ჩვენებურის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში "პესაროსთან" 2:3 დამარცხდა
სერია A-ს გასული სეზონის ფინალისტ "კანტუში" წლეულს უკეთესი თუ არა, არანაკლები შემადგენლობა შეიკრიბა და გულშემატკივრებიც იმედოვნებდნენ, რომ გუნდი იტალიის ჩემპიონატის ფინალში ამჯერადაც ითამაშებდა, თუმცა...

"მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს ქომაგს, რომელიც "კანტუსგან" მეტს ელოდა. "პესაროსთან" მეოთხედფინალში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, 2:0 დავწინაურდით, მაგრამ სამწუხაროდ, სერიაში 2:3 დავმარცხდით", - ეს გახლდათ კანტუელთა დამრიგებლის, ანდრეა ტრინჩიერის კომენტარი სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ.

მისი გუნდი ნახევარფინალთან მართლაც ახლოს იყო - საწყის ორ მატჩში დამაჯერებლად მოუგო "პესაროს" (მეორეში 74:47), თუმცა ლომბარდიელთა დაღმასვლა მესამე თამაშიდან დაიწყო. სტუმრად ორჯერ წააგეს, ხოლო შაბათს გადამწყვეტ შეხვედრაში შინ 69:78 დამარცხდნენ.

მეხუთე შეხვედრის პირველმა ტაიმმა გვიჩვენა, რომ მოედანზე ორი თანაბარი გუნდი იდგა. საწყისი მეოთხედი ანგარიშით 17:17 დასრულდა, მეორე - 22:22 და დიდი შესვენებისთვის ტაბლოზე 39:39 ეწერა.

მესამე ათწუთეულიდან "პესაროს" უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმრებს განსაკუთრებით კარგად შორეული ტყორცნების რეალიზება გამოსდიოდათ. საბოლოოდ 11 სამქულიანი (29-იდან) გამოიყენეს. სწორედ ეს გახლდათ მათი წარმატების გასაღები.

მეოთხე პერიოდის წინ "პესარო" 5 ქულით დაწინაურდა (60:55). ასეთი ჩამორჩენა "კანტუს" გაცილებით ძლიერ კლუბებთანაც აღმოუფხვრია, თუმცა მეოთხე რაუნდის დასაწყისში სტუმრებმა სამი სამქულიანი ჩააგდეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 71:58.

თამაშის შემოტრიალება საკუთარ თავზე აიღეს მანუჩარ მარკოიშვილმა და დორონ პერკინსმა. პირველმა 4 ქულა ჩააგდო, დორონმა - 2 და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა (66:73). ეს იყო და ეს, "კანტუმ" მეტი ვერ შეძლო.

მარკოიშვილმა სეზონი სნაიპერობით დაასრულა - თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 15 ქულა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიუმატა.

33 წუთში მან 11-იდან 7 ორქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო გამოიყენა. 14 ქულით "კანტუს" ვიცე-ბომბარდირი მაარტენ ლეუნენი გახდა, ხოლო პერკინსმა მატჩი 6 ქულითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

"პესაროს" გამარჯვებაში 21-ქულიანი წვლილი ჯეიმს უაითმა შეიტანა, ხოლო ჯუმეინ ჯონსმა 15 ქულა ჩააგდო.

"კანტუს" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ტრავმიანობაა. გუნდს წამყვანი კალათბურთელები მაინცდამაინც პლეი ოფის წინ გამოაკლდნენ.

გიორგი შერმადინმა ფეხის თითი კი მოირჩინა და მწვრთნელმა განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათამაშოდ სათანადოდ არ იყო მზად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ანდრეა ტრინჩიერი გიორგის სამსახურზე უარს ვერ იტყოდა. ასევე, განაცხადში იყო და არ უთამაშია ვლადიმირ მიკოვს, ხოლო მარკო სჩეკიჩი დიდი ხანია, ტრავმას მკურნალობს.

ასე და ამგვარად, იტალიის ჩემპიონატიდან მარკოიშვილი-შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდების გამოთიშვის შემდეგ ერთი ქართველი დაგვრჩა - ნიკა მეტრეველი, რომლის "დინამო სასარიმ" ვიქტორის "ვირტუსს" მეოთხედფინალში 3:0 სძლია. დინამოელებს სერიოზული მეტოქე ჰყავთ - სიენას "მონტეპასკი".

ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 28 მაისს დაიწყება. მას სიენა უმასპინძლებს.

სხვათა შორის, სწორედ დღეს, 28 მაისს ჩაერთვება ფინალურ სერიაში ევროპულ სარბიელს შემორჩენილი კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია. მისი "შარლერუა" ბელგიის ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ფინალში თორნიკეს თანაგუნდელებს "ოოსტენდეს" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ. რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში "შარლერუამ" სწორედ ამ გუნდთან წააგო (შინ) და ამიტომ ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა "ოოსტენდეს" მხარესაა.

პესარაოო! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის