აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთელთა 23.6 პროცენტი უშუალოდ მონაწილეობს გარიგებულ მატჩებში
"როიტერის" მიერ გავრცელებული სენსაციური კომენტარი იმაზე მეტყველებს, რომ ფიფა გაეროსა და ევროკავშირივით მხოლოდ შეშფოთებას არ დასჯერდება და გარიგებულ მატჩებთან რეალურ ბრძოლას დაიწყებს.

ფიფას პოზიციის გაცნობამდე კი გეტყვით, რომ მცირე ხნის წინ "ფიფპრომ" (ფეხბურთელთა და მწვრთნელთა საერთაშორისო პროფკავშირი) გამოაქვეყნა "შავი წიგნი". სანდო წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფეხბურთო პროფკავშირის მკვლევარებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთელთა 23.6 პროცენტი უშუალოდ მონაწილეობს გარიგებულ მატჩებში ან მასზე ინფორმირებულია. რუსეთში კი ეს მაჩვენებელი 43.5 პროცენტს აღწევს.

"ფიფა ხაზგასმით აღნიშნავს: კარგად ვართ ინფორმირებულნი რუსეთში ჩაწყობილი თამაშების მასშტაბის შესახებ - მასში ფეხბურთელთა თითქმის ნახევარია ჩართული. ეს კარგად ჩანს "ფიფპროს" შედგენილ "შავ წიგნშიც".

კორუფციამ ღრმად შეაღწია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთში.

კორუფციასთან და გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის სამი ძირითადი მიმართულება არსებობს. პირველი - საჭიროა პოლიტიკური ნება; მეორე - აუცილებელია ცალკე სტრუქტურის შექმნა, რომელიც ასეთ ინფორმაციებს თვალყურს მიადევნებს; მესამე - არსებულ ინფორმაციებს ქმედითი რეაქციაც უნდა მოჰყვეს. რუსეთს გააჩნია ყველა საშუალება, რათა გარიგებულ მატჩებს რეალურად ებრძოლოს.

საინტერესო საუბარი მქონდა რუსეთის საფეხბურთო ასოციაციის მსაჯთა და დამკვირვებელთა დეპარტამენტის თავმჯდომარე რობერტო როზეტისთან. საერთოდ, ვაპირებ, რეგულარულად ვეწვიო იმ ქვეყნებს, სადაც გარიგებული მატჩების პრობლემა მწვავედ დგას. ძალიან გულუბრყვილო ადამიანი თუ იფიქრებს, რომ კორუფცია, მაგალითად, მხოლოდ დასავლეთ ევროპაში არსებობს. კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ყველგან შეაღწიეს და მათგან არც ერთი ქვეყანა დაცული არ არის.

ამჟამად ფიფა ამ საკითხზე პრიორიტეტულად აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მუშაობს. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, მზერა ამ ქვეყანასაც მივაპყარით. დარწმუნებული ვარ, ფიფამ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური სტრუქტურა შექმნა", - განაცხადა "როიტერთან" ფიფას უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა კრის იტონმა.

იტონმა გარკვევით ბრძანა, რომ სენი არა მხოლოდ რუსეთს, მთელ აღმოსავლეთ ევროპას მოედო. ამდენად, ეს ჩვენთვისაც აქტუალური საკითხი ხდება. მით უფრო, რომ ორი დღით ადრე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბელგრადში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრთა კონფერენციაზე იგივე პრობლემა წამოჭრა.

"მოგიწოდებთ, გარიგებულ მატჩებს სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი მივანიჭოთ და ამ მოვლენასთან საბრძოლველად საერთაშორისო კონვენცია შევქმნათ. გარიგებული მატჩები მთელ სპორტულ სისტემას კლავს. შარშან, სექტემბერში, ვსაუბრობდი ტოტალიზატორებში დადებულ უკანონო ფსონებზე. გარიგებულმა მატჩებმა ჩვენი სერიოზული შეშფოთება, მე ვიტყოდი, დღემდე არნახული შიშიც კი გამოიწვია. ასეთი მატჩების უკან ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დგანან, რომლებიც ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული "ხვრელებით" სარგებლობენ და მთლიანი ტურნირების პრესტიჟს ჩირქს სცხებენ.

გარიგებულ მატჩებს მხოლოდ სპორტული ორგანოების უფლებამოსილებებით ვერ მოვერევით. ამიტომ ევროპის საბჭოში შემავალ ქვეყნებს დაუყოვნებელ გთხოვთ დახმარებას: გარიგებულ მატჩებს მიანიჭეთ სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი და ეს მოვლენა კანონგარეშე გამოაცხადეთ.

დამნაშავე ელემენტების ნეიტრალიზაციისთვის ევროპის ქვეყნების სამართალდამცველი და სასამართლო სისტემათა ეფექტური თანამშრომლობაა საჭირო. ამიტომ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია საერთაშორისო კონვენციის მიღება. რა თქმა უნდა, ეს პატიოსანი და ღია სპორტისკენ გადადგმული მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქნება, მაგრამ აუცილებელია.

ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს ფინანსურ "ფეირ-პლეის". კლუბების პოზიცია ძალიან სარისკოა. 2010 წელს მათ 1,6 მილიარდი ევროთი იზარალეს. ეს ციფრები სისტემის სიმყიფეზე მიუთითებს. კლუბები გიგანტურ კაზინოებად გადაიქცნენ. ფეხბურთში ფინანსური დისციპლინისა და "ფეარ პლეის" აუცილებლობა მოკლედ ასე შემიძლია გადმოგცეთ: "იცხოვრეთ არსებული სახსრებით" და "არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც დაშვება აკრძალულია".

ვითარება აუტანელი ხდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. გთხოვთ, რომ დაიცვათ ფინანსური "ფეარ პლეი" და სარისკო გაურკვევლობები საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით შეცვალეთ", - თქვა პლატინიმ სპორტის მინისტრებთან მორიგი მიმართვისას.

პლატინის სიტყვებში განსაკუთრებით ეს გვენიშნა - "ვითარება აუტანელი ხდება". ცხადია, ფიფასა და უეფაში არ სძინავთ. არავინ უარყოფს, რომ გარიგებები, კორუფცია და დიდი მამაძაღლობები ამ ორგანიზაციებისთვისაც არ არის უცხო ხილი, მაგრამ იტონისა და პლატინის ერთ ხმაში ამღერება და თანაც ერთდროულად, საგანგაშო სიგნალად უნდა მივიღოთ. როდესაც უდიდესი პოლიტიკური გავლენისა და ფინანსური სახსრების მქონე რუსეთს საჯაროდ თითს უქნევენ, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ გეოსტრატეგიული მდებარეობისა და კარგი პურმარილის გამო ჩვენს ფეხბურთში გარიგებულ მატჩებზე თვალს დახუჭავენ.

ვაღიაროთ, ვითარება საქართველოს ჩემპიონატშიც აუტანელი ხდება. შეგახსენებთ, რომ შარშან, მაისის დასაწყისში, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ხუთი ფეხბურთელი დააკავა, რომლებიც დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა, მაგრამ მათ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ამან ბევრი გამოაფხიზლა, ყოველ შემთხვევაში, მოთამაშეები მაინც. მაგრამ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ვერ იაზრებს, ფიფა-უეფამ რა პროცესები წამოიწყო. იქ კი სულელები არ სხედან და ნებისმიერ ჩემპიონატში მომხდარ ამბებს აკონტროლებენ. საეჭვოდ შეცვლილი ფსონების ამბებიც მოეხსენებათ და არავინ უწყის, როდის შემოგვიტრიალდებიან.

ბრიყვები ჩვენც არ ვართ, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვამტკიცებთ. გულშემატკივარი კი ისევ ჩვენ გვადანაშაულებს დუმილში. მაგრამ ქართული სპორტული მედია თვალში ნაცრის შეყრასთან შეგუებას არ აპირებს და ასეთი შეხვედრების ბოიკოტირებაზე ფიქრობს.

სანამ დროა, აჯობებს, ჩვენმა გუნდებმა გაიაზრონ - ცეცხლთან თამაში სახიფათოა. 3 ქულა, მედლები და თასი იმად არ ღირს, ფიფამ და უეფამ საქვეყნოდ თავი რომ მოგვჭრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა