ბელგრადში მიმდინარე ტურნირში ბესარიონ გოჩაშვილმა ვერცხლის, მალხაზ ზარქუამ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი ოთხ დღეზეა გაწერილი. შემადგენლობის მიხედვით 7 მარტის შედეგები ჩვენთვის ყველაზე დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს დღე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა - ვერცხლ-ბრინჯაო მოვიპოვეთ.

7 მარტს ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ბესარიონ გოჩაშვილი (55) და მალხაზ ზარქუა (60) ჭიდაობდნენ, რომლებიც ავტორიტეტ-ტიტულებით ჩამოუვარდებიან როგორც წინა დღეს ნაჭიდავებ გიორგი გოგშელიძე-ოთარ თუშიშვილს, ისე 8 მარტს მოასპარეზე წყვილებს. თუმცა ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, ჯერჯერობით იმათ იყოჩაღეს - გოჩაშვილმა ვერცხლი ირგუნა, ზარქუამ - ბრინჯაო.

გოჩაშვილი სულაც ნაკრების მეორე ნომერია და ახლაც იმიტომ წაიყვანეს, რომ წონის ლიდერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სალიცენზიო ტურნირებისთვის ინახავენ.

ვეტერანმა კარგადაც დაიწყო გამოსვლა ბელგრადში და ლიტველი შარუნას იურკუსი, მოლოდინისამებრ, იოლად გაანადგურა - 7:0 ორი პერიოდის ჯამში. ასევე მოლოდინისამებრ, მეორე წრეში საშიში მეტოქე შეხვდა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ამ შეჯიბრების მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი, თურქი აჰმეტ პეკერი.

გოჩაშვილმა პირველი პერიოდი 0:3 დათმო, მაგრამ მომდევნოებში 1:0; 1:0 იმარჯვა და ეს ძლიერი ბარიერი მძიმედ, მაგრამ მაინც გაიარა. წესით, დიდად არც უკრაინელ იგორ ხავალჯისთან უნდა გასჭირვებოდა და იმის მიუხედავად, რომ დამატებითი დრო დასჭირდა, ვერ ვიტყვით, რომ მისი ბედი სასწორზე იდო - თავიდან 4:3 იმარჯვა, მერე 0:3 დათმო, მაგრამ დამატებითში 5:1 გადაურბინა მეტოქეს.

ჩვენებური მოლდოველ ალექსანდრუ ჩირტოაკასთანაც ფავორიტი იყო და აკი ძირითად დროშივე აჯობა - 4:1. ამით გოჩაშვილი ფინალშიც გავიდა, სადაც მეტოქედ რუსთა ჩეჩენი ჯამალ ოთარსულთანოვი ერგო, რომელიც ზედიზედ მეორედ ჭიდაობდა კონტინენტის პირველობის ფინალს, ჩემპიონის ტიტულს კი ორჯერ უკვე ფლობდა.

აქ ბრძოლა თითქმის არც ყოფილა - ოთარსულთანოვმა დამაჯერებლად მოიგო პირველი პერიოდი - 5:0, მერე კი გოჩაშვილმა მტკივანი ხელი მოიმიზეზა და შეხვედრა აღარ გააგრძელა. ის ხელს პირველ პერიოდშიც იტკიებდა. ჩეჩენს კი ერთ-ერთმა პირველმა წარმატება სახელოვანმა თანამემამულემ, სეულის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ადლან ვარაევმა მიულოცა.

ზარქუას რომ მაინცდამაინც არ გაუმართლა, წილისყრისასაც დავწერეთ და მართლაც მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან წააგო, თუმცა უშანსოდ, ძალზე არათანაბარ ბრძოლაში - 1:5; 0:5. მანამ კი იყო, შეიძლება ითქვას, გარანტირებული მოგება სლოვაკ მიკოლა ბოლოტნიუკთან, ვისაც სანუგეშოში თურქი მუნირ რეცეპ აკტასიც ზედ მიაყოლა.

ამ შეხვედრებში ჩვენებურმა მინიმალური ანგარიშებით იმარჯვა. თურქთან დამატებითი დროც დასჭირდა, მაგრამ მისთვის მთავარი შედეგი იყო და ასეთი პრაქტიკული მიდგომით ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მას ჯილდოს რუმინელი გეორგე ბუცური ეცილებოდა, რომელმაც თებერვალში ბულგარეთში ნიკოლა პეტროვის მემორიალი მოიგო (სხვათა შორის, ზედიზედ - მეორედ).

შეხვედრა ზარქუას აქტიურობით დაიწყო, რომელმაც მალევე ჩოქბჯენში გადაიყვანა მეტოქე. იქ კი ისე უზადოდ დაატრიალა 2-ქულიანზე, რუს კომენტატორს სულ დითირამბები დააფრქვევინა განთქმულ ქართულ ტექნიკაზე და ჩვენს ეროვნულ საგანძურზე - ქართულ ჭიდაობაზე. თუმცა ზარქუამ მეორე პერიოდის დასაწყისშივე ეს ყველაფერი კინაღამ წყალში გადაყარა, ისე იოლად შეუშვა მეტოქე ფეხში.

გასაკვირია, იმდენად დაუცველი ჰქონდა იმ მომენტში ფეხი - მას გამოცდილება არ აკლია უკვე და მეტი ყურადღება მართებს, თორემ საცოდაობა იყო მისი უმწეობის ცქერა, როცა რუმინელმა ორივე ხელით ასწია მაღლა და კარგა მოხერხებულად შეისვა მხრებზე. კიდევ კარგი, ამ ყოვლად ხელსაყრელი პოზიციიდან მთლად მოხერხებულად ვერ დააგდო და მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა.

მწვრთნელთა მითითების მიხედვით ზარქუამ დიდხანს ამზადა შედეგიანი შეტევა და ანგარიში იოლად გაქვითა - 1:1. ამით უპირატესობა მის მხარეს გადავიდა, რადგან ბოლო ქულა მან გააკეთა და საბოლოოდ იგებდა, მაგრამ პერიოდის მიწურულს კინაღამ საბედისწერო როლი ითამაშა - აშკარად მიუტევებლად გარისკა და ჯვარიდან გდება მოინდომა, რაც მეტოქემ დაუხურა. უფრო სწორად, ჩვენებურს ძალა არ ეყო მის გადასაგდებად და საკუთარ ილეთზე მოჰყვა, მაგრამ კიდევ კარგი, ჯერ ისევ ჰაერში იყვნენ, როცა დრო დამთავრდა. ამაზე რუმინელებმა საკმაოდ იკამათეს, გააპროტესტეს კიდეც, მაგრამ მსაჯებმა მათი პრეტენზია არ მიიღეს და ერთი ქულა ჩვენებურს დაუმატეს.

ასეთ დავიდარაბაში მოიპოვა ზარქუამ კარიერაში მეორე ევროპული მედალი, ამჯერად - ბრინჯაო.

როგორც გითხარით, ამ წონაში აზერბაიჯანელმა ასგაროვმა გაიმარჯვა და ცოტათი შეარყია რუსთა ჰეგემონია - ჩატარებული ოთხი წონიდან იქაურებმა სამი ოქრო ირგუნეს.

მოკლედ, ჭიდაობაში აზერბაიჯანულ-რუსული ორხელისუფლებიანობა გრძელდება. ვინძლო, საერთო სურათი 8 მარტს კიდევ შეიცვალოს ჩვენებურთა ხარჯზე. დღეიდან ხომ ჩვენი გუნდის მთავარი დამრტყმელი ტრიოდან ორი - დავით ხუციშვილი (74) და დავით მოძმანაშვილი (120) ჭიდაობენ, 9 მარტს კი დავით მარსაგიშვილიც (84) იასპარეზებს. ამ სამეულს ნაღდად ხელეწიფება უმაღლესი შედეგისთვის ბრძოლა.

სამწუხაროდ, წილისყრამ ხუციშვილს დიდად არ გაუმართლა და ფინალამდე ურთულესი გზის გავლა მოუწევს. ჩვენებური პირველ წრეში თურქ სონერ დემირტასს ეჭიდავება, ვისაც 2010 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ფინალიც მოუგო და - მსოფლიოსიც.

იმედია, ამჯერადაც აჯობებს მას. ამ შემთხვევაში კი მეორე წრეში ცოტას ამოისუნთქავს - სლოვაკ დან პალინკასსა და გერმანელ აიდინ ერგუნს შორის მოგებულს შეხვდება, მათთან კი არ უნდა გაუჭირდეს.

ბადის ამავე ნახევარში არიან ბულგარელი ოლიმპიური პრიზიორი კირილ ტერზიევი, აზერბაიჯანელთა ნატურალიზებული რუსი ალექსანდრ გოსტიევი და სომეხთა დაღესტნელი ფალავანი მუსა მურთაზალიევი, ვისთანაც ხუციშვილი შარშან დამარცხდა. ბადის ამ მხარეს ხომ ასეთი კოჰორტა შეიკრიბა, მეორე მხარეს რუსთა აფხაზ მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ დენის ცარგუშს, პრაქტიკულად, არავინ ჰყავს ღირსეული მეტოქე. მის გარდა იქით მხოლოდ ერთი მედალოსანია - უნგრელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გაბორ ჰატოში, რომელიც საშუალო დონის ფალავნებში გადის.

წილისყრამ შედარებით გაუმართლა მოძმანაშვილს - თავდაპირველად უნგრელ დანიელ ლიგეტის ხვდება. მადიარს 2010-ში მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში საკმაოდ იოლად მოუგო ლევან ბერიანიძემ. შარშან მსოფლიოს თასზე გიორგი საკანდელიძესთან ერთგვარი რევანში კი აიღო, მაგრამ რაც მისი ჭიდაობა ვიცით, მოძმანაშვილისთვის იოლი ლუკმა გვგონია.

თუ უნგრელს გასცდება, მოძმანაშვილის მომდევო მეტოქე სლოვაკი მარიან ჰუტნანი ან ესპანელი ხოსე ვასკეს კუბა იქნებიან, ჩვენებურზე ასევე სუსტი მოჭიდავეები. მოძმანაშვილს შედარებით ძლიერი მეტოქე ნახევარფინალში თუ შეხვდება. იქ გასვლისთვის კი ბულგარელი ევროპის პრიზიორი დიმიტარ კუმჩევი, სომეხთა ნატურალიზებული ოსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი რუსლან ბასიევი და აზერბაიჯანელთა ახალგაზრდა მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ჯამალედინ მაგომედოვი ერთმანეთში იჭიდავებენ.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

ვაჟები

55 კგ. 1. ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი), 2. ბესიკ გუჩაშვილი (საქართველო), 3. აჰმეტ პეკერი (თურქეთი), რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (ბულგარეთი).

60 კგ. 1. ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი), 2. ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი), 3. მალხაზ ზარქუა (საქართველო), რასულ მურთაზალიევი (რუსეთი).

ქალები

51 კგ. 1. ნინა ივონა მატკოვსკა (პოლონეთი), 2. ალექსანდრა კოგუტი (უკრაინა), 3. ალექსანდრა ენგელჰარდტ დემელი (გერმანია), კატია კრასნოვა (რუსეთი).

59 კგ. 1. ჟანა ვასილენკო (უკრაინა), 2. ანასტასია გრიგორიევა (ლატვია), 3. სონა აჰმადლი (აზერბაიჯანი), ლუდმილა კრისტეა (მოლდოვა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე