"ყველას მოვუწოდებ, ამ ბიჭებს ზრდა და განვითარება აცადონ. ეს მხოლოდ მათი კარიერის დასაწყისია"
როცა წინასაახალწლოდ 2012 წლის საფეხბურთო მოვლენებს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით, ყველაზე დიდ წარმატებად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას დავასახელებთ.

ჩვენმა გუნდმა ხომ თბილისურ ელიტრაუნდში უდიდესი სიხარული გვაჩუქა და "სიკვდილის ჯგუფში" ესპანეთს, ინგლისსა და უკრაინას აჯობა. ამაში კი უდიდესი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის - ვასილ მაისურაძემ, მერაბ კაციტაძემ და თემურ ჩარკვიანმა ბიჭები ფიზიკურ-ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად შესანიშნავად მოამზადეს და ისტორიულ წარმატებასაც მიაღწიეს.

ვასილ მაისურაძე "ლელოს" სტუმარი არაერთხელ ყოფილა და საბედნიეროდ, გვაქვს იმის მიზეზი, რომ მისი ნააზრევი ახლო პერიოდში სისტემატურად შემოგთავაზოთ.

მოკლედ გადავხედოთ მის საფეხბურთო წარსულს. მაისურაძე "ავაზასა" და 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი ზურაბ მაისურაძეს მიუძღვის. ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია, თუმცა ნაადრევი ზრდის გამო იმ დონის ფეხბურთი ვერ ითამაშა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ. იყო ჯერ ნახევარმცველი, შემდეგ კი ცენტრალური მცველი. უთამაშია "ვიტ ჯორჯიაში", თელავის "კახეთში", ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონში".

2004-06 წლებში თბილისის "დინამოს" მწვრთნელ-სელექციონერი იყო, 2006 წლიდან კი უფრო აქტიურ სამწვრთნელო კარიერას შეუდგა და "დინამოს" აკადემიის ბავშვებთან ერთად სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამჟამინდელი ფორმაცია 2009 წელს ჩამოყალიბდა და შექმნის დღიდან მას მაისურაძე წვრთნის.

40 წლის სპეციალისტთან ინტერვიუ სწორედ ნაკრების ჩამოყალიბების ისტორიით დავიწყეთ და შემდეგ სხვა აქტუალურ თემებს შევეხეთ.

- საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი დანიშვნის ინიციატორი ალექსანდრე ჩივაძე იყო. მან დიდი ნდობა გამომიცხადა და ამ საპასუხისმგებლო ამოცანას დიდი ენთუზიაზმით შევეჭიდე.

მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს მქონდა გადაწყვეტილი და მივიჩნიე, რომ ნაკრების სათანადოდ გაძღოლა შემეძლო.

შემთხვევით ვისარგებლებ და ვეტერან ფეხბურთელებს მოვუწოდებ, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამწვრთნელო საქმიანობაში და ქართული ფეხბურთის წინსვლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

- რა მოთხოვნები წაუყენეთ საკუთარ თავს, როცა ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ?

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ 2009 წლიდან დღემდე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ნაკრები ამჟამინდელ კონდიციებამდე მიგვეყვანა. საკუთარ თავს მიზნად სწორედ ის დავუსახე, რასაც მივაღწიეთ.

ნაკრების მწვრთნელობა და ნაკრებში თამაში სულ სხვა პასუხისმგებლობაა და ეს ბიჭებს კარგად გავაცნობიერებინეთ. განვლილი პერიოდი კი ნაყოფიერად გამოვიყენეთ. სწორი მუშაობით, შეკრებებით, საერთაშორისო ტურნირებითა და აქტიური სელექციით სასურველი შედეგი მივიღეთ.

- როგორია თქვენი საფეხბურთო გემოვნება და ფილოსოფია?

- ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ვანიჭებდი უპირატესობას, თუმცა ამასთანავე, მომწონდა ბრძოლისუნარიანი გუნდები და ფეხბურთელები.

დღევანდელ ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევს ის გუნდი, რომელიც მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის არ იბრძვის. წარმატებული ვერც გაუნათლებელი ფეხბურთელი იქნება.

ვცდილობ, ჩემი იდეები ფეხბურთელებს მაქსიმალურად მივაწოდო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებს ჩემი ბოლომდე ესმით. ჩვენს შორის სრული თანხმობა და ურთიერთგაგებაა.

- უკვე გავიდა საკმარისი პერიოდი იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა ცივი გონებით შევაფასოთ. რა გახდა ამ წარმატების მთავარი საფუძველი?

- პირველ რიგში, საკუთარი ძალების რწმენა. სხვაგვარად, თავიდანვე უშანსოდ ვიქნებოდით. იმის მიუხედავად, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით, ერთმანეთს ვუთხარით, რომ პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით. დანარჩენი კი განსაკუთრებულ საიდუმლოებას ნამდვილად არ წარმოადგენს - შრომა, ბრძოლა, თავდადება... და რა თქმა უნდა, იღბალიც, რის გარეშეც ასეთ ძლიერ მეტოქეებს ვერ დაამარცხებ.

- რა მეთოდებს მიმართეთ ფეხბურთელთა მორალური განწყობის ასამაღლებლად?

- ამისთვის ორიგინალური ნაბიჯები ნამდვილად არ გადაგვიდგამს. ერთი ეგ იყო, რომ ელიტრაუნდამდეც და მის მსვლელობისასაც მწვრთნელები ფეხბურთელთა მდგომარეობაში მაქსიმალურად შევდიოდით და მათთვის სათქმელ თითოეულ სიტყვას ვწონიდით - ასეთ დროს თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ვცდილობდით, არაფერი შეგვშლოდა.

ერთი სიტყვით, მოედანზეც და მის მიღმაც ბეწვის ხიდზე ვიარეთ.

- ინგლისთან გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებს უბრალოებისა და თავში არავარდნისთვის მადლობა გადაუხადეთ. წარსული სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდია იმის საფრთხე, რომ ნაკრების წევრთა ნაწილმა ეს უბრალოება დაკარგოს...

- გეთანხმებით, ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ. ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება - გადამეტებული ქება-დიდება, სელექციონერთა ინტერესი, ევროპაში სინჯებზე სიარული... ყოველივე ეს ხშირად არათუ ჭაბუკებს, არამედ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებსაც კი ვნებთ.

მაქსიმალურად შევეცდები, ამ პროცესში ჩავერიო და ბიჭები სწორ გზას არ ავაცდინო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდო ფეხბურთელებს, მათ მშობლებსა თუ ახლობლებს, რომ ამ ბიჭებს ზრდა და განვითარება აცადონ. ეს მხოლოდ მათი კარიერის დასაწყისია და ჯერ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. ყველაფერი წინ აქვთ და საკუთარი მომავალი საფრთხეში არ ჩააგდონ.

ბიჭებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათ კარიერაში მხოლოდ ერთი აგურია და თუ უნდათ, რომ წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ, წინსვლა აუცილებლად უნდა განაგრძონ.

- როგორ წარიმართება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადება?

- გვპირდებიან, რომ ნაკრებს მოსამზადებლად იდეალური პირობები ექნება და იმედია, ასეც მოხდება. სავარაუდოდ, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ორკვირიან შეკრებაზე წავალთ. იქ კარგ პირობებში ვივარჯიშებთ და ორ-სამ საკონტროლო მატჩსაც ჩავატარებთ. გრაციდან ლუბლიანამდე 150 კილომეტრია და ამ მანძილს ავტობუსით უცებ დავფარავთ.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ის 18 ფეხბურთელი დაიცავს, რომლებიც ელიტრაუნდის განაცხადში გყავდათ შეყვანილი?

- წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ბირთვი უცვლელი დარჩება. ავსტრიაში, სავარაუდოდ, 20 ფეხბურთელით გავემგზავრებით და 18 მოთამაშეს მათ შორის შევარჩევთ.

- ევროპის ჩემპიონატზე მკაფიოდ დასახული ამოცანა თუ გექნებათ?

- ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ყველა მეტოქესთან ვიბრძოლებთ, მაგრამ გერმანიასა და საფრანგეთთან წარმატების მიღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება.

ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად გერმანიის ნაკრები მიმაჩნია და პირველ შეხვედრას სწორედ მის წინააღმდეგ გავმართავთ.

- ნაკრების წევრები ქვეცნობიერად ფინალურ ეტაპზე გასვლით ხომ არ დაკმაყოფილდნენ?

- ამ თემაზე სამწვრთნელო შტაბის წევრები აქტიურად ვმსჯელობთ და ყოველნაირად შევეცდებით, ბიჭები დავარწმუნოთ, რომ ელიტრაუნდში გამარჯვება მათი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. დარწმუნებული ვარ, სლოვენიაში მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა არ გვექნება.

- თუ იცით, როგორი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში საქართველოს ნაკრების წარმატებამ?

- წილისყრის ცერემონიალზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნიკა ჩხეიძე წარმოადგენდა და როგორც მან მითხრა, ჩვენს გამარჯვებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. "სიკვდილის ჯგუფიდან" გასვლის გამო მეტოქეები აუტსაიდერად სულაც არ მიგვიჩნევენ და ჩვენზე ინფორმაციასაც აქტიურად აგროვებენ. 17-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებამ ქართული ფეხბურთის პრესტიჟი საგრძნობლად გაზარდა.

- ბოლოს ისევ თქვენს კარიერას შევეხოთ. ამ წარმატებამ თქვენი ავტორიტეტი უდავოდ გაზარდა და ალბათ, ახალ ხელსაყრელ წინადადებებსაც მიიღებთ, თუნდაც ქართული კლუბებისგან...

- რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელმა, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და ამ ეტაპზე ამბიციურ კლუბში მუშაობაზე უარს ვიტყვი. დღეს ყველაზე სასარგებლო იმ საქმეში ვარ, რასაც ვაკეთებ - ჩემი სურვილია, უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებსა და "დინამოს" დუბლშემადგენლობაში მუშაობა გავაგრძელო. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
კაცი ხარ კაცური,შენ უნდა გყავდეს დაცუნი!
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა