18 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმევა ...

18 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმევა და თბილისში გამართულ ოთხთა ტურნირზე ელიტრაუნდში გასასვლელად იბრძოლებს. ოფიციალურ მატჩებამდე ერთი თვეღა რჩება და ჩვენი 17-წლამდელების მიმართ გულშემატკივართა ინტერესიც იზრდება. ნაკრების მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს პალანგის ტურნირის, სოხეთში ჩატარებული ამხანაგური მატჩებისა და შესარჩევი ციკლისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გავესაუბრეთ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი და როგორ ფორმაში მყოფი ხვდება ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს?

- როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ამჟამინდელი ნაკრები მიმდინარე წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დიდძალი სამუშაო გავწიეთ. ჩავატარეთ აქტიური სასელექციო სამუშაო და დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ის ბირთვი, რომელსაც ბოლო პერიოდში დავეყრდენით. საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ნაყიფიერად ვიშრომეთ, მაგრამ ამ შეკითხვას ყველაზე მკაფიო პასუხი შესარჩევმა ტურნირმა უნდა გასცეს.

- პალანგის ტურნირამდე ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპების შესახებ მკითხველმა კარგად იცის, ასე რომ, უფრო დაწვრილებით უშუალოდ პალანგაზე ვისაუბროთ...

- როგორც იცით, ეს არის საკმაოდ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ტრადიციულად, საკვალიფიკაციო ეტაპებს უძღვის წინ და ნაკრებებისთვის კარგი გენერალური რეპეტიციაა. სხვა ნაკრებებთან გაჯიბრება ყოველთვის საინტერესო და ბევრისმომცემია. ჩავატერთ ოთხი მატჩი, რამაც ბიჭებს დიდი და ჰაერივით აუცილებელი გამოცდილება შესძინა.

- პალანგაში დაკავებული მესამე ადგილი დამაკმაყოფილებელ შედეგად მიგაჩნიათ?

- არა, რადგან ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ჩემპიონობას ვიმსახურებდით. მართალია, ჯგუფში უკრაინასთან 0:3 დავმარცხდით, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა ტაბლო საერთოდ არ ასახავდა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. თავსხმა წვიმაში უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაშინ როცა მეტოქეს ძალიან გაუმართლა. უკრაინელებმა ანგარიში მსაჯის აშკარა შეცდომით გახსნეს. ჩვენი მეკარე ბურთს კარის ხაზზე დაეუფლა, არბიტრმა კი რატომღაც მიიჩნია, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. თუმცა მარცხს მხოლოდ მსაჯს ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ამ წაგებაში თავისი როლი ჩვენი ბიჭების მეტისმეტმა თავდაჯერებამაც ითამაშა, რაც სასტარტო შეხვედრაში მოლდოვის 6:0 განადგურებას მოჰყვა. სამაგიეროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს მესამე ადგილისთვის მატჩში, როცა თავიდან ბელარუსი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ხუთი უპასუხო ბურთი გავუტანეთ.

- გულშემატკივარს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, როგორი ფეხბურთელია მიუნხენის "ბაიერნის" წევრი ლუკას ჰუფნაგელი.

- იგი პალანგის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. არის საოცრად ტექნიკური და ასაკის კვალობაზე, გასაოცარი საფეხბურთო აზროვნება აქვს. მოკლედ, შესანიშნავი მონაცემების მქონე ბიჭია და რაც მთავარია, აქვს ის პიროვნული თვისებები, რისი წყალობითაც დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს. მისი პროფესიონალიზმით ყველა მოიხიბლა. ყოველთვის სერიოზული სახე ჰქონდა, გამუდმებით ფეხბურთზე იყო კონცენტრირებული და თავისი ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა. მოკლედ, გერმანული და ქართული ხასიათის იდეალური ნაზავია – იქაური დისციპლინა და ჩვენებური შემოქმედებითი სათამაშო სტილი ერთმანეთთან იდეალურადაა შერწყმული.

- პალანგაში ნაკრებთან ერთად არ ყოფილა გერმანიაში მოთამაშე კიდევ ერთი ლეგიონერი ლუკა ჩხაიძე. გავრცელდა ხმები, თითქოს მისი ჩამოსვლა მომავალშიც ეჭვქვეშ დადგებოდა...

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "მიუნხენ 1860"-მა იგი პალანგაში არ გამოუშვა, სამაგიეროდ, ჩხაიძემ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა სომხეთში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებშიც და შესარჩევ ტურნირშიც აუცილებლად დაგვეხმარება.

- სომხეთში ალბათ, შედეგზე აქცენტს ნაკლებად აკეთებდით...

- გავსინჯეთ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი. მთავარი იყო, გამოგვესწორა ის ნაკლოვანებები, რომელიც პალანგაში წარმოჩნდა. მოხარულო ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. რამდენიმე პოზიციაზე ახალმა მოთამაშეებმა გაამართლეს, რაც ძალიან მახარებს. ორივე შეხვედრა სევანის ტბასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე კეთილმოწყობილ ბაზაზე გაიმართა და ორივე მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. სომეხი 17-წლამდელები შესარჩევ ტურნირს რამდენიმე დღეში იწყებენ და კარგი განწყობის შესაქმნელად გამარჯვება ძალიან უნდოდათ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას მოახერხებდნენ, რადგან ეგონათ, რომ სუსტი გუნდი გვყავდა. მეორე თამაშში სომეხმა მსაჯმა ძალიან გამოიდო თავი, მაგრამ ვერც მისი და ვერც მეტოქის ფეხბურთელების მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო. ბიჭები გაფრთხილებულები მყავდა, რომ მეტოქის პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და საბოლოოდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჰუფნაგელის მსგავსად, ჩხაიძემაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაშებს ხომ არ დასწრებიხართ?

- არა, მაგრამ გვექნება იმის საშუალება, რომ ინგლისის, შვედეთისა და პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრებების ბოლო მატჩების ჩანაწერებს ვუყუროთ და გავაანალიზოთ.

- ნაკრების მზადების დასკვნითი ეტაპი როდის წარიმართება და როდის დაასახელებთ იმ 18 ფეხბურთელს, რომლებსაც შესარჩევი ტურნირის განაცხადში შეიყვანთ?

- 8 ოქტომბერს 22 ფეხბურთელის შემადგენლობით შევიკრიბებით და 18 მოთამაშეს უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის წინ შევარჩევ. კარგია, რომ ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ნაკრებში მოხვედრა არავის აქვს გარანტირებული. ეს ისეთი ასაკია, სადაც ფეხბურთელთა კონდიციები სისტემატურად იცვლება. თუკი წლის დასასწყისში ზოგი მოთამაშე ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო, მოგვიანებით სხვები გამოვიდნენ ჩრდილიდან. გვაქვს გაფართოებული სია და ყურადღების არედან არავინ გამოგვეპარება. ვინც ახლა ვერ მოხვდება სანაკრებო განაცხადში, თავის გამოჩენის შანსი მომავალში აუცილებლად მიეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია