გერმანელი ექსპერტების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დორტმუნდელები "ბაიერნის" ჰეგემონიას ნელ-ნელა ამხობენ
იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ ული ჰიონესი აღარასოდეს დაურეკავს

დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ მეორედ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რითაც 16-წლიან ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მიუნხენის "ბაიერნი", მინიმუმ, წელიწადგამოშვებით ჩემპიონდებოდა, ბოლო მოუღო.

BVB-მ "ვერცხლის სინი" შეინარჩუნა და გერმანელი ექსპერტების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დორტმუნდელები "ბაიერნის" ჰეგემონიას ნელ-ნელა ამხობენ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ბორუსიას" ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდული და შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიული გუნდი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" ბატონობა მართლაც საფრთხის ქვეშაა.

ორი აზრი არ შეიძლება, რომ არსებობდეს: "დორტმუნდის" მორიგი ჩემპიონობა, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის დამსახურებაა, რადგან ეს გუნდი სწორედ მან ჩამოაყალიბა და ისედაც ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა გერმანელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდ მწვრთნელად ყალიბდება. თუმცა 44 წლის კლოპი ბევრისთვის უკვე არის დიდი მწვრთნელი.

გადავწყვიტეთ, ბუნდესლიგის ტურის გამოხმაურების კლასიკურ ვარიანტზე ამჯერად უარი ვთქვათ და ეს ადგილი მთლიანად კლოპის ინტერვიუს და დორტმუნდულ ამბებს დავუთმოთ. დორტმუნდელებმა შაბათს მთელი ღამე იზეიმეს, იურგენი კი "ბილდის" ჟურნალისტს კვირას გაესაუბრა.

- ჰერ კლოპ, ღამით "ვერცხლის სინთან" ერთად გერმანიის თასიც ხომ არ დაგესიზმრათ?

- არაფერი დამსიზმრებია; ან შეიძლება დამესიზმრა, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს. მთელი ღამე ვზეიმობდით, ბევრიც დავლიეთ და ბოლოს უკვე ლამის უგონოდ მთვრალი ვიყავი, მერე კი მკვდარივით მეძინა. არა უშავს, გერმანიის თასის ფინალამდე წინ არაერთი ღამე მელის და ასეთი სიზმრის ნახვას კიდევ მოვასწრებ.

- 12 მაისს ისევ "ბაიერნთან" გექნებათ საქმე და მოგეცემათ იმის შანსი, რომ რეკორდმაისტერს ზედიზედ მეხუთედ მოუგოთ, დორტმუნდის "ბორუსიას" კი დუბლი გაუფორმოთ...

- ეს თქვენი კითხვა თუ მოსაზრება აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მაგრამ ტონი არ მომეწონა. ეს ისე თქვით, თითქოს "დორტმუნდს" თასის ფინალის მოგება გარანტირებული ჰქონდეს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ეიფორიამ ჩემი ფეხბურთელებიც აიყოლიოს, რაც ძალების გადაფასებას და კონცენტრაციის დაქვეითებას გამოიწვევს. მე სულ ამას ვებრძვი. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეორედ გავხდით გერმანიის ჩემპიონები, რაც გრანდიოზული მიღწევაა, ჩვენ მაინც არ ვართ სუპერგრანდი...

- თქვენი პასუხიც ლეგიტიმურია, მაგრამ თქვენს ტონში იცით, რა იგრძნობა?

- რა?

- აღიარებთ, რომ "ბაიერნი" "დორტმუნდზე" ძლიერი გუნდია...

- "ბაიერნს" "ბორუსიაზე" მეტი პოტენციალი აქვს და ამის აღიარება ჩემთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. რაც შეეხება თასის ფინალს: რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ რეკორდმაისტერი კიდევ ერთხელ გავამწაროთ. მით უმეტეს, რომ ეს გერმანიის თასის აღების გარანტია იქნება. დუბლის შესრულება თითოეული ჩვენგანის ოცნებაა. მე, უბრალოდ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ ფინალის მოგება ადვილი იქნება.

- ამ ჩემპიონობამ ყველა საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ დიდი მწვრთნელი ხართ. თქვენზე ისედაც ყოველთვის ბევრს წერდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მომრავლდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მომავალი ბუნდესმწვრთნელი სწორედ თქვენ ხართ...

- დიდი მწვრთნელი ჯერ არ ვარ, კარგი მწვრთნელი კი ნამდვილად ვარ. რომ არა კლუბის ხელმძღვანელების ხელშეწყობა და, ხასიათიდან გამომდინარე, იდეალურად შერჩეული ფეხბურთელები, "დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებდა. ჩვენ ამ მიზანს ერთად მივაღწიეთ.

- რას იზამთ, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კიდევ ერთხელ რომ დაგირეკოთ და მიუნხენურ გრანდში მუშაობა შემოგთავაზოთ?

- არა მგონია, რომ ჰიონესმა ეს ოდესმე კიდევ ერთხელ გააკეთოს, მაგრამ რაკი მაინც მკითხეთ, მეც გიპასუხებთ, რომ ასეც რომ მოხდეს, მე ერთგული ადამიანი ვარ! "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გავაგრძელე და ზუსტად ვიცი, რომ მინიმუმ 2016 წლამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

- იქნებ ისიც რეალურია, რომ დორტმუნდში სამუდამოდ დარჩეთ?

- რატომაც არა? თუ ორივე მხრიდან ყველაფერი კარგად იქნება და "ბორუსია" ჩემს ხელში წარმატებული გუნდი იქნება, აქედან წასვლაზე რატომ უნდა ვიფიქრო? "დორტმუნდზე" უკეთესი კლუბი ჩემთვის არ არსებობს – BVB-ს ალტერნატივა არ აქვს.

- ბოლო დროს მეუღლეს გერმანიის ჩემპიონობაზე ხშირად ელაპარაკებოდით?

- არა, რას ამბობთ! სახლში ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. ოჯახი ოჯახია, სადაც სამსახურზე რაც შეიძლება ცოტა უნდა ილაპარაკო. სახლში არც "დორტმუნდის" საჩემპიონო მაისურის ჩაცმას ვაპირებ.

- ზედიზედ მეორე ტიტული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში თქვენი გუნდი კიდევ უფრო მძიმე წნეხის ქვეშ მოექცევა?

- წნეხის ქვეშ არ მოვექცევით, რადგან "დორტმუნდი" არც მომდევნო სეზონში იქნება გერმანიის ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი. ეს როლი ისევ "ბაიერნს" მიენიჭება, ჩვენ კი სეზონს კვლავ მდევრების რანგში დავიწყებთ.

- შარშანაც ასეთი განცხადება გააკეთეთ და მაშინ არ შეგეწინააღმდეგეთ. ახლა კი ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით: ნუთუ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა არ ნიშნავს იმას, რომ დროა, "ბორუსია" მთავარ ფავორიტად შევრაცხოთ?

- ჩემი გუნდის მთავარ ფავორიტად შერაცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ "ბაიერნი" ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ შვიდ ფეხბურთელს გაყიდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ