ჩვენი ნაკრების თავკაცი ლევან მაისაშვილი უელსთან მატჩის პერიპეტიებზე ჰყვება
საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანული ტურნეს მეორე მატჩში უელსის ჩემპიონატის კლუბების ნაკრები 36:32 დაამარცხა.

ამ შეხვედრას უელსში წინ დიდი აჟიოტაჟი უძღოდა. უელსელები იმედოვნებდნენ, რომ მზარდი სარაგბო ქვეყნიდან ჩამოსულ გუნდს მოუგებდნენ.

ქართული რაგბისთვის ამ გამარჯვებას შესაძლოა ეპოქალური მნიშვნელობაც ჰქონდეს. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრებმა უელსის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგო.

უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა დონის ნაკრებთან გვქონდა საქმე, უელსის რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ.

გუნდის კაპიტნად მთავარმა მწვრთნელმა საიმონ კინგმა "ქუინზის" მეორეხაზელი ჰეიდე პიუ დანიშნა, რომელიც შარშან უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მორაგბედ მიიჩნევა უელსში.

უელსის ახალგაზრდული ნაკრების წევრები იყვნენ გარემარბი რიჩარდ კარტერი, პირველხაზელი მორგან ალენი და შუამარბი სკოტ ვილიამსი. გარემარბი ლი რისი უელსის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია. სტივენ ჯოუნზს, გრენტ ოდრისკოლსა და ადამ პაულეს კი წელს თავიანთი რეგიონების ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვთ.

აი, რას ამბობდა მატჩის წინ უელსელთა თავკაცი:

"მოხარული ვარ, რომ უელსის ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა საუკეთესო მორაგბეს შეკრება მოვახერხეთ. მოუთმენლად ველი საქართველოს A ნაკრებთან თამაშს. ყველა მოთამაშეს დიდი სურვილი აქვს, უელსის ღირსება წარმატებით დაიცვას".

მატჩის შემდეგ უელსური მედია ჩვენი მორაგბეების მიმართ დიდი ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა. უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული მატჩის ანალიზიდან მხოლოდ ერთი წინადადების მოყვანა შეგვიძლია:

"საქართველოს A ნაკრები შესანიშნავად ირჯებოდა შეტევისას და ნათლად გვიჩვენა, როგორ ვითარდება რაგბი ამ ქვეყანაში".

ამასთან ერთად, გთავაზობთ ამონარიდებს სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებიდან, რომლებიც, ცხადია, რაგბის აქტიურად აშუქებენ.

"მართალი გითხრათ, უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს A ნაკრებს აუცილებლად დაამარცხებდა. თამაშშიც ჩანდა, რომ ჩვენი მორაგბეები უფრო ოსტატურად თამაშობდნენ, მაგრამ მეტოქის კარგად ორგანიზებულ დაცვას ბევრი ვერაფერი დააკლეს მაშინ, როცა ქართველები პირველ ტაიმში სამჯერ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და სამივეჯერ ლელო გაიტანეს.

უელსის კლუბების ნაკრების დაცვა საშინელი იყო. პირველი ნახევრის მიწურულს მეტოქის ცხრა ნომერმა (გიორგი კაჭარავა) ხაზი ისე გაჭრა, ნახევარი გუნდი უსაქმოდ დატოვა. არადა, ის ტანად სულაც არაა დიდი. გამხდარი, მაგრამ სწრაფი ბიჭია.

შესაძლოა გასაოცარია, მაგრამ ჩვენი გუნდი საქართველოს A ნაკრების მორკინალებმა გატეხეს ღია თამაშში. იმათ მხარი უკანახაზელებმაც აუბეს".

ცხადია, ყველაზე მეტად რაგბის ქართველ ქომაგს საქართველოს A ნაკრების ხელმძღვანელების მოსაზრება აინტერესებთ.

მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს უელსში დავუკავშირდით და განვლილი მატჩის პერიპეტიებზე ვესაუბრეთ:

- მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა თამაში მაღალ ტემპში გაეშალა. უელსელები ხელდახელ ძალიან კარგად ბურთაობდნენ და მათ არც ჩვენ ჩამოვრჩით. შერკინებას სტატიკურ მდგომარეობაში თამაშისას თავიდან გაუჭირდა, თუმცა მერე, ნელ-ნელა მდგომარეობა გამოსწორდა და ღია თამაშში ვჯობდით კიდეც.

- მეტოქემ ექვსი საჯარიმო გაგვიტანა. აქედან ხუთი - პირველ ტაიმში. რისი ბრალია ასეთი ხშირი ჯარიმები?

- ჩვენ თავიდანვე მივეცით მორაგბეებს დავალება, რაკში თამაშისას ბურთის ამოღების დროს სიფრთხილე გამოეჩინათ. როცა დაცვა ხაზად იდგა, ამას ვახერხებდით, მაგრამ საკმარისი იყო, უელსელს ხაზი გაეჭრა, რომ მისი შებოჭვის შემდეგ წარმოქმნილ რაკში ვჯარიმდებოდით. პრობლემამ სწორედ აქ იჩინა თავი.

- საინტერესოა, როგორ გაიტანეს ლელოები ჩვენმა მორაგბეებმა?

- პირველი ლელო შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვლმა გაიტანა. კონტრშეტევა წამოვიწყეთ, შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შევცვალეთ, 22-მეტრიან ზონაში შევაღწიეთ და იქ მორკინალების დარტყმებით ჩათვლის მოედნამდე მივედით.

მეორე ლელო მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ მიითვალა. მან თავის ჩვეულ სტილში ბურთი რაკიდან შეუმჩნევლად მოიპარა და ლელოში შეიტანა.

ტაიმის მიწურულს გიორგი კაჭარავამ იყოჩაღა.

ჯარიმის უპირატესობა გვქონდა. თამაში ფლანგებზე გავშალეთ. ლელო თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ რაკში თამაშისას უელსელები დაჯარიმდნენ. კაჭარავამ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა, მეტოქის ხაზი გაჭრა და ლელომდე 30 მეტრი ირბინა.

მეორე ტაიმში რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ მგეზავმა ირაკლი გეგენავამ გარღვევაზე შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე გაიყვანა, რომელმაც ცერად ირბინა და კარგი პასით ირაკლი ჩხიკვაძეს ლამაზი ლელო გაატანინა.

ბოლო, მეხუთე ლელო შერკინებიდან გავიტანეთ. შეცვლაზე შესულმა ჯაბა კიკვიძემ რვა ნომრის პოზიციიდან ბურთი აიტაცა და უელსელები დაალელოვა. ამის გარდა, კიდევ რამდენიმე კარგი შეტევა გვქონდა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მატჩის არბიტრმა ორი ალალი ლელო არ ჩაგვითვალა.

- ვის გამოყოფდით, ვინ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ?

- ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. არც იქნება სწორი, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო ირაკლი გეგენავასა და გიორგი კაჭარავას დუეტი; შესანიშნავად ითამაშეს შუამარბებმა (გიორგი ჯიმშელაძე, ირაკლი ჩხიკვაძე); დავით ჩიტიძე ძალიან ეფექტური და აქტიური იყო შეტევაში; ფულბეკი საბა ნიკოლავა კარგად ერთვებოდა შეტევაში და დაცვაშიც ყურადღებით გაისარჯა. კარში რაც დაარტყა, ერთის გარდა ყველა გაიტანა (ოთხი გარდასახვა და ერთი საჯარიმო, 11 ქულა). ძალიან აქტიურად და სასარგებლოდ მოქმედებდნენ მესამეხაზელები.

- მომდევნო მატჩი არანაკლებ ძლიერ მეტოქესთან გაქვთ. რაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რას შეცვლით გუნდის თამაშში?

- აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ დისციპლინა. ლაპარაკი არ არის მარტო იმაზე, რომ ყვითელ ბარათებს ხშირად გვიჩვენებენ. ელემენტარულ სათამაშო სიტუაციებში წესის დაურღვევლად თამაში უნდა ვისწავლოთ. ეს კომპონენტი თუ არ დავალაგეთ, არაფერი გამოვა.

საქართველო A

პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).

#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).

#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).

#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).

21 მარტი

საქართველო A-ეშერი 25:8

27 მარტი

საქართველო A-უელსი XV 36:32

31 მარტი

საქართველო A-ჩრ.უელსი XV

"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე