უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებს ერთმანეთში აქამდე ფრედ არც ერთხელ ეთამაშათ!

C ჯგუფი

12.06. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 38 646 მაყურებელი

ინგლისი-აშშ 1:1

ინგლისი: გრინი - ჯონსონი, ტერი, კინგი (46. კარაგერი), ე. კოული - ლენონი, ლემპარდი, ჯერარდი, მილნერი (31. რაიტ-ფილიპსი) - რუნი, ჰესკი (79. კრაუჩი).

აშშ: ჰოვარდი - ჩერუნდოლო, ონიევუ, დიმერიტი, ბოკანეგრა - დონოვანი, მ. ბრედლი, კლარკი, დემპსი - ალტიდორი (86. ჰოლდენი), ფინდლი (76. ბადლი).

გოლები: 1:0 ჯერარდი (4), 1:1 დემპსი (40)

მატჩი დაიწყო: აშშ; დარტყმა: 18(8)-13(4), ჯარიმა: 12-14; კუთხური: 8-4; გაფრთხილება: 3-3; ბურთის ფლობა: 54%-46%.

მატჩის ქრონოლოგია

4' - 1:0 - გლენ ჯონსონი-ფრენკ ლემპარდი-ემილ ჰესკის კომბინაცია სტივენ ჯერარდის ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა.

11' - კლინტ დემპსის თავური დარტყმა რობერტ გრინმა მოიგერია

12', 13', 14' - ლენდონ დონოვანმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდა ინგლისის ნაკრების კართან

19' - დონოვანის სახიფათო გადაცემას ვერც ჯოზი ალტიდორი მიწვდა, ვერც - კლინტი დემპსი.

20' - უიენ რუნის ჩინებული პასის მერე აარონ ლენონმა მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადააცემა გააკეთა - ბურთმა სტივენ ჯერარდამდე ვერ მიაღწია.

29' - ემილ ჰესკისთან შეჯახების შემდეგ ტიმ ჰოვარდმა ტრავმა მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა.

39' - ინგლისელთა კარს კვლავ ლენდონ დონოვანი უტევდა

40' - 1:1 - კლინტ დემპსიმ 25 მეტრიდან ბურთი მეტოქის კარის მიმართულებით გაგზავნა, რობერტ გრინმა კი უხერხულად მოიგერია და კურიოზული გოლიც გავიდა.

41' - ტიმ ჰოვარდმა გლენ ჯონსონის დარტყმა მოიგერია

52' - რეალური მომენტი აშშ-ს ნაკრების კართან: ლენონის პასით ჰესკი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ჰოვარდს ვერ აჯობა.

63' - ფრენკ ლემპარდის შორეული დარტყმა ჰოვარდმა მოიგერია

64' - გლენ ჯონსონმა ბურთი ამერიკელთა კარს ააცილა

65' - ჯოზი ალტიდორმა სისწრაფეში დაჯაბნა ჯეიმი კარაგერი და მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას; ბურთი რობერტ გრინმა მოიგერია, შემდეგ კი ინგლისელთა კარის ძელს მოხვდა.

76' - შონ რაი-ფილიპსი ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ტიმ ჰოვარდს ვერ აჯობა.

77' - უეინ რუნი ერთი წუთის განმავლობაში სამჯერ აღმოჩნდა დასარტყამ პოზიციაზე.

...უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებს ერთმანეთში აქამდე ფრედ არც ერთხელ ეთამაშათ! და აი, ურთიერთშეხვედრებში პირველი საყაიმო ანგარიშიც დაფიქსირდა, ვისთვის, შესაძლოა, მოულოდნელობა რომ იყო, ჩვენი აზრით კი - აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი...

ჰო, როგორ შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატის "ხმაურიან სენსაციად" შეფასდეს საკმაოდ ორგანიზებული და ტაქტიკურად განსწავლული გუნდის არწაგება? თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ფიფა-ს რეიტინგში აშშ-ს ნაკრები XIV ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ექვსი საფეხურით ჩამორჩება ამ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ინგლისის ნაკრებს. ამას გარდა, ამავე ჯგუფის დანარჩენი ორი გუნდის "სიძლიერეს" თუ გავითვალისწინებთ, ინგლისიც და აშშ-ც, უპრობლემოდ უნდა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

...ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოსა და ბობ ბრედლის ერთმანეთისთვის და გულშემატკივრებისათვისაც რაიმე სიურპრიზი არ შეუთავაზებიათ. აშშ-ს ნაკრები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგა, თუ არ ჩავთვლით თავდასხმაში რობი ფინდლის გამოჩენას; აღსანიშნავია, "სოლტ-ლეიკ სიტის" 24 წლის ფორვარდი ერთადერთი ფეხბურთელი იყო აშშ-ს ნაკრებში, ვინც MLS-ის ჩემპიონატში მონაწილეობს. დანარჩენები კი ინგლისის, იტალიის, გერმანიისა თუ საფრანგეთის არცთუ სუსტ გუნდებში თამაშობენ და თითოეულ მათგანს საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილებაც არ დაეწუნებოდა. ინგლისის ნაკრებში მეტ-ნაკლებად სამი პოზიცია იყო შედარებით საკამათო: მეკარის, მარცხენა ნახევარმცველის და "მეორე" ფორვარდის. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ მეკარისა და მარცხენა ნახევარმცველის პრობლემა ინგლისის ნაკრებში უკვე წლებია ვერაფრით გადაიჭრა და ყოველივე ეს ამ შეხვედრამაც დაამტკიცა. ჯერ, მეკარეზე ვთქვათ: რობერტ გრინმა ისეთი ბურთი გაუშვა, კურიოზულზე მეტი რომ ეთქმოდა! ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ინგლისური "ფულემის" ნახევარმცველის კლინტ დემპსის დარტყმის შემდეგ გრინმა ბურთი... საკუთარ კარში ხელით შეაგდო! ამ ეპიზოდის დროს, ინგლისის ნაკრების ქომაგებს, რაღა თქმა უნდა, თავიანთი მეკარეების ბოლოდროინდელი, მართლაც, კომიკური შეცდომები გაახსენდათ: დევიდ ჯეიმსს, პოლ რობინსონსა და სკოტ კარსონს, ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი საჩუქარი გაუკეთებიათ მეტოქეთათვის...

მთლად კატასტროფული სიტუაცია არ არის მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მიჩნეულმა ჯეიმს მილნერმა მატჩის დასაწყისი აშკარად ჩააგდო. ჰოდა, არც არავის გაჰკვირვებია, განრისხებულმა კაპელომ "ასტონ ვილას" ნიჭიერი ნახევარმცველი ერთობ ნაადრევად რომ შეცვალა. სწორადაც მოიქცა: ამერიკელთა მარჯვენა ნახევარმცველმა ლენდონ დონოვანმა ხომ "აიკლო" ეს ფლანგი, ხშირად მარჯვენა მცველ სტივ ჩერუნდოლოც ერთვებოდა შეტევებში და ვიდრე მილნერი მოედანზე იყო, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოსდა, ინგლისელებს მარცხენა ფრთაზე საერთოდ... არავინ ჰყავდათ. შეცვლაზე შემოსულ შონ რაიტ-ფილიპსს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მილნერთან შედარებით ბევრად სწრაფად და, რაც მთავარია, აქტიურად გამოიყურებოდა. აი, "მეორე" ფორვარდის შემთხვევაში კი კაპელოს არჩევანს ვერავინ დაუწუნებდა: მთავარ ვარსკვლავს უეინ რუნის იტალიელმა სპეციალისტმა ათლეტური ემილ ჰესკი შეუწყვილა. აბსოლუტურად სწორი გათვლა იყო: ამერიკელთა ორივე ცენტრალური მცველი (ოგუჩი ონიევუ, ჯეი დიმერიტი) შესაშური ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან და სწორედ მათი "გაბარიტების" მქონე ჰესკის აქტიური და უშიშარი თამაშით ინგლისელებს მეტოქის საჯარიმოში პრობლემები არ უნდა შეჰქმნოდათ; აქაც, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით: ინგლისელთა შემადგენლობაში თუ ვინმე იყო საუკეთესო, "ასტონ ვილას" 32 წლის ფორვარდზე ითქმის (არც გლენ ჯონსონს უთამაშია ურიგოდ) და სწორედ ემილ ჰესკის ჩინებულ პასს მოჰყვა კიდეც ამ შეხვედრის სწრაფი გოლი: ინგლისის ნაკრების ახალმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა არანაკლებ ეფექტური დარტყმით ტიმ ჰოვარდი უშანსოდ დატოვა! მთლიანად, კომბინაცია იყო მეტად ეფექტური და ასეთი სწრაფი გოლის გაშვების მერე, ბევრი გუნდი, ალბათ, ფსიქოლოგიურად გატყდებოდა კიდეც (მით უფრო, როცა მეტოქედ ინგლისის ნაკრები გყავს); თუმცა, ამერიკელებს ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ მოედანზე სიტუაციის გამოსასწორებლად და კლინტ დემპსის სახიფათო თავური დარტყმაც ამას მოწმობდა. მერე იყო ეპიზოდი, ამერიკელებმა ერთი წუთის განმავლობაში ზედიზედ სამი (!) კუთხური რომ მოაწოდეს; ამასთან, სულ უფრო ნათლად ჩანდა, რომ ინგლისელებს მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ (ეშლი კოულიც ვერ არის ჩვეულ ფორმაში მძიმე ტრავმის შემდეგ). ამერიკელთაგან განსაკუთრებით მათი ლიდერი ლენდონ დონოვანი გამოირჩეოდა - მილნერი ხომ პირწმინდად დაჩაგრა თავის ფლანგზე, ხშირად საპირისპირო მხარეს გადადიოდა და იქიდან ცდილობდა თამაშის გამწვავებას; ამას გარდა, მის მიერ შესრულებული ყველა "სტანდარტულიც" ძალიან სახიფათო იყო. აი, ინგლისელთა ლიდერმა უეინ რუნიმ კი ბურთი პირველად... მეოცე წუთზე მიიღო, თუმცა აარონ ლენონს ისეთი პასი მიაწოდა, მთელ თამაშად ღირდა. სამწუხაროდ, "ტოტენჰემის" მარჯვენა გარემარბის ფლანგური გარღვევა ზუსტი პასით ვერც ამჯერად დასრულდა - არადა, სტივენ ჯერარდი კარის წინ სრულიად მარტო იმყოფებოდა. ინგლისელებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გლენ ჯონსონის დარტყმა ტიმ ჰოვარდმა მოიგერია. სამაგიეროდ, გოლი საპირისპირო კარში ვიხილეთ, თან, გოლსაც ხომ გააჩნია - 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სსრკ-ბრაზილიის მატჩში ანდრეი ბალმა რომ გაუტანა ვალდირ პერესს, "კურიოზული მასშტაბებით", აი, დაახლოებით ასეთი რამ მოხდა...

...შესვენებაზე კაპელომ კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება გააკეთა და ლედლი კინგის ნაცვლად დაცვის ცენტრში ჯეიმი კარაგერი დააყენა. რა ბევრი მტკიცება უნდა - რიო ფერდინანდის არყოფნა ინგისელთა დაცვისათვის უდიდესი დანაკარგი აღმოჩნდა. თუმცა, მეორე ტაიმი ინგლისელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველი 20 წუთი სულ შეტევაში გაატარეს; რაც მთავარია, მაქსიმალურად იყენებდნენ განაპირა ნახევარმცველებს, მაგრამ ვერც ამ გათვლამ მოიტანა სასურველი შედეგი: აარონ ლენონიც და შონ რაიტ-ფილიპსიც სისწრაფით კი გამოირჩეოდნენ, მაგრამ ფლანგიდან საბოლოო, ზუსტი პასის გაკეთებას ვეღარ ახერხებდნენ. ამასთან, უჩვეულოდ ბევრი წუნი ჰქონდათ გადაცემებში სტივენ ჯერარდსა და ფრენკ ლემპარდსაც; ამ უკანასკნელმა ერთადერთხელ მოახერხა "საფირმო" შორეული დარტყმის შესრულება, მაგრამ ტიმ ჰოვარდმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამერიკელთა მეკარემ იმ ეპიზოდშიც იყოჩაღა, როცა აარონ ლენონმა, როგორც იქნა, ზუსტი პასით ემილ ჰესკი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ჰოვარდმა საკუთარი გუნდი აშკარად ხიფათს გადაარჩინა. ამერიკელები თამაშის ამ მონაკვეთში თავს ორგანიზებულად იცავდნენ და ერთი-ორჯერ მწვავე კონტრშეტევითაც უპასუხეს. ეგ კი არა, 65-ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შანსიც მიეცათ: ჯოზი ალტიდორმა სისწრაფეშიც აჯობა ჯეიმი კარაგერს და პოზიციური ბრძოლაც მოუგო, მაგრამ ესპანური "ვილიარეალის" ფორვარდის მახვილი კუთხიდან დარტყმულ ბურთს რობერტ გრინმაც ხელი შეავლო და მერე კი ძელს მოხვდა...

...მატჩის ბოლომდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა: ლენდონ დონოვანი აქტიური თამაშიც კვლავაც ბევრ პრობლემას უქმნიდა ინგლისელებს, შესამჩნევად "გამოცოცხლდა" უეინ რუნიც, ერთ ეპიზოდში შონ რაი-ფილიპსს საშემსრულებლო ოსტატობა არ ეყო და ტიმ ჰოვარდს ვერ აჯობა; ბოლოს კი "მოსალოდნელი" ცვლილებაც ვიხილეთ - მოედანზე ორმეტრიანი პიტერ კრაუჩი გამოვიდა და ინგლისელთა თამაშიც ბევრად "ადვილად წასაკითხი" გახდა. საბოლოოდ კი, მეტოქეებმა თითო-თითო ქულა მოიპოვეს და როგორც წერილის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ამ შედეგს "ხმაურიან სენსაციად" ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. ისე, როგორც ინგლისის "ჩამოწერაა" ნაადრევი - ასეთი დონის ტურნირზე გუნდის რეალური შესაძლებლობებს ერთი შეხვედრით ვერავინ განსაზღვრავს; მით უფრო, ისეთი გუნდის, მწვრთნელად ცნობილი ტაქტიკოსი ფაბიო კაპელო რომ ჰყავს...

საუკეთესო ფეხბურთელი

ლენდონ დონოვანი (აშშ)

ამერიკელთა მეკარემ ტიმ ჰოვარდმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და ორ-სამ ეპიზოდში საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა; შეუდარებელი იყო ამერიკელთა ცენტრალური მცველი ოგუჩი ონიევუ - "მილანის" უკანახაზელს სულაც არ ეტყობოდა, მძიმე ტრავმის გამო, ფაქტობრივად, მთელი სეზონი რომ გაუცდა; თუმცა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ლენდონ დონოვანი მივიჩნიეთ - 90 წუთის განმავლობაში ორივე ფლანგზე უაღრესად აქტიური თამაშით რომ დაგვამახსოვრა თავი. დონოვანი აშშ-ს ნაკრების უპირობო ლიდერია - ყველა სტანდარტულს ასრულებდა, საკმაოდ ბევრს მანევრირებდა და არც "შავი სამუშაოს" შესრულებას თაკილობდა. ამას გარდა, სისწრაფისა და დრიბლინგის ხარჯზე მუდამ თამაშის გამწვავებას ცდილობდა.

მატჩის შემდეგ

ფაბიო კაპელო (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "მოსაფიქრებელი დრო ჯერ კიდევ გვაქვს, თუ ვის მივანდოთ მომავალ მატჩში ჩვენი ნაკრების კარის დაცვა. გრინთან საუბარი აუცილებლად მექნება და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში (მექსიკასთან) გრინმა კარგად ითამაშა და სულაც არ ვნანობ, დევიდ ჯეიმსსა და ჯო ჰარტს რომ ვამჯობინე. მართალია, დღეს სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეორე ტაიმში გადაგვარჩინა, როცა ალტიდორი მასთან ერთი-ერთზე დარჩა. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ ურიგო მატჩი არ ჩაგვიტარებია, ბევრი მომენტიც შევქმენით. ოღონდ, შედეგი ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, რადგან მეტოქეზე ძლიერად ვთამაშობდით".

ბობ ბრედლი (აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, ამ ტურნირზე ჩვენს პირველ მატჩს იდეალურს ვერ დავარქმევდი, თუმცა, მთლიანობაში ჩემი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ გატანილი გოლი და სასურველი შედეგი ჩემს შეგირდებს უფრო მეტ დამაჯერებლობას შემატებს. ძალიან რთული შეხვედრა იყო და მიხარია, რომ ჩვენი გუნდის შუახაზმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ინგლისელთა უძლიერეს რგოლს - ნახევარდაცვას".

გია ტუხაშვილი

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე