ბათუმის "დინამოს" 38 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის თავის დანებებაზე ჯერ არ ფიქრობს
თავისი გმირები პირველ ლიგასაც ჰყავს. ხალხი იქაურ თამაშებზეც დადის ფეხბურთის საყურებლად და ტაშის დასაკრავად, თუმცა ხანდახან ისე ხდება, რომ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლა უნდა და იქ ელემენტარული კომფორტი არ აქვს...

მიზიდულობას მხოლოდ კომფორტი ვერ შექმნის. საფეხბურთო გრავიტაციაში მთავარი მაინც ფეხბურთელია. ბათუმის "დინამოს" ჰყავს ასეთი კაცი - 38 წლის ამირან მუჯირი.

ამ ასაკში ყატარში მიდიან ხოლმე ფეხბურთის სათამაშოდ და ფეხბურთელობით ბოლო მილიონის საშოვნელად, ბათუმში კი ალბათ სულ სხვა რამის გამო ვერ ელევიან ფეხბურთელობას. აჭარის დედაქალაქში არც სტადიონია, არც სავარჯიშო პირობები და ალბათ, არც ბევრი ფული, მაგრამ 38 წლის მუჯირი ისევ ბურთს დასდევს.

"კიდევ რომ ვთამაშობ, ეს ნაბიჯი ფეხბურთის სიყვარულმა, მეგობრებმა და მშობლიურმა ქალაქმა გადამადგმევინა. ფეხბურთი ისეთია, ადვილად ვერ შეელევი. ასაკს არც კი ვაქცევ ყურადღებას, თითქოს მესამე სუნთქვა მაქვს გახსნილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ნასუაშვილიდან დაწყებული, ყველა გვერდში მიდგას. ჩვენს გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები ცოტანი არ არიან. შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გუნდი გვყავს", - გვითხრა მუჯირმა.

90-იან წლებში ბათუმს მართლაც ჩინებული გუნდი ჰყავდა. სწრაფი და მოუხელთებელი ამირან მუჯირის გვერდით საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ - ნიკოლოზ ტოგონიძე, მალხაზ მახარაძე, ალექსანდრე კანტიძე, თემურ ტუღუში, პაატა მაჭუტაძე... მაშინდელი ბათუმის "დინამო" ევროსარბიელზეც ხშირად ასპარეზობდა და ჯაბანი გუნდი არ ეთქმოდა.

"იმდროინდელი გუნდიდან ახლანდელ "ბათუმში" არაერთია დასაქმებული. ნასუაშვილი მთავარი მწვრთნელია, იური მამინაშვილი მეკარეებს ავარჯიშებს, კანტიძე და ვანო მახარაძე მთავარ მწვრთნელს ეხმარებიან".

მუჯირი ახლა გამთამაშებლად თამაშობს, მწვრთნელი მას ავალებს თამაშის წაყვანას.

"ძველებურად სწრაფი აღარ ვარ, თუმცა თამაშის ორგანიზება და გუნდისთვის სარგებლობის მოტანა ალბათ შემიძლია", - გვითხრა ამირანმა.

რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს" კაპიტანს იმაზეც ვკითხეთ, თუ ფეხბურთის მხრივ რა სიტუაციაა აჭარის დედაქალაქში, თუ რამ უნდა გაამყაროს ის ამბიციები, რაც გუნდს და გულშემატკივრებს აქვთ.

"სპონსორის გამოჩენას ველით, მანამდე კი ბათუმის მერია გვაფინანსებს. გუნდი ანგისაში ვარჯიშობს და ადელში თამაშობს. ამბობენ, ბათუმს ორ წელიწადში ექნება კარგი სტადიონიო და ვნახოთ, რა როგორ შესრულდება.

მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ბათუმის "დინამო" რამდენიმე წელია, უმაღლეს ლიგაში აღარ თამაშობს. ძალიან მინდა, რომ რაღაც შეიცვალოს. ადელში ბევრ გულშემატკივარს სურს ჩვენს თამაშზე მოსვლა, მაგრამ მაყურებლისთვის იქ ცუდი პირობებია. ქომაგი კარგი გუნდის და კარგი სტადიონის მოლოდინშია".

მუჯირის თქმით, ბათუმის "დინამო" ძალიან შეკრული გუნდია და ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ეწყობიან.

"ნასუაშვილი ისეთი ადამიანია, მხოლოდ და მხოლოდ გვერდში დგომას იმსახურებს ფეხბურთელებისგან". - ესეც მუჯირმა გვითხრა.

2009 წელს აზერბაიჯანული "ბაკიდან" მუჯირი სამშობლოში დაბრუნდა, ბათუმის "დინამოს" მიაშურა, მერე კი თითქოს ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და ამ საქმეს 37 წლის ასაკში დაუბრუნდა.

"პაუზა დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა. უფეხბურთოდ მაინც ვერ ვძლებდი. სადაც კი ბურთს დავინახავდი, მეც იქ გავჩნდებოდი. მინი-ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. როცა გადავწყვიტე, ფეხბურთელობას დავბრუნებოდი, მოსამზადებლად ოცდახუთი დღე დამჭირდა. ისიცაა, რომ ზედმეტ წონას არასდროს შევუწუხებივარ."

მუჯირს კარიერაში არცთუ ცოტა საჭირო და დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია, თუნდაც ევროსარბიელზე "ობილიჩთან" და დიკ ადვოკაატის გაწვრთნილ "ეინდჰოვენთან"(1:1). საუკეთესო პერიოდი კი ბულგარეთში გაატარა.

"ჯერ "მარეკში" ვითამაშე ორი სეზონი, მერე კი სოფიის ცსკა-ში, რომელიც მართლაც სერიოზული გუნდი იყო მაშინ და ბულგარეთის ჩემპიონატიც მოვიგეთ. სხვათა შორის, ჩემპიონი კიდევ ორჯერ ვიყავი - თბილისის "დინამოში" 1999 წელს და "ბაკიში" 2009 წელს. ცსკა-ში გატარებული სეზონი კი სულ სხვა იყო. გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრების წევრი გახლდათ, ემერსონსა და ბენუაკოეს ევროპის დიდ გუნდებშიც მოუწიათ თამაში".

მუჯირს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. ის ყოველთვის უფრო კლუბის ფეხბურთელი იყო და სადაც კი უთამაშია, თავი არსად შეურცხვენია. ცოტა ხნით ფამაგუსტას "ანართოსისშიც" მოასწრო თამაში.

როგორც უნდა იყოს, 38 წელი ფეხბურთელისთვის ცოტა არ არის. ამ ასაკში ის ნამდვილად ფიქრობს სხვა პერსპექტივაზე, თუმცა ყველა ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება.

"განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანივით ვცხოვრობ. ისევე, როგორც ადრე, ახლაც ვვარჯიშობ და ვისვენებ. სხვა, რაიმე ახალი რეჟიმი არ მაქვს.

როდის დავანებებ თამაშს თავს? ჯერ "ბათუმი" უმაღლეს ლიგაში უნდა დაბრუნდეს და მერე შევხედავ, შევძლებ თუ არა კიდევ ერთი სეზონის თამაშს. მერწმუნეთ, ჯერ არ ვფიქრობ თამაშისთვის თავის დანებებაზე. ფეხბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ჩემთვის არასდროს უღალატია. ფეხბურთელობას ბევრი რამის მოცემა შეუძლია და ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა".

სანამ მუჯირი ფეხბურთთან ისევ მეგობრობს, ბათუმის "დინამომ" პლეი ოფში თამაში გაინაღდა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა. მუჯირს და მის თანაგუნდელებს უკვე უმაღლესი ლიგის ქვედა ოთხ გუნდთანაც მოუწევთ შეხლა და განა ვინმეს არ დააინტერესებს, როგორ ითამაშებს 38 წლის მუჯირი?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა