ახალგაზრდა ფალავანი თავის ოჯახსა და ეროვნულ ნაკრებში კონკურენციაზე საუბრობს
ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულ ნაკრებს შარშან ვარსკვლავური თაობა ჰყავდა, რომელმაც დიდ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა იმ გუნდიდან ეროვნულში დამკვიდრება და აქაური კონკურენციის დაძლევა მხოლოდ ზურაბ დათუნაშვილმა (74) შეძლო.

მართალია, მწვრთნელებს ჯერ ოლიმპიადაზე წასაყვანი შემადგენლობა არ დაუსახელებიათ, თუმცა შარშანდელი ახალგაზრდებიდან ლონდონში წასვლის ყველაზე რეალური შანსი მას აქვს.

მეტიც - დათუნაშვილის გარდა ამის შესაძლებლობა სხვებს აღარც დარჩათ, ღმერთმა ყველა დაიფაროს და ლიდერებიდან ვინმე ტრავმას თუ არ მიიღებს.

არადა, იმ ნაკრებში სხვებს უფრო მეტი წარმატება ჰქონდათ - ორი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ შარშანდელი სეზონი ურიგოდ არც დათუნაშვილს ჩაუტარებია - თანატოლებში ევროპაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოზე კი ფინალში გავიდა და ვერცხლს დასჯერდა.

ახალგაზრდა ფალავანს ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენცია დახვდა, თუმცა მიზანდასახული გარჯით, დიდი შრომით და მოთმინებით ამასაც ძლევს. მას ეროვნულ ნაკრებში პირველხარისხოვან ტურნირებზე ჯერ არ უჭიდავია და დიდი შანსია, დებიუტი პირდაპირ ოლიმპიადაზე მოიწყოს.

ევროპის პირველობაზე მისი წაყვანა კი განიხილებოდა, მაგრამ მაშინ მანუჩარ ცხადაიას უნდა დაეკლო და თავის წონაში დამდგარიყო, რაც იმ მომენტისთვის ფიზიკურად არ ხერხდებოდა.

ამიტომ ჯენლტმენური შეთანხმებით იმ მომენტში დათუნაშვილის შანსი გაიწირა, თუმცა მალევე მოიპოვა ჯერჯერობით პირველი სანაკრებო წარმატება - მოიგო სოფიაში გამართული პირველივე სალიცენზიო ტურნირი და გუნდს ოლიმპიადის საგზური მოუტანა.

იქ მან კარგი ჭიდაობით და საოცარი ილეთით დაგვამახსოვრა თავი, როცა უნგრელ ევროპის ექს-ჩემპიონ პეტერ ბასცის თავზე გადაახტა, ვარდნაში ჩოქბჯენში ჩაიყვანა და დაატრიალა, რითაც გადაწყვიტა კიდეც შეკრების ბედი... სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი დელეგაციის წევრები ხუმრობდნენ, ევროპის ჩემპიონი კომპასს ეძებდა, ვერ გაიგო, საიდან დაატყდა თავს მეტოქეო.

ერთი სიტყვით, ზურაბ დათუნაშვილთან სასაუბრო ბევრია, როგორც ახალ, პერსპექტიულ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობ ფალავანთან, ოღონდ ამჯერად ოლიმპიადას გვერდი ავუარეთ.

კულუარული ხმებით, ლონდონში მისი წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა ნუ დავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ ნაკრების ოფიციალურად გამოცხადებას.

ამბობენ იმასაც, რომ როცა დათუნაშვილმა სოფიაში გაიმარჯვა, იმ დროს შეკრებაზე მყოფ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას ბარგი ჩაულაგებია და წამოსულა, ლიცენზია თუ მოიპოვა, ღმერთმა გაუმარჯოს, ახალგაზრდა ბიჭია და მე ხელს არ შევუშლიო...

- თავდაპირველად თქვენს შესახებ მოგვიყევით, როგორ მოხვდით ჭიდაობაში, ვისთან დაიწყეთ ვარჯიში...

- ვარჯიში 6 წლისამ დავიწყე ვილიამ ხარაზოვთან და დღემდე მასთან ვარ. ამ კაცს ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე, მშობელზე არანაკლები.

თავიდან ფეხბურთზე შევედი, მაგრამ ორ კვირაში ჩემი სურვილით ჭიდაობაზე გადმოვედი, რადგან ეს სახეობა უფრო მიზიდავდა - გასართობად ისედაც ვჭიდაობდი თანატოლებთან და უცხო არ იყო ჩემთვის. მომწონდა ილეთებს გაკეთება და ამიტომ ვთქვი უარი ფეხბურთზე. მამა მორაგბეა, თუმცა მას არ დაუძალებია არაფერი, არჩევანში არ შევუზღუდივარ.

პირიქით - მიესალმა ჩემს გადაწყვეტილებას და ყველანაირად მიწყობდა ხელს ვარჯიშში, როგორც შეეძლო დახმარება.

- მოგვიანებით, როცა გამუდმებით რეჟიმში ყოფნას გთხოვდნენ, როცა ბევრი შრომა და თავისუფლების დათმობა იყო საჭირო, თავის დანებებაზე, გასაძრომის პოვნაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- რეჟიმში ყოფნა ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ცხადია, არაა იოლი ასე ცხოვრება, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელია. ამიტომ თავის დანებებაზე არც მიფიქრია, რეჟიმსაც ვიცავ, იშვიათად თუ მოხდება საწინააღდეგო, თორემ ძირითადად მივყვები მწვრთნელებს, მათ რჩევებს, გამუდმებით ვცდილობ ახალის ათვისება-შესწავლას.

- ალბათ, ამის შედეგის ის ახალი აკრობატული ილეთი, რომელიც წლეულს გამოჩნდა თქვენს არსენალში... სავარაუდოდ, შთაგონების წყარო ამერიკელი ელის კოლემანსი იყო...

- დიახ, ეს ილეთი პირველად შარშან ვნახე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე მისი შესრულებით, როცა ირანელს ჩაუტარა. მერე დარბაზში ვარჯიშებზე ჩემით დავიწყე ამ ილეთზე მუშაობა.

ბევრი მეუბნებოდა, არ გამოგივაო, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მის დამუშავებას და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიე.

ტურნირებზე რამდენჯერმე ვცადე, თუმცა არ გამომივიდა, საქართველოს ჩემპიონატში კი გამომივიდა... ჯერ კიდევ აკლია დამუშავება, ამერიკელი უფრო დახვეწილად, უფრო სუფთად ასრულებს, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ.

- მიზანსწრაფულიც ყოფილხართ, რომ ამდენ შრომას არ მოერიდეთ. სხვა თუ არაფერი, ადგილიდან იმხელაზე ნახტომის დამუშავებას სათანადიო სახეობაში ვერ ახერხებს ბევრი - 2-3 მოკლე ნაბიჯით, გამოქცევის გარეშე უნგრელს თავზე გადაახტით.

- დავინახე, რომ იმ მომენტში ცოტა მოხრილი იდგა, მაგ ილეთის გაკეთება კი ამ დროსაა მოსახერხებელი. ამიტომ გავექანე და ავხტი...

საბედნიეროდ, გამომივიდა კიდეც და ანგარიშშიც დავწინაურდი. თუმცა, მიმაჩნია, რომ თუ იგებ ანუ რისკი არაა საჭირო, მაშინ არ ღირს მაგ ილეთზე წასვლა, რადგან მარცხის ალბათობა დიდია... აი, თუ აგებ, მაშინ ღირს გარისკვა.

- თქვით, რომ ილეთი ჯერ კიდევ დასახვეწიაო და ჩოქბეჯენში ჩაყვანის მერე მისი დატრიალება ცოტა გაგიჭირდათ, კომბინაციაში ვერ შეასრულეთ ტრიალი. ამ კომპონენტში მართლაც გჭირდებათ მომატება, თუმცა თქვენი აზრით, სხვა ხარვეზიც ხომ არ გაქვთ ჭიდაობაში, სადაც მეტი ვარჯიში გმართებთ?

- კი, ჩოქბჯენიდან დატრიალება მართლაც დასახვეწია, ხოლო სხვა მხრივ ალბათ, ისევ ფიზიკური კონდიციების გაზრდა მმართებს.

- თქვენი ძმა - გიორგიც მოჭიდავეა. რამდენადაც ვიცი, მას მოუხსნეს დისკვალიფიკაცია.

- კი, ნამდვილად მოუხსნეს. ის ჩემზე ნიჭიერია და მჯერა, უფრო მეტსაც მიაღწევს. საერთოდ, ოთხი დედმამიშვილი ვართ - სამი ძმა და ერთი და. მესამე ძმაც სპორტსმენია, ოღონდ ფეხბურთელი - `დინამოშიც~ თამაშობდა, თუმცა მერე დაანება თავი.

- გამოდის, მთელი ოჯახი სპორტში ხართ ჩაბმული... ძმები ერთ წონაში გამოდიხართ, რომელიმე წონის შეცვლას ხომ არ ფიქრობთ?

- არ ვიცი, ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ არც ერთი, ორივე 74-ში ვრჩებით. თავიდანვე ერთად მოვდივართ და ადრე ამ კონკურენციის გამო ხშირად გვიჩხუბია კიდეც - სახლშიც, დარბაზშიც... ახლა ასე აღარაა, დანარჩენი კი ვნახოთ - დრო გვიჩვენებს ყველაფერს...

- კონკურენცია ნაკრებშიც ძალიან დიდი დაგხვდათ - იქით ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქეთ - მსფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია ლამობდა ამ წონაში დამკვიდრებას, იყვნენ სხვა ძლიერი პრეტედენტებიც, თქვენ კი წონის შეცვლა არც გიფიქრიათ...

- კონკურენცია კარგია - ამ დროს უფრო იზრდები, ხოლო თუ კონკურენციის გეშინია, მაშინ ბევრს ვერაფერს მიაღწევ.

ვფიქრობ, შიშით არ უნდა გეშინოდეს. პირიქით, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მასთან მოგება მეტი სტიმულია, მეტი შემართებით ჭიდაობ, ვარჯიშებზეც გაცილებით მოტივირებული ხარ...

ფეხბურთიდან მოსული მოჭიდავე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kesi
zuuur martlac kargi xar,warmatebas gisurveb,gmerti iyos sheni mparveliiiii
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა