რუსები ქვეყნის პირველობას ჩაატარებენ და სწორედ ის იქნება საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება
კრასნოიარსკში ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" პირველი ტურნირი თავისუფალსა და ქალთა ჭიდაობაში, ტრადიციულად, ძლიერი გამოდგა. მისი შედეგები ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა.

რუსები ოლიმპიადამდე ქვეყნის პირველობასაც ჩაატარებენ და სწორედ ის იქნება საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება. ალბათ, ზოგიერთ წონაში სურათი შეიცვლება კიდეც. მით უფრო, იარიგინზე მუხლის ოპერაციის გამო არ უჭიდავია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს (120), მწვრთნელებმა დაასვენეს მსოფლიოს ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი (55), ხოლო რუსთა უტიტულოვანესი ფალავანი, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ცხადია, მათ შანსი ისევ მიეცემათ, როგორც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. მსოფლიოსა და ევროპის ექვს-ექვსგზის მომგებ ბუვაისა საიტიევს (84), რომელსაც ამჯერად არ უასპარეზია, მაგრამ უახლოეს სალიცენზიო ტურნირებში იარიგინის მემორიალზე თავგამოჩენილი ფალავნები იასპარეზებენ. რუსებს ლიცენზია მხოლოდ ორ წონაში არ აქვთ - 74 და 96-ში. ამ რანგის შეჯიბრებებში ჩვენ მათ 96-ში თუ შევხდებით, რადგან 74-ში საგზური გვაქვს.

იარიგინის ტურნირის მთავარი ინტრიგაც სწორედ 74-ში იყო - სპორტში დაბრუნებული ოლიმპიურ ჩემპიონ ადამ საიტიევისა და მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის მომგებ დენის ცარგუშის პაექრობა პირველობისთვის. მათი მოსალოდნელი შეხვედრა ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე მონათლეს შეჯიბრების მთავარ ორთაბრძოლად.

ორგანიზატორთა ნებით თუ იღბალის დახმარებით ისინი წილისყრამაც სხვადასხვა მხარეს განთესა და ფინალამდე ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ. ქომაგებს ფალავნებმაც გაუმართლეს იმედები, წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

მოტივაცია ორივეს დიდი ჰქონდა - კრასნოიარსკში დიმიტრი მინდიაშვილის მიერ დაფრთიანებული ჩეჩენი საიტიევი რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდებოდა ოლიმპიადაზე მოსახვედრად, აფხაზ ცარგუშს კი მძიმე ტვირთად აწვა შარშანდელ მსოფლიოზე წაგება, როცა პლანეტის პირველობის ზედიზედ ორჯერ მომგები პატარა ბავშვივით დაიფრინეს. იარიგინის მემორიალის დასრულების შემდეგ მან რუსულ პრესას კიდეც უთხრა, ის წაგება მძიმე ტვირთად მაწვა დ იმ მარცხს მხოლოდ ოლიმპიადაზე გამარჯვება თუ დამავიწყებსო.

ტურნირის შემდეგ ცარგუშმა "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ საიტიევის დაბრუნება მისთვის დიდი სტიმული გამოდგა. თან, ეტყობა, აფხაზს მინდიაშვილის კრიტიკაც მოუხდა, როცა ნაკრების მწვრთნელმა მისი სტამბოლური მარცხის ახსნისას განაცხადა, "წარმატებამ პიჟონად აქციაო".

ახლა კრასნოიარსკში კარგად მომზადებული ჩავიდა - ფინალის პირველი პერიოდი საიტიევს 7:0 მოუგო! პერიოდის შუაწელში ის ორივე ხელით იოლად შეუვარდა მეტოქეს ფეხებში და ჩოქბჯენში უპრობლემოდ გადაიყვანა, იქ კი მიდგა და მანამ ატრიალ-აბზრიალა, ვიდრე 7 ქულამდე არ ავიდა. მეორე პერიოდშიც იოლად აართვა 1 ქულა და მოიგო. ძნელი სათქმელია, დამთავრდა თუ არა მათ შორის დავა პირველობისთვის, მაგრამ, ალბათ, პირველ სალიცენზიო შეჯიბრებაზე 20-22 აპრილს სოფიაში ცარგუში იჭიდავებს. სავარაუდოდ, დავით ხუციშვილი ოლიმპიადაზეც მასთან შესახვედრად უნდა მოემზადოს.

ჩვენთვის საინტერესო რუსთა მეორე წონაში, 96-ში ცივი შხაპი მიიღო გაცალოვმა - დამატებით დროში დაღესტნელ ასლანბეკ ალიევთან წააგო. აქ ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ მეორე პერიოდში ჰგავდა საკუთარ თავს. პერიოდის მიწურულს კი ზონიდან გაყვანისთვის კიდევ ერთი ქულა მიიღო და 4:0 იმარჯვა. სამაგიეროდ, ალიევმა წილისყრით მოიგო პირველი და მესამე პერიოდები. მესამე პერიოდი ცოტა საკამათო იყო - მსაჯს ნიშანი კი ჰქონდა მიცემული, მაგრამ ალიევი თითქოს ადრე შეუვარდა ფეხში, ვიდრე გაცალოვი მომზადებას მოასწრებდა.

ოსებმა შედეგი გააპროტესტეს, მაგრამ მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს, ამ წონაში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა დაღესტნელმა აბდუსალამ გადისოვმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში რუსთა თავკაც ჯამბულათ თედეევისგან ათვალწუნებული თანამემამულე, დაღესტნელ-ავარელი იბრაგიმ საიდოვი დაამარცხა, ხოლო მესამეზე თბილისიდან წასული გიორგი კეტოევი გავიდა.

გადისოვი და საიდოვი მეგობრები არიან, მახაჩყალაში ერთად ვარჯიშობენ იმანმურზა ალიევთან, რომელიც თავიდან, ცხადია, ერთად ამზადებდა ორივეს, მაგრამ ტურნირის მოახლოებისას ინდივიდუალურ პროგრამაზე და ცალ-ცალკე წვრთნაზე გადავიდა. ამჯერად შეჯიბრებაში არ გამოდიოდა იმანმურზა ალიევის კიდევ ერთი სახელოვანი მოსწავლე, ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვი, რომელიც ჯერაც იშუშებს ნატკენ მუხლს, თუმცა მისი დაბრუნებაც მოსალოდნელია.

ამას წინათ დაღესტანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა საჯიდ საჯიდოვმა განაცხადა, 96 კილოგრამი დღესდღეობით არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში უძლიერესი წონააო, ხოლო უშუალოდ იარიგინის ტურნირზე სპეციალისტები რუსთა ნაკრების ამ წონაზე წერდნენ, რომ ყოველ მეორეს შეეძლო გამარჯვება. მართლაც დასამახსოვრებელი ბრძოლები გაიმართა - პირველ წრეში საიდოვმა იური ბელონოვსკის მოუგო, მეორეში გაცალოვი დამარცხდა ალიევთან, მესამეში თვით ალიევმა წააგო ამერიკელ ჯეკ უორნერთან, მეოთხეში კეტოევმა ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შამილ ახმედოვი დაჯაბნა, მაგრამ ნახევარფინალში თავად დამარცხდა გადისოვთან, საიდოვმა კი უორენს მოუგო.

ამით სალიცენზიო ტურნირზე გამოსვლის უპირველესი პრეტენდენტიც გახდა, მე კი შეგახსენებთ, რომ გიორგი გოგშელიძე წლეულს უკვე დამარცხდა გადისოვთან ირანის საკლუბო ჩემპიონატში. იმედია, იმ მარცხისგან ჩვენები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, თორემ ამ წონაში აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვიც უსაგზუროდაა დარჩენილი.

იარიგინის ტურნირის კიდევ ერთი ინტრიგა ძმების - ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მავლეტ ბატიროვისა და ადამ ბატიროვის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო 66-ში. ქომაგის მოლოდინი არ გამართლდა - მავლეტმა უსახელოდ წააგო, ადამი კი მესამეზე გავიდა, ხოლო ჩემპიონი ოსი ალან გოგაევი გახდა, რომელმაც ორი წლის წინ მსოფლიოზე ვერცხლიც მოიპოვა. ის თედეევის ერთ-ერთი ჯილაა ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული. ამ წონაში რუსებს ლიცენზია სწორედ მავლეტ ბატიროვმა მოუტანა, თუმცა მან თუ არ მოუმატა, ალბათ, ოლიმპიადაზე გოგაევი იჭიდავებს, თუმცა რუსეთის პირველობასაც დაველოდოთ.

მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ბახტიარ ახმედოვმა გაიმარჯვა, რომელსაც უთუოდ დიდი სამსახური გაუწია მახოვის არყოფნამ. 55-ში ჩეჩენმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა ჯამალ ოთარსულთანოვმა გაიმარჯვა - ფინალში დაღესტნელი ევროპის ჩემპიონი ნარიმან ისრაპილოვი დაამარცხა.

60-ში დაღესტნელმა რასულ მურთაზალიევმა ფინალში ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი ტუვინი ოპან სატი დაჯაბნა, 84-ში კი ევროპის ყაბარდოელმა ჩემპიონმა ანზორ ურიშევმა (მაშინ ის მოგება მსაჯებმა აჩუქეს დავით მარსაგიშვილთან) ოს გიორგი რუბაევს აჯობა, ვინაც შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს ფინალში მარსაგიშვილმა ცხარე ცრემლით ატირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

volnik
კარგი სტატიაა ძალიან მაგრად მაინტერესებდა იარიგინის ოქროს პრიზის შედეგები,გაცალოვი მგონი არც ისე საშიშია როგორც ადრე,მასზე გოგშელიძემ თქვა კიდეც რომ დაღმასვლა ეწყება,74-ში კი ძაან მაგარი ჯახი იქნება თუ ხუციშვილი შეხვდა ცარგუშს,მარა თუ ხუციშვილმა ტექნიკურად ცოტა არ მოუმატა მეეჭვება რამე გამოუვიდეს ცარგუშთან,ვნახოთ რა იქნება,მე წარმატებებს ვუსურვებ დანარჩენი მასზეა დამოკიდებული
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!