რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის" პირველი დღე ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროს და ბრინჯაოს 2 მედლით ჩაამთავრა
რიო დე ჟანეიროს "დიდი მუზარადის" პირველი დღე ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროს და ბრინჯაოს 2 მედლით ჩაამთავრა, 10 ივნისს კი, თბილისის დროით შუაღამისას, ფინალში კიდევ სამი კაცი ჭიდაობდა.

ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) გახდა; ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) მესამეზე გავიდნენ; ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) - მეხუთეზე, წუხელ კი ფინალში ვალერი ლიპარტელიანი (90, არგენტინელ ჰექტორ კამპოსთან), ირაკლი ცირეკიძე (100, მასპინძელ ჰუგო პესანასთან) და ადამ ოქრუაშვილი (+100, ასევე ბრაზილიელ ვალტერ სანტოსთან) ჭიდაობდნენ.

ამ ტურნირის შემდეგ ძალზე საინტერესო ვითარება შეიქმნა გაორებულ წონებში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოგეხსენებათ, ასეთი წონა ჩვენს ნაკრებში სამია, თუმცა მძიმე წონაში ტრავმის გამო ზვიად ხანჯალიაშვილს ამჯერად არ უჭიდავია, 60-სა და 100-ში კი სალიცენზიო რეიტინგში უკან მდგომებმა წინ მდგომებს აჯობეს: 60-ში შუკვანმა გადაასწრო პაპინაშვილს, რომელიც მესამეზე კი გავიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთო შეჯიბრებაში.

ასევე, პირველივე წრიდან გავარდა ლომერ ჟორჟოლიანიც 100-ში. მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს კი, როგორც უნდა დაემთავრებინა წუხანდელი ფინალი, შედეგით მაინც უსწრებდა.

ეს ტურნირი და ერთ კვირაში გასამართი ბუენოს აირესის მსოფლიოს თასი ჩვენი ნაკრებისთვის საოლიმპიადოდ შესარჩევი ეტაპები უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, პაპინაშვილი ავადმყოფობის გამო არგენტინაში არ იჭიდავებს.

ალექსიძის თქმით, ახლანდელი წაგების მიზეზიც ჯანმრთელობის ეს პრობლემაა. ბრაზილიიდან არგენტინაში ყველა რომ არ წავიდოდა საჭიდაოდ, ეს იმთავითვე ვიცოდით, მაგრამ ვის დაასვენებს მწვრთნელი, ჯერ არაა გარკვეული.

ყოველ შემთხვევაში, 100 კილოგრამში ჟორჟოლიანი და ცირეკიძე უნდა წავიდნენ. ეს თავდაპირველი გადაწყვეტილებითაც ასე იყო და ახალი ჯერ არაფერია ცნობილი. ალექსიძის თქმით, პაპინაშვილის არგენტინაში წაუსვლელობა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მას თითქოს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსიც გადაეწურა.

თვითონ "დიდი მუზარადი" არც ისე დიდი გამოდგა, როგორც ამ რანგის შეჯიბრებას ეკადრება - მას სიძლიერე ჩვენმა ნაკრებმა შეჰმატა, თორემ ბრაზილიის შიდა პირველობას დიდად ვერ გასცდებოდა, რადგან უცხოელთა უმეტესობა სათადარიგო შემადგენლობითაა ჩასული.

ამაზე ბევრად ძლიერი თუ არა, არც ნაკლები შეჯიბრება პარალელურად მიმდინარე ლისაბონის მსოფლიოს თასია, სადაც ფრანგი ტედი რინერიც გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში წინა კვირასაც ძლიერი ტურნირი ჩატარდა - მადრიდის მსოფლიოს თასი და იქნებ ჯობდა, ჩვენებს ევროპაშივე ეჭიდავათ. ბრაზილიაში ძალიან ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ხალხის სიმცირის გამო ვიღაცა პირდაპირ ნახევარფინალიდან იწყებდა ასპარეზობას. ჩვენებმა 2-3 შეხვედრა ჩაატარეს, რაც სატურნირო დატვირთვას ბოლომდე ვერ შეცვლის. ესპანეთსა და, განსაკუთრებით კი, პორტუგალიაში ამის პრობლემა არ ყოფილა. თუმცა რაცაა, ესაა და მივყვეთ ბრაზილიურ ტურნირს თანმიმდევრობით.

გამარჯვება და ოქროს მედალი ერთია, მაგრამ შუკვანმა ისე თავისუფლად იჭიდავა და ისე მარჯვედ იქნია ფეხი ცერულ-ამოსმულების გასაკეთებლად, ევროპის შარშანდელი პირველობა გაგვახსენა. მან სამი შეხვედრა გამართა და ყველა - მასპინძელთან.

თავიდან ერიკ ტაკაბატაკე დააიპონა, ნახევარფინალში სალიცენზიო 22 კაცში ბრაზილიელთა მეორე ნომრად შესულ ბრენო ალვეშსაც წმინდად მოუგო, ფინალში კი პაპინაშვილის მომგებ დიეგო სანტოსს აჯობა. მან განსაკუთრებით ძლიერად ალვეშთან იჭიდავა, რომელიც თავიდან ბოლომდე სრულ წნეხში ჰყავდა და მალევე გააფრთხილებინა კიდეც.

მომდევნო ორ წუთში ორი ლამის იდენტური გდება გაუკეთა - იერიშს ვითომ ბრაზილიელი ცდილობდა, მაგრამ ამან ორივეჯერ კარგად ჩაუკეტა და კონტრილეთით გადააგდო, რომელთაგანაც მსაჯებმა პირველი იუკოდ, მეორე კი ვაზარად შეაფასეს.

განსაკუთრებით ეფექტური მესამე ილეთი გამოდგა, როცა გარე სარმა არ გამოუვიდა - ვერ მიაწვდინა ფეხი გამოსაკრავად, მაგრამ ჟინიანი ხასიათის გავლენით შეტევა კი არ შეაჩერა, მეტოქეს იერიშში გაჰყვა და ცალ ფეხზე მდგომმა ჰაერშივე მაინც მოახერხა ამოსმულით გდება. კონრტშეტევებზე ჭიდაობა კარგად გამოსდიოდა და ფინალშიც ამის ხარჯზე აიღო გამარჯვების იუკო.

შუკვანმა იმდენად აშკარად დაჩაგრა ალვეში, რომ ბრაზილიელთა მწვრთნელი აქამდე თუ კიდევ ორჭოფობდა მასსა და გუნდის ლიდერ ფელიპე კიტადაის შორის არჩევანზე, ამიერიდან ეს საფიქრალი აღარ ექნება.

სამაგიეროდ, საფიქრალი მოემატა ჩვენი ნაკრების ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს.

პაპინაშვილის მხარეს სალიცენზიო რეიტინგია - მთელ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მეხუთე ნომერია და ოლიმპიადაზე განთესილი იქნება. შუკვანი კი მეთერთმეტეა. სამაგიეროდ, ამ გამოსვლით შუკვანმა ერთბაშად რამდენიმე კოზირი მიიღო - შედეგით აჯობა პაპინაშვილს და იოლად დაამარცხა მისი მომგები ალვეში; აჩვენა საკმაოდ კარგი ჭიდაობა... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავსტრიელი.

სამწუხაროდ, სუსტად გამოვიდნენ ჩვენი გუნდის სხვა ოლიმპიელები - ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81). შავდათუაშვილმა მასპინძელ რიკარდო ალვარესსა და კოლუმბიელ ფაბიან გონსალესს კი მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში მობერებულ რუს დენის ლავრენტიევთან წააგო და მესამეზე დარჩა.

ტატალაშვილმა ეკვადორელ კარლოს ფიგუეროასთან მოგებას მასპინძელ ადრიანო სანტოსთან მარცხი მიაყოლა და მეხუთეზე დარჩა, ჭრიკიშვილი კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან. ჟორჟოლიანმა ქვედა წონიდან ამონაცვლებულ ბრაზილიელ ჰუგო პესანასთან წააგო.

ბრაზილიამ თავდაყირა დაგვაყენა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nini
წარმატებები ყველას მასე გაგრძელეთ საქართველოს ნაკრები უძლიერესებისგან შედგება
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს