თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები ამ წუთისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა
6-12 მარტს ბელგრადი მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ბევრი ცნობილი ათტლეტი არ მიიღებს მონაწილეობას - უმეტესობა სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის ემზადება, ნაწილი - ოლიმპიადისთვის. თუმცა ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი - რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები - ამ წუთისთვის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.

საგანგებოდ ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად დანიშნულმა ახალმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა ის მოჭიდავეები წაიყვანა, რომლებმაც მოიგეს მთავარი შესარჩევი შეჯიბრება - ივან იარიგის სახელობის "ოქროს დიდი პრიზი": ჯამალ ოთარსულთანოვი (55), რასულ მურთაზალიევი (60), ალან გოგაევი (66), დენის ცარგუში (74), ანზორ ურიშევი (84), აბდუსალამ გადისოვი (96) და ბახტიარ ახმედოვი (120).

როგორც ვხედავთ, რუსთა მთავარი გუნდი კვლავაც რუსების გარეშეა დარჩენილი. ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი დაღესტნელებს ჰყავთ - მურთაზალიევი, გადისოვი და ახმედოვი; მერე ჩეჩნები მოდიან 2 კაცით - ოთარსულთანოვი და ურიშევი; დანარჩენებიდან კი გოგაევი ოსია, ხოლო ცარგუში - აფხაზი.

ამათგან მხოლოდ მურთაზალიევია დებიუტანტი. ვფიქრობთ, ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად ურიშევისა და დავით მარსაგიშვილის შეხვედრა აინტერესებს ევროპის შარშანდელი ფინალის გამო. შეგახსენებთ, რომ მაშინ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება სამსაჯო მაგიდასთან შეცვალეს და ჩემპიონად არა ქართველი, არამედ ჩეჩენი გამოაცხადეს.

ბელგრადში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა რუს ბერძენ-რომაელთა ქართველმა დამრიგებელმა გოგი კოღუაშვილმაც, რომელსაც ამჯერად გუნდში აღარ ჰყავს ამბაკო ვაჩაძე (66).

ქართველი მწვრთნელიც მთავარი შესარჩევი ტურნირის - ივან პოდდუბნის მემორიალის შედეგებს დაეყრდნო, რადგან იქ გამარჯვებულებმა მომდევნო საცდელ შეჯიბრებებშიც კონკურენტებზე არანაკლებად იჭიდავეს: მინგიან სემენოვი (55), ასლან აბდულინი (60), ისლამ-ბეკ ალბიევი (66), რომან ვლასოვი (74), ალექსეი მიშინი (84), რუსტემ ტოტროვი (96) და ხასან ბაროევი (120). აქ 33 წლის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ მიშინისა და ახალწამოჩიტული ვარსკვლავის, სახელოვანი ალექსანდრ კარელინის მწვრთნელი ვიქტორ კუზნეცოვის აღზრდილ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლასოვის ხარჯზე რუსთა წვლილი შედარებით დიდია, თუმცა მაინც კავკასიელები სჭარბობენ - მსოფლიოს პრიზიორი ტოტროვი და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბაროევი ოსები არიან; ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ალბიევი ჩეჩენია, თუმცა იქაური პოლიტიკური ვითარების გამო ინგუშეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს; აბდულინი კი ყაბარდოელია. აქედანვეა დებიუტანტი სემენოვიც - ყალმუხეთიდან, რომელიც რუსული ჭიდაობის ფედერაციის ბლოგზე ქომაგებმა ასეთი პოსტით გააცილეს - "მთელი ყალმუხეთი შენთანაა".

სხვა წამყვანი გუნდებიდან აზერბაიჯანელებზე უკვე ვწერდით, ბულგარელი "თავისუფლები" კი უძლიერესი შემადგენლობით იქნებიან: რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (55), ანატოლი გუიდია (60), ლეონიდ ბაზანი (66), კირილ ტერზიევი (74), მიხაილ განევი (84), გეორგი სრედკოვი (96), დიმიტარ კუმჩევი (120).

თურქებმაც უმთავრეს ლიდერებს უხმეს - აჰმეტ პეკერი (55), მუნირ რეჯებ აკტაში (60), იაკუბ გორი (66), სონერ დემირტაში (74), სერდარ ბოკე (84), სერხან ბალცი (96), ტახა აკგიული (120). "თავისუფლებზე" ერთს შევნიშნავთ და ამით დავამთავრებთ - ბელარუსებს არ ეყოლებათ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალექსეი შემაროვი. ცხადია, ეს საჩემპიონო შანსებს დავით მოძმანაშვილსაც უზრდის, რომელიც შარშან მსოფლიოზე სწორედ მასთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე რამდენჯერმე გაცნობეთ და ახლა აღარ შევჩერდებით. სამაგიეროდ, სხვა ქვეყნების სახელით მოასპარეზე ქართველებს გაგაცნობთ, თუმცა მათი რიცხვიც შედარებით მცირეა. აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაულ ნაკრებში კვლავ იჭიდავებს ევროპის პრიზიორი შალვა გადაბაძე (96), უკრაინის "თავისუფალთა" გუნდში ჯამბულ ცოტაძე (84) გამოვა, გერმანელთა ღირსებას დავით ბიჩინაშვილი (84) დაიცავს, ბელარუსის ბერძენ-რომაელთა გუნდში კი ბესარიონ ჩუგოშვილი იჭიდავებს.

კურამაგომედოვიც ბრუნდება?

ეტყობა, დიდი სპორტის ნოსტალგია მხოლოდ ქართველებს არ ახასიათებთ და ამ დღეებში ჭიდაობაში დაბრუნების სურვილი 34 წლის დაღესტნელმა კურამაგომედ კურამაგომედოვმაც გამოთქვა.

დარწმუნებული ვართ, ამ გვარ-სახელის წაკითხვისას ბევრი გაიფიქრებს, რაღა დროს მაგისი ჭიდაობააო, ხოლო ახალი თაობის ქომაგს იქნებ კარგად არც ახსოვდეს ის. ავარელი მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონია, ევროპის პირველობა კი ლეგენდებით დახუნძლულ დაღესტნელთაგან ყველაზე მეტჯერ - 5-ჯერ მოუგია.

ამის მიუხედავად, არც იმ ახალ თაობას გაემტყუნება, რადგან 2007 წლის მერე არც უჭიდავია. თავის დროზე ის 96-ში გამოდიოდა და იქ ლუკა კურტანიძის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. მოგვიანებით ორივემ მძიმე წონაში გადაინაცვლა და ახლა იქ გაგრძელდა მათი პაექრობა, თუმცა ეს ორივესთვის "გედის სიმღერა" იყო და მალევე დატოვეს კიდეც ასპარეზი.

დაბრუნების სურვილი მან "ლელოს" მკითხველისთვის ნაცნობ ჟურნალისტ მურად კანაევთან (ჩვენ მის წიგნზეც მოგითხრეთ, სადაც ქართველ ფალავნებზე საუბრობს) გამოთქვა და აღნიშნა, რომ თავის დროზე სპორტიდან წასვლა ხელის ტრავმამ აიძულა. თუმცა მისი თქმით, სპორტიდან არც წასულა და სულ იმ წრეში ტრიალებდა, რადგან ის ატმოსფერო მუდამ ენატრებოდა. ის თურმე ინტენსიურად ჭიდაობს საკონტროლო შეხვედრებზე და გამოთქვამს იმედს, რომ ძველი კონდიციების აღდგენას შეძლებს.

ბაროევი ფილმში

"თურქული გამბიტისა" და სხვა ცნობილი ფილმების რეჟისორმა ჯანიკ (ჯახონბეკ) ფაიზიევმა თავის ახალ ფილმ "აგვისტო, მერვეში" მსახიობთა ცნობილ კრებულთან ერთად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევიც მიიწვია.

გასაგებია, რომ ფილმის შინაარსი აგვისტოს ომს ეძღვნება. ის ერთი ოჯახის პირად ტრაგედიაზეა აგებული - მოსკოველი ქალბატონი 7 წლის ვაჟს მამასთან აგზავნის ცხინვალში, სადაც ამასობაში ომიც იწყება... ბაროევი ამ ფილმში ჯარისკაცის როლში იყო და რეჟისორის ქებაც დაიმსახურა.

"როცა ადამიანი ტალანტია, ის ტალანტია ყველაფერში. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისე ითამაშა, დარწმუნებული ვარ, ის დიდ მსახიობებსაც თავისუფლად გაუწევს პარტნიორობას" - განაცხადა ფაიზიევმა.

მან ისიც იცის, რომ საქართველოში ამ ფილმს უარყოფითი შეფასება მოჰყვა, რაზეც ამბობს: "არსებობს პოლიტიკა და არსებობენ უბრალო ადამიანები. რიგითი ქართველები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. მათთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ასეთ ფილმებზე ნერვიული რეაგირება კი პოლიტიკოსების საქმეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
წარმატებები ბიჭებს
ika
მოძმანაშვილი უეჭველი ჩემპიონია რა, ტუგინდა ეგ ბელარუსიც იყოს შიმაროვი
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა