ჯაფარიძეების ოჯახზე გიამბოთ, რომლის წევრებიც ზუსტად ნახევარი საუკუნეა, საციგურაო სპორტს ემსახურებიან
ბოლო წლების განმავლობაში პირველად შეხვდნენ ერთად ახალ წელს თბილისში, საკუთარ ჭერქვეშ. სხვადასხვა ქალქში უწევთ გარჯა და ვერ ახერხებენ მშობლიურ კერასთან თავმოყრას. ახლაც: ბატონი ირაკლი ზაგრებიდან ჩამოვიდა, ქალბატონი მარინე - ბათუმიდან, ოთარმა სულაც ატლანტის ოკეანე გადმოლახა და ისე მოაშურა დედაქალაქს.

ჯაფარიძეების ოჯახზე მინდა გიამბოთ, რომლის წევრებიც ზუსტად ნახევარი საუკუნეა, საციგურაო სპორტს ემსახურებიან. ირაკლი ჯაფარიძე ფიგურული სრიალის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში - ერთეულთა თანრიგში ქვეყნის პირველი ჩემპიონი (1961 წ.), ახალგაზრდებში საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული (1963 წ.), მრავალი ტურნირის სამივე სინჯის მედალოსანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რომელიც წლების განმავლობაში (1988-1997 წ.წ.) ბულგარეთისა და ხორვატიის ნაკრებ გუნდებს ედგა სათავეში, ავსტრიის ქალაქ ლინცის კლუბ "ასკოს" წევრებს წვრთნიდა.

1997 წლიდან თბილისის მერიის მარინე ცერცვაძის სახელობის საციგურაო ცენტრს ხელმძღვანელობს, 2002-2010 წლებში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. შარშან ხორვატებმა წარსულის დამსახურება გაუხსენეს და ეროვნული ნაკრების მთავარ კონსულტანტად მიიწვიეს.

- ხორვატიის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის თავკაც მორანა პალიკოვიჩს თითქმის ყველა შეჯიბრებაზე ვხვდებოდი და ყოველთვის თბილად მოვიკითხავდით ერთმანეთს, - მითხრა ბატონმა ირაკლიმ. - შარშან თანამშრომლობა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. 2013 წლის იანვარში ზაგრები მესამედ უმასპინძლებს მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატს და ხორვატებს სურთ, მეტოქეებს კონკურენტუნარიანი გუნდი დაახვედრონ.

- მერე, თქვენი ძირითადი საქმე არ დაზარალდება?

- ზაგრებში პერიოდულად მომიწევს ჩასვლა, ასე რომ, მთავარ საქმიანობაში ხელი არ შემეშლება. მით უმეტეს, რომ ახლა თბილისის ერთადერთ საციგურაო ცენტრში კაპიტალური რემონტია. მისი რეაბილიტაციის იდეა თბილისის მერს ბატონ გიგი უგულავას ეკუთვნის, რისთვისაც მისი მადლობელი ვართ. სამაცივრო დანადგარებიდან დაწყებული ყველაფერი შეიცვლება, ოღონდ ეს არის, რომ საციგურაო მოედნის ზომებს, სამწუხაროდ, ვერ გავზრდით. ცენტრი, რომელსაც ნახევარი საუკუნე შეუსრულდა, წლეულს მაისისთვის გაიხსნება.

ამ არასტანდარტულ მოედანზე დაფრთიანდა საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოციგურავე მარინე ცერცვაძე, საკავშირო თასის ორგზის (1975, 1976 წ.წ.) მფლობელი, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, ყოფილ საბჭოეთში სამმაგი ბრუნის პირველი შემსრულებელი.

დღეს ქალბატონი მარინე, ჯაფარიძეების ოჯახის დედა და ბურჯი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რადგანაც თბილისის საციგურაოზე რემონტია, დედაქალაქელი მოციგურავეები ბათუმში წაიყვანა სავარჯიშოდ, ნაკრების წევრებს ზღვისპირეთში სამჯერ მოუწყო საწვრთნელი შეკრება. ახალგაზრდები საერთაშორისო ტურნირებსა და თანატოლთა შორის მსოფლიოს პირველობაში საასპარეზოდ ემზადებიან.

- საბედნიეროდ, ბოლო წლებში ფიგურულ ციგურაობას საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა. თანდათან იზრდება გეოგრაფია: ბათუმში აშენდა სტანდარტული ყინულის სასახლე, ქუთაისსა და ზუგდიდში არასტანდარტული ყინულის მოედნები უკვე სამი წელიწადია, არსებობს. წლეულს ზუგდიდში სტანდარტული საციგურაოც ამოქმედდება. ასეთი თანადგომა და ყურადღება თუ იქნება, მერწმუნეთ, საქართველოში კვლავაც გაიზრდებიან ელენე გედევანიშვილის მსგავსი მოციგურავეები, - სიხარულს ვერ ფარავს ქალბატონი მარინე.

- მით უმეტეს, რომ ფედერაცია ყოფილი მოციგურავისა და მწვრთნელის მაკა გიორგობიანის ხელმძღვანელობით შესანიშნავად ართმევს თავს სირთულეებს და ხელს უწყობს ტრადიციების გაგრძელებას, - დასძინა ოჯახის უფროსმა.

- ჩემი მიზანია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოცეკვავეთა ქართული წყვილი გამოვიყვანო, - ჩაერია საუბარში ოთარ ჯაფარიძე, რომელიც უხმოდ უგდებდა ყურს ჩვენს საუბარს. ოთარმა, სწორედ ცეკვებში მიაღწია არაერთ წარმატებას საერთაშორისო სარბიელზე. საგულისხმოა, რომ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველთაგან პირველმა იასპარეზა სპორტულ ცეკვებში - მეწყვილე ელისონ რიდისთან ერთად მე-20 ადგილი დაიკავა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, 6 წლისამ, როცა მშობლები ზაგრებში მუშაობდნენ, ექიმების რჩევით, ალერგიისგან განკურნების მიზნით, საციგურაოს მიაშურა. თანატოლების ვარჯიშს რომ უყურებდა, თავადაც მოუნდა სრიალი. მონდომებამ მალე შედეგი გამოიღო: 12-წლიანებში ხორვატიის ჩემპიონი გახდა და 1996 წელს ევროკრიტერიუმში, რომელსაც ბუდაპეშტმა უმასპინძლა, მე-3 ადგილი დაიკავა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 1999 წელს მოსკოვში გადავიდა ელენა ვოდორეზოვასთან სავარჯიშოდ. 2003 წლიდან ელენა ჩაიკოვსკაიას რჩევით და მეთვალყურეობით მარია შელცინასთან ერთად სპორტულ ცეკვებში მოსინჯა ძალები. 2005 წლიდან ოთარს და ეკატერინა ზაიკინას ალექსი გორშკოვი ამეცადინებდა. მსოფლიოს პირველობაზე მე-16 ადგილი დაიკავეს, გრანპრიზე კი მეოთხეზე გავიდნენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა ელენე გედევანიშვილმა და ოთარ ჯაფარიძემ ამერიკას მიაშურეს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ევგენი პლატოვის ხელმძღვანელობით ოთარი იზაბელა ტობიასთან ერთად მსოფლიოს პირველობაზე მე-14 იყო. 2009 წელს კიდევ ერთხელ გამოიცვალა მეწყვილე - ამჯერად ამერიკელ ელისონ რიდისთან ერთად დაიწყო მზადება ვანკუვერის ოლიმპიადის საგზურისთვის.

ხუთი თვის შემდეგ ბოლო სალიცენზიო ტურნირზე თამაშებში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. კანადის შემდეგ ჩვენმა მოცეკვავეებმა გრაცის ტურნირზე მეორე, ხორვატიაში მე-4 ადგილი დაიკავეს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, შესაბამისად, მე-17 და მე-18 ადგილებს დასჯერდნენ. ახალი სეზონისთვის მზადება რომ უნდა დაეწყოთ, წყვილი სწორედ მაშინ დაიშალა - მწვრთნელთან დაკავშირებით ვერ გამონახეს საერთო ენა.

- ისევ თავიდან დაწყება და წარმატებით ასპარეზობა, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო, ამიტომ აქტიურ სპორტთან განშორება და მწვრთნელობა გადავწყვიტე. მით უმეტეს, რომ ლიცენზია სამი წლის წინათ ავიღე.

ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მოუნტ ლოურელში ოთხი წელიწადია ვცხოვრობ და ორ წელიწადზე მეტია, აქაურ - "სამხრეთ ნიუჯერსის სრიალის კლუბის" წევრებს ვავარჯიშებ. ჩემმა შეგირდებმა წყვილებში 15-წლამდელთა ამერიკის პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავეს. ევგენი პლატოვიც ამ კლუბში მუშაობს, რჩევა-დარიგებებს არ მაკლებს. ნიუჯერსის შტატში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ერთი სული მაქვს, თანამემამულეები როდის შემოიხედავენ ჩვენს კლუბში. ვოცნებობ, ქართულ წყვილს როდის გავუკაფავ გზას ოლიმპიური თამაშებისკენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...