ინდიან უელსის ტურნირზე ერთეულთა თანრიგში ერთბაშად ათი მატჩი გაიმართა - მამაკაცებს შორის მერვედფინალური ეტაპი სრულად ჩატარდა
15 მარტს, ინდიან უელსის ტურნირზე, ერთეულთა თანრიგში ერთბაშად ათი მატჩი გაიმართა - მამაკაცებს შორის სრულად ჩატარდა მერვედფინალური ეტაპი; აგრეთვე, გაიმართა ორი მეოთხედფინალი ქალებს შორის.

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და პაბლო ანდუხარის მატჩში ყველა დარწმუნებული იყო, რომ სერბი იოლად გაანადგურებდა ესპანელს. ნოვაკმა სწრაფად შეძლო მეტოქის ფსიქოლოგიურად გატეხვა - სამმაგი გეიმბოლიდან აიღო ანდუხარის მოწოდება.

პაბლოს არც დარტყმები გამოსდიოდა და არც მოწოდება. ორჯერ ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომაც დაუშვა და საბოლოოდ სეტი "მშრალი" ანგარიშით დათმო. სერბი მშვიდად გამოიყურებოდა, არ ცდებოდა და კლასიკურ კომბინაციებს ათამაშებდა.

გასაკვირია, მაგრამ 0:6-მა ანდუხარი დაამშვიდა და ზედმეტი დაძაბულობა მოუხსნა. მეორე სეტის დასაწყისში თავის მოგებულ გეიმს ის ღიმილით და ირონიულად ხელების მაღლა აწევით შეხვდა. ისე ჩანდა, რომ ის შეგუებული იყო წაგებას.

თუმცა ესპანელი დანებებას არ აპირებდა. პირველ რიგში, მან მოწოდება გამოასწორა, დარტყმის ძალას მოუმატა და მიზანიც გაასწორა. სეტის ბოლოს ანდუხარს ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა - პირველი მოწოდებით ქულების 100 (!) პროცენტი მოიგო.

რა თქმა უნდა, ამას ჯოკოვიჩმაც შეუწყო ხელი, რადგან მიღებისას ძალიან ბევრს ცდებოდა. გარდა ამისა, სერბს სერიოზული ხარვეზები ჰქონდა საკუთარ გეიმებში. თუმცა ხასიათის სიმტკიცე არსად გამქრალა - ნოვაკმა შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა იქ სამართლიანობამ იზეიმა და ანდუხარმა დამსახურებულად მოიგო პარტია.

ეს სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა და ეტყობოდა, რომ ესპანელს ძალები ეცლებოდა. სავსებით ლოგიკურია, რომ გადამწყვეტი სეტის დასაწყისში ანდუხარმა კონცენტრაცია დაკარგა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჯოკოვიჩისთვის, რომ მას ბრეიკით წაეყვანა ანგარიში.

ამის შემდეგ პაბლომ დაიბრუნა დამაჯერებელი მოქმედება, მიღებაზე შანსებიც გაუჩნდა, მაგრამ სერბის მოწოდების აღება მაინც ვერ შეძლო - 6:0, 6:7(5), 6:2 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

ნოვაკის შემდეგი მეტოქე ნიკოლას ალმაგრო იქნება, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო ტომაშ ბერდიხს - 6:4, 6:0. ორივე ცუდად თამაშობდა, განსაკუთრებით ჩეხი - მას მხოლოდ ცხრა "ვინერსი" და 31 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ჯოკოვიჩს არ ჩამორჩა როჯერ ფედერერი და მანაც ზედიზედ მეორე მატჩში დათმო სეტი. შვეიცარიელის გუშინდელი მეტოქე ტომაშ ბელუჩი წინა მოწინააღმდეგის, მილოშ რაონიჩის მსგავსად, კარგად აწვდის, მაგრამ ეს არ არის გამართლება მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრისთვის.

როჯერი ცუდად გამოიყურებოდა, არ მისდიოდა დარტყმები და შედეგად ბრაზილიელმა დამსახურებულად და დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი ორი ბრეიკით, მაგრამ შვეიცარიელი არ აღელვებულა და თავის შანსს დაელოდა. მეორე და მესამე პარტიების ბოლოს ბელუჩიმ აშკარად შეარბილა თამაში და მაინც დათმო ქულები გადამწყვეტ მომენტებში - 3:6, 6:3, 6:4 ფედერერის სასარგებლოდ.

ფავორიტებს შორის ყველაზე დამაჯერებლად რაფაელ ნადალმა ითამაშა. მან ალექსანდრ დოლგოპოლოვი დაამარცხა - 6:3, 6:2. უკრაინელის შემტევი სტილი მოსახერხებელი აღმოჩნდა ესპანელისთვის, რადგან მეტოქე ბევრ შეცდომას უშვებდა და თან ნადალი კარგად მოქმედებდა კონტრშეტევებზე. სულ სხვა თამაში ელის მას მეოთხედფინალში დავიდ ნალბანდიანის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს უიმედოდ აგებდა ჟო-ვილფრიდ ცონგასთან, მაგრამ მატჩბოლი მოიგერია და შემდეგ "მოშლილ" ფრანგს სამ სეტში მოუგო - 3:6, 7:5, 6:3.

კინაღამ შემოატრიალა წაგებული მატჩი რაიან ჰარისონმა. პირველ სეტში მარცხის შემდეგ ის 2:5-ს აგებდა მეორე პარტიაში. ფრანგმა მატჩბოლზე "სმეში" ააცილა, 5:3-ზე კიდევ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ამერიკელმა საქმე მესამე პარტიამდე მიიყვანა, მაგრამ იქ ძალები არ ეყო. ჩოგბურთელები დიდი ხანი ათამაშებდნენ ბურთს და ერთი გათამაშება 46 დარტყმისგან შედგებოდა. საბოლოოდ - 7:6(0), 5:7, 6:1 სიმონის სასარგებლოდ.

დღის ბოლოს კარგი თამაშით გაახარეს მაყურებელი ხუან-მარტინ დელ პოტრომ და დენის ისტომინმა. უზბეკმა დიდი ბრძოლა გაუმართა აშშ-ის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონს.

ისტომინი წყობიდან არ გამოიყვანა მეორე პარტიაში სეტზე ჩასაწოდებელი გეიმის წაგებამ, როცა ის 5:4-სა და 40:0-ს იგებდა. არგენტინელმა გადაარჩინა ეს გეიმი და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც წარმატება აზიელს დარჩა. იმ დროისთვის მატჩი უკვე ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ორივე ჩოგბურთელი დაიღალა და არგენტინელს მესამე სეტის სტარტზე გაკეთებული ბრეიკი ეყო საბოლოო წარმატების მისაღწევად - 7:6(2), 6:7(6), 6:2.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 694 969 დოლარი

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:0, 6:7(5), 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:4, 6:0; ჟილ სიმონი (საფ, 13)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:6(0), 5:7, 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 11)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:4, 7:5; ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-დენის ისტომინი (უზბ) 7:6(2), 6:7(6), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ტომას ბელუჩი (ბრა) 3:6, 6:3, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 3:6, 7:5, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21) 6:3, 6:2.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ალმაგრო (12); სიმონი (13)-ისნერი (11) დელ პოტრო (9)-ფედერერი (3); ნალბანდიანი-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა