საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტური სენსაციური და, შესაბამისად, ყველაზე საინტერესო გამოდგა. მოწინავე ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა, საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა "ლელომ" მოიგო...

საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტური სენსაციური და, შესაბამისად, ყველაზე საინტერესო გამოდგა. მოწინავე ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა, საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა "ლელომ" მოიგო. თბილისელებმა სტუმრად აუტსაიდერ "ბათუმი XV"-ს დამარცხება შეძლეს - 27:13.

დრამატულად წარიმართა შეხვედრა დიღომში "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე, სადაც ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" ერთ-ერთ აუტსაიდერთან, რუსთავის "ხარებთან" დამარცხდა - 26:25. მატჩის დასაწყისი რუსთაველი მორაგბეების უპირატესობით აღინიშნა, მათ ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 14:0 დაწინაურდნენ.

რკინიგზელები გონს მალევე მოეგნენ და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 14:14, ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. წინ ხან ერთი გუნდი იყო, ხან მეორე. თამაშის ბოლო წუთისთვის, როცა "ლოკომოტივი" ორი ქულით იგებდა, მათ ნახევარზე სტუმართა სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. რუსთაველებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს. საჯარიმოც გაიტანეს და წლევანდელ გათამაშებაში მესამე გამარჯვება მიითვალეს, რითაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

უაღრესად დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა "ვისოლი\ყოჩებისა" და "აკადემიას" დაპირისპირება, რომელიც დიდ დიღომში, "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გაიმართა. თამაშის ბოლოსკენ "აკადემია" 16:13-ს იგებდა, თუმცა "ვისოლი\ყოჩებმა" საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა და ერთი ქულა გადაარჩინა.

ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონის სათადარიგო მოედნზე მეხუთეადგილოსან თბილისის "არმაზთან" მოულოდნელად და ასევე საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში წააგო გათამაშების ლიდერმა ქუთაისის "აიამ" - 24:25.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ, როგოც ჩანს, ქუთათურებმა მეტოქე სათანადოდ არ შეაფასეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. ყველაფერში ჩანდა, რომ "არმაზი" მეტი მონდომებით, მეტი შემართებით იბრძოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც არმაზელთა ძალისხმევა დაგროვებულ ქულებშიც აისახა, უფრო ბრძოლისუნარიან გუნდად წარმოგვიდგა.

"აია" კი საკუთარ თამაშს ფრაგმენტულად აჩვენებდა, მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურებაც შეძლო, მაგრამ გამარჯვების მომტანი ანგარიში ვერაფრით შეინარჩუნა. მიზეზი სრულიად უწყინარ ვითარებაში ელემენტარული შეცდომების სიხშირე იყო. თავად განსაჯეთ, "არმაზის" მგეზავმა დავით კიკნაძემ "აიას" კარში რვა საჯარიმო დაარტყა, აქედან მხოლოდ ორი ვერ გაიტანა.

ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. კიკნაძემ საჯარიმო ახლო მანძილიდან გაიტანა - 3:0. ექვს წუთში "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ ასევ საჯარიმოთი გაათანაბრა. რაც ამის შემდეგ მოხდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

კიკნაძემ თამაში ცენტრიდან განაახლა. მეტოქის კარისკენ მაღალი აბრაგანი დაჰკრა. "აიას" მესამეხაზელ გელა შალამბერიძეს ლელოდან ხუთ მეტრში ბურთი ხელიდან გაუვარდა, მისი ხელმეორედ დაუფლება ვეღარ შეძლო და მეტოქეს სალელოვე შეტევის წამოწყების საშუალება მისცა. არმაზელებმა საჩუქარი შეირგეს. მორკნალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და ბოლოს ქუთაისელთა დაცვა მეორეხაზელმა ბექა ჯიშკარიანმა გაარღვია. კიკნაძემ გარდასახა - 10:3.

ხუთ წუთში მანვე საჯარიმოც გაიტანა და "არმაზი" ათი ქულით დაწინაურდა. კიკნაძემ პირველ ტაიმში კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა, რაზეც სინაურიძემ ორით უპასუხა - 9:16. ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი ქუთაისელმა მორაგბეებმა მარცხენა ფრთაზე შესანიშნავი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელეს, რომელიც შერკინების ბურჯმა თორნიკე ლომიძემ ლელოთი დაასრულა. სინაურიძემ ვერ გარდასახა - 14:16.

მეორე ტაიმი "აიამ" აქტიურად დაიწყო. მასპინძლებმა პირველი წუთებზე უხეში შეცდომა დაუშვეს. საჯარიმო ქუთათურებმა აუტში გადაიტანეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დეფანში ბურთი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მძლავრი მიწოლით ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა გაგა გურეშიძემ მიითვალა. სინაურიძემ ამჯერად ურთულესი პოზიციიდან, კიდიდან გარდასახა - 21:16.

"აიამ" თავი წინ რომ დაიგულა, მოეშვა, თამაში ვეღარაფრით დაალაგა. "არმაზი" კი დანაბებას არ აპირებდა. კიკნაძემ 56-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა - 19:21. 75-ე წუთზე კი სტუმართა მიერ წესის მორიგი დარღვევით ისარგებლა და თავისიანები ერთი ქულით დააწინაურა - 22:21.

"აია" ახლა კი გამოცოცხლდა, შეუტია და თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. შეცვლაზე შესულმა ლევან შარვაშიძემ ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა და "აია"ისევ დააწინაურა - 24:22.

თამაშის დამთავრებას წუთიღა აკლდა, როცა მოედნის ცენტრში ქუთაისელმა მორაგბეებმა აუტიდან ბურთი სრულიად გაუმართლებლად სწრაფად შემოიტანეს, იქვე დაკარგეს და თამაშის წესიც დაარღვიეს. კიკნაძემ საჯარიმოს დარტყმა ცენტრალური ხაზიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა. 50 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და "არმაზს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა - 25:24.

IX ტური

ბათუმი XV-ლელო 13:27, ლოკომოტივი-ხარები 25:26, ვისოლი\ყოჩები-აკადემია 16:16

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. აია 9 7 0 2 +62 14

2. ლელო 9 7 0 2 +145 14

3. ლოკომოტივი 9 6 0 3 +68 12

4. ყოჩები 9 5 1 3 +43 11

5. არმაზი 9 4 0 5 -68 8

6. ხარები 9 3 0 6 -112 6

7. აკადემია 9 2 1 6 -34 5

8. ბათუმი XV 9 1 0 8 -107 2

X ტური

ბათუმი XV-არმაზი, ლელო-ლოკომოტივი, აია-აკადემია, ვისოლი\ყოჩები-ხარები.

არმაზი-აია 25:24

არმაზი (15-9) კოტორაშვილი, ხუციშვილი, გაბროშვილი, კაიფაჯიანი, მიქიაშვილი, კიკნაძე, მისრიაშვილი. (1-8) ჩომახაშვილი (ბუკია 59), სოსელია, ესართია, ჯიშკარიანი, ჭელიძე (ტვილდიანი 41), კანდელაკი, მინაშვილი, თიგიშვილი.

ლ: ჯიშკარიანი, 6სგ: კიკნაძე.

აია (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე, ჩხიკვაძე, აშვეთია, გოშაძე, სინაურიძე (შარვაშიძე 67), როხვაძე (გოგია 67). (1-8) ლომიძე, სხულუხია, ხეჩიკოვი (გურეშიძე 33), იობიძე, მეტრეველი, ჩიქვინიძე (რევიშვილი 33), შალამბერიძე, ძაგნიძე.

2ლ: ლომიძე, გურეშიძე. 4ს: სინაურიძე (3), შარვაშიძე. გ: სინაურიძე.

მსაჯი: გ.ჯავახიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის