139:133, 54, 20, 15, 0 - ციფრების ასეთი კორიანტელი დააყენეს "იუტასთან" შეხვედრაში "ატლანტამ" და ქართველმა ცენტრმა
139:133, 54, 20, 15, 0 - ციფრების ასეთი კორიანტელი დააყენეს "იუტასთან" შეხვედრაში "ატლანტამ" და ზაზა ფაჩულიამ. მივყვეთ რიცხვებს თანმიმდევრობით, კლებადობის მიხედვით.

139:133

კვირას თბილისში რომ თენდებოდა, ამერიკის ქალაქ ატლანტაში შედგა ისტორიული მატჩი, როგორც ფაჩულიასთვის, ისე NBA-სთვის. "ატლანტამ" და "იუტამ" ძირითადი დრო ფრედ დაასრულეს; ყაიმით დამთავრდა პირველი, მეორე და მესამე ოვერტაიმები და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მეოთხე დამატებით ხუთწუთეულში გაირკვა.

შეხვედრა 3:16 საათს გაგრძელდა. 1997 წლის შემდეგ ("ფინიქსი"-"პორტლენდი" 140:139) ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველად სწორედ ატლანტაში დაფიქსირდა ოთხი ოვერტაიმი. NBA-ს ისტორიას კი სულ 9 ოთხოვერტაიმიანი მატჩი ახსოვს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მატჩი მოიგო გუნდმა, რომელიც სამ დღეში შეუსვენებლივ მესამე მატჩს ატარებდა. ქრონოლოგიას ქვემოთ გაეცნობით, აქ კი ყურადღებას დავუთმობთ მეორე ოვერტაიმის ბოლო ზუსტ ტყორცნას: "ატლანტა" 3 ქულის სხვაობით აგებდა, სირენამდე 7 წამი რჩებოდა, როცა ჯო ჯონსონმა ბურთი იხელთა, მეტოქე მოძრაობაზე დაიჭირა, პერიმეტრის ხაზზე ავიდა და სამქულიანით თამაში გადაარჩინა - 113:113.

მეოთხე ოვერტაიმში დაღლილობისგან ყველა დამძიმდა, თუმცა შედარებით დასვენებულმა ვილი გრინმა ჯოს მიბაძა და შორეული ტყორცნით მოქანცული ახალგაზრდა იუტელები წელში გატეხა.

დაღლასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიას ნათქვამი გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" მიმოხილვის შესავალში მოექცა:

"ბოლო წუთებზე მოედანზე ისე ვმოძრაობდით, თითქოს 40 წლისანი ვყოფილიყავით".

28 წლის ქართველი ცენტრი განაგრძობს:

"მეოთხე ოვერტაიმის წინ სათადარიგოთა სკამზე მსხდომებმა ვთქვით: საკმარისია, დროა ყველაფერი დავასრულოთ! ძნელი განსასაზღვრი იყო მატჩის შედეგი, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულებულიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა. გრინის სამქულიანმა დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში. მან სათადარიგოთა სკამიდან მეტი ენერგია შემოიტანა და შედარებით დაღლილ სასტარტოებს ძალიან დაგვეხმარა".

54

ვილაპარაკეთ ჯონსონისა (37 ქულა) და გრინის გმირობებზე. გამარჯვებაში არანაკლები წვლილი შეიტანა ფაჩულიამ. მან ხომ ჯოს შემდეგ ყველაზე მეტი, 54 წუთი ითამაშა. რამდენად სასარგებლო იყო ზაზა, ამაზე ჩვენეული ვერსიის წერას არ შევუდგებით. მოვუსმინოთ "ჰოქსის" თავკაც ლარი დრიუს, რომელიც აღფრთოვანებული ლაპარაკობს:

"ფაჩულია "იუტას" საუკეთესო მოთამაშის, ჯეფერსონის წინააღმდეგ ირჯებოდა. ქართველი ნამდვილი მეომარია, ნამდვილად კარგი ცენტრია, რომელმაც თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა. ზაზამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მისგან მოვითხოვდით".

"ატლანტა კონსტიტუშენის" კორესპონდენტი მაიკლ კანინგემი დასძენს: "ფაჩულიას რთული მისიის შესრულება მოუწია - ჯეფერსონს მეურვეობდა, რომელიც ყველა წერტილიდან ზუსტად ისროდა. მაგრამ ზაზამ საბოლოოდ მაინც შეასრულა თავისი მისია - ჯეფერსონს ხუთი ჯარიმა მიაღებინა, თავად კი 15 ქულა, 20 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა".

როგორც გითხარით, 54 წუთი ფაჩულიას კარიერის რეკორდია. მანამდე მას ყველაზე მეტი, 50 წუთი 2006 წლის 15 მარტს "ნიუ იორკის" წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები.

20

2006 და 2009 წლებში ფაჩულიამ ჯერ "ორლანდოსთან" მატჩში მოხსნა 18-ჯერ, შემდეგ "მაიამისთან". გუშინ გამთენიისას კი ზაზამ "იუტასთან" მეოთხე დამატებითი დროის დასრულებამდე 1:47 წუთით ადრე მეტოქის მიერ აცილებული ბურთი არავის დაუთმო, რაც მისთვის მატჩში მე-19 მოხსნა გამოდგა.

საბოლოოდ კი ფარიდან ასხლეტილ ბურთს 20-ჯერ დაეუფლა და NBA-ში პირადი რეკორდი გაიუმჯობესა.

საქართველოს ნაკრების მაისურით მას უკეთესი შედეგიც აქვს: 2005 წელს ლუქსემბურგთან ბურთი 21-ჯერ მოხსნა.

15

15 ქულა ზაზას არც საერთო და არც საამსეზონო რეკორდია, მაგრამ მასზე ყურადღების გამახვილება მაინც აუცილებელია. "იუტასთან" შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:31 წუთით ადრე ზაზამ მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა (მერვე ქულა). დარჩენილ დროში მხოლოდ სამი ქულა ჩავარდა, სამივე "ატლანტას" კალათში და ძირითადი დრო 98:98 დასრულდა.

პირველი დამატებითი დრო მწირი აღმოჩნდა - 2:2. მეორე ოვერტაიმში თავიდან "იუტა" დაწინაურდა - 109:104. თუმცა ჯერ ჯეფ ტიგმა გამოიყენა ჯარიმიანი ორქულიანი, შემდეგ ფაჩულიამ გაიმეორა იგივე და მასპინძლები წინ გაიჭრნენ - 110:109.

ზაზამ მესამე დამატებით ხუთწუთეულშიც უშეცდომოდ ისროლა: ჯერ ორქულიანი, შემდეგ ორივე საჯარიმო. რაც მთავარია, მეოთხე პერიოდის შემდეგ ქართველმა მხოლოდ ერთი ააცილა, ისიც კალათიდან დაახლოებით ხუთი მეტრიდან. როგორც ჩანს, "კლივლენდთან" და "დენვერთან" ბოლო წამებზე გაცუდებული ტყორცნების შემდეგ ფაჩულიამ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოიცილა და მწვრთნელსაც დაანახა, რომ კრიტიკულ მომენტში შეტევაში მისი ნდობა ისევე შეიძლება, როგორც სხვა ლიდერებისა.

0

ზემოთ არაერთი "მსუყე" ციფრი ჩამოვწერეთ, მაგრამ მათზე არანაკლებ ღირებულია ერთი მოკრძალებული ნულიანი, რომელიც ოქმში ფაჩულიას გასწვრივ დაკარგვების გრაფაში წერია. 54 წუთში 0 შეცდომა ზაზას აკურატულობაზე მეტყველებს, რასაც გამოცდილება და მატჩისთვის ფსიქოლოგიურად სათანადოდ განწყობა განაპირობებს.

ატლანტა-იუტა 139:133 (4 დ.დ.)

ზაზა ფაჩულია: 54 წუთი, 15 ქულა (11-იდან 6 ორქულიანი, 3-იდან 3 საჯარიმო), 20 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება, 5 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!