თბილისის "დინამოსთან" დაახლოებულ პირთა ცნობით, საკითხი თითქმის გადაწყვეტილია
დაპირებისამებრ, კახა ცხადაძეზე ვისაუბრებთ - ახალი სეზონიდან თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად რომ მიიჩნევა.

ცხადაძე ამჟამად ბაქოს "ინტერს" თავკაცობს და ამ სეზონის ბოლომდე თავის გუნდთან ერთად ლოკალური მიზნებიც აქვს: ჩემპიონატი პირველ სამეულში უნდა დაამთავროს (ალბათ, ასეც მოხდება), ხოლო აზერბაიჯანის თასის ფინალში გასასვლელად მომავალ კვირაში საპასუხო მატჩი ელოდება "ნეფთჩისთან".

ანუ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდი" (მთავარი მწვრთნელის გარდა ბაქოს "ინტერის" ღირსებას გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე იცავენ), ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. ოღონდ, ჯერჯერობით არავინ იცის, თუ ვინ იქნება ამ დროისათვის ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე თუ სხვა სპეციალისტი.

თუმცა, იმის თქმა კი, დანამდვილებით შეგვიძლია, რომ თუ ცხადაძემ "ინტერთან" კონტრაქტი აღარ გააგრძელა, ამ გუნდს კვლავაც უცხოელი მწვრთნელი ეყოლება. ყოველ შემთხვევაში, რაც "ინტერი" არსებობს, სხვა პრეცედენტი არ ყოფილა და ვიდრე დღევანდელი მეპატრონე (კლუბი ვინც ჩამოაყალიბა 2005 წელს) იქნება, ადგილობრივ სპეციალისტებს იქ მუშაობის შანსი, ფაქტობრივად, გადაწურულიც აქვთ.

რაც შეეხება ცხადაძის და "ინტერის" ურთიერთობას, ქართველი მწვრთნელისა და ამ აზერბაიჯანული გუნდის თანამშრომლობა უკვე სამი სეზონია გრძელდება, რაც ამ კლუბის ისტორიაში სარეკორდო შედეგია. სხვა და არანაკლები მნიშვნელობის სარეკორდო მაჩვენებლებს კვლავაც დავუბრუნდებით, მანამდე კი კონტრაქტის თემაზე გავაგრძელოთ საუბარი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველ სპეციალისტს "ინტერთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, დაახლოებით ორი თვის წინ კი კლუბის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა; ანდა, რატომ არ უნდა შეეთავაზებინათ ახალი კონტრაქტი?

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არცთუ სოლიდური ბიუჯეტის მქონე გუნდი ("ინტერზე" ბევრად მეტი ბიუჯეტი აზერბაიჯანში ხუთ გუნდს აქვს - "ბაქის", "ხაზარს," "ნეფთჩის", "გაბალასა" და "ყარაბაღს") ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, 2011 წელს სანკტ-პეტერბურგში "თანამეგობრობის თასი" მოიგო, ასევე შარშან კი აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა და დრამატულ ბრძოლაში (პენალტების სერიაში) დამარცხდა "ხაზართან".

ანუ, "ინტერის" ხელმძღვანელობას ცხადაძის მუშაობა სავსებით აკმაყოფილებს და ამიტომაც სურს ჩვენებურთან ურთიერთობის გაგრძელება.

თანაც, "ინტერის" შეფებს ისიც კარგად ეცოდინებათ, რომ უკვე მეორე წელიწადია, ცხადაძის გადაბირებას რამდენიმე ამბიციური აზერბაიჯანული გუნდი რომ ცდილობს; ეგ კი არა, ერთი თვის წინ იყო, აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა "აზერიფუტბოლის" ცნობით, ცხადაძეს რუსული პრემიერლიგის გუნდის, გროზნოს "ტერეკი" რომ იწვევდა (ამ შემთხვევაშიც, ახალ სეზონზეა ლაპარაკი).

ანუ, კაცს წინადადებები არ აკლია, თავის გუნდშიც "ცხვირწინ" უდევს ხელმოუწერელი კონტრაქტი, მაგრამ მაინც თავს იკავებს და ყველას უარით ისტუმრებს. უფრო ზუსტად, არ ხმაურდება და წინასწარ არ ამბობენ, თორემ თბილისის "დინამოსთან" დაახლოებულ პირთა ცნობით, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბს ახალი სეზონიდან სწორედ ცხადაძე ჩაიბარებს.

მით უფრო, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, "დინამოს" მეპატრონეს რომან ფიფიას ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბრის ბოლოს სურდა ალექს გარსიას ნაცვლად ცხადაძის დანიშვნა, თუმცა ქართველ სპეციალისტს "ინტერთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა და ალბათ, სწორედ მაშინ იყო, "ფანტასტიკურ წინადადებაზე" (თვითონ ცხადაძის სიტყვებია, ამ რამდენიმე ხნის წინათ "ლელოს"" რომ განუცხადა) უარის თქმა რომ მოუწია.

ახლა კი, "ინტერთან" კონტრაქტი უმთავრდება და რადგანაც გაგრძელებაზე უარს ამბობს, დიდია იმის ალბათობა, რომ კვლავაც მიუბრუნდეს იმ "ფანტასტიკურ წინადადებას"; მით უფრო, რომ ცხადაძისათვის თბილისის "დინამო" ვერასდროს იქნება "ჩვეულებრივი გუნდი"...

ნდობის მანდატი და რეკორდები

ვინფრიდ შეფერი, ტონი ადამსი, მირჩა რედნიკი, ვლასტიმილ პეტრჟელა, ჯოკიჩა ხაჯიევსკი, ჯიუნეთ ბიჩერი, რასიმ კარა, ალექსანდრ სტარკოვსი, სტანისლავ ჩერჩესოვი, ანატოლი დემიანენკო, რომან პოკორა, ვალდას ივანაუსკასი, ანდრეი ჩერნიშოვი, ვიქტორ პასულკო, სერგეი იურანი, - აი, არასრული ჩამონათვალი იმ უცხოელი სპეციალისტებისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა აზერბაიჯანულ კლუბში რომ მუშაობდნენ.

ამ ჩამონათვალში ზოგი ისეთია, რომელთა სამწვრთნელო კვალიფიკაცია ეჭვს არასდროს იწვედა (შეფერი, რედნიკი, პეტრჟელა, სტარკოვსი და მეტ-ნაკლებად, ალბათ, ჩერჩესოვიც), თუმცა "გადაბმულად" ორი სეზონი არცერთს უმუშავია (პოკორას გარდა, ისიც მოკრძალებულ "სიმურგში") და ამიტომაც ერთი-ორად არის დასაფასებელი ცხადაძის მიმართ გამოჩენილი ამხელა ნდობა.

ჰო, მართლაც არ არის პატარა ამბავი, აზერბაიჯანის ჩემპიონატში უცხოელ მწვრთნელი სრულ სამ სეზონს რომ ჩაამთავრებს (თანაც, ერთსა და იგივე გუნდში), კვლავაც გაგრძელების პერსპექტივით.

ჰოდა, აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება ცხადაძის აზერბაიჯანული რეკორდები: იქაურ ინტერნეტგამოცემა "აპასპორტის" ცნობით, ლეგიონერ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (ჩემპიონატშიც, თასზეც, ევროტურნირებზეც) და ასევე პირველია უცხოელთა შორის, ჩემპიონატში 50 გამარჯვება რომ მოიპოვა.

ისევ "აპასპორტზე" დაყრდნობით იმასაც ვიტყვით, რომ ცხადაძე ერთადერთი მწვრთნელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი გუნდი მუდმივად რომ გაჰყავდა აზერბიჯანის თასის მეოთხედფინალში.

დინამო თუ უცხოეთი?

რუსთავის "მეტალურგი", თბილისის "დინამო", შვედეთის "სუნდსვალი", მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვის "დინამო", ფრანკფურტის "აინტრახტი", ვლადიკავკაზის "ალანია", "მანჩესტერ სიტი", თბილისის "ლოკომოტივი", მახაჩყალის "ანჟი", - აი, ამ გუნდებში ასპარეზობდა ბაქოს "ინტერის" დღევანდელი მწვრთნელი 1986-დან 2004 წლამდე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ კაპიტანს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტულიც მოუგია: საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ორგზის ჩემპიონია, რუსეთის თასის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ბუნდესლიგის მესამე პრიზიორია და ამას გარდა, უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (დსთ-ს ნაკრების შემადგენლობაში) რომ იასპარეზა.

აქვე, ალბათ, ის მწვრთნელებიც უნდა ვახსენოთ, რომლებთანაც აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში რომ მოუწია ურთიერთობამ: შოთა ჭეიშვილი, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, ვლადიმერ გუცაევი, ოლეგ რომანცევი, ვალერი გაზაევი, ანატოლი ბიშოვეცი, გაჯი გაჯიევი, დრაგოსლავ სტეპანოვიჩი, იუპ ჰაინკესი, კლაუს ტოპმიოლერი, ჯო როილი.

ასეთ ხალხთან მუშაობა უკვალოდ ვერ ჩაივლიდა და 31 წლის ასაკში მწვრთნელობა გადაწყვიტა. პირველი გუნდი თბილისის "ლოკომოტივი" იყო, სადაც მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, ამის შემდეგ გარკვეული პაუზა ჰქონდა (უფრო ზუსტად, ფეხბურთელის კარიერა გააგრძელა "ანჟში"). 2005 წლის გაზაფხულზე თბილისის "დინამო" ჩააბარეს და ჩემპიონიც გახადა, იმავე წლის შემოდგომაზე კი საქართველოს სუპერთასი მოიგო.

გიორგი ნავალოვსკი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ირაკლი ჩირიკაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ნიკა ფირცხალავა, - იმ დროისათვის ყველასათვის უცნობ ამ პატარა ბიჭებს "დინამოში" დებიუტი სწორედ იმ პერიოდში ჰქონდათ;

2006 წლის იანვარში (დსთ-ს თასის მერე), ცხადაძეს "დინამოდან" წამოსვლამ მოუწია, თუმცა სულ მალე "სიონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამ ქვემოქართლურ კლუბს თავის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი წარმატებაც მოაპოვებინა: ბოლნისელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ!

2008 წელს მოკრძალებული აზერბაიჯანული კლუბი "სტანდარდი" ჩაიბარა, 2009 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა (ოთხი ამხანაგური მატჩი).

2009 წლის ზაფხულიდან დღემდე კი ისევ აზერბაიჯანშია და ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელია; აი, სეზონის დასრულების შემდეგ კი თბილისის "დინამოში" დაბრუნდება თუ კვლავაც უცხოეთში გააგრძელებს კარიერას, ამას, ალბათ, მალე შევიტყობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irina
ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ ,როგორც საკუთარ სახელში... ეხლა გუნდს გარსია ჭირდება,ფეხბურთელები ხმას ვერ იღებენ და რომც ამოიღOნ ბატონი რომანი მათ აზრს ყურადრებას არ მიაქცევს და აი მანდ ცდება სწორედ. მეორე წლის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა გადასახდელი აქვს და ვფიქრობ იმ შემთხვევაში თუ დააბრუნებს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.რა გუნდი დახვდა ალექს გარსიას იმედია კარგად გახსოვთ და მიუხედავად ამისა მაინც შეძლო თამაშების ასე თუ ისე მოგება... ამ შემადგენლობით ის ბევრს გააკეთებს,როგორ დავარწმუნო ფიფია არ ვიცი,მაგრამ მგონია რომ თავის თავს გადააბიჯებს და აღიარებს რომ შეცდა ის რომ გაუშვა... დინამოს ეხლა გარსია ჭირდება,მან იცის ზუსტად რაც უნდა გააკეთოს....
irina
მე არ ვიცი ვინ დამეთანხმება და ვინ არა მე უბრალოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ და საწყენად და საკამათოთ არ დავცერ და კორეკტულები იყავით გთხოვთ სხვა აზრის მატარებელო ადამიანებო,მე ვფიქრობ რომ არც თეტრადზე არც შუშაკი და არც თეთრაძე არ უნდა ჩამოიყვანონ. დრო რომელიც ალექს გარსიას მიცეს არ იყო საკმარისი 6 თვეში გუნდი არ ყალიბდება და ფიფიას ამ გადაწყვეტილებაში ვისაც დიდი წვლილი მოუძღოდა ეხლა დინამოს გარეთ არის და ვფიქრობ რომ გარსიას უნდა მიცენ საშუალება ის აჩვენოს რასაც ამბობდა თავიდან და ადამიანი ითხოვდა რომ 2 წელი მომეცით და შედეგს გაჩვენებთო,თო ბატონი ფიფია ამაზე კარგად დაფიქრდება მიხვდება რაც ხდება, ალექს გარსია დინამოს ჩემპიონს გახდის აუცილებლად...
Geo-fan
კახა ცხადაძის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, შედეგი ყველგან აჩვენა სადაც კი უმუშავია, და რომ არ ვარგოდეს უცხო ქვეყანაში ამდენ ხანს არც არავინ გააჩერებდა და არც მოუთმენდა, მაგრამ ამ სტატიის მიზანს ვერ მივხვდი, ინტერი 6 გუნდა შორის 6–ე ადგილზეა და ეს ტყული რა საჭიროა ვერ ვხვდები, 1 Neftchi Baku 6 3 2 1 8-8 11 2 FK Qabala 6 3 1 2 9-6 10 3 FK Baku 6 3 0 3 9-7 9 4 Karabakh 6 2 3 1 5-4 9 5 Khazar 6 2 1 3 5-7 7 6 Inter Baku 6 1 1 4 5-9 4
Phaichadze
ვისაც ჟურნალისტებმა კითხეს შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილონ დინამოს მწვრთნელადო (თეთრაძე, შუშაკი და სხვ) ყველამ თქვა რომ ჩემთვის დიდი პატივიაო, გარდა ცხადაძისა. ესაც ბევრ რამეზე მეტყველებს რომ აღარაფერი ვთქვათ ის უკვე იყო საქართველოში მწვრთვნელი და ცემის აზრით ბევრით ვერაფრით გამოირჩა, ხოლო აზერბაიჯანში საერთოდ ისე იქცევა (ხელცართულ ჩხუბში მონაწილეობს) არა მგონია იქაც დიდი ხანი დატოვონ
zaali
შეკვეთილი სტატია!! ;) გათვლილი ნაკლებად ჩახედულ ადამიანებზე!! ;)
g
მეგობარო ფანტასტიკა მხოლოდ შენი წერის სტილია... ვერ ვხვდები სათაური ტექსტთან რა კავშირშია
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!