დუბაის ტურნირში გამარჯვებით აგნიეშკა რადვანსკა კარიერაში პირველად WTA-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში შეაბიჯებს
გასულ კვირას ყველაზე წარმომადგენლობითი ტურნირი ქალებს შორის დუბაიში გაიმართა, რომელიც აგნიეშკა რადვანსკას ტრიუმფით დასრულდა.

ამ წარმატების წყალობით, პოლონელი კარიერაში პირველად შეაბიჯებს WTA-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში.

ნახევარფინალური ეტაპისთვის ნომინალურ ფავორიტად მესამე ნომრად განთესილი და მოქმედი ჩემპიონი კაროლინ ვოზნიაცკი მიიჩნეოდა, მაგრამ სათამაშო ფორმის მიხედვით, უპირატესობას რადვანსკას ანიჭებდნენ. აგნიეშკა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს.

შარშან მან ერთმანეთის მიყოლებით ორი დიდი ტურნირი მოიგო პეკინსა და ტოკიოში, წელს კი ყველა შეჯიბრის ბადეში საკმაოდ შორს გადიოდა და მხოლოდ ერთ ჩოგბურთელთან - ვიქტორია აზარენკასთან მარცხდებოდა, რომელიც 2012 წელს დაუმარცხებელია. ბელარუსმა ამჯერად განაცხადი გამოიტანა დუბაის ტურნირიდან, ასე რომ, რადვანსკას ტიტულისკენ გზა ხსნილი ჰქონდა.

პოლონელი ნახევარფინალში ელენა იანკოვიჩს ხვდებოდა. პირველ სეტში სერბმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ, მეორეში მოუმატა თამაშს და ზუსტად ისეთივე ანგარიშით მოიგო ეს პარტია, როგორითაც აგნიეშკამ პირველი სეტი - 6:2. მაგრამ მესამეში იანკოვიჩს გაუგებარი ჩავარდნა ჰქონდა, რამაც რადვანსკას 20-დან 19 გათამაშების მოგების საშუალება მისცა. სერბი ბოლომდე ვეღარ მოვიდა გონს და 2:6, 6:2, 0:6 დამარცხდა.

მეორე ნახევარფინალი ორ სეტში დასრულდა, მაგრამ ჩოგბურთელებმა უფრო მეტი დრო დაჰყვეს კორტზე. გერმანელმა იულია გორგესმა შარშან მოკლე პერიოდში ორჯერ ზედიზედ დაამარცხა კაროლინ ვოზნიაცკი, რომელიც მაშინ პირველი ჩოგანი იყო.

გორგესმა ეს სერია დუბაის ნახევარფინალში გააგრძელა. გერმანელი გაცილებით აქტიურად თამაშობდა და მთელი მატჩის განმავლობაში 47 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ვოზნიაცკი კარგად იცავდა თავს და ხშირად მეტოქეს უნებლიე შეცდომებს აშვებინებდა. და მაინც, პირველ სეტში მოგების უფრო მეტი შანსი გორგესს ჰქონდა, მათ შორის სეტზე ჩაწოდება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ტაი-ბრეიკზე აჯობა დანიელს.

მეორე სეტში უხვად იყო ბრეიკები და ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა. კარომ ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი დაკარგა, მაგრამ მისმა შეცდომებმა გორგესს თამაშში დაბრუნებისა და მეორე პარტიის მოგების საშუალება მისცა - 7:6(3), 7:5.

ფინალისტებს ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ისტორია არ ჰქონიათ - გორგესმა და რადვანსკამ ერთადერთხელ წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშეს და მაშინ პოლონელმა 6:1, 6:1 გაანადგურა მეტოქე.

რადვანსკამ უკეთ დაიწყო ფინალი და თავიდანვე ბრეიკი გააკეთა. გორგესი ამჯერადაც ცდილობდა შეტევით ფონს გასვლას, აგნიეშკა კი, როგორც ყოველთვის, საიმედოდ თამაშობდა და ცდილობდა იერიშების შანსი არ მიეცა მოწინააღმდეგისთვის. მართალია, იულია იმ დღეს მართლაც შესანიშნავად უტევდა, მაგრამ მაინც რადვანსკას ტაქტიკამ გაიტანა თავისი. პირველ სეტში გერმანელმა რაღაც მომენტში წაიყვანა ანგარიში, თუმცა ბოლოსკენ დაძაბულობას ვერ გაუძლო და დათმო ბრეიკი მე-11 გეიმში.

მეორე სეტი გაცილებით სწრაფად დასრულდა, თუმცა დაძაბულობა იქაც იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ აგნიეშკამ ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში. პოლონელმა სეტის ყველა გადამწყვეტ მომენტში უფრო ზუსტად იმოქმედა და ამან ააცილა თავიდან ზედმეტი გართულებები - 7:5, 6:4. ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონს ყველაზე რთული მატჩი პირველ რაუნდში ჰქონდა, როცა კანადელი ალექსანდა ვოზნიაკი მესამე სეტში მატჩზე აწვდიდა.

კარიერაში მერვე ტიტულის მოგებით პოლონელი დღეიდან WTA-ის რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 8) 6:2, 2:6, 6:0; იულია გორგესი (გერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 3) 7:6(3), 7:5.

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-იულია გორგესი (გერ) 7:5, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა