წლის ბოლომდე დასჯილი ქართველი ფეხბურთელი ირწმუნება, რომ არბიტრისთვის ხელი არ დაურტყამს!
ლევან კობიაშვილს სასჯელი გაუნახევრეს - ერთწლიანი დისკვალიფიკაციის ნაცვლად, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ ნახევარმცველს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა "მხოლოდ" ექვსი თვით აუკრძალა.

შეგახსენებთ, ბერლინის "ჰერტას" და დიუსელდორფის "ფორტუნას" მატჩის არბიტრის - ვოლფგანგ შტარკის განცხადებით, მატჩის შემდეგ მომხდარი აყალმაყალის დროს კობიაშვილმა მას კისერში ხელი ჩაარტყა.

თავდაპირველად საქართველოს ნაკრების რეკორდსმენს (ნაკრებში ჩატარებული აქვს 100 მატჩი) ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ თამაში მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრამდე აუკრძალეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, სასჯელის შემსუბუქება ჩვენებურის მიერ დანაშაულის აღიარებას (?!) მოჰყვა, თუმცა "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან კობიაშვილი ირწმუნება, რომ შტარკისთვის ხელი არ დაურტყამს!

- ლევან, სინამდვილეში რა მოხდა "ფორტუნასთან" მატჩის შემდეგ?

- მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები შემოცვივდნენ. ამიტომაც "ჰერტას" ფეხბურთელები და მსაჯები ვცდილობდით, მინდორი რაც შეიძლებოდა, სწრაფად დაგვეტოვებინა. ვიდრე კიბემდე მივიდოდით, ყველა ერთმანეთს აწვებოდა.

ისე მოხდა, რომ მსაჯები ჩემს წინ აღმოჩნდნენ. ხალხის სიმრავლის გამო კიბეს ვერ ვხედავდი. უცებ უკნიდან მომაწვნენ, წინ მყოფებს დავეჯახე და კიბეზე დავეცი.

მოგვიანებით შტარკი ამბობდა - გადავრჩი, ექვსმეტრიან კიბეზე რომ არ დავგორდიო. სინამდვილეში კიბეზე მე წავიქეცი და იმ მომენტში ყველაზე მეტად მე დავზარალდი.

ამის შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის: იყო რამდენიმე ფეხბურთელის აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯის მიმართ, მაგრამ იმ ეპიზოდის შემდეგ პირადად მე მსაჯთან ახლოსაც არ ვყოფილვარ.

ამის მიუხედავად, მთავარმა არბიტრმა ისეთი სურათი დახატა, თითქოს მე შეგნებულად დავარტყი, შემდეგ კი ფეხბურთელებმა აგინეს. არადა, თხუთმეტწლიანი კარიერის განმავლობაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის ყვითელი ბარათიც კი არასდროს მიმიღია!

- ანუ ვოლფგანგ შტარკისთვის ხელი არ დაგირტყამთ?

- ფიზიკური კონტაქტი იყო, მაგრამ თავს დავდებ, რომ განზრახ არ შევხებივარ! კიბეზე მე დავეცი და ეს ყველამ დაინახა. ყველა იმას ამბობს, რომ დამნაშავე მხოლოდ ფეხბურთელები არიანო. იმას კი არ ახსენებენ, რომ მსაჯს ეს თამაში აღარ უნდა გაეგრძელებინა.

თუმცა, რა გასაკვირია, რომ ფედერაცია, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მსაჯს არ დასჯიდა. იციან, რომ ისე არ ყოფილა ყველაფერი, როგორც ხატავენ, თორემ ნახევარ წელს ვინ მაკმარებდა? - იმ ბრალდებას, რაც მე წამიყენეს, სულ ცოტა, 1-2-წლიანი დისკვალიფიკაციით სჯიან... თუმცა დაუსჯელად ხომ არ დამტოვებდნენ და მომისაჯეს მინიმალური დისკვალიფიკაცია, რაც ასეთ შემთხვევაში არის განსაზღვრული.

ერთწლიანი სასჯელი რომ მიმეღო, ეს კარიერის დასრულებას ნიშნავდა. ახლა კი მხოლოდ პირველ წრეს გამოვტოვებ.

ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ გუნდს ჩემი სიმართლის სჯერა. ამის დასტურად, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გამიგრძელებენ! მართლაც დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არავინ გამიწევდა ანგარიშს.

- ექვსი თვის განმავლობაში ვერსად ითამაშებთ...

- ექვსი თვის განმავლობაში ვერ ვითამაშებ, მაგრამ არის შანსი, ნოემბრის ბოლოს მომცენ უფლება და პირველი წრის ბოლო ორი მატჩი მაინც ვითამაშო. ასე რომ, დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სულ ცოტა, ერთ სეზონს კიდევ ვითამაშებ.

- ბუნდესლიგის რეკორდამდე სულ ცოტა გაკლდათ, მაგრამ... იფიქრებდით, ეს სეზონი ასე რომ დასრულდებოდა თქვენთვის?

- გული იმაზე მწყდება, რომ ასეთი სასჯელი ნამდვილად არ დამიმსახურებია და ასეთ გაუგებრობაში მოვხვდი.

ჩემი კარიერა სკანდალებით აღსავსე რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ასეთი სასჯელი არ გამკვირვებოდა, მაგრამ ვიმეორებ - 15 წლის განმავლობაში მსაჯის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთხელაც არ დავსჯილვარ... ან უნდა დამესრულებინა კარიერა, ან იანვარს დავლოდებოდი და კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში დავრჩენილიყავი ფეხბურთში. ფეხბურთი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სხვა გზა არ მაქვს - უნდა შევეგუო...

ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ კიდევ ვითამაშებ ფეხბურთს და მიუხედავად ასაკისა, ყველას ვაჩვენებ, რომ არ ვიმსახურებდი ასეთ სასჯელს.

- როგორი იქნება მომდევნო ექვსი თვე ლევან კობიაშვილისთვის?

- ოფიციალურ მატჩებში ვერ ვითამაშებ, მაგრამ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და საკონტროლო შეხვედრებშიც შევძლებ მონაწილეობას. ამ წლების განმავლობაში იმდენი თამაში მაქვს ჩატარებული, ექვსთვიანი უთამაშებლობა ფორმას ნამდვილად ვერ დამაკარგვინებს.

- წარმოუდგენელია, თქვენნაირი ხასიათისა და წარსულის ფეხბურთელის კარიერა ასე დასრულებულიყო...

- გუნდიც იმიტომ დამიდგა გვერდით, მეც იმიტომ განვაგრძობ კარიერას, რომ არ მინდოდა, ფეხბურთიდან ასე წავსულიყავი.

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული კარიერა მქონდა, მაგრამ ჩემი სახელი მქონდა და მგონი, კარიერის ასეთ დასასრულს არ ვიმსახურებდი. იმედია, ყველა დარწმუნდება იმაში, როგორი პიროვნება ვარ და როგორ ფეხბურთს ვთამაშობ...

- ბოლო მატჩებში ნაკრებში რომ აღარ გიძახებდნენ, ამაზე რას იტყვით? ლევან კობიაშვილს ეროვნული ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია?

- ნაკრებს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც წყვეტს, ვინ სჭირდება და ვინ უნდა ათამაშოს. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - თუ ოდესმე მომიწევს ნაკრებში თამაში, ზუსტად ისე ვითამაშებ, ისევე გამიხარდება, როგორც აქამდე. ჩამოვალ და ბოლომდე დავიხარჯები. და თუ ნაკრებში არ ვიქნები... საქართველოს ნაკრები კობიაშვილით არ დაწყებულა და არც დამთავრდება.

ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ თუ არ ვიქნები საჭირო, ეროვნული ნაკრები ლევან კობიაშვილის სახით ერთ მოთამაშეს დაკარგავს, სამაგიეროდ, თავის რიგებს კიდევ ერთ გულშემატკივარს შემატებს.

მგონი, ვიმსახურებ მითხრან - ვჭირდები თუ არა ნაკრებს!.. ისე, მეასე სანაკრებო მატჩი ბოლო თუ აღმოჩნდებოდა ჩემთვის, ნამდვილად არ მეგონა, თორემ 100 მატჩს ვითამაშებ ეროვნული გუნდის მაისურით თუ 102-ს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

- კახა კალაძის გადაწყვეტილებაზე და მის გამოსათხოვარ მატჩთან დაკავშირებულ ამბებზე რას ფიქრობთ?

- კახას თავისუფლად შეეძლო, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ეთამაშა მაღალ დონეზე, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველამ ვიცით, რა მიმართულებაც აირჩია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, კახას თავიის გზა აქვს და წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ამ თემაზე კითხვა არც უნდა ჩნდებოდეს. კახა კალაძე თუ არ იმსახურებს გამოსათხოვარ მატჩს, რაღაზეა ლაპარაკი? კალაძემ ნამდვილად დაიმსახურა შეხვედრა, რომლის დროსაც ის და ქომაგები მადლობას ეტყვიან ერთმანეთს!

იმედი მაქვს, ეს თამაში აუცილებლად ჩატარდება. არა მხოლოდ კალაძე, ნაკრების კიდევ არაერთი სახელოვანი მოთამაშე იმსახურებს გამოსათხოვარ მატჩს...

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ყვითელი ბარათიც კი არასდროს მიმიღია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

გერმანიის სპორტული სასამართლო: ლევან კობიაშვილმა დანაშაული აღიარა

ვიდეო: არეულობა "ჰერტა"-"ფორტუნას" მატჩში

gio73
მართალი ხარ გიორგიპირველი,მათ დაიმსახურეს,არამარტო ფეხბურთის თამაშით,ადამიანობითაც.დასაფასებელი ხალხია.
goga
კობი თუ იძახის არ დამირტყიაო ესე იგი მართალია. არ იკადრებს ეს კაცი ტყუილს
Giorgipirweli
მართალი ხარ, გიო73! მეც მაგ დროს ვცხოვრობდი გერმანიაში და ძალიან უყვართ კობიაშვილი და იაშვილი, რაც შემთხვევითი არ არის. ამ ხალხმა თავისი საქციელით ნამდვილად დაიმსახურა პატივისცემა.
gio73
დაახლოვებით ერთ დროს მოგვიწია მე და კობიაშვილს საქართველოდან აქეთ გადმობარგება და ამ წლების მანძილზე იგი გახდა საქართველოს სახე,არავის და არაფერს გაუთქვია საქართველოს სახელი გერმანიაში ისე,როგორც ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.სადაც ჩემ გვარს მოისმენენ,ყველგან ამატებენ:...შვილი,ახ ზოო კობიაშვილი,იაშვილი,გეორგიენ .. .პატარა ბავშვებმა სულ არ იციან ვინაა სააკაშვილი,შევარდნაძე,სტალინი და აშ,კობიაშვილი კი ყველამ იცის და აფასებენ და უყვართ.მადლობა ლევან.
ani
სამწუხაროა რაც მოხდა:( მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი.. კიდევ გაქვს შანსი ითამაშო! წარმატებებს გისურვებ! :* ძალიან გვიყვარხარ ლევან:*:*
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს