საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ამთავრებს შეკრებას და იაპონიაში გასაფრენად ემზადება, სადაც 9-13 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება...

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ამთავრებს შეკრებას და იაპონიაში გასაფრენად ემზადება, სადაც 9-13 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. გუშინ ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა ოფიციალურად დაასახელა ტოკიოში წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა ეს მედიისთვის აქამდეც იყო ცნობილი: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, მინდია ხომიზური (60), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, გრიგოლ შინჯიკაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100), იოსებ მსხალაძე (აბსოლუტური). ახალი წესის თანახმად, როცა ერთ ქვეყანას წონაში ორ-ორი კაცის გამოყვანა შეუძლია, მეორე მონაწილე აბსოლუტურშიც გვეყოლება, ოღონდ ვინ შეუამხანაგდება მსხალაძეს, ამას ტოტიკაშვილი უშუალოდ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადაწყვეტს, როცა კანდიდატებს საქმეში ნახავს (შეჯიბრება აბსოლუტურ წონაში ჩემპიონატის ბოლო დღეს - 13 სექტემბერს იმართება). ბარემ აქვე გეტყვით, 9-ში რომ ჩემპიონატს ყველაზე მძიმეები გახსნიან - ვაჟებში 100 და +100-ის, ქალებში - 78 და + 78-ის წარმომადგენლები. მეორე დღეს ვაჟებში 90-81 კილოგრამი წონების ფალავნები იჭიდავებენ, ქალებში - 70-ის. 11-ში ხალიჩაზე ვაჟთაგან მხოლოდ 73-ის წარმომადგენლები გავლენ, ქალთაგან - 63-57-ის, 12-ში კი 60-66; 52-48-ის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება.

ვაჟთა ნაკრები მიმდინარე შეკრებას დღეს დაასრულებს, როცა ძიუდოს აკადემიაში საკონტროლო შეხვედრებს მსუბუქი წონების - 60, 66 და 73 კილოგრამი წონების წარმომადგენლები გამართავენ. 1 სექტემბრის ღამეს გუნდი ტოკიოში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით დასკვნით შეკრებას იქ გაივლის. სწორედ ტოკიოში გატარებული დღეები აღმოჩნდება გადამწყვეტი ჩვენი ბიჭებისთვის. მით უფრო, იქ ორი მათგანი მცირე ტრავმებით მიდის - ვალერი ლიპარტელიანმა მხარი ჯერ კიდევ წინა შეკრებისას იტკინა და ეს, პრაქტიკულად, გაუცდა, მეორე დაშავებული კი მინდია ხომიზურია. მათ ტრავმები საბოლოოდ ტოკიოში უნდა მოირჩინონ.

გუშინდელ ღია ვარჯიშს მედიის წარმომადგენლებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც დაესწრო სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად. ვიდრე ძიუდოისტები ვარჯიშობდნენ, ჟურნალისტები ვარძელაშვილს გავესაუბრეთ: `ამ ჩემპიონატში ერთბაშად 14 კაცით გამოვდივართ, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მაგრამ მედლების მოპოვების შანსიც გვეზრდება. ვიმედოვნებ, ჩვენი სპორტსმენები ამ უმნიშვნელოვანეს ჩემპიონატში წარმატებით გამოვლენ. საამისოდ მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი და სამინისტროს მხრიდან გვერდში დგომა არც მომავალში მოაკლდებათ. კარგი გამოსვლის შემთხვევაში ისინი ფულად პრემიებსაც მიიღებენ. გუნდში ადრე არსებული დაპირისპირება აღმოფხვრილია და მზად არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგის საჩვენებლად~ - განაცხადა მინისტრმა.

ამასობაში ვარჯიშიც ნელ-ნელა მიუახლოვდა დასასრულს. სპორტსმენებმაც იწყეს ტატამიდან გამოსვლა და ჩვენც რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ლაშა გუჯეჯიანი: `ამ ეტაპამდე ასეთ ფორმაში არასოდეს მივსულვარ. ჯვარი მწერია და, ყოველმხრივ კარგად ვგრძნობ თავს. არც ტრავმა მაწუხებს და არც სხვა რაიმე პრობლემა. დატვირთვების მერე ცოტა დასვენება მინდა, სული რომ მოვითქვა, მდგომარეობიდან გამოვიდე და ახლა სწორედ ამ პროცესში ვარ. დარბაზში ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია და ღმერთს მადლობა ამისთვის. ვნახოთ, დანარჩენი ტოკიოში გამოჩნდება. ოთხივე შეკრებაზე სხვადასხვანაირი ვარჯიში გვქონდა და ხალისით ვმუშაობდით. მოკლედ, ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და ვარჯიშებითაც. მიმაჩნია, რომ სატურნირო პრაქტიკა არ მაკლია. საკმაოდ ბევრ შეჯიბრებაში გამოვედი და ადრე თუ ილეთს ვერ ვგრძნობდი, ახლა არც ეს პრობლემაა და უკვე სრულად ვაკონტროლებ შეხვედრის მიმდინარეობას~.

ვალერი ლიპარტელიანი: `სამწუხაროდ, ხელი ისევ მტკივა და ამ შეკრებაზე არც მივარჯიშია. ტრავმა ბორჯომში მივიღე ბოლო დღეებში, საკონტროლო შეხვედრისას. რენტგენი გადავიღე და მოტეხილობა არაა, მაგრამ მყესებია დაჭიმულიო. ადრე გაცილებით მტკიოდა, ახლა კი გამიარა და იმდენად აღარ მაწუხებს, თუმცა ამ შეკრებაზე ხელი კი შემიშალა - ათ დღეში მეორედ მხოლოდ ახლა ვივარჯიშე. ვფიქრობ, ხუთ დღეში გამივლის და მთავარ იმედს იაპონიაში გასავლელ ბოლო შეკრებაზე ვამყარებ~.

ირაკლი ცირეკიძე: `ჩვენს გუნდს მუდამ დიდი პოტენციალი ჰქონდა. მთავარია, რამდენად კარგად მომზადებულნი მივალთ ტურნირზე, როგორი იქნება ფსიქოლოგიური განწყობა. მოსამზადებელ პერიოდში გუნდმა კარგად ივარჯიშა და ცდა არავის დაუკლია. პირადად რაც შემეხება, ვფიქრობ, ყველაფერი ნორმალურადაა - ოთხივე შეკრებაც გავიარე და ტურნირებშიც გამოვედი, საშეჯიბრო პრაქტიკაც საკმარისია და თავსაც კარგად ვგრძნობ~.

ლევან წიკლაური: `ამ ეტაპზე რაც მომეთხოვება, სავსებით ნორმალურად ვარ მომზადებული. ერთადერთი, დატვირთვების შემდეგ ცოტა დასვენება მჭირდება. ვგრძნობ სუნთქვის პრობლემა ისევ რჩება, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც გადაღლილობის ბრალია და დასვენება მიშველის. ჩემს წონაში კონკურენცია ძალზე დიდია – უძლიერესი ფალავნები ჰყავთ მასპინძლებს, ბრაზილიელებს, ფრანგებს, რუსებს, გერმანიიდან ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი იჭიდავებს. ერთი სიტყვით, ჩემს წონაში დაახლოებით 15 კაცია სერიოზული კონკურენტი~.

ამასობაში ვარჯიშიც დასრულდა და სპორტსმენებს ჯერ ვარძელაშვილი გაესაუბრა, რომელმაც წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ იაპონიაში ღირსეულად გამოვლენ, მერე კი გუნდი საგანგებოდ მოწვეულმა მღვდელმა დალოცა. ამის შემდეგ ტოტიკაშვილსაც გავესაუბრეთ: `გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარა. აქამდე გამართული ოთხივე შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც მინსკში გამართულ ერთობლივ წვრთნებს გამოვარჩევ, სადაც ძალიან ძლიერ გუნდებთან ერთად ვივარჯიშეთ. იქ ჩვენს გარდა 18 ნაკრები იყო ჩასული და მათთან ვარჯიში ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო~.

ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნაკრებში არსებული ვითარება იყო, კონკრეტულად კი იმის გარკვევა, დამთავრდა თუ არა ადრინდელი დაპირისპირება. ამ თემაზე ვარძელაშვილის პასუხი უკვე წაიკითხეთ, ტოტიკაშვილმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის დაპირისპირება დამთავრდა, გუნდში სადღეისოდ მეგობრული ვითარებაა, ხოლო სპორტმენებს თვითონაც უკვირთ, მაშინ იმ ამბებში როგორ აღმოჩნდნენ გარეულები. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, მსოფლიოს პირველობის შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები თუ მოხდებოდა, რაზეც ვარძელაშვილმა დიპლომატიურად მოგვიგო, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების მერე ვილაპარაკოთო. სამაგიეროდ, იგივე საკითხზე კომენტარისას ტოტიკაშვილმა საინტერესო ფრაზა თქვა - ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, კორეელი თუ იაპონელი სპეციალისტი, ჩვენ ყველამ ნაკრების წინსვლისთვის უნდა ვიზრუნოთო. ცხადია, ხელაღებით ვერ ვამტკიცებთ, კორეელი და იაპონელი მან შემთხვევით ახსენა თუ - გამიზნულად, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ზემდგომნი ნაკრების თავკაცად უცხოელი სპეციალისტის მოწვევის იდეას კარგა ხანია, აქტიურად განიხილავენ. თუმცა გვაქვს ინფორმაცია ქართველ მწვრთნელთან დაკავშირებითაც, მაგრამ ობიექტური მიზეზით, მის გვარს ჯერ არ დავასახელებთ. ისე კი, რამდენადაც ვიცით, უფრო აქტიურად უცხოელის მოწვევას განიხილავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?