ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური

სიკვდილის ჯგუფი უძახე და... ჯერჯერობით პლეი ოფში გასვლის შანსი არავის დაუკარგავს და არც არავის გაუნაღდებია საგზური, თვით ორი მატჩის მომგებ გერმანიასაც.

13 ივნისს ევროპის ჩემპიონობის ძალზე რეალურმა კანდიდატმა მარიო გომესის დუბლის წყალობით ჰოლანდიას ევროპის ჩემპიონატზე მეორე მარცხი აგემა და კატასტროფის პირას მიიყვანა. თავად ბაიერნელი კი 3 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ალან ძაგოევს გაუთანაბრდა.

ტაქტიკა/სტრატეგია

ორივე გუნდმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. ჰოლანდიელთა თავკაცმა I ტურიდან ერთი ცვლილება განახორციელა - გამოჯანმრთელებულმა იორის მატეისენმა რონ ვლაარის ადგილი დაიკავა.

სხვა მხრივ, ათასი პრეტენზიის მიუხედავად, მწვრთნელმა არავინ შეცვალა, ვან ბომელიც დატოვა მოედანზე და არც ჰუნტელაარს დააწყებინა თავიდან.

იოახიმ ლიოვს ერთი მიზეზიც კი არ ჰქონდა, ვინმე ან რამე შეეცვალა I ტურის შემდეგ და არც შეცვალა.

ჰოლანდია თითქოსდა აკადემიურ სტილში აპირებდა გერმანიის წინააღმდეგობის დაძლევას, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ გოლის გაშვების შემთხვევაში ვა-ბანკზე ვან მარვიიკი ვერ წავიდოდა (დანიასთან ერთი ხანობა მოედანზე ერთად იყვნენ: ვან პერსი, ჰუნტელაარი, ვან დერ ვაარტი და კუიტი). გერმანია აუცილებლად დასჯიდა ასეთ შემთხვევაში მეტოქეს კონტრშეტევებზე.

საუკეთესო ფეხბურთელი

მარიო გომესი (გერმანია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატებს ჩამოვთვლით: მესუთ იოზილი ბრწყინვალედ უტევდა და მომენტებს უქმნიდა თანაგუნდელებს, მათს ჰუმელსი ზესაიმედო იყო დაცვაში, ბასტიან შვაინშტაიგერმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა...

მაგრამ, ჩვენი აზრით, მაინც დუბლის ავტორი მარიო გომესი იყო საუკეთესო.

ორივე გოლის შემთხვევაში გომესმა დიდებულად ითამაშა. პირველად შვაინშტაიგერის პასი მიიღო, წამებში დატრიალდა და ისე გაუტანა სტეკელენბურგს. მეორედ კი მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა მას.

პირველ ტურში მარიო ასე სხარტად ვერ იქცეოდა საგოლე ეპიზოდებში და ბევრს მის ნაცვლად მიროსლავ კლოზეს ხილვა სურდა (კლოზემ ორივეჯერ შეცვალა გომესი). ვფიქრობთ, ასეთი თამაშით ბაიერნელმა გერმანიას კლოზე დაავიწყა. "უილიამ ჰილის" მიხედვით, მარიო გომესი ევრო 2012-ის ბომბარდირობის უპირველესი კანდიდატია 2,25-იანი ფსონით.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

მარკ ვან ბომელი (ჰოლანდია)

გამარჯვებულთა რიგებში თომას მიულერისა და ლუკას პოდოლსკის თამაში არ მოგვეწონა, თუმცა ჰოლანდიას უფრო მეტი დასაწუნი ფეხბურთელი ჰყავდა: მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი, მარცხენა მცველი ჯეტრო ვილემსი, იგივე მატეისენი, მაგრამ ვეტერანმა მარკ ვან ბომელმა ყველა "დაჩრდილა".

მართალია, თამაშში პირველი სახიფათო მომენტი მისი პასით შექმნა ვან პერსიმ, მაგრამ უშუალო მისიას ვან ბომელი ვერ ასრულებდა, რაც კარგად გამოჩნდა მისი შეცვლის შემდეგ, როცა ჰოლანდიამ შეძლო დროებით გერმანელთა დაჩაგვრა.

მსაჯი

შვედი არბიტრი იონას ერიქსონი შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ მოედანზე, რაც მსაჯისთვის დადებითი თვისებაა. მას და მის ბრიგადას სერიოზული შეცდომა არ დაუშვიათ. სიმართლე ითქვას, საკამათო ეპიზოდი არც კი შექმნილა მატჩში.

მწვრთნელების დუელი

ბერტ ვან მარვიიკი რომ ვერ უძღვება ნაკრებს ხეირიანად, ფაქტია - 2 ტური გავიდა და ევროპირველობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ქულა არა აქვს და მეტოქეთა კარში კინკილა გოლი აქვს გატანილი.

ვან მარვიიკმა ვერ გათვალა - ორი საყრდენით თამაშისას ერთ-ერთს (დე იონგი) იოზილი უნდა გაენეიტრალებინა, მეორეს კი ან შვაინშტაიგერი და ან ხედირა, მაგრამ 35 წლის ვან ბომელმა ეს ვერ შეძლო. მისი პასიურობა კი ჰოლანდიას ძვირი დაუჯდა - მატჩის წაგებად.

ვან მარვიიკის შეცდომა ისიც არის, რომ ვან პერსი ისევ ჯიუტად ეულ ცენტრფორვარდად ათამაშა. მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის ნაღდი 9 ნომერი და როცა ასეთი მოედანზე გამოვიდა (ჰუნტელაარი), ვან პერსიც უფრო სასარგებლო გახდა.

ანალიზი

ვან მარვიიკმა ვიზავისთან დუელი კი წააგო, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრები ისეთი ინდივიდუალებისგან შედგება, რომ მატჩის გადარჩენა ამ შეცდომების მიუხედავადაც შეიძლებოდა, მაგრამ გუნდის მორალური მდგომარეობა რომ ვერ არის წესრიგში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

არანაირი თავდადება, თანაგუნდელთა დაზღვევა, თავს ზემოთ ახტომის სურვილი, არანაირი ანთებული თვალები. ასე კი გერმანიას, რომელიც მოედანზე ყველაფერს სწორად აკეთებს, ვერ მოუგებ, ქულასაც ვერ გამორჩები. ასე რომ, შედეგი ლოგიკურია.

I ტაიმი გერმანიამ პირწმინდად მოუგო მეტოქეს - 5 საგოლე მომენტი ერთი ნახევარმომენტის წინააღმდეგ. ხუთიდან ორი გოლი გავიდა. იოზილმა ძელს გაარტყა, ბადშტუბერის თავური და შვაინშტაიგერის საჯარიმო დარტყმა, რომელიც რიკოშეტის წყალობით ძალზე სახიფათო გამოდგა.

ჰოლანდიელთა მომენტზე უკვე ვთქვით, ის ვან პერსის შეექმნა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. მეორე ტაიმში ვან პერსის შესანიშნავი გოლის გარდა, ჰოლანდია ორჯერ ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ ორჯერვე ვან პერსის გოლამდე. გერმანელებმა კი სულ ერთხელ, ტაიმის დასაწყისში შეაშინეს სტეკელენბურგი, როცა შეტევაში მოულოდნელად ჰუმელსი ჩაერთო.

დასკვნა

გერმანიამ დამსახურებულად გაიმარჯვა, ჰოლანდიამ კი მეორედაც კანონზომიერად წააგო, მაგრამ პირდაპირ საოცარია - "ფორთოხლისფერებს" ჯერ კიდევ რჩებათ შანსი, ხოლო გერმანელები ჯერ კიდევ არიან ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე.

თუკი გერმანიის ნაკრები კვირას დაამარცხებს დანიას, ჰოლანდიელებს პორტუგალიელების ორგოლიანი სხვაობით დამარცხება ჰყოფნით მეოთხედფინალში გასასვლელად, მაგრამ ვან მარვიიკის ბიჭების ასეთი განწყობით ეს ყველაფერი ძნელად დასაჯერებელია.

გერმანია კი დანიასთან ნებისმიერი ანგარიშით დამარცხების შემთხვევაში ჩარჩება ჯგუფში, თუკი პორტუგალია ჰოლანდიას მოუგებს (ასევე ნებისმიერი ანგარიშით). შეუძლებელია? სულაც არა!

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური

13.06. ლვოვი. მეტალისტი

ჰოლანდია-გერმანია 1:2 (იხილეთ ვიდეო)

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატეისენი, ვილემსი - დე იონგი, ვან ბომელი (46. ვან დერ ვაარტი) - რობენი (83. კუიტი), სნეიდერი, აფელაი (46. ჰუნტელაარი) - ვან პერსი.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი (90. ბენდერი), იოზილი (81. კროოსი), პოდოლსკი - გომესი (72. კლოზე)

გოლები: 0:1 გომესი (24), 0:2 გომესი (38), 1:2 ვან პერსი (73)

გაფრთხილება: დე იონგი, ვილემსი - ბოატენგი

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-9 (4-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 37 750

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 2 2 0 0 3-1 6

2. პორტუგალია 2 1 0 1 3-3 3

3. დანია 2 1 0 1 3-3 3

4. ჰოლანდია 2 0 0 2 1-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანია-პორტუგალია 2:3 - კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოგებული ომი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა