ინტერვიუ ფრანგული "ტულონის" ახალგაზრდა ქართველ მეორეხაზელთან
წლეულს, თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ "ალაფაზე" საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების მორაგბეთა ეს თაობა, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე იმედისმომცემია.

სწორედ ამ ნაკრების წევრები არიან საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის, "ტულონის" შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. ორივე მათგანმა ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში ევროთასების გათამაშების ორ შეხვედრაში იასპარეზა.

მიქაუტაძეს კი ახლახან, სულაც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰქონდა დებიუტი "აჟენთან" შეხვედრაში, რომელიც კოტემ ლელოთი აღნიშნა.

ასეთი სტარტით არათუ ქართველი, ბევრი, რაგბის საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმომადგენელიც ვერ დაიკვეხნის.

ცოტა რამ მიქაუტაძის შესახებ. ის 20 წლისაა და სიმაღლით ზუსტად ორი მეტრია, წონა - 115 კილოგრამი. ასეთი ასაკის მოთამაშისთვის, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემებია. ამასთან საკმაოდ სხარტი და ფიზიკურად ძლიერია.

მიქაუტაძე საფრანგეთში სამი წელიწადია თამაშობს. ჯერ "აჟენის" ესპუართა გუნდში ირჯებოდა. პერსპექტიული მორაგბე მალე მოხვდა ბევრი სკაუტის თვალთახედვის არეში და წლეულს, სეზონის დაწყების წინ ვარსკვლავებით მოჭედილ "ტულონში" გადაბარგდა. კოტე თავდაპირველად, ცხადია, ესპუართა გუნდში თამაშობდა, თუმცა თავდადებული შრომის წყალობით ნელ-ნელა ძირითადი გუნდისკენ გაიკაფა გზა.

კარიერის ამჟამინდელ ეტაპსა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ, კონსტანტინე მიქაუტაძეს ტულონში დავუკავშირდით.

- უწინარესად გილოცავთ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში დებიუტსა და წარმატებულ ასპარეზობას. ჩვენთვის საინტერესოა, რა შეგრძნებაა, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში?

- "აჟენთან" სადებიუტო მატჩს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ფაქტი, რომ გუნდის 22-კაციან განაცხადში მოვხვდი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავდა. მით უფრო, რომ მეტოქე არ იყო ხელწამოსაკრავი. ის სატურნირო ცხრილში ჩვენი მეზობელი იყო და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

თამაშის წინ ძალიან ვღელავდი. მოედანზე 58-ე წუთზე შევედი და სანამ თამაშში არ ჩავები, ნერვები უკიდურესად დაძაბული მქონდა. მინდა გითხრათ, რომ იმ მომენტში, როცა გვერდით ხაზთან ვიდექი, რათა თანაგუნდელი შემეცვალა, სულ არ მახსოვდა ეს მატჩი სადებიუტო რომ იყო. როგორც კი თამაშის ორომტრიალში ჩავერთე, ნერვიულობამ იმწამსვე გამიარა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

- როგორც წესი სადებიუტო მატჩის წინ მწვრთნელი პირისპირ ესაუბრება სპორტსმენს. თამაშამდე ბერნარ ლაპორტმა რა გითხრათ?

- დიახ, ლაპორტმა შემადგენლობის გამოცხადებისა და მატჩისთვის გეგმის დასახვის შემდეგ, ცალკე გამიხმო და მითხრა - მთავარია, არ ინერვიულო, ეცადე წესის დარღვევის გარეშე, უჯარიმოდ ითამაშო და ყველაფერი რიგზე იქნებაო. ყველანაირად ვეცადე, მისი დარიგება გამეთვალისწინებინა და, ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია.

- როგორი მწვრთნელია ბერნარ ლაპორტი?

- ძალიან ძლიერი სპეციალისტია. იცით, ალბათ, რომ 2003 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. რაც ეგ გუნდში მოვიდა, ახალგაზრდებს მეტ ყურადღებას გვაქცევენ.

- ლელოს გატანა სადებიუტო მატჩში ბევრისთვის აუხდენელი ოცნებაა, ბევრი ამაზე არც ოცნებობს. ხომ არ გაიხსენებდით, როგორ მოხდა ეს?

- მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ავსტრალიელმა მეთ გიტომ ხაზი გაჭრა და ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერეს. ლელომდე სულ რაღაც ერთი მეტრი იყო დარჩენილი. ცხადია, რაკიდან ბურთის ხაზზე გატანას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მორკინალების მოკლე დარტყმებით ვცდილობდით მიზნის მიღწევას. ერთ-ერთ ეპიზოდში შევნიშნე, რომ ლელოს დაუცველ ხაზთან ახლოს ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ცხრა ნომერი მთელი ხმით გაჰკიოდა, ბურთი ხაზზე გამოიტანეთო, ავიღე და ლელოში გადავდე. სულ ეს იყო, ძალიან გამიხარდა. ყველა თანაგუნდელი ალალად მილოცავდა ამ წარმატებას.

- "ტულონი" ვარსკვლავებით სავსე გუნდია, ჯონი ვილკინსონი, მეთ გიტო, ჯო ფან ნიკერკი და სხვები. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

- "ტულონში" მართლაც ბევრი ვარსკვლავია, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან, თუმცა რამდენადაც დიდი პოპულარულობით სარგებლობენ, მით უფრო თავმდაბლები და კარგი ადამიანები არიან. ყველასთან, მათ შორის ჩემი ასაკის მორაგბეებთანაც ჩვეულებრივად, ყოველდღიურად, როგორც ტოლ-სწორთან ისე ურთიერთობენ. ყველა ერთად ვართ, ახალგაზრდა და ასაკოვანი, ცნობილი და უცნობი აქ არ არსებობს. ყველას ერთი საქმე გვაქვს.

- "ტულონში" თქვენს გარდა დავით ქუბრიაშვილი და ლევან ჩილაჩავა თამაშობს. მათი პოზიციები გუნდში რამდენად მყარია?

- ქუბრიაშვილი დიდი ხანია "ტულონის" ძირითადის მოთამაშეა, მან გუნდთან კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაც თავისთავად მეტყველებს, თუ რა წონა აქვს კლუბში. ლევანი ჩემი ტოლია და ევროთასების გათამაშებაში ძირითად გუნდში ორჯერ უკვე ითამაშა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი თამაშით კმაყოფილნი არიან. კონტრაქტის გახანგრძლივებას ხომ არ გთავაზობენ?

- დიახ, ნამდვილად კმაყოფილნი არიან. მომავალ უქმეებზე "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ინგლისურ "ნიუკასლს" ვმასპინძლობთ და გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ისევ დამასახელეს. ვნახოთ, ალბათ, მათამაშებენ კიდეც.

რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, "ტულონში" კიდევ ერთი წლით დარჩენას მთხოვენ. მაგრამ, სავარაუდოდ, ალბათ, არ დავთანხმდები. ფინანსური პირობები არ მაკმაყოფილებს და შემოთავაზებებს სხვა კლუბებიდან დაველოდები.

- როგორ უყურებენ ქართველ მორაგბეებს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ. შეიცვალა თუ არა რამე ჩვენ მორაგბეებთან მიმართებაში?

- მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ, დამოკიდებულება ჩვენს მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ძალზედ დიდი პროგრესი აქვს. ადრე ეგონათ, რომ რაგბის ასეთ მაღალ დონეზე თამაში არ შეგვეძლო.

ახლა ასე აღარ ფიქრობენ. დღეს ისე გვიყურებენ, როგორც ძლიერ, საშიშ მეტოქეს.

- საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელები ჰყავს. "ბორჯღალოსნებს" ორი ახალზელანდიელი გაწვრთნის. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- საქართველოს ნაკრები ჩემთვის უპირველესია და მხოლოდ ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი საკლუბო კარიერა. ეროვნულ ნაკრებში სამ მატჩში ვითამაშე ბუქარესტში გამართულ ტურნირზე და ძალიან მინდა, გუნდში ფეხი მოვიკიდო.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელებს, ახალზელანდიელები, ზოგადად, განთქმული, მაღალი დონის სპეციალისტები არიან. იმედია, ახალი მწვრთნელებიც ასეთნი იქნებიან. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა