გია ნაცვლიშვილმა "თავისუფალთა" ნაკრები, მშვილდოსნობის, ტყვიის სროლის, ძალოსნობისა და კალათბურთის ფედერაციები შეაქო
გუშინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ყოველწლიური საანგარიშო სესია გამართა, რომლის ძირითადი მიზანიც ეროვნული გუნდების ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება იყო, თუმცა განიხილეს წლევანდელი დადებითი საქმეები და სხვა საკითხებიც.

სესია სეოკ-ის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა გახსნა, რომელმაც 2011 წელს ქართული სპორტის მონაპოვრად სეოკ-ის ახალი ოფისის გახსნა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობაზე საბოლოო მემორანდუმის გაფორმება, ოლიმპიურ ჩემპიონებზე პერსონალური წიგნების გამოცემა, ლონდონში ქართული სახლის გახსნა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ცენტრის მინსკიდან თბილისში გადმოტანა და ფარმაცევტულ კომპანია "ავერსთან" შარშან დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელება მიიჩნია, რომლის თანახმადაც მოქმედ თუ ტიტულოვან ვეტერან სპორტსმენებს დიდი შეღავათებით, მინიმალურ ფასად მკურნალობენ.

სეოკ-ის ოფისთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს შენობა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის კუთვნილება არაა და მის საპრესკონფერენციო დარბაზში თათბირ-სემინარების გამართვა თუ უცხოელ სტუმართა მიღება ცალკეულ ფედერაციებსაც შეუძლიათ. საამისოდ ნაცვლიშვილმა სეოკ-ის კარი ყველას გაუღო.

ქართული სახლი ლონდონში ოლიმპიადის დღეებში ქართველ სპორტსმენებს და მათ სტუმრებს მოემსახურება. ის ქალაქის პრესტიჟულ უბან-ჩელსიში მოეწყობა და ნაცვლიშვილის თქმით, ადრინდელ ანალოგიურ სახლებზე უფრო მასშტაბური იქნება, რადგან ამჯერად გაცილებით ფართო ღონისძიებები იგეგმება - განზრახულია ქართული ნაწარმისა და ქართული სამზარეულოს დემონსტრირება, რაც ადრე არ იყო.

საამისოდ მზარეულებიც კი მიჰყავთ ლონდონში და წაიღებენ ქართულ ღვინოებსა თუ სხვა სახის ნაწარმს. ცხადია, კვლავაც იქნება კულტურული ღონისძიებები და ლონდონშიც ქვეყნის დაახლოებით ისეთივე ფართომასშტაბიანი წარდგინება იგეგმება, როგორიც ლიტვურ კლაიპედაში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იყო.

ნაცვლიშვილი ოლიმპიურ მუზეუმსაც შეეხო, რომლისთვისაც ექსპონატები უცხოეთიდანაც კი გამოიწერეს, შეაგროვეს ადგილზეც და ფონდი ბევრად გაიმდიდრეს, ზემოხსენებულ წიგნებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ სამომავლოდ მსგავსი გამოცემები არა მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, არამედ ამ ტიტულის გარეშე დარჩენილ სხვა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზეც იგეგმება.

სესიის მთავარი თემა მაინც ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადება იყო. ჯერჯერობით მოპოვებულია 10 ლიცენზია - 5 ჭიდაობაში, თითო-თითო - მშვილდოსნობაში და ტყვიის სროლაში, 3 - ძალოსნობაში. ნაცვლიშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 15 საგზურს გეგმავდნენ, თუმცა ძიუდოში, მინიმუმ 3 განაღდებულია და ამდენივე - სავსებით რეალური, მაგრამ იქ ლიცენზიების განაწილების სხვა წესი მოქმედებს, რომლის დამთავრებამდეც რაოდენობას ვერ დავასახელებთ.

სეოკ-ის პრეზიდენტმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მშვილდოსნობის, ტყვიის სროლის, ძალოსნობის, კალათბურთის ფედერაციები შეაქო. სამადლობელი რამდენიმე ისეთ ფედერაციასა თუ ნაკრებსაც უთხრა, რომლებმაც ამ ეტაპზე საგზურები ვერ მოიპოვეს, თუმცა მუდმივად პროგრესირებენ, ლიცენზიების დაუფლების შანსს ჯერაც ინარჩუნებენ და, რაც მთავარია, მომავალი ოლიმპიადისთვის დიდ იმედს იძლევა - წყალბურთი და საწყალოსნო სახეობები, მძლეოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, კრიტიკის ობიექტებად კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა, ტაეკვონდოს, კრივის, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის გუნდები იქცნენ, რომლებმაც სალიცენზიო შეჯიბრებები ჩააგდეს. ამათგან საგზური მხოლოდ ბერძენ-რომაელებმა მოიპოვეს, თუმცა მხოლოდ - 1.

არადა, მათგან სრულ კომპლექტს, ანუ შვიდ ლიცენზიას ელოდნენ. ნაცვლიშვილის თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ "თავისუფლებისა" და ძიუდოისტებისგან განსხვავებით, ამ გუნდში დიდი პოტენციალი არც ჩანს. აქ კიდევ სამი საგზურის მოპოვებაც დიდი საქმე იქნება, არათუ შვიდის, მაგრამ ესეც არ იქნება წარმატებაო.

მან საეჭვოდ მიიჩნია ტაეკვონდოს და ტანვარჯიშული სახეობებისგან ლიცენზიის მოპოვება, კრივის, ფარიკაობის, ნიჩბოსნობის, ველოსპორტისგან კი თითო საგზურს ელოდება. ძირითად შევსებას სეოკ-ი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა, ძიუდოისტთა, მძლეოსანთა, მშვილდოსანთა, პლაჟის ფრენბურთელთა და ბატუტზე მხტომელთა გუნდებისგან ელოდება, ხოლო საქართველოდან ოლიმპიადის ფავორიტად "თავისუფალთა" ნაკრები დაასახელა.

ეს გუნდი მან მომავალი, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ნაკრებად მიიჩნია, რადგან მისი ახალგაზრდული შემადგენლობა სპორტული სიმწიფის პიკს სწორედ იმ დროისთვის მიაღწევს. ამავე კონტექსტში დაასახელა მოფარიკავეთა, წყალბურთელთა და ნიჩბოსანთა გუნდები, სადაც ძალიან კარგი ახალი თაობა წამოვიდა.

ამ თემაზე საუბრისას ნაცვლიშვილმა თაობათა შორის კავშირის წყვეტასაც გაუსვა ხაზი - იშვიათი გამონაკლისის გარდა, სადღეისოდ ქართულ სპორტს ეიმედება ან 30 წელს გადაცილებულთა, ანუ ყოფილი საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი, ან 20-22 წლის ახალგაზრდებისა, შუალედურ თაობაში კი რეალურად დასაყრდენი სპორტსმენი თითო-ოროლაა. ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებულმა რთულმა ვითარებამ გამოიწვია, როცა მათ ხელსაყრელი სავარჯიშო პირობები არ ჰქონდათ.

ნაცვლიშვილმა სინანული გამოთქვა ბატუტისტ თენგიზ კოშკაძის უიღბლობაზე, რომელმაც სალიცენზიო ტურნირზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლამდე ორი დღით ადრე ფეხი მოიტეხა, თორემ მისი მომზადება აბსოლუტურად შეესაბამებოდა სალიცენზიო ნორმატივს. მან კმაყოფილებით ისაუბრა მძლეოსნებზე, რომლებიც მუდმივად უმატებენ შედეგებს და გამოთქვა იმედი, რომ ისინი თავისით მოიპოვებენ ლიცენზიებს და საამისოდ "ველური ბარათი" არ დასჭირდებათ.

ნაცვლიშვილის გამოსვლაში საინტერესო იყო ის მომენტიც, როცა წყალბურთელთა ნაკრებსა და მასში უცხოელთა ნატურალიზაციას შეეხო. მისი თქმით, მხოლოდ ქართველების იმედზე, რომ დარჩენილიყვნენ, ნაკრები ვერც კი შეიქმნებოდა, უცხოელთა მოწვევამ კი გუნდი გააჩინა, რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ინტერესი სპორტის ამ სახეობისადმი და მოვიდა ძალიან პერსპექტიული ახალი თაობა, რომელსაც ნამდვილად ძალუძს, ქართულ წყალბურთს ძველი დიდება დაუბრუნოს.

ეს მოზარდები სერბეთის ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ და ნახევარფინალურ ეტაპზეც გავიდნენ, მაგრამ მათი წარმატებით შეშინებულმა მასპინძლებმა ბოლოს მონაწილეობაზე უარი უთხრეს. მისი თქმით, თავის დროზე წყალბურთი იმიტომ ამოირჩიეს, რომ სათამაშო სახეობებიდან ყველაზე მეტი შანსი მათ ჰქონდათ და აკი ერთი ნაბიჯი დააკლდათ ლიცენზიამდე, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას არანაკლები პერსპექტივა გაუჩნდათ კალათბურთელებსაც, რომლებსაც ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდათ მიზნამდე.

მაგრამ უცხოელთა მოწვევამ წყალბურთში თუ გაამართლა, მხატვრულ ტანვარჯიშში საქმეს ვერ უშველა - იქ ბულგარელები ჩამოიყვანეს, მაგრამ წარმატების ნაცვლად გუნდი საერთოდ დაიშალა. ოღონდ ნაცვლიშვილმა ამის მიზეზად ქართული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ერთი პრობლემა დაასახელა - გათხოვების შემდეგ ბევრი ქალი საერთოდ მიდის სპორტიდან და ტანვარჯიშშიც ასე მოხდაო.

რეზიუმეს სახით, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილზე ცოტათი ნაკლები საგზურის მიუხედავად, მაინც დაახლოებით ისე მიდიან ოლიმპიადისკენ, როგორც თავიდან გეგმავდნენ. ლიცენზიების მოპოვების შანსები რაოდენობრივად სამ ჯგუფად დაჰყო - ყველაზე პესიმისტური გათვლით 28-29-ს მოიპოვებენ, საშუალო პესიმისტურით - 32-33-ს, ყველაზე ოპტიმისტურით - 38-39-ს.

თუმცა მთავარი ისაა, რისი იმედი უნდა გვქონდეს საოლიმპიადოდ... ნაცვლიშვილმა თქვა, რომ 7-8 მედალს ელოდებიან, ოღონდ ამჯერად აქცენტი ოქროზე ვერ გააკეთა. მეტიც - მან ალალად აღიარა, რომ ამჯერად არ გვყავს ოლიმპიური ჩემპიონობის ისეთი გამოკვეთილი ფავორიტები, როგორებიც პეკინამდე ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე (100) და ბერძენ-რომაელი მანუჩარ კვირკველია (74) იყვნენ, ხოლო ლონდონზე ბევრად უფრო დიდი ოპტიმიზმით რიო დე ჟანეიროს თამაშებს უყურებს. მან მედლების მომპოვებელ გუნდებად ორივე საჭიდაო ნაკრები, ძიუდო, ძალოსნობა, მშვილდოსნობა და პირველი ოლიმპიური ლიცენზიის მომპოვებელი, ოლიმპიური გუნდის მედროშე ნინო სალუქვაძე დაასახელა.

სხდომის დასასრულს სესიამ აუდიტის მოხსენებაც ერთხმად დაამტკიცა და სეოკ-ის ოფისის სარემონტოდ ნახევარი მილიონი ლარის ვალად (სულ ეს რემონტი 2 600 000 ლარი დაჯდა) აღებასაც მწვანე შუქი აუნთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის