"ბოლტონთან" 2:1 დამარცხებამ "ბლექბერნი" პრემიერლიგის ცხრილის ფსკერს დაახეთქა
"ბოლტონთან" 2:1 დამარცხებამ "ბლექბერნი" პრემიერლიგის ცხრილის ფსკერს დაახეთქა, მაგრამ გუნდის მწვრთნელი, სტივ კინი მაინც ასე ამბობს: "ახლა თანამდებობიდან რომ მომხსნან, ძალიან გამიკვირდება".

აღსანიშნავია, რომ "ბოლტონმა" რივერსაიდელებს მათსავე მოედანზე, "ივუდ პარკზე" აჯობა. ამასთან, "თეთრები" სულაც არ იყვნენ ცხრილის ზედა ნახევრიდან. მე-17 ტურის შეხვედრამდე სწორედ ისინი იყვნენ ბოლოზე, ასე რომ, სამშაბათს ამ ორმა გუნდმა ადგილები გაცვალა.

ხსენებულ "ივუდ პარკზე" გულშემატკივართა ერთი ჯგუფი, რომელთა შორისაც ხუთასამდე ადამიანი გამოირჩეოდა, კინის გაგდებას ითხოვდა. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ახლანდელი მწვრთნელის საწინააღმდეგო მოწოდებებს იძახდნენ, ადრინდელი თავკაცის, უელსელი მარკ ჰიუზის დაბრუნებას ითხოვდნენ და პლაკატებიც ჰქონდათ გაშლილი.

პროტესტის მიუხედავად, კინმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა:

"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ "ბოქსინგ დღეს" კვლავ "ბლექბერნის" მწვრთნელი ვიქნები. იმედი მაქვს, ფანების კეთილგანწყობას დავიბრუნებ. ეს რასაკვირველია, ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ თამაშებს მოვიგებთ, მაგრამ რას ვიზამ.

ასეთია ჩვენი პროფესია. როდესაც იგებ, ხალხს მეცხრე ცაზე აჰყავხარ, ხოლო, როდესაც მარცხდები, მიწასთან გასწორებენ. ახლა, ჩვენ ვალდებულები ვართ არნახული ბრძოლით დავიმკვიდროთ ადგილი პრემიერლიგაში. საბედნიეროდ, დაცვა სრული შემადგენლობით მიბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გოლებს აღარ გავუშვებთ, გატანა კი ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია.

თავს კი არ ვიმართლებ, ფაქტს ვამბობ: ჩვენ ცუდად იმიტომ ვთამაშობდით, რომ მცველები დაგვიშავდა. "ბლექბერნის" მრავლისმნახველმა ფიზიოთერაპევტმა ორი ისეთი ტრავმა აღმოაჩინა, რომლის მსგავსი 30 წლიან პრაქტიკაში ნანახიც არ ჰქონდა".

"ბოლტონელების", მარკ დევისისა და ნაიჯელ რიო-კოკერის მიერ პირველ ტაიმში გატანილმა ორმა გოლმა, "ბლექბერნი" იმთავითვე უშანსოდ დასტოვა. ერთადერთი, რაც რივერსაიდელებმა ამის შემდეგ მოახერხეს სხვაობის შემცირება იყო. ეს იაკუბუმ შეძლო. კინმა დასძინა:

"თამაში პირველ ტაიმში წავაგეთ. ორი გოლის გაშვების შემდეგ ვეღარაფერი შევძელით. მართალია, შესვენებაზე ბიჭებს ერთი-ორი მკაცრი სიტყვა ვუთხარი და მოედანზე დაბრუნებულებს შევატყვე, რომ მეორე ტაიმს უკეთ ითამაშებდნენ, მაგრამ შეხვედრის მთლიანად გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".

"ბოლტონის" თავკაცმა, ოუენ კოილმა კი თქვა, რომ "ივუდ პარკის" ტრიბუნებზე შექმნილმა კინის საწინააღმდეგო განწყობამ მისი გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი.

"შესაძლოა, რასაც ვამბობ საშინლად ჟღერს, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი, თუკი თამაშს კარგად დავიწყებთ და ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ მათ გუნდს ვჯობივართ, ტრიბუნებზე კინის საწინააღმდეგოდ დიდი ამბავი ატყდება და ამით ძალიან ვიხეირებთ, მეთქი. ვიცი, ბლექბერნში დღეს ყველაფერს კინს აბრალებენ, მაგრამ, მერწმუნეთ, ის დიდებული მწვრთნელია. აქ პრემიერლიგაა. ინგლისის ჩემპიონატში შესაძლოა ოცივე კლუბმა საუკეთესო სპეციალისტი აიყვანოს სამსახურში, მაგრამ ვიღაც მაინც გავარდება. "როვერსის" ფეხბურთელებზე რაც გინდათ ის თქვით, ერთი კი ფაქტია, სტივის მხარდასაჭერად მათ თავი დასდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა