უილიამსმა ამ ტურნირზე პირველი და მეორე ნომრები დაამარცხა და განაცხადა, რომ მისი მიზანი რეიტინგში ლიდერობაა
გასულ სეზონში ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ჰქონდათ, წელს კი გამორჩეული წყვილი შექმნეს ვიქტორია აზარენკამ და აგნიეშკა რადვანსკამ. ამ სეზონში მათ უკვე მეექვსედ მოასწრეს შეხვედრა და, ისევე, როგორც ნოვაკისა და რაფაელის დაპირისპირებაში, ყველა შეხვედრა ერთი შედეგით დასრულდა.

ბელარუსი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ აგნიეშკაზეც იმავეს თქმა შეიძლება. პოლონელმა ორი დიდი ტურნირი მოიგო დუბაისა და მაიამიში; წელს დამარცხებული ჰყავს მარია შარაპოვა, კაროლინ ვოზნიაცკი, ნა ლი, ვენუს უილიამსი, მარიონ ბარტოლი, მაგრამ ვერაფრით მოუძებნა გასაღები ვიქტორიას თამაშს. ზოგიერთ ტურნირზე რადვანსკა შესანიშნავ ჩოგბურთს თამაშობდა, მაგრამ აზარენკას წინააღმდეგ ეს ჩოგბურთი არ მუშაობდა. ჯამში ხუთ მატჩში მან მხოლოდ ორი სეტი მოიგო.

რადვანსკას ამჯერად ვერც ექსპერიმენტულმა ლურჯმა გრუნტმა უშველა. მადრიდის ნახევარფინალში ყველაფერი ისევე იყო, როგორც წინა მატჩებში: ბევრი ხანგრძლივი გათამაშება, საინტერესო ბრძოლა უკანა ხაზზე და ვიქტორიას უპირატესობა აქტიურობაში.

ცალკეულ გათამაშებებსა და გეიმებს პოლონელი კარგად ატარებდა, მაგრამ საერთო ჯამში, აზარენკა კომფორტულ უპირატესობას ფლობდა. სასტარტო სეტი ვიქტორიამ 29 წუთში აიღო.

მეორე პარტია უფრო დაძაბული გამოვიდა. აგნიეშკამ ორჯერ შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, მაგრამ მესამე ჯერზე ეს ვერ გააკეთა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის წინაშე ისევ დანებება მოუწია - 2:6, 4:6.

აზარენკას მეტოქე სერენა უილიამსისა და ტურნირის აღმოჩენად მონათლულ ლუსი ჰდარეცკას მატჩში ირკვეოდა.

ჩეხმა მადრიდში კვალიფიკაცია გაიარა, ძირითად ბადეში კი ეკატერინა მაკაროვა, პეტრა კვიტოვა და სამანტა სტოსური დაამარცხა. პირველ რიგში, მან თავისი მოწოდებით დაგვამახსოვრა თავი - მესამე წრეში და მეოთხედფინალში ლუსის 34 ეისი დაუგროვდა. სერენასაც, მოწოდების მხრივ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ამიტომაც ამ ნახევარფინალში ბრეიკების დიდი რაოდენობა მოსალოდნელი არ იყო.

პირველი პარტიის შუაში დიდი პაუზა წარმოიქმნა, რადგან ლუსიმ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. ჩეხი მუცლის კუნთის ტკივილს უჩიოდა. დახმარება მას გასახდელში აღმოუჩინეს. ამ მატჩში თითქმის არ ყოფილა უკანა ხაზზე ბრძოლა - ყველაფერი ან მოწოდებისას ირკვეოდა, ან მოწოდების შემდეგ ორ-სამ დარტყმაში.

პირველ სეტში სერენა მიღებაზე ოდნავ უკეთ თამაშობდა. მას ჰქონდა მეტოქის გეიმებზე შანსი იმ დროს, როცა ჰრადეცკამ ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა.

ტაი-ბრეიკზეც ჩეხი მუდმივად მდევრის როლში იმყოფებოდა და ბოლოს მაინც დაეწია მეტოქეს, მაგრამ თანაბარი ანგარიშისას ორმაგი შეცდომა დაუშვა და სერენამ პირველივე ცდაზე გამოიყენა სეტბოლი.

მეორე პარტიაში ჰრადეცკამ თავიდანვე წააგო საკუთარი მოწოდება და საბრძოლო განწყობა საბოლოოდ დაკარგა - მთელი პარტიის განმავლობაში მხოლოდ ექვსი გათამაშება მოიგო - 6:7(5), 0:6.

ფინალი ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო. სერენას არ ჰქონდა ნათამაშები ვიქტორიას წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი პირველი ჩოგანი გახდა, მაგრამ მათი ბოლო შეხვედრა - 2011 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე უილიამსმა მოიგო და ბელარუსთან ურთიერთშეხვედრებში წინ იყო - 6:1.

სერენა ფინალზე ბრწყინვალე განწყობით გავიდა და თამაში ბრეიკით დაიწყო. მალე მან მეორედაც აიღო მეტოქის მოწოდება, რაშიც აზარენკას სამი ორმაგი შეცდომა დაეხმარა.

ვიქტორია, უბრალოდ, ვერაფრით შევიდა თამაშში, შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ექვსი "ვინერსი" დაუგროვდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სერენა შექებას იმსახურებს - მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი შეხვედრა.

როგორც კი აზარენკა თამაშში გარდატეხის შეტანას დააპირებდა, უილიამსი მაშინვე აძლიერებდა მოწოდებას.

საბოლოოდ, ორ მოკლე პარტიაში ამერიკელს 14 ეისი დაუგროვდა. ბელარუსი კი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა - მეორე პარტიის შუაში მან ძლიერად დაახეთქა ჩოგანი კორტზე, რომელიც ასხლეტით კინაღამ სახეში მოხვდა.

საბოლოოდ, გადამწყვეტი მატჩი მხოლოდ 64 წუთს გაგრძელდა და ვიქტორიამ, ისევე, როგორც ორი ეტაპით წინ მარია შარაპოვამ, მხოლოდ ოთხი გეიმი აართვა სერენას - 1:6, 3:6.

აზარენკასთვის ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია 2010 წლის შემდეგ, როცა მან როლან გაროსის პირველ წრეში წააგო ხისელა დულკოსთან - 1:6, 2:6.

ასე რომ, უილიამსმა ამ ტურნირზე პირველი და მეორე ნომრები დაამარცხა და განაცხადა, რომ მისი მიზანი რეიტინგში ლიდერობაა. ეს მისთვის ზედიზედ მეორე და კარიერაში 41-ე ტიტულია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ გრუნტზე მისი გამარჯვება, რაც 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა სერენამ როლან გაროსი დაიპყრო.

Madrid Open

მადრიდი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 5 189 603 დოლარი

1/2-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:2, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 9)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 7:6(5), 6:0.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 9)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა