რუსთავის "მეტალურგის" კაპიტანმა "ზესტაფონთან" დაპირისპირებაში შანსები შეაფასა
მიმდინარე სეზონში "მეტალურგი" არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს: ეფექტურ მოგებებს ჩავარდნები მოჰყვება ხოლმე. თუმცა, ფაქტია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე რუსთაველები ლიდერ "ზესტაფონს" 4 ქულით ჩამორჩებიან, უახლოეს მდევარს, თბილისის "დინამოს" კი 7 ქულით უსწრებენ და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ.

გველაპარაკება "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი გია კვარაცხელია:

- მიუხედავად იმისა, რომ ზამთრიდან, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა დაიწყო, ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენი პლუსი ერთსულოვნებაა; მოედანზე და ცხოვრებაშიც ერთად ვართ და ვეტერანებად და ახალგაზრდებად არ ვართ დაყოფილები.

შესაძლოა, შთამბეჭდავად არ გამოვიყურებით, არც გამორჩეული ინდივიდუალისტი და ლიდერი გვყავს, სტაბილურობაც გვაკლია, მაგრამ ჩვენი პლუსი გუნდური ფეხბურთია.

"მეტალურგში" გამოცდილებისა და ახალგაზრდების კარგი ბალანსია, ყველა რგოლი კარგადაა დაკომპლექტებული. ფიზიკურად კი უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებულები ვართ. ყველას შეუძლია, 90 წუთი შეუსვენებლად ირბინოს.

სახლში თითქმის არ ვაგებთ - რუსთავში მხოლოდ "დინამოსთან" წავაგეთ. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა სავარჯიშო პროცესი მართლა ისე აზრიანად დაგეგმა, რომ ფორმაში ახლა შევდივართ.

"პროფესორას" ტყუილად არ ვეძახით, კაცს მათემატიკური აქვს დამთავრებული და ფეხბურთის გარდა, ძალიან ბევრი რამ იცის.

შედეგიც სახეზეა, მეორე ადგილზე ვიმყოფებით, ევროპის ლიგაზე თითქმის გასულები ვართ და ჩემპიონობის შანსსაც ვინარჩუნებთ.

- სეზონისთვის გუნდს არა მხოლოდ კარგი მომზადება, სატურნირო სტრატეგიის სწორი დაგეგმვაც სჭირდება. ვფიქრობ, "მეტალურგის" წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ესეც გახდა...

- გეთანხმებით, კარგი მომზადება საკმარისი არ არის. მიმდინარე სეზონი რთული სისტემით ტარდება და კარგი დაგეგმვა სჭირდებოდა. ჩვენი კი საუკეთესო რვიანში მოხვედრილ გუნდებთან ქულების ლამის მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვეთ.

- "მეტალურგი" მეორე ადგილზეა. ამბიციურ "დინამოსა" და "ტორპედოს" უსწრებთ, მაგრამ უპირატესობის გაზრდის და "ზესტაფონის" დაწევის რესურსს თუ ხედავ?

- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი 22-ივე მოთამაშე მზად არის, ნებისმიერ დროს გავიდეს მოედანზე და იბრძოლოს. კობა ჟორჟიკაშვილის ხელში პროგრესი ბევრ მოთამაშეს დაეტყო - აიღეთ თექთურმანიძე, სიხარულიძე, ქავთარაძე, გავაშელიშვილი, მიქაბერიძე. გამოცდილებსა და გამოუცდელებს "მეორე სუნთქვა" გაგვეხსნა.

- მაგრამ დღეს მაინც ისე ჩანს, რომ "ზესტაფონს" ვერავინ დაეწევა...

- "ზესტაფონს" კონკურენტებთან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - უკვე ხუთი წელია, ერთი შემადგენლობით თამაშობს, შეთამაშებულია და ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული უგებენ. სხვათა შორის, ჩვენთვის მიზნად ჩემპიონობა არც დაუსახავთ. უფრო ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძვით. მაგრამ ჩვენსას მაინც ვეცდებით, რადგან არავინ იცის, სეზონის ბოლომდე რა მოხდება.

"მეტალურგი" შენების პროცესშია, რასაც დრო სჭირდება და შეიძლება, ბევრი შეცდომა დავუშვათ, კონკურენტებთანაც წავაგოთ, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ და ერთწლიანი გუნდი არ ვიქნებით. ბევრს ნიშნავს, ქალაქის, რეგიონის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი გვერდში რომ გვიდგას. ყველას უნდა, რუსთავში ევროპული დონის გუნდი ჩამოყალიბდეს და ყველა შენების პროცესშია ჩართული. ეს სასიამოვნო მომენტია.

- მიმდინარე ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდი?

- 5 საინტერესო და ფინანსურად სტაბილური გუნდი ყალიბდება - "მეტალურგი", "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო" და ბოლოს მათ გორის "დილაც" დაემატა. რაც მეტი ასეთი გუნდი იქნება, მით უკეთესი ჩვენი ჩემპიონატისთვის.

უცხოეთიდან გამოცდილი მოთამაშეების დაბრუნებაც კარგია. სალუქვაძე, ვაწაძე, ხოჯავა, გოგუა, მუჯირი, მერებაშვილი, არზიანი, ილურიძე, - ერთი წლის წინ მაღალ დონეზე თამაშობდნენ და ასეთი ფეხბურთელების ჩამოსვლა ჩემპიონატს აუცილებლად დაეტყობა. მათ გვერდით ახალგაზრდები უფრო გაიზრდებიან. მეც ვიყავი პატარა ბიჭი და კარგად მახსოვს, ვეტერანების გვერდით რამდენს ვსწავლობდი.

"ლელოში" მათე ვაწაძის ინტერვიუს ვკითხულობდი და ვეთანხმები, კარგ დაფინანსებასთან ერთად, კარგი სტადიონები და მოედნებიც გვჭირდება. დარწმუნებული იყავით, ასე უფრო სანახაობრივი ჩემპიონატი გვექნება და მაყურებელიც სტადიონზე დაბრუნდება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ნაკრებსაც დაეტყობა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატით საზრდოობს.

აქვე, "მეტალურგის" სახელით ჩვენს 17-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვულოცავ. გუნდი აზრიანად თამაშობდა და მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობოდა.

ვინ თქვა, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა? სად ესპანელი, ინგლისელი და უკრაინელი ბავშვების პირობები და სად ჩვენი, მაგრამ ნიჭი არის და უნდა გამოვიყენოთ. მოდიან ნიჭიერი მწვრთნელები და ფეხბურთელები და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ.

პირადად მე, ქართული ფეხბურთის მომავლის მჯერა. წლების წინ სანდრო იაშვილი და ვალერი გაგუა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირები გახდნენ, მაგრამ ევროპელების მსგავს პირობებში ვერ იზრდებოდნენ და სამწუხაროდ, მათსავით ვერ დაწინაურდნენ. იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ და მაისურაძის ბიჭები და საერთოდ, მომავალი თაობები მაინც დავაყენოთ სწორ გზაზე. თუ ეს მოხერხდა, ჩვენს ფეხბურთს მომავალი ექნება.

- მოახლოებულ შეხვედრებზეც ვილაპარაკოთ. ჩემპიონატის ცხრილზე აუცილებლად აისახება მომავალ ტურში თქვენი და "დინამოს" შეხვედრა...

- ურთულესი მატჩი გველის. იძახიან, "დინამოს" ჩავარდნა აქვსო, მაგრამ ნაადრევად ნუ ჩამოწერთ. წარმოუდგენელია, დევდარიანის ხელში გუნდმა წარმატებას არ მიაღწიოს.

გიორგისთან მიმუშავია და კარგად ვიცი, არასოდეს ნებდება და ბოლომდე იბრძვის. ბოლოს და ბოლოს, "დინამოში" მითამაშია და ნებისმიერ გუნდს მოუგებს. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მატჩისთვის შესაბამისადაც ვემზადებით. სამწუხაროა, 3 ყვითელი ბარათის გამო რომ ვერ ვითამაშებ.

- დიდ ინტერესს იწვევს თქვენი და "ზესტაფონის" სათასო ნახევარფინალური მატჩებიც...

- ბოლოს "ზესტაფონთან" 1:2 წავაგეთ და კარგი თამაში გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, თასზეც დაძაბული თამაშები გველის. შანსებს კი 50/50-ზე შევაფასებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა