მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატზე ქრისტინე ესებუა და ხათუნა ნარიმანიძე მეოთხედფინალში გავიდნენ
ლას ვეგასში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატზე გაიმართა პლეი ოფები ინდივიდუალურ პირველობაში და გამოვლინდნენ მედლებისთვის მებრძოლი წყვილები.

სამწუხაროდ, მათ შორის ქართველები არ არიან, თუმცა ჩვენებს ურიგოდაც არ უსვრიათ - ქრისტინე ესებუა და ხათუნა ნარიმანიძე მეოთხედფინალში გავიდნენ.

სამკაციანი გუნდიდან ორი მონაწილე ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ცუდი შედეგი არაა, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ უმედლოდ დარჩნენ.

ეს უფრო ესებუაზე ითქმის, რომელსაც შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდა - ამერიკელი მირანდა ლეეკი, ნარიმანიძე კი პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს მშვილდოსანთან, პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებულთან, გუნდურში ოლიმპიადის ვერცხლის, პირადში კი ბრინჯაოს მედალოსან იტალიელ ნატალია ვალეევასთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებმა მომავალ ფინალისტებთან წააგეს.

პლეი ოფის პირველ წრეში ესებუა თანაგუნდელ ასმათ დიასამიძეს დაუპირისპირდა. ამ წყვილში ფავორიტი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა იყო და არც გასჭირვებია თანამემამულის დამარცხება, თუმცა ერთი სეტის მოგება დიასამიძემაც მოახერხა - მესამეში 30:27 იმარჯვა.

ამ დროს ესებუა სეტებში უკვე 2:0-ს იგებდა და დიასამიძეს ანგარიშის გათანაბრების თეორიული შანსი მიეცა, თუმცა პრაქტიკულად ეს არარეალური რომ იყო, მეოთხე სეტშივე გამოჩნდა - ესებუამ 29:27 იმარჯვა და საერთო ანგარიშით 6:2 მოიგო.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს მომდევნო მეტოქედ ვენესუელელი ლეიდის ბრიტო ერგო, რომელმაც წინა ორთაბრძოლაში დაძაბულ შეხვედრაში, დამატებით სერიაში ძლიერი რუსი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ნატალია ერდენიევა დაჯაბნა. ლათინოსთან ბრძოლაში ესებუასაც დამატებითი სერია დასჭირდა, მეტოქემ ერთი სეტიც მოუგო ჩვენებურს და ერთიც ფრედ დაუმთავრა, თუმცა ამით მხოლოდ ანგარიში შეამცირა მინიმუმამდე.

მანამდე, ანუ წინა ორ სეტში, ესებუამ იმარჯვა, ოღონდ საამისოდ დიდი ჯაფა დაადგა, რადგან ბრიტოც კარგად ისროდა და მხოლოდ თითო ქულით ჩამორჩა ქრისტინეს - ქართველმა ორივე სეტი მინიმალური სხვაობით, 29:28 მოიგო. ამას მოჰყვა ვენესუელელის ზემოხსენებული გაბრძოლება, როცა 3 ქულის აღება მოახერხა და მეხუთე სეტის წინ გარკვეული შანსი დაიტოვა, თუმცა კრიტიკულ ვითარებაში ესებუამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და მართალია, ისევ ერთქულიანი სხვაობით, მაგრამ მაინც იმარჯვა - 30:29. ამით ორთაბრძოლის საერთო ანგარიში 7:3 გახდა მის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ შეხვდა ესებუას ამერიკელი ლეეკი, რომელიც არც აქამდე ჩანდა აშშ-ს ნაკრებში და არც შედეგებით გამოირჩევა. თანაც, საკვალიფიკაციოში მეშვიდეზე გავიდა და ხუთი ადგილით ჩამორჩა ჩვენებურს. ვერ გეტყვით, ესებუას წინა შეხვედრა უფრო იოლად რომ მოეგი, შეცვლიდა თუ არა ეს რამეს ამერიკელთან ბრძოლაში, მაგრამ მათი შერკინება დაძაბულად და ცოტა უცნაურადაც დაიწყო - პირველი ორი სეტი ფრედ დასრულდა, 27:27; 30:30. ჩვენდა სამწუხაროდ, მომდევნო ორი ლეეკის გამარჯვებით დასრულდა. ერთი ეგაა, ბევრი არც ესებუას დაუთმია და ორივეში თითოქულიანი სხვაობით დამარცხდა - 29:30; 28:29. ამის შემდეგ ამერიკელმა ბრიტანელი ნაომი ფოლკარდიც გამოთიშა ტურნირს და ფინალში გავიდა.

ნარიმანიძეს ლას ვეგასში იტალიელები ბედისწერად ექცნენ - სამიდან ორი მეტოქე აპენინელი იყო. პირველ წრეში გვენდალინა სარტორი ერგო, რომელსაც მხოლოდ მეორე სეტი დაუთმო, დანარჩენ სამში კი თავად იმარჯვა და საერთო ანგარიშით 6:2 მოუგო. ჩვენებურმა მომდევნო შეხვედრაში რუს დინარა იანბარისოვას 7:3 აჯობა.

აქ თავიდან რუსი დაწინაურდა - პირველ სეტში 29:28 იმარჯვა, მეორე კი ფრედ დასრულდა - 29:29. მებრძოლი ხასიათით ნარიმანიძეც გამოირჩევა და ეს თვისება აქაც გამოავლინა - მომდევნო სამი სეტი მოიგო (30:29; 29:27; 29:28). სწორედ ამის შემდეგ გადაიკვეთა მისი და ვალეევას გზები. ნარიმანიძემ შეძლო მეორე და მესამე სეტების ფრედ დასრულება, თუმცა პირველი და მეოთხე წააგო და 2:6 დამარცხდა.

ვალეევას წინა წრეში უკვე მონაგები ჰქონდა ამერიკელთა ნაკრების ლიდერ ჯენიფერ ნიკლოშთან, ნარიმანიძის შემდეგ კი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები რუსი ქსენია პეროვაც დაიფრინა ლას ვეგასიდან და თბილისის დროით დღეს გამთენიისას ფინალში ლეეკს შეხვდება.

პარალელურად ბრინჯაოს მედლისთვის პეროვა და ფოლკარდი გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

წუხელ, გვიან ღამით ლას ვეგასში გუნდური პირველობაც დაიწყებოდა, სადაც პლეი ოფის პირველ წრეში ჩვენები იტალიელებს შეხვდებოდნენ, თუმცა ამაზე ხვალ გესაუბრებით. აქაც ფინალისტები გამოვლინდებოდნენ, ფინალური სერია კი ინდივიდუალურების ანალოგიური ეტაპის პარალელურად გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა