ვირტუალური სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 10 6 2 2 13:9 20

2. ზესტაფონი 8 6 1 1 18-7 19

3. დინამო 10 5 2 3 18-13 17

4. მერანი 9 5 1 3 12-8 16

5. ტორპედო 10 5 1 4 10-8 16

6. ვიტ ჯორჯია 11 2 3 6 6-14 9

7. სპარტაკი 10 2 1 7 9-19 7

8. ბაია 10 2 1 7 7-17 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

davit
მარად და ყველგან დინამო თბილის მე ვარ შენთანა!
irakli
...დღეს უეჭველი ზესტაფონი იგებს... ...ZESTAFONI CHAMPION...
kapo
დღეს ზესტა ორივე ცხრილში უნდა გალიდერდეს ქულებით
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!