მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპმა - ბაჰრეინის გრანპრიმ - შარშანდელი სეზონი გაგვახსენა
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპმა - ბაჰრეინის გრანპრიმ - შარშანდელი სეზონი გაგვახსენა - პოულის მფლობელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") იყო და რბოლაც გერმანელმა მოიგო, თუმცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.

22 აპრილს, ეტაპის დაწყებამდე ორი საათით ადრე, უდაბნოში აშენებულ ტრასაზე მცირე წვიმა წამოვიდა, მაგრამ ეს სერიოზულ უამინდობაში არ გადაიზარდა და პილოტებმა იმ პირობებში იასპარეზეს, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ.

ფეტელმა, ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") და მარკ უებერმა ("რედ ბული"), რომლებმაც პირველი პოზიციებიდან აიღეს სტარტი, შეინარჩუნეს საკუთარი პოზიციები პირველ მოსახვევთან, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი რომენ გროსჟანი ("ლოტუსი") და ფერნანდო ალონსო ("ფერარი") გადავიდნენ.

ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") ცუდად დაიწყო რბოლა და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მის უკან მოეწყვნენ კიმი რაიკონენი ("ლოტუსი") და ფელიპე მასა ("ფერარი"), რომლებსაც ყველაზე კარგი რეაქცია ჰქონდათ შუქნიშნის სიგნალზე. ამ დუეტმა ჩინეთის გრანპრის გამარჯვებული - ნიკო როსბერგი ("მერსედესი") ჩამოიტოვა უკან. გერმანელი მეხუთედან მეცხრე პოზიციამდე დაქვეითდა.

პირველივე წუთებიდან ფეტელმა დაიწყო პელოტონთან უპირატესობის გაზრდა და მესამე წრის ბოლოსთვის ჰემილტონს სამ წამს უგებდა. მეოთხე წრეზე, პირველ მოსახვევში განხორციელებული შეტევის წყალობით, გროსჟანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უებერს გაუსწრო, რომლის უკან ალონსო წარმატებით ინარჩუნებდა ერთწამიან უპირატესობას ბატონთან.

პირველი პიტსტოპი

პიტსტოპების პირველი ტალღა მეშვიდე წრეზე დაიწყო, როცა ახალი საბურავებისთვის გაემართა დანიელ რიკარდი ("ტორო როსო"). ლიდერებმა პიტლეინზე ერთი წრით გვიან შეუხვიეს - პირველები ბოქსებს ეწვივნენ ბატონი, მასა და როსბერგი, ერთი წრის შემდეგ - ჰემილტონი, უებერი და ალონსო. ლიდერთა ჯგუფიდან ერთ-ერთმა ბოლომ საბურავები ფეტელმა და "ლოტუსის" პილოტებმა გამოცვალეს.

შედეგად, ფეტელმა და გროსჟანმა შეინარჩუნეს ლიდერის პოზიციები, მესამე ადგილზე კი ახალი რბილი საბურავების წყალობით რაიკონენი გადავიდა.

უებერი მეოთხე ადგილზე დარჩა, ალონსომ კი პიტსტოპის შემდეგ წინ გაუშვა "მაკლარენის" დუეტი და მე-15 წრისთვის მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა - როსბერგისა და მასას წინ. დისტანციის მეორე ნაწილში პირველი სამეული ფეტელის, გროსჟანისა და რაიკონენის შემადგენლობით პელოტონს თითქმის ათი წამით გაექცა, რის შემდეგაც გუნდებმა მეორე პიტსტოპები დაიწყეს.

მეორე პიტსტოპი

ბატონმა, როსბერგმა და მასამ ისევ პირველებმა მიაკითხეს ბოქსებს, ლიდერთა ჯგუფის სხვა წევრებმა კი ახალი საბურავები ორი წრით გვიან მიიღეს.

რაიკონენი, რომელმაც მეორე პიტსტოპამდე გაუსწრო გროსჟანს, საბურავების გამოცვლის შემდეგ მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა, როსბერგმა კი ისარგებლა გახურებული საბურავებით და ალონსოს გაუსწრო. "მაკლარენის" მექანიკოსებმა, წინა ეტაპის მსგავსად, ისევ დაუშვეს შეცდომა, რითაც ჰემილტონი ქვემოთ დაეშვა და "ფერარის" ორი პილოტის უკან აღმოჩნდა.

ამ მომენტისთვის მეოთხე და მეშვიდე ადგილზე აღმოჩდნენ პოლ დი რესტა ("ფორს ინდია") და კამუი კობაიაში ("ზაუბერი") - ამ პილოტებმა ორი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელის შემთხვევაში ჩანაფიქრმა არ იმუშავა: კობაიაში მეორე პიტსტოპის შემდეგ კარგავდა პოზიციებს, რბოლის ბოლოს კი მესამედ მოუწია ბოქსებში შესვლა.

31-ე და 33-ე წრეებზე კობაიაშიმ და დი რესტამ მეორე პიტსტოპი შეასრულეს, ორი წრის შემდეგ კი მეტოქეებმა მესამედ დაიწყეს ბოქსებში შესვლა. იმ მომენტისთვის რაიკონენმა წამამდე შეამცირა სხვაობა ფეტელთან, მაგრამ რამდენიმე შეტევის მიუხედავად, ჩემპიონის გასწრება ვერ მოახერხა.

მესამე პიტსტოპი

პიტსტოპების მესამე სერიამ არ შეცვალა ძალთა თანაფარდობა ქულათა ზონაში - ფეტელი აგრძელებდა ლიდერობას კომფორტული სამწამიანი უპირატესობით. რაიკონენი გროსჟანს შვიდი წამით დაშორდა, უკან კი დიდი ჩამორჩენით უებერი მოძრაობდა. დი რესტა მეხუთე ადგილამდე ავიდა, მაგრამ შოტლანდიელს ავიწროებდა როსბერგი. ის, თავის მხრივ, დამაჯერებლად უგებდა "მაკლარენებსა" და "ფერარებს". ამ გუნდების პილოტებს საკმაოდ მჭიდრო ჯგუფი ჰქონდათ შექმნილი.

ფინიშამდე ათი წრით ადრე რაიკონენმა 2.6 წამამდე შეამცირა სხვაობა ფეტელთან, მაგრამ გერმანელმა სწრაფად გაარკვია ურთიერთობა წრეზე ჩამორჩენილებთან და სამწამნახევრამდე გაზარდა უპირატესობა. ქვედა პოზიციებისთვის ბრძოლაშიც თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, მხოლოდ დი რესტა და როსბერგი იბრძოდნენ მეხუთე ადგილისთვის: გერმანელს უფრო ახალი საბურავები ჰქონდა და 52-ე წრეზე პირველ მოსახვევში წაართვა შოტლანდიელს მეხუთე ადგილი.

ამის შემდეგ დი რესტას ბატონი დაეწია, მაგრამ საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჯენსონს მეოთხე პიტსტოპზე შესვლა დასჭირდა, შემდეგ კი ძრავასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ბრძოლა ნაადრევად დაატოვებინა.

საბოლოოდ, ფეტელმა ოქტომბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, კიმი რაიკონენმა და რომენ გროსჟანმა "ლოტუსს" ორმაგი პოდიუმი მოუტანეს - ბოლოს ამ გუნდს დაჯილდოების ცერემონიაზე ორი პილოტი 2006 წელს ჰყავდა, როცა ალონსო და ჯანკარლო ფიზიკელა პირველ და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

მეოთხე რბოლაში მეოთხედ მეოთხე ადგილი მარკ უებერმა დაიკავა, ხუთეული კი როსბერგმა შეავსო. დი რესტამ შეინარჩუნა მეექვსე პოზიცია - მან მხოლოდ სამი მეათედი წამი მოუგო ალონსოს. ლუის ჰემილტონი, რომელმაც მასას მესამე პიტსტოპზე გაუსწრო, მერვე ადგილზე გავიდა. ქულათა ზონის ბოლო საფეხური მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი") დაიკავა. ლეგენდარულმა გერმანელმა 22-ე პოზიციიდან აიღო სტარტი, ამიტომაც ეს ერთი ქულა მისთვის გმირობის ტოლფასი იყო.

სეზონში პირველი მოგების წყალობით სებასტიან ფეტელმა პირველი ადგილი მოიპოვა გენერალურ კლასიფიკაციაში, თუმცა მხოლოდ ოთხი და ხუთი ქულით უსწრებს ჰემილტონსა და უებერს. ბატონი, რომელმაც სეზონში მეორე რბოლაში ვერ დააგროვა ქულები, მეოთხე-მეხუთე პოზიციას იყოფს ალონსოსთან.

კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულმა" "მაკლარენს" ცხრა ქულით გაასწრო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი "ლოტუსმა" "ფერარი" დააქვეითა.

სეზონის მეხუთე რბოლა 13 მაისს ბარსელონაში გაიმართება.

რბოლის შემდეგ

"ძალიან მძიმე რბოლა იყო. განსაკუთრებული მნიშნვნელობა ჰქონდა კარგ სტარტს და მე შევძელი ჰანდიკაპის შექმნა, რაც დიდი უპირატესობა იყო, რადგან კვალიფიკაციაში გამოყენებული საბურავებით გვიწევდა მოძრაობა.

კიმი ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად იმუშავა. სწორი სტრატეგია გვქონდა და ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადო მთელ გუნდს", - განაცხადა ფეტელმა.

"ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა შანსი და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ მოგება ვერ შევძელი. თავიდან მცირე შეცდომა დავუშვი და პოზიცია წავაგე "ფერარისთან". რბოლის ბოლოს კი საკმარისად სწრაფები არ ვიყავით გამარჯვებისთვის.

სებასტიანის გასწრების ერთი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ არასწორი მხარე დავიჭირე. ეს იყო ერთადერთი შანსი.

საერთო ჯამში, ორივე მანქანით პოდიუმზე აღმოვჩნდით. წინა რბოლაში წარუმატებლად გამოვედით და შესაძლოა, ზოგიერთმა სულელებად მოგვნათლა, მაგრამ სწორი მიმართულება ავირჩიეთ და გუნდმა დაიმსახურა დღევანდელი შედეგი", - ასეთი კომენტარი გააკეთა რაიკონენმა BBC-ზე.

ბაჰრეინის გრანპრი. IV ეტაპი

საჰირი (57 წრე, 308.238 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:35.10,990

2(11). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +3,333

3(7). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +10,194

4(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +38,758

5(5). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +55,460

6(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +57,543

7(9). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +57,803

8(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +58,984

9(14). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1:04,999

10(18). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1:11,490

11(8). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1:12,702

12(13). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1:16,539

13(12). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1:30,334

14(19). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1:33,723

15(6). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრია) 1 წრე

16(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე

17(16). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე

18(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 2 წრე

19(23). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 2 წრე

20(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 2 წრე

21(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე

22(15). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 3 წრე

23(17). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 30 წრე

24(21). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 31 წრე

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 101; 2. მაკლარენი - 92; 3. ლოტუსი - 57; 4. ფერარი - 45; 5. მერსედესი - 37; 6. ზაუბერი - 31; 7. უილიამსი - 18; 8. ფორს ინდია - 17; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო