თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა და გუნება ცოტათი გამოგვიკეთა...

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა და გუნება ცოტათი გამოგვიკეთა. პრიზიორები გამოცდილი გიორგი გოგშელიძე (96) და დებიუტანტი ლევან ბერიანიძე (120) გახდნენ, დანარჩენებმა კი ვერაფრით გაგვახარეს.

დაგვეთანხმებით, მედალოსანთაგან ბერიანიძის წარმატება სასიამოვნო სიურპრიზია. დებიუტანტს თითქოს ცოტა გაუბედაობა ეტყობოდა, ზოგჯერ შებოჭილი და დაბნეულიც ჩანდა, მაგრამ ბრჭყალები მაინც გამოაჩინა. მან პირველი სერიოზული გამოცდა მეოთხედფინალში ჩააბარა, როცა ირანელი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ირანელი ფარდინ მასუმი ვალადი დამატებით დროში 2:0 დაამარცხა, თუმცა მანამდე ყაზახი ოლიმპიური პრიზიორი მარიდ მუტალიბოვიც გამოთიშა ასპარეზობას, სულ პირველ წრეში კი პოლონელი ვლადისლავ ბართლომეო ბარტნიცკიც დაამარცხა. ბერიანიძე ნახევარფინალში მომავალ ჩემპიოონთან, რუს ბილიალ მახოვთან დამარცხდა, რომელიც სადღეისოდ სხვა დონეა და ეს შედეგი რეალურიც იყო, ჩვენებურმა კი კარგი თვისებები -

ბრძოლის ჟინი, შეუპოვრობა და მებრძოლი ხასიათი ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც გამოავლინა უნგრელ დანიელ ლიგეტისთან - თავდაპირველმა ჩამორჩენამ არ შეაშინა და დამატებით დროში 4:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ყაზახთან, ირანელთან და უნგრელთან წააგო პირველი პერიოდი, მაგრამ მაინც შეძლო შეხვედრის ბედის შემობრუნება და მოგება. ნაკრებში მისი ჩართვა და წარმატება კარგი მაგალითია საიმისოდ, როგორ უნდა ვენდოთ თამამად ახალგაზრდებს, თორემ ამ ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ ნაკრების ზოგიერთ ძველ წევრზე დროის დაკარგვა არ ღირს. ის ფაქტი, რომ ეს ნაკრები მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატებზე სხვა საჭიდაო გუნდებზე უკეთ გამოვიდა, სულაც არ გვაძლევს კმაყოფილების საბაბს - საერთო სურათი არც აქაა დიდად სახარბიელო...

გიორგი გოგშელიძისგან ყოველ ტურნირზე ჩემპიონობას ველოდებით, დრო მიდის, ის კი ბრინჯაოს მედალზე უკეთესით ვერ გვახარებს. სამწუხაროდ, ამ ჩემპიონატმა ერთხელაც დაადასტურა, რომ რუს ჰაჯიმურატ გაცალოვს ვერ უგებს, თუმცა ამ წონაში აზერბაიჯანელი ხეტაგ გოზიუმოვიც უძლიერეს კონკურენტად ჩამოყალიბდა. გოგშელიძე ამჯერად აზერბაიჯანელს არ შეხვედრია, რუსთან კი ისევ წააგო. მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და დამარცხებას მსაჯებს ვერ დავაბრალებთ - გაცალოვმა ორივე პერიოდში დამსახურებული ქულები მიიღო. თავიდან გოგშელიძე დაწინაურდა - სხარტად შეუხტა ფეხში და ქულა დაიმსახურა.

თან ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა და პირველი პერიოდიც მოიგო. მეორეში თითქოს ცუდად არ ჭიდაობდა და მეტოქის აქტიურობის პარალელურად მისი შეტევები უფრო მწვავეც ჩანდა. ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, შეხვედრის ბედი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო და, სამწუხაროდ, ჩვენთვის გულსატკენი მოხდა - ფეხში შესვლისთვის გამართულ ორმხრივ ჯაჯგურში გაცალოვმა მოახერხა ერთქულიანზე გოგშელიძის გადაყვანა და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა. იქნებ სუბიექტური აზრია, მაგრამ დამატებითში ჩვენებური უფრო შებოჭილი თუ ბედსშეგუებული მოგვეჩვენა.

საერთოდაც, მიგვაჩნია, რომ მას მეტი შეუძლია, ვიდრე მოსკოვში გვანახა თუნდაც მოგებულ შეხვედრებში. ისიც სათქმელია, რომ მუხლის ტრავმაც აწუხებდა და სანუგეშო ტურნირი სულაც სახვევებით ჩაატარა. ამის მიუხედავად, სომეხი ედგარ იენოკიანი და ირანელი არფან მორადალი ამირი საკმაოდ იოლად დაამარცხა, ისევე როგორც ბერძენი იაონის პაპადოპულოსი და პოლონელი რადოსლავ ბარანი - ძირითად ბადეში... მაგრამ მაინც მეტია საჭირო. ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად სპორტსმენსაც და მწვრთნელებსაც ძალიან ბევრი შრომა მართებთ.

ძალზე სუსტად გამოვიდა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი ოთარ თუშიშვილი (66). მოსამზადებელ პერიოდში მას ტრავმები აწუხებდა და იქნებ ვერ იყო ფორმაში, მაგრამ ქომაგი მისგან აშკარად მეტს ელის. მან ამერიკელ ბრენტ ჰაროლდ მეტკალფთან მოგებას დიდი ენერგია შეალია, მონღოლ ბატზორიგ ბუიანჯავთან კი დასანანად წააგო, მეტოქეს გამარჯვებაში ლამის თვითონ რომ მიეხმარა, ისეთნაირად.

ასევე უღიმღამოდ გამოვიდა მალხაზ ქურდიანიც (60), რომელსაც პუერტორიკოელ ფრანკლინ გომეს მატოსთანაც გაუჭირდა, ხოლო ძირითად ბადეში წაგებულ შეხვედრაში უკრაინელ ევროპის ორგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ბრინჯაოს და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ვასილ ფედორიშინთან დამატებითში ფეხში შესვლის უფლება ვერ გამოიყენა წარმატებით. სანუგეშოში უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი დილშოდ მანსუროვი კი დაამარცხა, მაგრამ თურქ ერსინ ცეტინთან წააგო. გელა საღირაშვილზე (74) ბევრი არცაა სალაპარაკო - პირველივე შეხვედრა წააგო კანადელ მეთიუ ჯენტრისთან.

დავით მარსაგიშვილი (84) პირველად ჭიდაობდა მსოფლიოზე, მაგრამ დებიუტანტობის მიუხედავად, მაინც კარგად გამოვიდა. მან უნგრელ იშტვან ვერებს 13:0 მოუგო, ანუ ორივე პერიოდში ქულებით წმინდად დაამარცხა. ასევე სუფთად აჯობა ყაზახ კანატ ბერდიაევსაც, თუმცა საწყენია ისეთი მარტივი შეცდომა, რაც უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ იბრაგიმ ალდატოვთან წაგებულ შეხვედრაში დაუშვა - ფეხში შესულს ხელი გაეშვა. მთლიანობაში კიურიგოდ არ გამოსულა. მას წლეულს ცოტა ჩავარდნაც ჰქონდა, მაგრამ, იმედია, საგაისოდ დასვენებასაც მოასწრებს და ძალების მოკრებასაც.

მივულოცოთ ინდოეთის ნაკრების მწვრთნელ-კონსულტანტ ვლადიმერ მესტვირიშვილსაც - ინდოეთმა პირველი ოქრო მოიპოვა ჭიდაობაში. ეს ატენიას ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა სუშილ კუმარმა (66), რომელმაც ფინალში ყოველმხრვი დაჩრდილა მასპინძელთა ახალგაზრდა ფალავანი ალან გოგაევი. არადა, თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა მესტვირიშვილი ინდოეთში ჩავიდა სამუშაოდ, ყამირის გაჭრა მოუწია - მაშინ იქ ჭიდაობა ჩანასახის დინეზე იყო, ეს სპორტსმენები და მწვრთნელები კი მის ხელში დაფრთიანდნენ. ფინალური შეხვედრისას კუმარს მთავარი მწვრთნელი ეჯდა სეკუნდანტად, მაგრამ ერთ მომენტში კარგად გამოჩნდა, როგორ მივიდა მასთან ჩვენებური და რარაც გადაულაპარაკა.

სავარაუდოდ, რჩევა-დარიგება მისცა შეგირდისთვის გადასაცემად. მესტვირიშვილის ხელში ეს ინდოელთა მესამე დიდი წარმატებაა - ამ კუმარის ოლიმპიურ მედალზე ვთქვით და მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე რამეს კუმარმაც (74) ბრინჯაო მოიპოვა. მათ წლეულს თბილისშიც, ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზეც ძალზე ძლიერი მოჭიდავეები ჩამოიყვანეს ანუ მომავალში კიდევ გაგვაკვირვებენ წარმატებით.

მოლოდინისამებრ, თავად ჩემპიონატმა რუსთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. იქაურთა თავკაცმა ჯამბულათ თედეევმა პირობა შეასრულა - ქომაგს ოთხი ოქროს მოპოვებას დაჰპირდა და ასეც მოიქცა, თუმცა უეჭველია, გაცალოვის წაგება მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება. რაც მთავარია, მან ნიშნი მოუგო მთავარ კონკურენტებს - აზერბაიჯანსა და ირანს. აზერბაიჯანმა ერთი ოქრო მაინც მოიპოვა - 84-ში, ირანელები კი უჩემპიონოდ დარჩნენ. გუნდურ ჩათვლაშიც რუსებმა გაიმარჯვეს - 66 ქულა. მეორეზე აზერბაიჯანია - 42, მესამეზე კი კუბა 37 ქულით. მეოთხე ირანია 28-ით, ხოლო საქართველო მეხუთეა 21 ქულით.

თედეევს ჩემპიონატამდე გამოთქმული კიდევ ერთი სურვილი აუსრულდა - მძიმე წონის ფინალში მართლაც იხილა მახოვისა და უზბეკ არტურ ტაიმაზოვის ორთაბრძოლა, რომელიც მისდა საბედნიეროდ, რუსის გამარჯვებით დასრულდა. მახოვი აქამდე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო, ტაიმაზოვი - მსოფლიოსა და ოლიმპიადის ორ-ორგზის გამარჯვებული და ამ შეხვედრას რუსმა

კომენტატორებმა სამართლიანადდ უწოდეს "ტიტანთა ბრძოლა". მახოვმა ამჯერადაც ტრადიციულ ძალისმიერ - "დაეტაკე-გადათელეს" სტილში მოიგო, თუმცა პირველ პერიოდში ცოტა კურიოზული ქულა მოიპოვა. ერთ-ერთი მორიგი დატაკებისას მეტოქეები ლეიბის აქეთ-იქით გადაცვივდნენ, მაგრამ ტაიმაზოვი ლეიბის ხაზთან დაეცა. მდგომარეობაში უფრო ადრე მახოვი გაერკვა, რომელიც სწრაფად წამოხტა, ჯერ კიდევ ლეიბზე წამოჩოქებულ მეტოქეს, უბრალოდ, მიაწვა და ხაზის გარეთ განდევნა...

ამ ჩემპიონატზე სამმა სპორტსმენმა დაიცვა შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და სამივე რუსია. უფრო სწორად, რუსეთის ნაკრების წევრი, თორემ ბესიკ კუდუხოვი (66) ოსია, დენის ცარგუში (74) - აფხაზი, მახოვი კი ყაბარდოელი. ამათგან კუდუხოვი და მახოვი მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და სამივე წარმატებას ზედიზედ მიაღწიეს, ცარგუშისთვის კი ეს შარშანს მერე ამ რანგის ტურნირის მეორე ოქროა. კუდუხოვმა ფინალში ფედორიშინთან ჩოქბჯენიდან ჭიდაობის გაკვეთილი ჩაგვიტარა, როცა ჯერ თავად დაუძვრა ფეხში შესულ მეტოქეს, მერე მისი ფეხი იგდო ხელთ და რაღაც უცნაურ ტრიალში სასწაული გდება გააკეთა. სამივემ იმდენად მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა, ეს არ იქნება მათი ბოლო ტიტული. ცარგუშმა ამჯერად ფინალში დაჯაბნა ირანელი მსოფლიოს პრიზიორი საეედ სადეგ გოუდარზი, ვისაც შარშანდელ მსოფლიოზე ნახევარფინალშიც მოუგო.

ამ სამეულის მსგავსად, შარშანდელი ტიტულის დაცვა უზბეკ ზაურბეკ სოხიევსაც შეეძლო, ფინალში ბულგარელ მიხაილ განევს დამატებითში 2:0 უგებდა, მაგრამ 2:4 წააგო და შეგეცოდებოდათ, ისეთი შეხვედრა დათმო.

შარშანდელი ფინალისტები წლეულს გადამწყვეტ ეტაპზე სულ სხვა მეტოქეებს შეხვდნენ, 96-ში კი შარშანდელი ფინალი განმეორდა, ოღონდ ამჯერად გოზიუმოვმა დამაჯერებლად მოუგო გაცალოვს. გაცალოვი თვითონაც ვერ იყო ძველებურად ძლიერი, გოზიუმოვი კი სულ უფრო უმატებს და აქედანვე იქცა ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად. ახლა მის ტიტულებს მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონობა აკლია, თორემ ევროპის პირველობებს ბოლო ორი წელიწადია, უკონკურენტოდ იგებს, მსოფლიოს ჩემპ;იონი კი პირველად გახდა. ამ წაგებით გაცალოვმა გაუშვა შანსი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ირანელ ჰამიდ სორიანს (55) გატოლებოდა ანუ მეხუთედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.

კვარცხლბეკი.

55 კგ. 1. ვიქტორ ლებედევი (რუსეთი), 2. ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი), 3. ფრანკ მარკეს ჩამისო (კუბა), იასუჰირო ინაბა (იაპონია).

60 კგ. 1, ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი), 2. ვასილ ფედორიშინი (უკრაინა), 3. სეიედ მორად მოჰამადი (ირანი), ზელიმხან ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი).

66 კგ. 1. სუშილ კუმარი (ინდოეთი), 2. ალან გოგაევი (რუსეთი), 3. ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი), ხეანდრი გარსონ კაბალიერო (კუბა).

74 კგ. 1. დენის ცარგუში (რუსეთი), 2. საეედ სადეგ გოუდარზი (ირანი), 3. გაბორ ჰატოში (უნგრეთი), აბდულხაკიმ შაპიევი (ყაზახეთი).

84 კგ. 1. მიხაილ განევი (ბულგარეთი), 2. ზაურბეკ სოხიევი (უზბეკეთი), 3. სოსლან კცოევი (რუსეთი), რაინერის სალას პერესი (კუბა).

96 კგ. 1. ხეტაგ გოზიუმოვი (აზერბაიჯანი), 2. ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი), 3. გიორგი გოგშელიძე (საქართველო), ალექსეი კრუპნიაკოვი (ყირგიზეთი).

120 კგ. 1. ბილიალ მახოვი (რუსეთი), 2. არტურ ტაიმაზოვი (უზბეკეთი), 3. ლევან ბერიანიძე (საქართველო), იოანის არზოუმანიდისი (საბერძნეთი).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!